XX საუკუნის მძიმე 90-იანი წლები, საქართველოში ბევრისთვის იმედგაცრუებისა და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვის მიზეზად იქცა, ზოგმა კი პირიქით, მძიმე დროებასთან შებრძოლება დაისახა მიზნად და საკუთარ თავში სულ უფრო მეტი და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა. ერთი შეხედვით, ასტროფიზიკას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან და მით უმეტეს ოპერასთან, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ადამიანში მაინც გაერთიანდა – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მრჩეველში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ გიორგი მჭედლიშვილში.
თბილისის ვეკუას სახელობის N42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დასრულების შემდეგ, გიორგი მჭედლიშვილი სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძო. სამეცნიერო მუშაობას აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ფილიალში ეწეოდა. 1997 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიაში, პარალელურად სწავლას განაგრძობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. 2000-2001 წელს სწავლა აშშ-ში განაგრძო, საიდანაც სამშობლოში განათლების დარგში ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდებით დაბრუნდა. 2001-2006 წლებში ასწავლიდა მათემატიკას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, პარალელურად კითხულობდა ლექციებს სტამბოლში, ბოსფორის უნივერსიტეტში. 2005 წელს კვლავ დაუბრუნდა დიპლომატიურ სამსახურს, პოლიტიკურ დეპარტამენტში. ეამაყება, რომ იმ გუნდის წევრია, რომელმაც 2006 წლის ზაფხულში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პირველი კონცეფცია შექმნა. 2008 წლიდან მთლიანად აკადემიურ საქმიანობაზე გადაერთო, კვლევითი მივლინებებით იმყოფებოდა პარიზში, ჟენევაში, ტარტუში (ესტონეთი), მალმოში (შვედეთი), ვაშინგტონში და ლონდონში (საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში – “ჩეთემ ჰაუზი”), სად მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ინგლისის დედოფალ ელისაბედთან შეხვედრაზე მიიწვიეს. 2016 წლის ივნისიდან, გიორგი მჭედლიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში განაგრძობს საქმიანობას.
– პარიზთან დაკავშირებით კურიოზი გქონიათ, მოდით, ინტერვიუც ამ ამბით დავიწყოთ.
– 1995 წელი იყო. ოციოდე წლის ვიქნებოდი. ჩემს ორ კოლეგა და ახლო მეგობართან ერთად საერთაშორისო კონფერენციაზე ვიმყოფებოდი ჯერ პოლონეთში და მერე ჰოლანდიაში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ნათესავთან დარჩა ჰოლანდიაში, მე კი თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი, ამიტომ ავიღე ბილეთი ამსტერდამიდან გერმანიის კიოლნში, საიდანაც შემდგომ ვაპირებდი მთელი გერმანიის და პოლონეთის გადაკვეთას და კიევიდან თბილისში დაბრუნებას.
კიოლნზე მიმავალი მატარებელი 6:33 საათზე გადიოდა. მივედი საჭირო ბაქანზე და ვხედავ, რომ მატარებელი გასასვლელად ემზადება. ჩავჯექი მატარებელში და ეჭვიც არ მეპარება, რომ გერმანიისკენ მივყავარ. მალე შევამჩნიე, რომ მგზავრების უმეტესობა ფრანგულად ლაპარაკობს. დავეჭვდი… მერე შევამჩნიე, რომ მზე, რომელიც ახალი ამოსული იყო, მარცხნიდან მირტყამს… ანუ აღმოსავლეთი თუ მარცხნივაა, ესე იგი სამხრეთისკენ მივდივარ. ამსტერდამ – პარიზის მატარებელში აღმოვჩნდი, რომელიც 6:25-ზე უნდა გასულიყო იმავე ლიანდაგიდან, საიდანაც ჩემი. კიოლნის მატარებელმა 7-8 წუთით დაიგვიანა. იმდენად ვიყავი დარწმუნებული ევროპის მატარებლების მოძრაობის სიზუსტეში, რომ ვერც კი დავუშვი მატარებლის დაგვიანების შესაძლებლობა.
