ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მომავლის პროფესიების და სტარტაპების მხარდაჭერის შესახებ მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა. ერთი თვის წინ კი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გამართა და მშენებლობის დაწყების სიმბოლოდ, პირველი საძირკველიც ჩაასხა.
პროექტის წარდგენის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე აშენდება და იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე იქნება. ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა, მშენებლობას კი მთლიანად დააფინანსებს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანია, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით, სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ინსტიტუტში თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის საგანგებო ბაზა შეიქმნება, რომელიც ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად არის აუცილებელი. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება. აქ მეცნიერული კვლევები უახლესი მეთოდით ჩატარდება, მათ შორისაა სიმსივნის ადრონული თერაპიაა.
როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი უნდა იქცეს, უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილად და ქართველ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩაერთონ.
სტუდენტების სწავლასა და მათ მივლინებებს პარტნიორ ორგანიზაციებში კი მთლიანად ფონდი “ქართუ” დააფინანსებს, რაც, კვირიკაშვილის შეფასებით, მართლაც უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა.
«ვიწყებთ იშვიათ, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას. რაც დიდ სიკეთეს მოუტანს, როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელს რეგიონს», – მიაჩნია გიორგი კვირიკაშვილი.
მომავალი თაობის განათლებისთვის განხორციელებულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, თუმცა შედეგი აფიქრებს. მისი აზრით, როდესაც საქმე განათლების სფეროს ეხება, ხელისუფლებას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ეს დაბანდებული ინვესტიციაა და მყისიერი ეფექტი არ ექნება.
«წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ მიმართულება და სტრატეგია სწორია. თუმცა შედეგებს, ალბათ, 10-20 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. განათლების სფერო საერთოდ არ არის სწრაფ ეფექტზე ორიენტირებული და ადვილი შესასრულებელი, აქედან გამომდინარე, პროექტი თვითონ საინტერესოა, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის აქტივები და ბუნებრივია უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ეს არის სწორი და მომავლისთვის ჩადებული ინვესტიცია», – მიაჩნია გია ხუხაშვილს.
მეორე საკითხია, ამ ინსტიტუტში განსწავლული ახალგაზრდების დასაქმება და მათი იდეების განხორციელებისთვის ბაზისის შექმნა. როგორც ექსპერტმაც აღნიშნა, მსგავსი ინსტიტუტი საქართველოში დღემდე არ არსებობდა, მაგრამ ამის მიუხედავად გვყავს თვითნასწავლ სპეციალისტთა მთელი თაობა, რომელმაც ყოველდღიური პრაქტიკისა თუ ნიჭიერების წყალობით შეძლეს თამამედროვეობისთვის ფეხის აწყობა.
«დღევანდელ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული. რა თქმა უნდა განათლებას პერსპექტივა იმ შემთხვევაში აქვს, თუ არსებობს შესაბამისი, ღირსეული შრომის ბაზარი, რომ ის კადრები, რომლებიც თუნდაც, ამ ინსტიტუტში მომზადდებიან, შემდგომში მათი პოტენციალი სხვა ქვეყნებში არ გამოიყენონ. ასე, რომ ყველაფერი პარალელურად უნდა განვითარდეს, ერთის მხრივ კარგია, რომ ასეთი ინვესტიცია ხორციელდება, კარგია თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური აღმავლობა, რომ იქ შეძენილი კაპიტალი ჩვენმა ახალგაზრდებმა, ისევ საქართველოს მოახმარონ თავიანთი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში», – აცხადებს ექსპერტი.
ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებას თუ გადავხედავთ, დღესდღეისობით სერიოზული პრობლემაა ღირსეულ ანაზღაურებიანი სამსახურის მოძებნა. როგორც წესი, დამქირავებელი მაქსიმუმ ცოდნასა და გამოცდილებას ითხოვს, ანაზღაურება კი, უმეტეს შემთხვევაში ჩატარებული სამუშაოს არ შეესატყვისება. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება პროტესტი, როგორც საკუთარი თავის, ისე არსებული რეალობის მიმართ, რომ საკუთარი იდეა განახორციელო, თავად გახდე დამქირავებელი და შეძენილი ცოდნაც საკუთარი საქმის წარმატებას მოახმარო.
ბევრი ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც საზღვარგარეთ მიიღეს განათლება, ბრუნდებიან სამშობლოში, მაგრამ აქ რეალიზებას ვერ ახდენენ და ისევ გარბიან. ამის მიზეზი კი, სუსტი ეკონომიკაა. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს რეალური სექტორი, სადაც ასეთი ადამიანები უნდა დასაქმდნენ.
