ირანსა და აზერბაიჯანს შორის ექვსწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ირანის მაღალი თანამდებობის პირების ბაქოში ვიზიტი და აზერბაიჯანელი მინისტრების თეირანში ჩასვლა, დაახლოების მცდელობაზე მეტყველებს. ნაწილობრივ ეს დაახლოება განპირობებულია იმ ფაქტორითაც, რომ ქვეყნები ერთი და იმავე მტრის წინაშე აღმოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნია ირანული ახალი ამბების პორტალ Payvand Iran News-ს.
როგორც Oxu.Az-ი იტყობინება, მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას, უკვე ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა ირანთან თანამშრომლობის სურვილი. მაგრამ, როგორც ირანის პრეზიდენტი აცხადებს, ამ შემთხვევაში უპირატესობა აზერბაიჯანს ენიჭება.
“თეირანი მზად არის ბაქოსთან მოაგვაროს ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობები, აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის კარგი დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად,” – ნათქვამია სტატიაში “ირანი აზერბაიჯანთან დაახლოვებას ცდილობს”.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში პროფესორი შირინ ხანტერი აცხადებს, რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს ორი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა ერთმანეთთან ურთიერთობებში დაძაბულობა არ დაეშვათ.
ის დარწმუნებულია, რომ ბაქოს აქვს მიზეზები ირანთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეს: “აზერბაიჯანს სჭირდება ირანი, იმიტომ, რომ ირანის მეშვეობით გავა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე. ნახიჩევანი ირანის გარეშე ვერ იქნება. სომხეთთან კონფქლიტის გამო, აზერბაიჯანი თავს ვერ მისცემს უფლებას ირანთანაც კონფლიქტი ჰქონდეს. იმავეს თქმა შეიძლება ირანზეც. გარდა ამისა, უამრავი აზერბაიჯანელი მიდის ირანში სამკურნალოდ და სავაჭროდ”.
ის ფაქტი, რომ ირანისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, 2014 წელს ათი თვის განმავლობაში 4 შეხვედრა გამართეს, ცხადყოფს, რომ ორივე ქვეყანა ხედავს ურთიერთობების დაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისინი საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ,” – ნათქვამია მასალაში.