ასე მოვხვდი პირველად პარიზში შეცდომით. საბედნიეროდ, იქ მყავს შორეული ნათესავი. მახსოვს, ბრიუსელიდან მომიწია მშობლებისთვის დარეკვა, მისი ნომერი რომ გამეგო. იმ პერიოდში ინტერნეტი კი არსებობდა უკვე, მაგრამ ელექტრონული ფოსტაც ყველას არ ჰქონდა, და სოციალურ ქსელების ხსენებაც არ იყო. ნათესავმა შემიკედლა სამი დღით, მაჩვენა და ძალიან შემაყვარა პარიზი, საფრანგეთი და ფრანგული ენაც, რომლის შესწავლა იმ მივლინების შემდეგ გადავწყვიტე.
– თქვენს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, რამდენჯერმე შეიცვალეთ ძირითადი საქმიანობა, რატომ?
– მეცნიერება, კერძოდ ასტრონომია და ასტროფიზიკა ჩემი ბავშვობის გატაცება იყო. ვარსკვლავები, პლანეტები, ჩვენი სამყაროს შექმნის საკითხები ისე მაინტერესებდა, რომ თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმომედგინა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი, რთულ და გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა კავშირის დაშლა და არასტაბილური 1990-იანი წლები. გაუსაძლისი პირობები შეიქმნა ქვეყანაში. როგორც მოქალაქე ვხვდებოდი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის ამ ეტაპზე უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ქვეყანას სჭირდებოდა. დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში. მე ვკურირებდი უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას. ანუ გამოდიოდა, რომ დიპლომატიურ დონეზე, გაეროს სისტემის ფარგლებში ვეხმარებოდი ქვეყანას დაემყარებინა კავშირები სხვა სახელმწიფოებთან ამ დარგებში.
1998-2000 წლებში საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო, საჯარო სამსახურში ძალიან მწირი ხელფასები იყო, ამის მიუხედავად, მქონდა პროფესიული კმაყოფილების განცდა, რომ ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან მომწონდა და ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იყო.
რაც შეეხება სწავლებას, რომლით უკვე 17 წელიწადია ვარ დაკავებული, და საერთოდ განმანათლებლობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. განათლებული თაობა კი ქვეყნის მთავარი კაპიტალია. წლებია ვმუშაობ ამ დარგში და ვიცნობ ბევრ ნიჭიერ და გულანთებულ ახალგაზრდას, რომლებიც უკვე ქმნიან ახალ საქართველოს.
– რა არის საჭირო დიპლომატისთვის (თქვენი პროფესიებისთვის)?
– დიპლომატის პროფესია მრავალწახნაგოვანია. ყოველდღიურად გიწევს საკუთარ თავზე მუშაობა. ადვილი არ არის საერთაშორისო არენაზე პატარა სახელმწიფოს ინტერესების გატარება. განუწყვეტლივ უნდა ადევნო თვალი მსოფლიოში და საკუთარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს, გააანალიზო, მოქნილი გონება და ანალიზის უნდა გქონდეს.
ჩემი მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა განათლება, რომელშიც თითქმის ოცი წელია ვმუშაობ. ამ სფეროში წარმატებას რომ მიაღწიო, დისციპლინის საკითხების ღრმა ცოდნის გარდა, საჭიროა გიყვარდეს ახალგაზრდობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მოსაზრებები შენსას არ ემთხვევა.
– როგორი პიროვნება ხართ, როგორც დაახასიათებთ საკუთარ თავს?
– ეს, ალბათ, ყველაზე რთული და უხერხული კითხვაა. ყოველთვის ვცდილობ ვაკეთო სიკეთე, და ჩემი შესაფასებელი არ არის რამდენად გამომდის ეს. მიყვარს მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ თავისუფალი დროის დეფიციტი მაქვს. შესაძლოა ითქვას, „დროის ცუდი მენეჯერი“ ვარ. არც დიდად მოწესრიგებული ვარ. ჩემი სამუშაო მაგიდაც და კაბინეტიც იშვიათად არის წესრიგში, ამის მიუხედავად ადვილად ვპოულობ საჭირო წიგნს, თუ ქაღალდებს. ან მახსოვს, ან ინტუიციით ვხვდები სად უნდა იდოს.
– როგორც ვიცი, გატაცებული ხართ კლასიკური მუსიკით…
– კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული გარდაუვალი იყო. ჩემმა მშობლებმა დაამთავრეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება. მათ ერთმანეთი მისარებ გამოცდებზე გაიცნეს. ისინი ერთად შეჰყარა მუსიკამ.
