“იანდექს ტაქსის” ქართულ ბაზარზე გამოჩენას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, გამოდის, რომ კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევდა. ამის გამო, ქართველ მომხმარებელში კომპანიის მიმართ არაერთი საპროტესტო შინაარსის განცხადებები გაკეთდა, მათი უმეტესობა კომპანიის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვდა.
მოგვიანებით, კომპანიამ სოციალურ ქსელში საქართველოს რუკის განახლებული ვარიანტი გაასაჯაროვა, რომელზეც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ქვეყნის შემადგენლობაში იყო მოქცეული, მაგრამ კომპანიის საერთო რუკაზე, საქართველო კვლავ რუსეთის მიერ აღიარებულ საზღვრებში ფიქსირდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას, ისინი წავიდნენ იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს.
ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველო მეხუთე ქვეყანაა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა. მათი მომსახურების უმთავრესი მიზანია, მომხმარებელმა სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად შეუკვეთოს ტაქსი, ოფიციალური საიტიდან ან მობილური მოწყობილობიდან.
“იანდექს ტაქსის” სერვისისთვის ამჟამად, თბილისის 11 ტაქსო პარკიდან 200 ავტომობილია გამოყოფილი. მომსახურების საფასური ტაქსში ჩაჯდომიდან პირველ ორ კილომეტრზე 50 თეთრია, რასაც ყოველ შემდგომ კილომეტრზე 50 თეთრი ემატება. მგზავრობის საფასურის გადახდა ჯერჯერობით მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით არის შესაძლებელი, რასაც უახლოეს მომავალში უნაღდო ანგარიშსწორება დაემატება.
კომპანიაში მომუშავე ქართველი მძღოლები, პირად საუბრებში ამბობენ, რომ სამუშაო პირობებით საკმაოდ კმაყოფილნი არიან. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, დანარჩენი დრო კი თავისუფლები არიან. ანუ 12 საათიანი მუშაობის რეჟიმი აქვთ. დღეში საშუალოდ 10 ლიტრის საწვავი ჭირდებათ და ისიც ყოველთვის არა. არც ანაზღაურებით ჩანან უკმაყოფილონი.
«„სხვა კომპანიების ტაქსებს რომ იძახებენ, ხალხმა არ იცის რა მარკის და რა მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი მივა მათთან. ჩვენთან ავტომობილის გამოშვების თარიღი 2004 წელს არ უნდა აღემატებოდეს», – აცხადებს ტაქსის მძღოლი და დასძენს, რომ ერთ კვირაში კომპანიაში 5000 ზარი შევიდა.
სოციალურ ქსელში რუსული კომპანიის თბილისში შემოსვლას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მათი უმეტესობა რუსული კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვს, იმ ლოგიკით, რომ როცა “იანდექს ტაქსის” მომსახურებით არავინ ისარგებლებს, იძულებულნი გახდებიან და ქვეყანას დატოვებენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურება სრულებით მისაღებია, მაშინ როდესაც, ზოგი კერძო ტაქსის მომსახურება არარეალურად ძვირია.
«ზოგი ნაგლი ტაქსისტი კი არის ღირსი კლიენტის გარეშე დარჩეს… ჩემოდნებით თუ დაგინახა, 3 ლარის გზაზე 7 ლარს გთხოვენ… ყოველთვის ვცდილობ ჩავჯდე შედარებით უბრალო ავტომობილში, რომ უფრო გაჭირვებულს დავეხმარო, მაგრამ რად გინდა!!! ზიხარ ჭუჭყისგან გაპოხილ, სიგარეტით აყროლებულ სალონში!!! ვთქვათ, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, თუ მოგთხოვს 10 ლარს, გაზზე მომუშავე “ოპელის” მარკის ავტომობილიც იგივე ფასს უბრახუნებს. ძალიანაც კარგი, რომ ეს ტაქსები შემოვიდნენ. რუსეთი რაში მაინტერესებს? ვჯდები ჩემს ქვეყანაში, ქართველი მძღოლის გვერდით და კომფორტულად ვმგზავრობ», – წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, დათო.
