ახალი სახელებითა და ახალი კონცეფციით თბილისი მოდის კვირეულის (Tbilisi Fashion Week) 14-ე სეზონი, წელს სანახაობრივი თვალსაზრისითაც ახალი და უჩვეული იყო. ხუთი დღის განმავლობაში პოდიუმზე, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების განსხვავებული კოლექციები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
დაარსების დღიდან, Tbilisi Fashion Week-ის მიზანია, ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. ღონისძიების ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ გასული 13 სეზონის განმავლობაში, Tbilisi Fashion Week-მა შეძლო ამ მიზნის მიღწევა, მნიშვნელოვნად გააფართოვა ქართული მოდის სფერო, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც, როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა.
კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნა კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იყო წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციები სამოდელო სტუდია და სააგენტო “ჯეომოდელსის” გოგონებმა წარმოადგინეს. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის კვირეულის დასრულების შემდეგ მთელი ერთი კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
წლევანდელი მოდის კვირეულის მონაწილეთა სიაში იყვნენ: MACH&MACH, მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა Add to dictionary, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI. კვირეულს ასევე ესტუმრა ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint-ი, რომელმაც მოდის მოყვარულ ქართულ საზოგადოებას, თავისი ახალი კოლექცია გააცნო.
მეორე დღეს კი, თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის მდიდრულ ვესტიბიულში ქართული ეროვნული ცეკვების ცნობილი შემსრულებლის, ნინო რამიშვილის არასასცენო სამოსის გამოფენა სახელწოდებით, “ნინო რამიშვილი – ეპოქა და მოდა” მოეწყო. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ნინო რამიშვილის პირადი გარდერობიდან, 60-იან წლებში სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი 14 კაბა, რომლებიც სუხიშვილების მოცეკვავეებმა მოირგეს.
“ნინო რამიშვილის გარდერობი არის ეპოქა, ეს არის ნამდვილი ვინტაჟი. ის იყო საქართველოში XX საუკუნის ერთ-ერთი ელეგანტური ქალბატონი. ეს არის გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მსოფლიოს სხვადასხვა დიზაინერების მიერ მისთვის შექმნილი სამოსი, რომელსაც ის იყენებდა, როდესაც კონცერტის ფინალში სცენაზე გამოდიოდა”, – აცხადებს მოცეკვავის შვილიშვილი, “ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორ” ნინო სუხიშვილი.
მისივე თქმით, თავსაბურავები და აქსესუარები ნინო რამიშვილის იმიჯის უცვლელი ნაწილი იყო.
ამის შემდეგ სტუმრებმა აბაკელიას ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ღია ცის ქვეშ CHUBIKA-ს ფსევდონიმით ცნობილი დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილის კოლექცია იხილეს. მხატვარ-დიზაინერმა, რომელიც ყოველთვის არაორდილანურობით გამოირჩევა, ღია ცის ქვეშ ზღაპრული საღამოს შექმნას შეეცადა. საგვარეულო სახლის ისტორია მან კოსტუმებით, მოძრაობით, მუსიკითა და ინსტალაციებით გადმოსცა. დამთვალიერბლები თვალს ადევნებდნენ სურომოდებული სახლის აივანზე განვითარებულ სიუჟეტს. მისტიკურ ამბავს, რომელსაც ავტორმა “საიდუმლო ბაღი” უწოდა. ბაბუის დანატოვარ სახლში აქვს გახსნილი სამოსის მაღაზიაც.
Tbilisi Fashion Week-ი მომდევნო დღეს, სასტუმრო ROOMS TBILIS-ში დღეს დიზაინერ გიორგი ტატანაშვილის, ანი დათუკიშვილის და ცნობილი უკრაინელი დიზაინერის Lara Quint-ის ჩვენებები გაგრძელდა. საღამოს კი, თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის სარკებიანმა დარბაზმა ლაშა ჯოხაძის ჩვენებას უმასპინძლა.