სტუდენტობის პერიოდში მეც დავიწყე ვოკალის გაკვეთილებზე სიარული, სწორედ იმ პედაგოგთან, რომლის გაკვეთილებზე შეხვდნენ ერთმანეთს ჩემი მშობლები. ამ მშვენიერ პედაგოგსა და ადამიანს ერქვა ოლღა სარაჯიშვილი, რომელიც გახლდათ ქართული პროფესიული ვოკალური ხლოვნების ფუძემდებლის ვანო სარაჯიშვილის ძმისშვილი. სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო ვერ შევძელი გაკვეთილებზე ხშირად სიარული და ამიტომ სულ რამდენიმე გაკვეთილი მივიღე. მაღალი დონის ოედაგოგისა და მუსიკოსის გაკვეთილებზე კლასიკური მუსიკის შესრულება დიდ სიამოვნებს მანიჭებდა.
კლასიკურ მუსიკას შეუძლია იმოქმედოს ჩვენ გრძნობებზე და ხასიათი შეცვალოს, იგი დადებით ემოციებს იწვევს და გვეხმარება ნეგატიურთან გამკლავებას. ამის შესახებ საოცრად ზუსტად თქვა თანამედროვეობის ერთ-ერთმა უძლიერესმა მომღერალმა კაუფმანმა:
ადამიანის ხმა დამატებაა მუსიკისა, ხოლო სიმღერა არის გრძნობის გზავნილი ერთი სულიდან მეორესკენ
დღემდე ძალიან მიყვარს კარაოკეში სიარული, განსაკუთრებით ისეთი სიმღერები, რომლების შესრულებასაც ვოკალი სჭირდება. მაგალითად, ნეაპოლიტანური სიმღერები, ფრენკ სინატრას ან ელვის პრესლის რეპერტუარი.
ისე მიტაცებდა ჯერ მეცნიერება (ფიზიკა და ასტრონომია) და მერე საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია, რომ სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიფიქრია სიმღერა ჩემს პოტენციურ პროფესიად მექცია. არ ვნანობ ჩემს არჩევანს, თუმცა ვნანობ, რომ დროის სიმწირის გამო, ჩემი ხმა ვერ მიმყავს საჭირო კონდიციამდე, როგორც თვითონ მინდა. მაქვს მუსიკალური განათლება, დავამთავრე მუსიკალურ შვიდწლედში, ფორტეპიანოზე.
– ვინ არის თქვენი საყვარელი მომღერალი?
– რამდენიმე შემსრულებელი მიყვარს, როგორც კლასიკური, ასევე ესტრადის მომღერლები. კლასიკური ვოკალისტებიდან მონტსერატ კაბალიე, ლუჩანო პავაროტი და დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ჩემი აზრით საუკეთესოები არიან, არა მხოლოდ ბრწყინვალე ვოკალური მონაცემებით, არამედ ასევე ინტელექტით და სიღრმით, რაც მათ სიმღერის სტილზე აისახებოდა და ძალიან მიმზიდველს ხდის. თანამედროვე შემსრულებლებიდან უკვე თითქმის 30 წელია ვარ “ქუინის” და ფრედი მერკურის თაყვანისმცემელი. მათი ბოლო ალბომი, “ინუენდო”, რომელიც ფრედი მერკურის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა, მწვერვალია.
კლასიკურ მუსიკის მწვერვალებია ჩემთვის მოცარტის და ბეთჰოვენის რამდენიმე საფორტეპიანო კონცერტი და ვერდის რამდენიმე ოპერა. ეს გამორჩეულად საყვარელი ნაწარმოებები იყო. მათ გარდაც ბევრია, რის მოსმენაც მიყვარს.
– რა დროს უსმენთ მუსიკას?
– დროის დაზოგვის მიზნით ვცდილობდი მესმინა მუსიკისთვის მუშაობის დროს. როდესაც მუსიკა მომწონს, ყურადღება მისკენ გადამაქვს და მუშაობას ვეღარ ვახერხებ. ხოლო, როდესაც მუსიკა არ მიტაცებს, ის ხელს მიშლის მუშაობაში და ხმაურად აღვიქვამ. მირჩევნია სიჩუმეში ვიმუშაო, მუსიკა კი მოვისმინო სიმფონიურ კონცერტებზე, ოპერაში ანდა სახლში გვიან საღამოს.
