ე.წ. “ციხის კადრების” ავტორის ვლადიმერ ბედუკაძისა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თემურ ხაჩიშვილის “ცენტრისტული” პარტია რეგისტრაციიდან, ხოლო პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადიდან მოხსნეს.
საქართველოში თითქმის არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიების წინასაარჩვენო მარათონი მშვიდად და სკანდალების გარეშე ჩაივლის. შეიძლება ითქვას, რომ პირველი სკანდალიც “გამოცხვა”. მკვეთრად პრორუსულ პოლიტიკურ ძალას, არა თუ ერთხმად გაემიჯნენ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაც წაართვეს.
“ცენტრისტები” საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცნენ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თემურ ხაჩიშვილის მიერ მომზადებული პარტიის სკანდალური, წინასაარჩევნო ვიდეორგოლი გავიდა, რომელშიც პარტია მოსახლეობას საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და რუსულ პენსიებს ჰპირდება.
პარტიის წინასაარჩევნო რგოლი პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოკვეთილ, ანტისახელმწიფოებრივ გზავნილად შეაფასეს, ხოლო მსგავსი წინასაარჩევნო დაპირების გაცემა, ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობად. რამდენიმე ორგანიზაციამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოსაც კი მიმართა.
პროტესტი გამოხატა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამაც და “ცენტრისტების” წინასაარჩევნო ვიდეორგოლის ეთერში გასვლის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს და მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს. ცესკომაც არ დააყოვნა და ბედუკაძისა და ხაჩიშვილის პარტია საარჩევნო სიიდან ამოიღო. საარჩევნო კომისიის ასეთი ქმედება კი “ცენტრისტებმა” პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და ქვეყანაში დიქტატურის არსებობად შეაფასეს.
ვლადიმერ ბერდუკაძემ, რომლის ე.წ. “ციხის კადრებმა” ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებაში ლომის წილი შეასრულა, უეცრად სააკაშვილისეული ლექსიკით ალაპარაკდა:
ასეთი რამ თვით სააკაშვილსაც არ უკადრია და პრეზიდენტობის დროს ერთი პარტიაც არ აუკრძალავს. ის სააკაშვილის რეჟიმიც კი ალალი იყო დღევანდელი “ქართული ოცნების” ზოგიერთ ლიდერზე. სწორედ უწოდებდა მათ ჩარეცხილებსა და პოლიტიკურ სანაგვეზე უშვებდა
ამ განცხადებების შემდეგ, “ოცნებისგან” დიდად პატივცემულ და “გასაფრთხილებელ” ბედუკაძეს უეცრად, პროკურატურის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.
იგი სახელმწიფო დაცვით 2013 წლის ივნისიდან სარგებლობდა. მაშინ მას დაცვა განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაუნიშნეს და მაშინდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით, ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მაშინ ბედუკაძე “ქართული ოცნების” ქმედებით კმაყოფილი იყო, დღეს კი ეჭვობს, რომ “ქართული ოცნება” ყოფილ სახელისუფლებო ძალას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გაურიგდა და მის წინააღმდეგ, რომ იტყვიან “პირი შეკრეს”.
«აქ არ არის მხოლოდ „ქართული ოცნება”. ეს არის კოაბიტირებული ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეს თავად შეერწყა და ახლა ჩვენი პარტია ხელს უშლის სამომავლო გეგმებში. ჩვენში საშიში კონკურენტი დაინახეს და ამიტომ მიიღო მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანი გადაწყვეტილება. ჩვენმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და “ქართული ოცნებაც” კი გააერთიანა,”- აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძე და მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას, ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.
თუმცა, ამბობს, რომ მის სიცოცხლეს დღემდე ემუქრება საფრთხე. კომენტარისგან თავს იკავებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ბედუკაძე და ხაჩიშვილი კი დანებებას არ აპირებენ და გეგმავენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდნენ. მაგრამ, ვინ ესახებათ ასეთ პოლიტიკურ ძალად, ჯერჯერობით უცნობია.
«არ მივანიჭებთ ამ ბედნიერებას, არც “ქართულ ოცნებას” და არც სხვა დასავლური პოლიტიკური კურსის მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია საერთოდ ჩახსნან არჩევნებიდან», – აცხადებს ბედუკაძე.
