სომხეთის ფეხბურთის ნაკრები, ამ დღეებში მორიგ სკანდალში გაეხვა. ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, წამყვანმა ცენტრალურმა დამცველმა რობერტ არზუმანიანმა, ეროვნულ ნაკრებში თავისი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მსგავს გადაწყვეტილებამდე იგი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის რუბენ აირაპეტიანის დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა უბიძგა.
“დიდხანს ვიფიქრე სომხეთის ნაკრებიდან წასვლაზე. ბევრის ლაპარაკი არ მინდა, მოკლედ ვიტყვი: ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მისამართით გახმაურებული ყველა იმ დაუსაბუთებელი ბრალდების, მათ შორის იმის გამო, რომ არ გვსურს გასვლით მატჩზე საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში, აღარ მსურს სომხეთის ნაკრების სახელით გამოსვლა. ნაკრების ყველა გულშემატკივარს, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გუნდში 11 წლიანი თამაშის შემდეგ, ყველა 74 მატჩზე ყოველთვის მათ უსაზღვრო ერთგულებას ვგრძნობდი”, – განაცხადა News.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არზუმანიანმა.
თავად აირაპეტიანმა 2015 წლის ნოემბრის ბოლოს წამყვანი მედია-საშუალებების წარმომადგენლებთან გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრების რამდენიმე წევრს “ღალატს” ამჩნევს და რომ მათ ევრო-2016-ის შესარჩევ მატჩზე ალბანელებთან შეგნებულად წააგეს.
ალბანეთის ნაკრებმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე სომხური გუნდი დაამარცხა. მატჩის შემდეგ სერბულ საიტზე kurir.rs დაიწერა, რომ სომხეთის ნაკრების ოთხ ფეხბურთელს ალბანელები წაგების ნაცვლად 500 ათას ევროს დაჰპირდნენ. ამასთან დაკავშირებით, უეფას საიტზე გამოქვეყნდა ორგანიზაციის განცხადება იმის შესახებ, რომ მატჩთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულებების არ არსებობის გამო გამოძიება არ დაიწყება.
“სომხური ფეხბურთის წინაშე ჩემი დამსახურება ის არის, რომ როდესაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ჩავუდექი სათავეში, ღალატი აღვკვეთე და სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ დაბრუნდა. მიმაჩნია, რომ ეს მთელი სომხური ფეხბურთის წარუმატებლობა და უბედურებაა… თუ ეს პრობლემა ვერ მოვაგვარე, როგორი მწვრთნელიც არ უნდა მოიყვანოთ, სარგებელი მაინც არ იქნება, რადგანაც ასეთ პირობებში შეუძლებელია მიზნების დასახვა”, – განაცხადა აირაპეტიანმა.
ნაკრების ცხრა წამყვანმა ფეხბურთელმა: ჰენრიხ მხითარიანმა, იურა მოვსისიანმა, არაზ ოზბილიზმა, რობერტ არზუმანიანმა, მარკოს პოზელმა, გევორქ კაზარიანმა, გევორქ კასპაროვმა, გრაირ მკოიანმა, კარლენ მკრტჩიანმა აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშრებით შემდეგი განცხადება გააკეთეს: “აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში და ნაკრებში მოღალატეების ძებნა არაფრის მომცემია. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მოსაზრებას ეროვნული გუნდის ყველა ფეხბურთელი იზიარებს”.
ფეხბურთელებმა ასევე განაცხადეს, რომ ნაკრებში თამაშის 7-10 წლის მანძილზე ისინი ყოველთვის ერთგულად და უანგაროდ თამაშობდნენ, ყველაფერს ეროვნული გუნდის სასარგებლოდ აკეთებდნენ. არ ყოფილა შემთხვევა, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ტრავმებისა, რომ რომელიმე სპორტსმენს უარი ეთქვა თამაშზე. საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე და კლუბის კარიერის გამო, ბევრ შემთხვევაში მწვრთნელის თხოვნით, ისინი ტრავმირებულები გადიოდნენ მოედანზე და მაინც თამაშობდნენ, რადგანაც მათი არყოფნა გუნდს დააკლდებოდა.
