“ევროვიზია 2019”-ზე, რომელიც ამჯერად ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში გაიმართება, საქართველოს 29 წლის მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს. ისრაელს გამარჯვება შარშან ლისაბონში ჩატარებულ კონკურსზე ნეტა ბარზილაიმ და სიმღერა “სათამაშომ” მოუტანა. ეს ისრაელისთვის ევროვიზიაზე მესამე გამარჯვებაა. როგორი იქნება 2019 წლის კონკურსი დრო გვიჩვენებს, რადგან “ევროვიზია” საქართველოსთვის მაინცა და მაინც წარმატებული კონკურსი არ არის. ოთო ნემსაძე 14 მაისს, პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში იმღერებს.

“ევროვიზია 2019”-ისთვის შესარჩევი კონკურსისთვის მონაწილეები, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიეს. გამარჯვებული ტელემაყურებელს უნდა შეერჩია და 44,13%-ით კონკურენტებს ოთარ ნემსაძემ აჯობა. “ევროვიზიაზე” ქართველი მომღერალი კომპოზიტორ რომან გიორგაძის სიმღერას – “სულ წინ იარე”, ქართულ ენაზე შეასრულებს. სიმღერის შინაარსი ქართული სულის სიძლიერეზე მოგვითხრობს, თუ მიზნის მისაღწევად რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქმის მთელი გულითა და მონდომებით გაკეთებას.

ოთო ნემსაძე ქართველმა მაყურებელმა 2010 წელს, სიმღერის კონკურს “ჯეოსტარით” გაიცნო და მას შემდეგ დიდი პოპულარობითა და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. სამშობლოს გარდა ის უკრაინასა და დიდ ბრიტანეთშიც გაიცნეს, სადაც მუსიკალურ შოუებში წარმატებით მონაწილეობდა.

ოთო ნემსაძე

ოთარი 1989 წლის 18 ივნისს, ქალაქ გორში დაიბადა. იქვე დაამთავრე სკოლა და სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე განაგრძო, თუმცა, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ამ სფეროში საქმიანობა არ გაუგრძელებია და სიმღერა განაგრძო. ამაში განსაკუთრებით აღნიშნავს დედის, მაია ნემსაძის წვლილს. ჰყავს მამა ბადრი და ძმა ბესო. როგორია არშემდგარი ბიზნესმენის მუსიკალური ცხოვრება და როგორ ემზადება კონკურსისთვის, ამის შესახებ Dalma News-ს ოთო ნემსაძე ესაუბრა.

– როდის შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში და როდის გადაწყვიტეთ, რომ მომღერალი იქნებოდით?

– მუსიკა დედამ შემაყვარა. ის იყო პირველი მასწავლებელი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩემში დიდი დოზით ყოფილიყო მუსიკა. მომღერლობა მიზანმიმართულად არ ამირჩევია, თავისით მოვიდა დროთა განმავლობაში. შემდეგ იყო პირველი კონკურსი, ასე მოვხვდი პროფესიონალურ სცენაზე.

– ეს კონკურსი იყო “ჯეოსტარი”. რა ეკისრება მას თქვენს პოპულარობაში? 

– “ჯეოსტარი” მართლაც, რომ ერთ – ერთი უნიკალური პროექტი იყო. მასში მონაწილე მომღერლები, დღესაც აქტიურად დგანან სცენაზე. “ჯეოსტარმა” ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, პირველ რიგში შემძინა უამრავი კარგი მეგობარი და ადამიანი. პროფესიონალების გუნდში გავიზარდე, როგორც მომღერალი. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მაგარი რაც იყო, ესაა ხარისხი… ის ხალხი მაშინ ხარისხზე იყო ორიენტირებული და დიდი კონკურენციის პირობებში გავიმარჯვე. ზუსტად ესაა ის მთავარი წარმატება, რაც “ჯეოსტარმა” მომცა. ამაზე მთავარი კი ხალხის სიყვარულია.

– როდის მიხვდით, რომ პოპულარული ხართ და როგორი შეგრძნებაა პოპულარობა?

– სიტყვა პოპულარობა არ მომწონს. მე ხალხის სიყვარულზე ვსაუბრობ. შეიძლება პოპულარული იყო, მაგრამ ხალხს არ უყვარდე, ან პირიქით, იმით რომ ძალიან უყვარდე. მე სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან და ეს ძალიან მახარებს.

– კონკურსებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება გაქვთ, მონაწილეობდით უკრაინული  “ახალი ხმის” მესამე სეზონშიც. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როგორ მოხვდით კონკურსზე და თუ შეგძინათ მან ახალი გამოცდილება?

– უკრაინაშიც ძალიან დაძაბული კონკურსი გავიარე და როგორც იცით სუპერფინალისტი გავხდი. რა თქმა უნდა უდიდესი გამოცდილება მივიღე. იქ სხვანაირად კეთდება კონკურსი. აქ თუ კონკურენცია 10 000 კაცს შორის არის, იქ 100 000-დან უწევთ იმ ფინალისტების არჩევა, ვინც ლაივ შოუებში მოხვდება. ასე რომ, თქვენვე შეგიძლიათ განსაზღვროთ სამუშაო პროცესი და კონკურენცია, თავისთავად იქ სხვანაირი მიდგომებია და უფრო მეტი და დაძაბული მუშაობა გიწევს.