“იანდექს ტაქსთან” დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მისი შეფასებით, უკვე წლებია, საქართველოში სხვადასხვა რუსული კომპანია საქმიანობს და ბიზნესის წარმოებაში მათთვის ხელის შეშლა, ხელისუფლების მხრიდან არასწორი იქნებოდა, მთავარია ქართული მხარის კეთილგანწყობა ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს.
«ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მთავარია, ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს მიმართულება. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული გზა და ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება ამას, თუმცა პარალელურად ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ეს არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იქნება», – აცხადებს კალაძე და იქვე დასძენს, რომ “იანდექს ტაქსის” რუკები, პირადად არ უნახავს, თუმცა თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კალაძის თქმით, ის, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა შესაძლებელია, მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით საქართველო-რუსეთს შორის, ბევრი მოუგვარებელი პრობლემა არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არასამთავრობო სექტორში კომპანია “იანდექს ტაქსის” კანონდარღვევაში ადანაშაულებენ და საჭიროდ მიიჩნევენ კომპანიის საქმიანობით შსს დაინტერესდეს.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ კომპანია “იანდექსს” ფორმალურად კანონი არ დაურღვევია და პრობლემა საქართველოს სამართლებრივი სფეროს გაუმართაობაში მდგომარეობს.
«ერთია ემოციური მხარე, რომ “იანდექსმა” “კანონი ოკუპაციის შესახებ” დაარღვია, მაგრამ სამართლებრივი მხარის მიხედვით, მათ ფორმალურად არავითარი კანონი არ დაურღვევიათ. გადასახედია ტაქსის კომპანიების მიმართ დაწესებული რეგულაციები, რადგან სახელმწიფო ამ მიმართულებას ვერ აკონტროლებს», – მიაჩნია ოგბაიძეს.
“იანდექსის” ცენტრალურ ოფისში, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, აცხადებენ, რომ თბილისში ოპერირებისას კომპანია ქვეყნის კანონმდებლობას არ არღვევს. მათივე განმარტებით,”იანდექს ტაქსი” ჯერჯერობით, “იანდექსის” ერთადერთი სერვისია საქართველოში და ის ამ ქვეყნის კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით მუშაობს.
«საიტის ინტერფეისი, აპლიკაციები და ტაქსომეტრები ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის რუკები შეესაბამება სახელმწიფო საზღვრების შესახებ საქართველოს ოფიციალურ პოზიციას», – აცხადებენ “იანდექსის” ცენტრალურ ოფისში.
კომპანიის რეგიონული მენეჯერი, თენგიზ ველიანი აღიარებს, რომ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, სათაო ოფისთან კამათი ჰქონდა, რათა რუკა გაესწორებინათ, თუმცა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული რისკები ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, რადგან ისინი ქართველ მომხმარებელს სთავაზობდნენ განახლებულ და გამართულ ტაქსოპარკს, გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას:
«თავიდანვე ვეუბნებოდით, რომ საქართველოში ეს თემა წამოიწევდა…ზოგადად, კომპანიას აქვს პრინციპი, დაიცვას იმ ქვეყნის კანონები, სადაც საქმიანობს. თუმცა აქ ორი მომენტია – საქართველოში დაიწყო მუშაობა “იანდექს ტაქსის” სერვისმა და არა უშუალოდ “იანდექსმა”, რომლის სტრუქტურაში უამრავი კომპანიაა. ჩვენმა სერვისმა კანონმდებლობის დასაცავად ყველაფერი გააკეთა. მაგალითად, იმაში, რასაც საქართველოს მომხმარებელს ვთავაზობთ, ყველაფერი დაცულია. აფხაზეთი და ოსეთი ნამდვილად არის ჩვენს რუკაზე საქართველოს ტერიტორია. “იანდექს ტაქისის” საიტზეც იგივეა.