Tbilisi Fashion Week-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს შეუძლია კვირეულზე თავისი სრული ჩვენების გატანა, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. თუმცა, წარდგენილი ნამუშევრები სამუშაო პროცესში დახვეწეს და მონაწილეთა კოლექციები მკაცრი კრიტერიუმებით შეარჩიეს.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ დიზაინერს შერონ მარს, Tbilisi Fashion Week-ის არც ერთ სეზონში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს მომავალი სეზონისთვის გააკეთოს. მისი შეფასებით, თავად კვირეულის გამართვის ტრადიცია მისასალმებელია, რადგან ქართველ დიზაინერებს, ამ პატარა ქალაქში აქვთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, თუმცა ისურვებდა, რომ ასეთ ჩვენებები უფრო მასშტაბური გახდეს.
“ზოგადად თბილისი და საერთოდ საქართველო, ძალიან პატარაა fashion – ბიზნესისთვის. ძალიან გულწრფელი ვარ და ვიტყვი, რომ ის რესურსი, რაც მე წელს თბილისის მოდის კვირეულისთვის უნდა დამეხარჯა – მოდელების დაქირავება, რეგისტრაციის გადასახადი და ასე შემდეგ, მაინც მირჩევნია ჩემს პერსონალურ ჩვენებას მოვახმარო და უცხოეთის მოდის კვირეულისთვის მზადებაში ჩავდო, რადგან უკვე ვარ მიწვეული იქ და მეტად მომგებიანია ჩემი მიზნებისთვის”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას შერონ მარმა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კვირეულის ფარგლებში თბილისის ტური მოაწყო და სტუმრებს თბილისის ღირსშესანიშნაობები და სხვადასხვა კულტურულ სივრცეები გააცნო.
Tbilisi Fashion Week-ის დახურვის ღონისძიება თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, დავით აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა, რომლის რეაბილიტაცია სულ ახლახანს დასრულდა. მოდის კვირეულის ისტორიაში პირველად, ყოველგვარი მოსაწვევების გარეშე, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ქართველი მოდელიორების კოლექციები შეეფასებინათ. ღია ცის ქვეშ 12-მა დიზაინერმა ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის სამოსი წარმოადგინეს.
დიზაინერმა ნინი ჭელიძემ აქცენტი ხელით ნაქარგ სამოსზე გააკეთა. კოლექცია ჯინსის, აბრეშუმისა და სხვადასხვა მასალის სინთეზეთის შექმნა. უპირატესობა პასტელურ ფერებს მიანიჭა. ნამუშევრებში პრინტით გაფორმებული კოსტუმები ჭარბობდა, საკუთარი შემოქმედება დიზაინერმა თბილისის მოდის კვირეულზე უკვე მესამედ წარმოადგინა. ამჯერად მაყურებელმა მის მიერ შექმნილი 25 კოსტუმი იხილა.
14-ე სეზონი ახალი ბრენდის პრეზენტაციით დაიხურა. დიზაინერებმა მაია საჯაიამ და ნინო ყოლბაიამ თავისუფალი და ყოლედღიური სტილის სამოსი წარმოადგინეს. მოდელიორებმა ფერების სრული პალიტრა გამოიყენეს. სილუეტები შემოდგომა- ზამთრის სეზონისთვის შესაფერისმა ქსოვილებმა უკარნახეს.
“ჩვენს ბრენდს ჰქვია “მაია” და ის ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, ისინი ინდივიდუალური სტილის ქალბატონებისთვისაა”, – განაცხადა მაია საჯაიამ.
კვირეულის შედგით კმაყოფილები არიან ღონისძიების ორგანიზატორებიც და გვპირდებიან, რომ მომავალ სეზონზე, ახალბედა დიზაინერების ძალიან ძლიერი კოლექციები ვნახეთ. თბილისის მოდის კვირეული გაზაფხულამდე დაგვემშვიდობა.
შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის