ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის და იმის შესახებ, თუ რა შედეგს გამოიღებს ის აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის, Dalma News-ს საკუთარი მოსაზრებები ეკონომისტებმა ფუად ალიზადემ და ჰათიგ ჯაფარლიმ გაუზიარეს.

– როგორ აფასებთ დავოსის ფორუმში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობას?

ფუად ალიზადე: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი დავოსში წარმატებული იყო. სახელმწიფოს მეთაური ტრანსნაციონალური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ისაუბრა აზერბაიჯანში რკინიგზის, კერძოდ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის მშენებლობის წარმატებებზე. ცნობილია, რომ ამ პროექტმა ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანის გავლით ერევნიდან ჩინეთში უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ეს ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანზეც ისაუბრა, რომლის წყალობითაც ტვირთი ჩრდილოეთ ევროპიდან ინდოეთის ოკეანეში გავა.

ნათიგ ჯაფარლი: დავოსის ფორუმი ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით ათასი მონაწილე ჩადის, მათ შორის ოფიციალური პირები, სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელები. მათი მთავარი მიზანია არა ხელშეკრულებების გაფორმება, არამედ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ტრენდების განხილვა.

წელს, ფორუმის მთავარი თემა „მწვანე ეკონომიკა“, განახლებადი ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი და მსოფლიო ეკონომიკის პოსტინდუსტრიული პერიოდი იყო.

– მოსალოდნელია აზერბაიჯანში ინვესტიციების ზრდა? წინა წლების ფორუმებთან შედარებით ამ საკითხში როგორი ტენდენცია შეინიშნება?

ფუად ალიზადე: აზერბაიჯანი თავის გეოეკონომიკურ მდგომარეობას განამტკიცებს. ის კომპანიები, რომლებიც ალიასკის საერთაშორისო პორტში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იმუშავებენ, აზერბაიჯანს არა მხოლოდ პროდუქციის წარმოების, არამედ უახლოეს ბაზრებზე მათი გასაღების საშუალებას მისცემენ. ამით დღეს აზერბაიჯანში საინვესტიციო ბაზის გაზრდის ყველა პირობა იქმნება.

ფუად ალიზადე

ნათიგ ჯაფარლი: აზერბაიჯანის ინვესტიციებს რაც შეეხება, ქვეყნის პრეზიდენტი შეხვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებსა და ენერგეტიკული სექტორის კომპანიების ხელმძღვანელებს, რომელთა უმრავლესობაც უკვე არიან აზერბაიჯანში წარმოდგენილები როგორც BP, Microsoft, IBM და სხვ…

სამწუხაროდ ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ინვესტიციების მოზიდვა ნავთობის გარდა სხვა სექტორში. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ აზერბაიჯანს არ სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა, რაც ინვესტორებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

– ინვესტიციების თვალსაზრისით რამდენად მიმზიდველია აზერბაიჯანი საერთაშორისო კორპორაციებისთვის?

ფუად ალიზადე: განხორციელებადი პროექტებით კომპანია IBM დაინტერესდა და ეს კომპანია აზერბაიჯანში ერთობლივ საწარმოს ქმნის. ეს იმას მოწმობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. სხვათა შორის, აზერბაიჯანი ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე არასანავთობო სექტორის განვითარებას გეგმავს.

ცნობილია, რომ წლეულს აზერბაიჯანი ორბიტაზე მეორე თანამგზავრის გაშვებას გეგმავს და ამ მიმართულებით რამდენიმე კომპანია ბაქოს მომსახურეობებით უკვე დაინტერესდა.

ნათიგ ჯაფარლი: ნავთობის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების რატიფიცირებას პარლამენტი ახდენს და ამდენად ინვესტიციები უკეთ არის დაცული. სხვა სფეროებში კი თამაშის სხვა წესები მოქმედებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები გამჭირვალე იყოს და ერთ-ერთი ასეთი წესია – მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრობა. ასეთ შემთხვევაში ინვესტორმა იცის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში სამუშაოდ გარკვეული საერთაშორისო კანონები არსებობს და შედეგად ამ ქვეყნისადმი ნდობაც მაღალია.