რაც შეეხება თავად “იანდექსის” რუკებს, იცით, ჩვენი სათაო ოფისი მუშობს რუსეთში და რუსეთი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. რუსული მხარე წამოვიდა იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს», – აცხადებს კომპანიის რეგიონული მენეჯერი, თენგიზ ველიანი.
მისივე თქმით, “იანდექს ტაქსს” თბილისში უკვე 6 პარტნიორი კომპანია ჰყავთ და კიდევ ბევრი გამოთქვამს მათთან თანამშრომლობის სურვილს, მაგრამ ზოგი თავს არიდებს პიარს, იმის შიშით, რომ საზოგადოების მხრიდან ამ ყველაფერს, უარყოფითი ხმაური მოჰყვება.
კომპანიის საქართველოში შემოსვლა დაახლოებით 2016 წლის იანვარში გადაწყდა, რაც ერთგვარი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო – აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში შესვლა. მათ შორს მიმავალი გეგმები აქვთ, სურთ შევიდნენ სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, მოიცვან ბრაზილია და არგენტინა. გამოძახებების რაოდენობის მიხედვით, ამ ეტაპზე “იანდექს ტაქსი” ლიდერია მოსკოვში, სანკტ–პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. უახლოეს მომავალში კი აპირებს, ამ მაჩვენებლით ლიდერი გახდეს დსთ–ს სივრცის ქვეყნებშიც.
“იანდექს ტაქსი” გეგმავს ტარიფები მთლიანად კომბინირებულ სისტემაზე გადაიყვანოს, როდესაც მგზავრი იხდის, როგორც წუთების, ისე კილომეტრების მიხედვით, კერძოდ, კილომეტრების მიხედვით იხდის მოძრაობისას, საცობში დგომისას კი – წუთების მიხედვით. ამ ეტაპზე ტარიფების ნაწილი მთლიანადაა მიბმული მგზავრობის დროზე. ტაქსის ონლაინ–გამოძახების კომპანია “იანდექს ტაქსი” ტაქსის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – “ეკონომ”, “სტანდარტ” და “ბიზნეს” კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ. გამოძახებიდან ადგილზე ტაქსის მისვლის პერიოდი საშუალოდ 10 წუთია.
ბევრ ქვეყანაში “კლასიკური” ტაქსისტები მობილური სერვისების აკრძალვას ითხოვენ, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები ხელს უწყობენ ლიცენზირებული კომპანიების განვითარებას. გარკვეულ ქვეყნებში აკრძალვის მიუხედავად, მსოფლიოში ტაქსის ონლაი–დაჯავშნის უმსხვილესი კომპანია Uber–ი მუშაობს პლანეტის 500 მეგაპოლისში, რეგიონულ ბაზრებზე კი მას ადგილობრივი კონკურენტები ყავს. მათ შორისაა რუსეთში მოქმედი “იანდექს ტაქსი”.
კომპანიაში მკაცრად კონტროლდება ავტომობილის მდგომარეობა და მძღოლის მუშაობა. ისინი პერიოდულად ითხოვენ ტაქსის მძღოლისგან, ფოტო გადაუღოს სალონს, საბარგულს, შეიკრას უსაფრთხოების ღვედი და ა.შ. “იანდექს ტაქსის” ასევე აქვს ქალაქის ცოდნის შემოწმების ტესტიც, რომელიც მძღოლისგან ქალაქის ზოგად ცოდნას მოითხოვს, თუმცა მთავარი აქცენტი კეთდება მძღოლის უნარზე, სწორად გამოიყენოს ნავიგატორი, არ გამოტოვოს მოსახვევი, გვერდი აუაროს საცობებს და ა.შ.
P.S. როგორ წარიმართება “იანდექს ტაქსისა” და ქართველ მომხმარებელს შორის ურთიერთობები, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყნებს შორის მოუგვარებელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, პირდაპირი დარტყმა მიაყენა ბიზნესს. როგორც ჩანს, რამდენად მიმზიდველი პირობები და შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ კომპანიას, როდესაც საქმე ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს ეხება, მეტი სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენაა საჭიროა.
შ. ქარჩავა Dalma News-თვის