2016 წლის ივნისის დასაწყისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დეპუტატებმა “სომხებისა და სხვა ქრისტიანული უმცირესობის გენოციდის 101 წლის ხსოვნის” რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი 1915 წელს, ოსმალოს იმპერიის მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გენოციდად აღიარებს. რეზოლუცია გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის, სოციალ-დემოკრატიული და “მწვანეთა” პარტიის სახით, საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა და ხმა დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა. წინააღმდეგი იყო ერთი, ხოლო თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

ამასთანავე, გერმანელმა დეპუტატებმა, გერმანიის, როგორც პირველ მსოფლიო ომში თურქეთის მოკავშირის, დანაშაულში პასუხისმგებლობაც აღნიშნეს. “ბუნდესტაგი წუხს გერმანული რეიხის, ოსმალოს იმპერიის მოკავშირის, სამწუხაროდ ცნობილი როლის გამო, რადგან მან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესაჩერებლად არაფერი იღონა. ბუნდესტაგში ამის გახსენება მსოფლიოს უძველესი ქრისტიანული ერისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას ნიშნავს. ბუნდესტაგი გერმანიის ისტორიულ პასუხისმგებლობას აღიარებს”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ანკარის ნერვიული რეაქცია

ბუნდესტაგის რეზოლუციამ თურქეთის მხარე გააღიზიანა და გერმანიის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენით შეეცადა კენჭისყრის პროცესი შეეჩერებინა. ამგვარად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 31 მაისს, სატელეფონო საუბრისას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს “გონიერებისკენ” მოუწოდა. გერმანული ტელეარხ ARD-ის  მონაცემებით, ბუნდესტაგის დეპუტატებზე ხმის მიცემამდე ზემოქმედება ხორციელდებოდა: ისინი, თურქი მოქალაქეებისგან ელექტრონული ფოსტით შეურაცხმყოფელ წერილებს და მუქარის ზარებს ღებულობდნენ. კერძოდ, ყველაზე მეტი მუქარა დოკუმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, თურქეთიდან იმიგრანტების შვილმა, პარტია “კავშირი 90-მწვანეების” თანათავმჯდომარე ჯემ ოძემირმა მიიღო.

კენჭისყრის შემდეგ, თურქეთმა თავისი ელჩი გერმანიაში კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. “ჩვენი პირველი ნაბიჯია – ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის. მის ანკარაში დაბრუნების შემდეგ, ვითარებას შევაფასებთ”, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, სომხების გენოციდის აღიარება სერიოზულად აისახება მათი ქვეყნების ურთიერთობებზე.

ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატიული კულტურის მოქმედების მაგალითია. მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი მიმართულია თურქეთსა და სომხეთს შორის დიალოგის დაწყებისკენ, ასევე ოსმალოს იმპერიაში მომხდარი მოვლენების გაანალიზებისკენ.

“გერმანიას და თურქეთს ბევრი რამ აკავშირებთ”, – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ გერმანიაში თურქული წარმოშობის დაახლოებით 3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს.

ერევანი რეზოლუციას მიესალმება

თავის მხრივ, სომხეთი გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ოფიციალურ ერევანში მიაჩნიათ, რომ ეს გერმანიის მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილია, არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარებისა და სომხების გენოციდის დაგმობის საქმეში, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდების თავიდან ასაცილებელ საყოველთაო ბრძოლაში.

“იმ დროს, როდესაც ოსმალოს იმპერიის ყოფილი მოკავშირეები – გერმანია და ავსტრია-სომხების გენოციდზე თავიანთ პასუხისმგებლობას აღიარებენ, თურქეთის ხელისუფლება ჯიუტად განაგრძობს ოსმალოს იმპერიის მიერ ჩადენილი დანაშაულის უარყოფას. საერთაშორისო თანამეგობრობა 101 წელია ელის, როდის გაუსწორებს თურქეთი თვალს თავის ისტორიას”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა გერმანიის პრეზიდენტს იოაჰიმ გაუკს, კანცლერ ანგელა მერკელსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტს და სომხების გენოციდის აღიარებისთვის, ასევე გერმანიის ყველა იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს.

“გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღება მართლაც ისტორიული ნაბიჯია, არა მხოლოდ სომხეთის და სომეხი ხალხის, არამედ გერმანიისა და გერმანელი ხალხისთვის, ასევე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. იგი დემოკრატიის უზენაესობას, ადამიანურ ფასეულობებს სიმბოლოდ აქცევს და მათი შენარჩუნების საქმეში გერმანიის თანმიმდევრულ როლს უსვამს ხაზს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის იმის შესახებ, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ 100 წლის წინათ ჩადენილი დანაშაული არამც თუ დავიწყებას ეძლევა, არამედ სწორი ფორმულირებით დაიგმო”, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის გზავნილში.

24175663

გერმანულ-თურქული ურთიერთობების მომავალი

რაც შეეხება გერმანიასა და თურქეთს შრის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, შესაძლოა, ბუნდესტაგის რეზოლუციამ მათ შორის ურთიერთობების დროებით გაციება მოჰყვეს. ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ სომხების გენოციდის აღიარებას შედეგად ელჩის გაწვევა და თურქეთის ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებები ყოველთვის მოჰყვებოდა. თუმცა, ასეთი „სარიტუალო ცეკვების“ შემდეგ, ანკარა გარკვეული დროის შემდეგ ურთიერთობების მოწესრიგებას ცდილობდა. ამის ნათელი მაგალითია – თურქეთის რეაქცია, საფრანგეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე. თუ გავითვალისწინებთ გერმანიის როლს, ევროკავშირსა და ორ ქვეყანას შორის ძლიერ ეკონომიკურ კავშირში (თურქეთი გერმანიაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე საფრანგეთზე), გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ანკარა იძულებული იქნება ბერლინთან ურთიერთობები მოაგვაროს.

თუმცა, თურქეთის ხელისუფლებას სულ სხვა რამ უნდა აღელვებდეს. გერმანიის მიერ სომხების გენოციდის აღიარება ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში აშკარა კრიზისის წყალობით მოხდა. რეზოლუცია ჯერ კიდევ შარშან, სომხების გენოციდის ას წლისთავზე უნდა მიეღოთ, მაგრამ მიგრაციული კრიზისის და ანგელა მერკელის იმედის, რომ თურქეთი დაეხმარებოდა, ფონზე ხმის მიცემა გარკვეული დროით გადაიდო.

თუმცა, 2015 წლის განმავლობაში გამოაშკარავდა, რომ თურქეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, დევნილების საკითხს ევროკავშირზე ზემოქმედების მოხდენის ბერკეტად იყენებს და არ აპირებს თავის თავზე აღებული ვალდებულებების, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, შესრულებას. ამ ფონზე ევროკავშირი და გერმანია ვერ შეძლებენ ევროპის ქვეყნების პარლამენტებში შეიტანოს თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი.

სწორედ ამიტომ გერმანიის ხელისუფლებამ აღარ გააჭიანურა რეზოლუციის მიღება, რადგანაც მიიჩნია, რომ ანკარა ამ ნაბიჯს შეაფასებდა, როგორც იმის მორიგ დადასტურებას, რომ ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას არ შეურიგდება. გენოციდის ფაქტობრივი აღიარება თურქეთისთვის ევროპის ქვეყნებთან საკუთარი პოლიტიკის გადახედვის მანიშნებელი იქნება.

ამასთანავე, სომხების გენოციდის აღიარება ისეთი ძლიერი ქვეყნის მხრიდან, როგორიც ევროკავშირის ლიდერი – გერმანიაა, პროცესის საერთაშორისო აღიარების ახალ იმპულსს ემსახურება, რაც ასევე შეუძლებელია ანკარას არ აღელვებდეს.

თურქეთისთვის ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ბუნდესტაგის რეზოლუცია “სომხური ლობის მაქინაციებით” ვერ აიხსნება. უფრო მეტიც, მთელს ევროპაში ყველაზე დიდი თურქული საზოგადოება გერმანიაშია, თუმცა ეს ანკარას რეზოლუციის აღიარების თავიდან აცილებაში მაინც ვერ დაეხმარა.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლების თავდასხმები, რომელიც გერმანიას ჰოლოკოსტის ბნელ წარსულს ახსენებს, ისევ მის წინააღმდეგ მოქმედებს. თანამედროვე გერმანია ისტორიისადმი თავისი დამოკიდებულებით, მაგალითს აძლევს თანამედროვე თურქეთს: ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, რომ ისტორიას თვალი გაუსწორო, რამდენად ბნელით მოცული არ უნდა იყოს, მისი ზოგიერთი ფურცელი.

მოამზადა აიკ ხალათიანმა