– თქვენ “ევროვიზია 2019”-ზე საქართველოს სახელით გამოხვალთ. ერთია, როდესაც მომღერალი საკუთარ თავს წარადგენს, ხოლო მეორე, როცა ის თავისი ქვეყნის სახელით გამოდის საერთაშორისო კონკურსზე. რამდენად დიდია პასუხისმგებლობის განცდა?

– პასუხისმგებლობა უდიდესია, როგორც ჩვენი ხალხის, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშე, პირობას ვაძლევ ჩემს საყვარელ ხალხს, რომ ჩემს მაქსიმუმს დავდებ “ევროვიზიის” სცენაზე, ამიტომ მჭირდება ჩვენი უსაყვარლესი ემიგრანტების მხარდაჭერა. თითოეული ზარი იქნება მნიშვნელოვანი, თითოეული მხარდამჭერის ზარი.

– თქვენი შეფასებით, რამდენად სამართლიანი იყო შესარჩევი კონკურსი (“საქართველოს ვარსკვლავი”) და თუ გქონდათ მოლოდინი, რომ მაყურებელი თქვენ აგირჩევდათ?  

– სამართლიანი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად ვიტყოდი ჩემს სათქმელს. პირველი “ლაივიდან” ჩემი ძმა, ბესო გავარდა, ძალიან დამწყდა გული. ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტს იმსახურებდა, მინდოდა, კიდევ ბევრი “ლაივი” ვყოფილიყავით ერთად სცენაზე. ეს გადაწყვეტილება ხალხმა მიიღო, რამე უსამართლობა რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავაფიქსირებდი ჩემს აზრს.

– როგორ მიდის “ევროვიზიისთვის” სამზადისი? როგორ შეიქმნა საკონკურსო სიმღერა?

-ახლაც ამ პროცესში ვარ. დრო თითქმის არაფრისთვის აღარ მაქვს. სრულიად მოიცვა ჩემი დრო “ევროვიზიაზე” მუშაობამ, თუმცა რამდენადაც დამღლელია, იმდენად სასიამოვნო, ეს ხომ ის კონკურსია სადაც 300 მილიონი ადამიანის წინაშე უნდა წარსდგე და ჩვენი ქვეყნის სათქმელი თქვა. სიმღერის შექმნის პროცესს არ დავსწრებივარ. ბატონმა რომამ არაჩვეულებრივი სიმღერა შექმნა. თქვენი მეშვეობით, დიდ მადლობას ვეტყვი მას ასეთი პატრიოტული, მელოდიური და მაგარი სიმღერისთვის.

– როგორ ფიქრობთ, “ევროვიზია” სიმღერის კონკურსია თუ უფრო პოლიტიკა?

– ოილიტიკა არ მაინტერესებს. სადაც მუსიკაა, იქ ჩემთვის პოლიტიკა კვდება, ასე რომ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.

– საქართველოსთვის “ევროვიზია” მაინცადამაინც წარმატებული კონკურსი არ არის. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

– ამაზე, ალბათ, იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინც “ევროვიზიისთვის” ფუთავენ პროდუქტს. მე ვერ გაგცემთ კონკრეტულ და პროფესიონალურ პასუხს.

– როგორია ოთო ნემსაძე ყოველდღიურობაში?

– ამჟამად ჩემი დღე რეპეტიციებით, გადაღებებით და “ევროვიზიისთვის” მზადებით არის დატვირთული. დილიდან გავდივარ და ღამე შევდივარ სახლში, ასე რომ აქედან ვუხდი ჩემს მეგობრებს ბოდიშს, ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ მათ, როგორც წინად.

– მთავარი სირთულე მომღერლის კარიერაში, რა არის თქვენი აზრით?

– სირთულე? ეგ რა არის? მომღერალმა სირთულეებზე არ უნდა იფიქროს, მხოლოდ – საქმეზე, ახალ სიმღერებზე, ახალ მუსიკაზე, წინსვლაზე. ფარ-ხმალი არასდროს უნდა დაყარო. ნებისმიერ წარუმატებლობას არ უნდა შეეგუო, სირთულეებზე თუ დავიწყეთ ფიქრი, ძალიან დიდ დროს წაგვართმევს.

– რა არის საჭირო წარმატებისთვის – ნიჭი თუ იღბალი?

– ნიჭიც და იღბალიც, ალბათ, პროცენტული შეფარდება 90/10 %. ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, თუ ის 10 % ხელშეწყობა ექნება, მატერიალური თუ სხვა.

– განცდა, როცა პირველად წარსდექით ფართო აუდიტორიის წინაშე? 

– ეს იყო დაუვიწყარი გრძნობა, ამხელა სცენა და ამდენი მაყურებელი, ნამდვილი მხარდაჭერა და სიყვარული, ამას ვერაფერი დამავიწყებს. იყო შიშიც იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი. მაგრამ საბედნიეროდ, ზუსტად ჩვენი ხალხის სიყვარულმა და მხარდაჭერამ მომცა ძალა, გადამელახა ყველა ბარიერი. ყოველთვის ჩემი ხალხისთვის მღერი, სადაც არ უნდა ვიმღერო.

– სამომავლო გეგმები… 

– “ევროვიზიას” თუ არ ჩავთვლით, ვმუშაობ ჩემს ახალ ალბომებზე, რომელიც ქართული პოპ -როკის ჟანრში იქნება. ძალიან მაგარი ალბომი გამოდის და იმედი მაქვს, ჩემს მსმენელს გაახარებს ჩემი ახალი სიმღერები, ალბომს ჯგუფ “ლიმბოსთან” ერთად ვწერ.

ესაუბარა შორენა პაპაშვილი