სომხეთი და საქართველო უკვე 15 წელია მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრები არიან. რუსეთი ორი წლის წინ, ყაზახეთი კი 3 წლის წინ გაწევრიანდნენ, ხოლო აზერბაიჯანს ჯიუტად არ სურს ამ ორგანიზაციის წევრობა და თავისი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეცვლა…

– რა უშლის ხელს სერიოზულ უცხოურ ინვესტიციებს აზერბაიჯანის არასანავთობო სფეროში?

ფუად ალიზადე: სერიოზულ უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი არასწორია. უცხოური კაპიტალი პირველ რიგში იქითკენაა მიმართული, სადაც მაღალი საინვესტიციო რეიტინგია. აზერბაიჯანს კი დღეისათვის ასეთი რეიტინგი არ აქვს. 2017 წელს ნავთობის ფასების სტაბილიზაციამ, რეფორმების გატარებამ და დიდი რეგიონალური პროექტების განხორციელებამ აზერბაიჯანის საინვესტიციო რეიტინგი გააუმჯობესა. იმ შემთხვევაში, თუ რეფორმები კვლავაც გაგრძელდება, ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგიც გაუმჯობესდება.

ნათიგ ჯაფარლი

ნათიგ ჯაფარლი: ინვესტორებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იურიდიული ველი. აზერბაიჯანში მოსამართლეები არც თუ ეფექტიანად მუშაობენ და ინვესტორებსაც სწორედ ეს აშინებთ. აზერბაიჯანში ყოფილა ინციდენტი, როდესაც დიდმა უცხოურმა კომპანიამ დაკარგა კაპიტალი და ქვეყნიდანაც გააძევეს. ამგვარად, რაკი აზერბაიჯანი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი არ არის და არც გამჭირვალე სასამართლო სისტემა აქვს, არასანავთობო სექტორში უცხოური ინვესტიციების მიზიდვაზე საუბარი ძალიან რთულია.

რაც უფრო მალე გაიგებს ამას აზერბაიჯანი, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანდება და გაატარებს სასამართლო რეფორმებს, მით მეტად დაინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები. აზერბაიჯანში საწარმოების ქონის შემთხვევაში ინვესტორებს ირანის, რუსეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებზე გასვლა არ გაუჭირდებათ.

– რა აუცილებელი ზომები უნდა გაატაროს ქვეყნის ხელისუფლებამ ინვესტიციების მოსაზიდად?

ფუად ალიზადე: აზერბაიჯანში დაწყებულია უცხოური ინვესტიციების დაცვის პროგრამის განხორციელება. ეს ინვესტორებს ნდობას აღუძრავს და მოგების სახით ქვეყნიდან ფულის გატანის შესაძლებლობას მისცემს. დღეისათვის ყველაზე დიდი ინვესტიცია აზერბაიჯანში ნავთობის სექტორში განხორციელდა, რადგანაც იქ ყველაზე დიდია მოგება. თუმცა, სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან ერთად, სახსრები ჩაიდება როგორც სატრანსპორტო სექტორში, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

ნათიგ ჯაფარლი: სამწუხაროდ, დღეისათვის ჩამოვრჩებით. ყაზახეთი ჩვენთან შედარებით უფრო დაწინაურებულია, რადგან იქ ცნობილმა უცხოურმა კომპანიებმა საწარმოები გახსნეს. ის, რომ ყაზახეთი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად იქცა, იმის დამსახურებაა, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში კანონები შეცვალა. უცხოელ ინვესტორს ინგლისურ ენაზე სასამართლო სარჩელის შეტანის შესაძლებლობა აქვს. ამ თვალსაზრისით, ყაზახეთის და საქართველოს გამოცდილება ერთობ მნიშვნელოვანია. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში 8 მილიონი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი კაპიტალია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ სანამ არ გავატარებთ სისტემურ რეფორმებს ეკონომიკასა და სასამართლო სისტემაში, ვერაფერს მივაღწევთ.

ანარ ჰუსეინოვ