ზოგადად, მუსიკა, ანუ “ბგერათა ორგანიზებული ერთობლიობა”, არის ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნა – მისი სულის გაგრძელება.
რამდენი რამის თქმა შეიძლება ადამიანზე იმის მიხედვით, თუ როგორი მუსიკა უყვარს. მუსიკა ზოგადსაკაცობრიოა. ის საერთაშორისო კომუნიკაციის ენად შეიძლება ჩაითვალოს. ხელოვნება ადამიანის სულის გაზრდის აუცილებელი ნაწილია.
ამგვარად, ხელოვნების ყველა სფეროში, არა მარტო მუსიკაში, ჩემთვის არსებობს ძალიან მაღალი დონის ნიმუშები. რომელი გამოვყო – რემბრანდტის ან ფრანგული იმპრესიონისტების ტილოები თუ ფედერიკო ფელინის, ელდარ რიაზანოვის ან მილოშ ფორმანის ფილმები. ეს ყველაფერი არის ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური რესურსის აღმაფრენა. ხელოვნების გარეშე ადამიანი სულიერად ღარიბი და არასრულყოფილია. რა თქმა უნდა ხელოვნების შეფასება ხშირად პირადი გემოვნების საკითხია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი?
– ჩემს ხუთ მამიდაშვილს 16 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს. ყოველი წლის 31 დეკემბერს ყველასთვის საჩუქარი მაქვს შერჩეული. წლის ბოლო საღამოს ყველას დავივლი და ერთად ვმხიარულობთ. მათ გარდა, ვასწრებ მეგობრების შვილების მონახულებას, მათაც ვულოცავ. გამრამ 12 საათისთვის აუცილებლად სახლში უნდა ვიყო და ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. შემდეგ კი გავდივარ მეგობრებთან და მთელი ღამე ერთად ვზეიმობთ. სასიამოვნოა, ჩვენი ხელისუფლებაც, ყოველ ახალ წელს ცდილობს მაქსიმალურად საზეიმო განწყობა შექმნას მოსახლეობაში, ხალხის სოციალური მდგომარეობის არაერთფეროვნების მიუხედავად.
– რას ამბობენ თქვენი უცხოელი კოლეგები, რომლებმაც საქართველო გაიცნეს?
– ძირითადად მოხიბლულნი არიან ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულად მაღალი და ხალისიანი ტონალობით. სუფრის სიუხვესა და მრავალფეროვნებაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან მოსწონთ თამადის თავაზიანი კილო, მისი მჭევრმეტყველება, დროულად თქმული ლექსი, სიმღერა, იუმორი…სუფრის წევრებს შორის თბილი და კეთილი განწყობა. ბევრჯერ უთქვამთ, რომ ქართველები ამ მხრივ უნიკალური ხალხია. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ სუფრის სიუხვე პრობლემად შეიძლება იქცეს, რადგან დიდი რაოდენობით საკვები რჩება ხელუხლებელი და სავარაუდოდ იყრება. და ეს ქვეყანაში, სადაც სიღარიბე არსებობს. ზოგჯერ გამოხატავენ სურვილს რათა სხვადასხვა სფეროში გაუმჯობესებულ იქნას სერვისი.
როგორც თეატრი იწყება საკიდიდან, ასევე ქვეყანა იწყება საერთაშორისო აეროპორტიდან. ეს პრეტენზია ეხება ძირითადად აეროპორტსა და ქალაქის შორის სატრანსპორტო მიმოსვლას, ტაქსების მძღოლებს, რომლებიც ძალზე შემაწუხებლად სთავაზობენ უცხოელებს მომსახურებას ასტრონომიულ ფასად.
– როგორი ადამიანები არ გიყვართ?
– ადამიანი ყველა ღვთის შვილია. გიყვარდეს, არ გიყვარდეს, ძნელად გადასაწყვეტი საკითხია. ბოროტებას, სიძულვილს, შურს ჩვენს გარეშეც მიეძღვნება. ჩემთვის მიუღებელია უმეცრება და ქედმაღლობა. ყველაზე მეტად ადამიანებში ვაფასებ გულწრფელობას, უბრალოებას, პირდაპირობას და მიტევების უნარს.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი