განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებისა და რამდენიმე ხმაურიანი განცხადების შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რიგები დატოვა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნა გადაწყვიტა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა და საქმის კურსში, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ჩააყენა.
თამაზ მეჭიაურსა და “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების საჯაროდ გაცხადებული პოზიციისგან განსხვავებული შინაარსის განცხადებები გააკეთა. კერძოდ, დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და არც საარჩევნო სიის გამო აპირებს სხვაგვარად ფიქრს. ამბობს, რომ სათანადო რაოდენობის თანამოაზრეები ჰყავს, როგორ პარლამენტში, ისე მის გარეთ და წინასაარჩევნოდ ასეთი “სარისკო” ნაბიჯი არ აშინებს.
მის პარტიას “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” ერქმევა. ხოლო, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს მომავალში, რა აძლევს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედს და როგორია მისი ხედვები რეგიონული პოლიტიკის ჭრილში, Dalma News-ი პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.
– როგორია თქვენი პარტიის პლატფორმა?
– ჩვენ არ ვეთანხმებით ოფიციალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, კერძოდ, მის ევროატლანტიკურ არჩევანს. მიგვაჩნია, რომ ამ კურსს პერსპექტივა არ აქვს. თავად ნატოს წევრი ქვეყნების პირველი და უმაღლესი თანამდებობის პირები აღიარებენ, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება, მით უფრო, უახლოეს პერიდოში საქართველოსა და უკრაინის მიღება ნატოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო რეალისტური საგარეო კურსის მომხრენი ვართ. რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველო უნდა იყო დამოუკიდებელი, როგორც დასავლეთის, ისე ჩრდილოეთის გავლენისგან და თავის მთავარ მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მის დაცვა – შენარჩუნებას. ამის მისაღწევად უნდა ვესაუბროთ ყველა მხარეს, რომელსაც შეუძლია ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა, მათ შორის რუსეთს.
ჩვენი პარტია აპირებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან გააუმჯობესოს ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია და მათი ჩართულობის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება.
– როგორია თქვენი პარტიის საკადრო პოტენციალი, ვინ გახდა უკვე თქვენი პარტიის წევრი და ვინ აპირებს შემოგიერთდეთ, როგორი იქნება პარტიის ძირითადი ბირთვი?
– გამომდინარე იქიდან, რომ პარტია ახლა იქმნება და ჯერ ხელმოწერებს ვაგროვებთ, საინიციატივო ჯგუფი უკვე წარვადგინეთ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, ახალგაზრდა, საკმაოდ განათლებული და სუფთა წარსულის მქონე პიროვნება დავით ფაცაცია, რომელიც “ქართულ ოცნებაში” მთავარი საბჭოს და ახალგაზრდული საბჭოს წევრი იყო. ყოფილი ტელეწამყვანი ლალი მოროშკინა, საკმაოდ ცნობილი, როგორც უფლებათა დამცველი და არასამთავრობოების წარმომადგენელი, მას ასევე აქვს სახელისუფლებო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ასევე, სანდრო ბრეგაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობიდან მოდის. საკმაოდ გამოცდილი, ყოფილი პარლამენტარი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში იკავებდა მაღალ თანამდებობებს და არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია სამართლიანობისთვის ბრძოლა. ია მეტრეველი – “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, რომელიც ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია და წლების განმავლობაში განაგრძობდა უსამართლობასთან ბრძოლას. დანარჩენ წევრებს უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ.
კონსულტაციები გვაქვს, როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ ლიდერებთან და რეგიონების მიხედვით შევარჩევთ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ასევე შევადგენთ პარტიულ სიას, რომელსაც მომავალი თვის ბოლოს გავაცნობთ ამომრჩეველს.
– აქცენტს საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე აკეთებთ და იმავდროულად ახალგაზრდებზე?
– კონსულტაციები გვაქვს ყველა ფენასთან, რომელიც კი არსებობს საქართველოში. პარტიაში დაცული უნდა იყოს, თუნდაც გენდერული ბალანსი, ჩვენი პარტია უნდა გამოხატავდეს, როგორც ყველა ასაკობრივი, ისე სოციალური ჯგუფების ინტერესებს.
– მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლების კურსს არ ეთანხმებით, წინასაარჩევნოდ პარტიის შექმნის გადაწყვეტილებას არ მიიღებდით. ალბათ, ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედიც გაქვთ და გსურთ ეს მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიის შექმნით გაამყაროთ?
– მოგეხსენებათ აქამდე, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სცენარით მოქმედებდა, ეს გულისხმობდა იმას, რომ არის ტაბუდადებული თემები, კერძოდ, ევროატლანტიკურ ალიანსთან ჩვენი დამოკიდებულება, რომლის გაკრიტიკებაც არ შეიძლება, სხვა ყველას და ყველაფრის კრიტიკა მისაღებია, მათ შორის ისეთი წმინდა თემებისაც კი, როგორიც სარწმუნოებაა. ნატოს კრიტიკა ტაბუდადებული თემაა და ხელისუფლებაც და ოპოზიციას ეჯიბრებიან ერთმანეთს ნატოს სიყვარულში, თითქოს ეს არის ჩვენი წინაპრების არჩევანი და ამაზე ფიქრში ათენ-აღამებდნენ. ამ დროს მოსახლეობაში აბსოლუტურად განსხვავებული განწყობაა, თვითონ ნატო თავისი ქმედებების გამო, რაც გამოიხატება იმაში, რომ საჭირო დროს მისი დახმარება გამოხატა, მხოლოდ წყლისა და პამპერსების გამოგზავნაში, ასევე აღშფოთება-შეშფოთებაში, მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები მანამდეც და შემდეგაც მონაწილეობდნენ სხვადასხავ სამშვიდობო მისიებში.
– როგორი იქნება თქვენი პარტიის დამოკიდებულება სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ, განიხილავთ კოალიციის შექმნის შესაძლებლობას?
– სხვა პარტიებთან თანამშრომლობა შეიძლება გამოიხატოს არჩევნებისთვის კოორდინაციაში, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და დაცული იყოს მისი შედეგები. ამ თვალსაზრისით, არა თუ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას, არამედ მივესალმებით. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკის შექმნას, დიდი ალბათობით, არ შევქმნით. არჩევნებში დამოუკიდებლად ვიყრით კენჭს, თუ მანამდე რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა. რაც შეეხება თანამშრომლობას პარლამენტში, იქ ვითანამშრომლებთ თემატურადაც და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზეც.
– გარკვეული სიმპატიები თუ გაქვთ რომელიც პარტიის მიმართ?
– ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ცალსახაა, თუმცა, შესაძლებელია განსაკუთრებულ თემებზე მათთან თანამშრომლობა. მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. თუ ისინი გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას, მხოლოდ მივესალმებით. დანარჩენი, საგარეო კურსსა და სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს, როგორც სახელისუფლებო გუნდისგან, ისე “ნაციონალური მოძრაობისგან”. მიგვაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს და უნდა დაჩქარდეს.
– როგორი იქნება თქვენი პარტიის საგარეო პოლიტიკა. “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ის, იყო, რომ მოაგვარებდა რუსეთთან ურთიერთობას. რას უწუნებთ რუსეთთან ურთიერთობაში დღევანდელ ხელისუფლებას და რას აპირებთ თქვენ?
– მმართველი გუნდიდან წამოსვლის გადაწყვეტილების ბოლო წვეთი, მაგალითად, იყო, თუმდაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ერთობლივი წვრთნები (Nobel Partner 2016) აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან. მიმაჩნია, რომ ეს ემსახურებოდა არა წვრთნას, არამედ ძალის დემონსტრირებას და რუსეთისთვის ნიშნის მოგებას. როდესაც ეს ხმამაღლა განვაცხადე, ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ცალსახად დაფიქსირება ვნახე იმის, რომ ურყევია ევროატლანტიკური კურსი და ის არა თუ არ შეიცვლება, არამედ ის ხალხი, რომლებიც მას არ იზიარებენ, ან ეჭვი ეპარებათ, სახელისუფლებო გუნდში არ მოიაზრებიან. ამიტომ თვითონ გავაკეთე არჩევანი იმით, რომ გავემიჯნე მათ გამომდინარე იქიდან, რომ არ ვაპირებდი აზრის შეცვლას. პრინციპში მე ისედაც ვრჩებოდი ამ გუნდის მიღმა.
– რუსეთ-საქართველოს შორის ჰუმანიტარულ და სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია საინტერესოა?
– პირველ რიგში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. რაც დაწყებულია აბაშიძე- კარასინის ფორმატში, მისასალმებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მომავალში ეს უნდა გაფართოვდეს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომლებიც უმაღლეს დონეზე მოამზადებენ ქართულ-რუსულ შეხვედრას, სადაც უკვე განხილული იქნება საკითხები, რომლებიც უპირველესად უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რა თქმა უნდა მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებითაც.
– სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, რამდენად მომგებიანი საქართველოსთვის?
– თავისთავად რუსეთის ბაზარი საინტერესოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელი ქვეყნებითაც ვემუქრებით რუსეთს. გამომდინარე აქედან მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბაზარი ავითვისოთ.
– როგორი იქნება თქვენი პარტიის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების, იგივე აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის მიმართ?
– მეგობრული ურთიერთობები უპირველესად უნდა იყოს დამყარებული ორმხრივ ურთიერთობებზე და ერთმანეთის სუვერენიტეტს უნდა ვცეთ პატივი.
– როგორი უნდა იყოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა?
– საქართველოს ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანიო აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთან. ასევე, ჩინეთთან, გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული მდებარეობიდან. აქ გადის ნავთობსადენი, გაზსადენი, რომელზეც დამოკიდებულია ევროპის რიგი ქვეყნებისა. ასევე აშშ-ს აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესი ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც ჩინეთს “აბრეშუმის გზასთან” დაკავშირებით. ამიტომ ეს მოლაპარაკებები უნდა ატარებდეს ფართომასშტაბიან, მრავალმხრივ ხასიათს. მისი ანალოგი, ცოტა სხვა ფორმატში, მაგრამ მაინც იყო ავსტრიასთან მიმართებაში, როდესაც მეორე მსოფლიო ომიდან ათი წლის თავზე, მოახერხეს მოლაპარაკება. მაშინ საბჭოთა კავშირი და აშშ, ინგლისი და საფრანგეთი, რომლებსაც ოთხად ჰქონდათ გაყოფილი ავსტრია, შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იყო.
კერძოდ, ყველამ გაიყვანა ჯარი იქიდან ავსტრიას მისცეს უფლება შესულიყო ევროკავშირში, მაგრამ სამაგიეროდ აუკრძალეს მას ნატოში შესვლა, ეს ყველაფერი დღემდე არის დადასტურებული ოთხმხრივი ხელშეკრულებით, სადაც ეს ქვეყნები არიან ავსტრიის ნეიტრალიტეტის გარანტი.
ზუსტად ამ მოდელის გადმოტანა არ შეიძლება, მაგრამ ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით, უპირველესად, ჩვენი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამისთვის შეიძლება ყველა მხარისთვის მოვიფიქროთ ისეთი მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესს მაქსიმალურად დაიცავს. რუსეთს მისცემს იმის გარანტიას, რომ მისი მეზობელი საქართველოს ტერიტორიაზე, მისთვის მტრული ქვეყნის ჯარები არ განლაგდება.
ესაუბრა შორენა ქარჩავა