“ცენტრისტებისთვის” პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს მალე საპარლამენტო უმრავლესობაც შეიტანს. როგორც მათი ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, ბედუკაძისა და ხაჩიშვილის პარტიის დაპირებები, რომლებიც მათ საარჩევნო კლიპში გაისმა, არა მხოლოდ მიუღებელია მათთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც ეწინააღმდეგება.
«ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რასაც ცხადია ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს. ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები», – განაცხადა დეპუტატმა.
თემასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან ყველა შესაბამის ინიციატივას მიესალმება.
«დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა», – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი.
“ცენტრისტების” ვიდეორგოლთან დაკავშირებით უარყოფილი პოზიცია დააფიქსირეს “რესპუბლიკელებმაც“. მათი აზრით, “ცენტრისტების” მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განაცხადი არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის ნორმას არღვევს, არამედ “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნებს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოში მომრავლდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყანას რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას უპირებენ, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა აისახოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნება. რამდენი დეპუტატის ხელმოწერა აქვს ამ ეტაპზე მის საკონსტიტუციო ინიციატივას, უსუფაშვილი ვერ ასახელებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარლამენტის წევრთა სათანადო უმრავლესობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს გასაკეთებელია. მისი თქმით, კონსტიტუცია ეს არის იარაღი ხალხის ხელში განსაზღვროს მიმართულება, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა.
«ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მომავალი პარლამენტი აუცილებლად განიხილავს და ყველა შემთხვევაში მიიღებს, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს თემა არჩევნებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება და ის ძალები გავიმარჯვებთ, რომლებიც ხალხის მანდატით კონსტიტუციაში ამ ჩანაწერს გავაკეთებთ», – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი მომავალ პარლამენტში იმდენი პოლიტიკური ძალა ვერ მოხვდება, ვინც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუჭერს მხარს, “სატირალი იქნება არა კონსტიტუციური ჩანაწერი, არამედ გაცილებით მეტი რამ”. უფრო რადიკალურები არიან “თავისუფალი დემოკრატები”, ისინი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიების საერთოდ გაუქმებას მოითხოვენ.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ასეთი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.
პარტია “ცენტრისტები” საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა 2002 წელს დააფუძნა, თუმცა, საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ცენტრისტებს” 2006 წლის შემდეგ არ ჰყავთ ოფიციალურად დარეგისტრირებულ წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი. სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაედო საფუძვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, როდესაც მათ პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნეს.
მიუხედავად ცესკოს გადაწყვეტილებისა, “ქართული ოცნება” მაინც აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას და “ცენტრისტებისთვის” საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნას. დეპუტატ გია ვოლსკის მიაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესია გამოჩენილიყო ასპარეზზე უცნაური კონგლომერატი და გაეკეთებინა ასეთი განცხადებები, შეერყია სრულიად მედიასივრცე და გაელაშქრებინათ კონსტიტუციაზე.
“უამრავი განცხადებები, ბრალდებები, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები მოვისმინეთ და აღმოჩნდა, რომ საერთოდ უნდა მოიხსნას ეს პარტია რეგისტრაციიდან. ასე პრიმიტიულად შეძლო თავისი დღის წესრიგი განეხორციელებინათ ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს. მონუმენტი შექმნეს ტალახისგან და იმას დაუწყეს კრივი, რომ მერე ადვილად დაენგრიათ და ამით უნდათ დივიდენდების მოპოვება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
რა იქნება ქართველი “ცენტრისტების” შემდგომი ნაბიჯი და რომელი პარტიის სიაში აღმოჩნდება ბედუკაძისა და ხაჩიშვილის გვარები, ალბათ დროს გვიჩვენებს, მაგრამ უზადო რეპუტაციით არც ერთი სარგებლობს და არც მეორე. რუსული პენსიების იდეა კი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რიგითი პოლიტიკური ფანდი და ამომრჩევლის დაბნევის მცდელობაა და მეტი არაფერი.
საინტერესოა მხოლოდ ვის თამაშს თამაშობენ და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს “ცენტრისტები”? ჯერჯერობით კი, არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა მათგან დისტანცირებას ცდილობს.
გიორგი ქართველი