ამ ფონზე საკმაოდ უჩვეულოა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის კომენტარი არზუმანიანის ნაკრებიდან წასვლაზე. “სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნეტმა რუბენ აირაპეტიანმა არაერთხელ განაცხადა და ბოლო ინტერვიუში კიდევ გაიმეორა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლომდე ერთგულები არ არიან და ეროვნული ნაკრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება აქვთ, გუნდში აღარ მიიწვევენ, რადგანაც ეროვნული ნაკრები – უნიკალური ფასეულობაა… თუ რობერტ არზუმიანმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,როგორც სჩანს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადების არსს ჩასწვდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
არანაკლებ უცნაურია ის, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბელორუსის ნაკრებთან მეგობრულ მატჩზე სათამაშოდ კლუბ МЛС “რეალ სოლთ-ლეიკის” წევრი იურა მოვსისიანი, ასევე პორტუგალიური “მარიტიმუს” მნიშვნელოვანი თავდამსხმელი გევორქ კაზარიანი არ მიიწვიეს. იმავდროულად სომხეთის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელების მონაწილეობით გუნდის სასწავლო შეკრებაზე არ მიიწვიეს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერის – გუნდ “ალაშკერტის” მეკარე გევორქ კასპაროვი. ზემოთ აღნიშნული სამი ფეხბურთელი იმ განცხადების ხელმომწერები არიან, რომელიც აირაპეტიანის ბრალდების საპასუხოდ გამოქვეყნდა.
25 მარტს, ერევანში დაგეგმილი მატჩი, რომელსაც სომეხი ფეხბურთელები ბელორუსელებთან ითამაშებენ, სომხეთის ნაკრების ლეგენდის, მეკარე რომან ბერეზოვსკისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მოვსისიანთან, კაზარიანთან და კასპაროვთან ერთად თამაშობდა, გამოსამშვიდობებელი იქნება.
თავად ბერეზოვსკი თითქმის 20 წელია ნაკრებში თამშობს და არ სჯერა, რომ მისმა პარტნიორებმა თამაში გაყიდეს. როგორც თავად განაცხადა, ნაკრებში თაობა დროთაგანმავლობაში უნდა შეიცვალოს.
ეს ყველაფერი, ნებით თუ უნებლიედ გვაფიქრებინებს, რომ ნაკრების ფან-კლუბ First Armenian Front-ის წევრებთან კონფლიქტის პარალელურად ფედერაციის ხელმძღვანელმა რუბენ აირაპეტიანმა ნაკრების განსხვავებულად მოაზროვნე ფეხბურთელების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. განსხვავებული აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თანახმანი არ არიან უსიტყვოდ აიტანონ უსაფუძვლო ბრალდებები.
თუ არზიმანიანს მიაჩნია, რომ ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელთან არსებული უთანხმოება მისი ნაკრებიდან წასვლით დასრულდება, გულშემატკივრები მიანიშნებენ, რომ ეროვნული გუნდისა და საერთოდ, სომხური ფეხბურთის პრობლემა აირაპეტიანის პიროვნებას უკავშირდება. 2015 წლის შემოდგომაზე ფან-კლუბმა, აირაპეტიანის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციის შენობასთან რამდენჯერმე საპროტესტო აქცია მოაწყო.
გულშემატკივრების პრეტენზიები უსაფუძვლო არ არის. აირაპეტიანის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობა ბევრ კითხვას ბადებს. ეუფადან მიღებული ფინანსური დახმარების განაწილებიათ დაწყებული ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევის კრიტერიუმებით დამთავრებული.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურა მისი პროფესიონალიზმის მიხედვით კი არ შეირჩა, არამედ აირაპეტიანთან პირადი სიახლოვით. უცოელი სპეციალისტების შემთხვევაში – მზად უნდა ყოფილიყვნენ იმისთვის,რომ ფედერაციის ხელმძღვანელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა გუნდის შემადგენლობის განსაზღვის პროცესში. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ვერ წარსდგება ნაკრების დროშის ქვეშ, მხოლოდ იმ უბრალო მიზეზით, რომ აირაპეტიანს, ამა თუ იმ მიზეზით, არ სურთ ისინი გუნდში იხილოს.
ამ ყველაფრის ფონზე, შეკითხვები გაჩნდა ვარუჟან სუკიასიანის კანდიდატურის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილმა რუსმა სპორტულმა მიმომხილველმა არტუშ მკრტჩიანმა განაცხადა, ყოფილი ფეხბურთელების, რომლებიც სუკიასიანთან ნაკრებში თამაშობდნენ, მონათხრობიდან გამომდინარე, ეს მწვრთნელი მოწინააღმდეგის გაანალიზების გეგმითა და თამაშის ტაქტიკურად მოწყობით “წმინდა ინკვიზიციის ეპოქის დონეზეა”.
“სასაცილო სწორედ ის არის, რომ რამდენიმე წლის წინათ ფედერაციის ხელმძღვანელმა სუკიასიანი და მისი ძმა ერვანდი, ნაკრების რამდენიმე თამაშის გაყიდვაში დაადანაშაულა, თანაც საფუძლიანად. სამაგიეროდ, ახლა მან კვლავ დანიშნა ის მთავარ მწვრთნელად. ძალიან მსურს ვცდებოდე, მაგრამ აქედან კარგი არაფერი გამოვა”, – წერს მკრტჩიანი სოციალური ქსელ Facebook-ის თავის გვერდზე.
გასათვალისწინებელია ასევე ეროვნულ ჩემპიონატში ინტერესების კონფლიქტი, სადაც აირაპეტიანის კლუბი “პიუნიკი” ფედერაციის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ნამდვილ ჰეგემონად იქცა. 2001-2011 წლებში “პიუნიკმა” ზედიზედ 10-ჯერ მოიგო სომხეთის ჩემპიონატი, ხოლო გუნდის მოთამაშეებმა სხვა სომხური კლუბების ფეხბურთელებისგან განსხვავებით ნაკრებში მიწვევის პრიორიტეტი მიიღეს.
მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია სომხეთის ნაკრების მთავარ ვარსკვლავს ჰენრიხ მხითარიანს. მაგრამ დორტმუნდის “ბარუსიისთვის” ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის გამო, საეჭვოა ფეხბურთელი ფედერაციის ხელმძღვანელს დაუპირისპირდეს.
რაც შეეხება სომხეთის ხელისუფლებას, არც ის აპირებს ამ საქმეში ჩარევას, რადგანაც ფეხბურთის სფერო თანაპარტიელი აირაპეტიანის წყალობას მიანდო. ეს უკანასკნელი სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო წევრია, რომელიც პასუხს აგებს ერევნის ერთ-ერთ დიდ რაიონში არჩევნების შედეგებზე. გარდა ამისა, თუ მან მოახერხა და თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა ავიაკომპანია “Air Armenia”-ს დირექტორის ცემის გამო, რაღა სახსენებელია ფეხბურთის სფეროში შექმნილი პრობლემები.
მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი, პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ფეხბურთზე მეტად ჭადრაკს ანიჭებს უპირატესობას და ფეხბურთისგან განსხვავებით, ჭადრაკის ფედერაციაში არანაირი სკანდალი არ ყოფილა. სომეხი მოჭადრაკეების, რომლებმაც ჭადრაკის ოლიმპიადაზე გამარჯვება სამჯერ მოიპოვეს, შედეგებით მთელ მსოფლიოს აოცებს.
სამწუხაროდ, არსებული ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის ნაკრების უძლიერესი თაობა, რომელიმე საერთაშორისო ტურნირში ვეღარ შეძლებს მონაწილეობის მიღებას. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი სკანდალებისა და შიდა გარჩევების გამო, მისი დასასრული მოახლოვდა. ზუსტად ასე, სკანდალებმა დაასამარეს “არარატ-73” და ბოლო მოუღეს მეოცე საუკუნის სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელის ხორენ ოგანესიანის კარიერას.
სომხეთის ნაკრების გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, თვალი ადევნონ სომხეთის ნაკრების სწრაფ ვარდნას ფიფას რეიტინში. 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის თებერვლამდე სომხეთის ნაკრები 30-ედან 123-ე ადგილზე ჩამოქვეითდა (მარტის რეიტინგში ოდნავ უკეთესადაა ვითარება – 7 ადგილით დაწინაურდა და 116-ე პოზიციაზე გადაინაცვლა).
მოამზადა აიკ ხალათანმა