პროგრამა “Startup საქართველოს”
“არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა “Startup საქართველოს” პრეზენტაციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაიწყო.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი ახალ იდეებზე და შექმნან საკუთარი ბიზნესი. ამას კი შესაბამისი ეკოგარემო სჭირდება, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები თავს დაცულად და იმედიანად იგრძნობენ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, “სტარტაპ საქართველო” ეს არის პროგრამა, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას.
პრემიერის განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რათა მათ, საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც, წამოიწყონ ბიზნესი. ამისთვის კი სთავაზობს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებას, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში განხორციელებული, ერთ-ერთი უახლესი პროექტია.
«აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ, გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა. განაცხადების მიღება 17 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. დაინტერესებული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე, იმუშავებს ცხელი ხაზი.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროგრამის დაწყების მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს.
«ეს პროგრამა არის ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბლოკის უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი იდეების განსახორციელებლად. წარმატებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმაა უთავრესი», – მიმართა პრემიერმა ტექნოპარკში, “სტარტაპების” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.
პრემიერმა ახალგაზრდების სტიმულირების მიზნით, რამდენიმე ცნობილი ფრაზა გაიხსენა.
კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს:
როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი ერთადერთ რამეს – რომ არ ვცადე ჩემი იდეის განხორციელება…
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ასევე გაახსენა ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელმაც კარიერის მანძილზე, უამრავი ქულა მოიპოვა და მრავალი სროლა განახორციელა, რომელიც აცილებით დამთავრდა; მას 36-ჯერ მიეცა გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლის განხორციელების საშუალება, 36-ჯერ ააცილა ბურთი კალათს და სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი.
«ამიტომ, არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა, ყოველთვის სცადოთ და დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზით – მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი», – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე, რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალი პროგრამით დაფინანსდნენ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, წარუმატებლობის საფუძველს ახალგაზრდების მონდომებაზე მეტად, ინვესტიციის განხორციელებისთვის არასაიმედო ეკონომიკურ გარემოში ხედავს. მსგავსი პროექტების მიმართ იგი ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ ეს საბოლოო ჯამში გადაყრილი ფული იქნება.
როგორც ექსპერტმა Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, პრობლემა არის არა ფულში, როგორც ეს ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებებს ჰგონიათ, არამედ გარემოსი, სადაც ინვესტიცია ხორციელდება. ამდენად იგი მთავრობას ურჩევს ეკონომიკის სისტემურ რეფორმირებაზე იზრუნოს, ვიდრე კონკრეტული ბიზნეს იდეის დაფინანსებაზე.
«საბოლოო ჯამში, ეს არის გადაყრილი ფული. მსგავსი პროექტები ადრეც გვინახავს, რომლებიც წარუმატებლად დასრულებულა. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სისტემური რეფორმირება, რომელიც დღეს, საკმარისად კარგი არ არის იმისთვის, რომ ქვეყანაში, როგორც ინვესტორი, ისე იდეის ავტორი იყოს წარმატებული. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიცია საინტერესო და დაცულია, ფული ყოველთვის მოიძებნება. ჩემის აზრით, ეს ხელისუფლებაც, როგორც ყოველი მისი წინამორბედი ფიქრობს ძალიან ვიწროდ, არ დგამს სისტემურ ნაბიჯებს და ისევ ასეთი კონკრეტული, სეგმენტური პროექტებით უნდა ფონს გავიდეს», – მიაჩნია გიგა ხუხაშვილს.
მისივე თქმით, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ჩაერთოს არაფრის დაფინანსებაში, მისი უმთავრესი მოვალეობაა დაიცვას ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი და იყოს გარანტორი ნებისმიერი ინვესტორისთვის. როგორც კი სახელმწიფო თვითონ იწყებს მონაწილეობას ბიზნესებში, იწყება მთელი უბედურება და ეს არაერთხელ გვინახავს.
«ეკონომიკის განვითარებაში ხელისუფლება არ უნდა იყოს ინვესტორი, ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს ფული, ფულის პრობლემა დღევანდელ სამყაროში არ არსებობს. არსებობს ინვესტიციის განხორციელების ინტერესი. თუ აქ იქნება ინვესტორისთვის საინტერესო გარემო, ფული მიონახება,” – განუცხადა Dalma News-ს ქართველმა ექსპერტმა.
განათლების სისტემაში სიახლეების შეტანა მომავლის ეფექტზე გათვლილი საქმეა და მას სწორი მიმართულებით წარმართვა სჭირდება. მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სახელმწიფოს მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მეორე საკითხია, რამდენად არის გათვლილი ასეთი მხარდაჭერა მომავლის ეფექტზე და არა წინასაარჩევნო ქულებზე. არჩევნებიდან არჩევნებამდე, ადამიანები ცვლილების მოლოდინში არიან და ხელისუფლებების შეცვლასთან ერთად ბევრი პროექტი, ან შეჩერებულა, ან მიმართულება შეუცვლია.
შორენა პაპაშვილი, Dalma News-თვის