რა მდგომარეობაა სომხეთში მიგრაციასთან დაკავშირებით? რა მდგომარეობაა ინდოელ მიგრანტებთან დაკავშირებით და რას უკავშირდება სომხეთში მათი რიცხვის ზრდა? სომხეთს ყველაზე ხშირად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ? რამდენად გამართლებულია სომხეთის ძალიან ლიბერალური მიგრაციული კანონმდებლობა და აქვს თუ არა ხელისუფლებას მისი გამკაცრების გეგმა? რა მდგომარეობაა სომხეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მიგრაციის კანონმდებლობა დაარღვიეს?

ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ის შეკითხვებს სომხეთის რესპუბლიკის განვითარების და ტერიტორიული სამმართველოს სამინისტროს მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ კაზარიანმა უპასუხა.

– როგორია ვითარება მიგრაციასთან დაკავშირებით? როგორია 2018 წლის შედეგები და მიგრაციულ ბალანსზე სხვადასხვა უწყებაში განსხვავებული ციფრები რატომ არის წარმოდგენილი?

– საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა დეპარტამენტს სხვადასხვა ციფრები აქვს, რადგან ისინი განსხვავებულ ნორმებზე საუბრობენ. არსებობს მიგრაციული ბალანსი. ეს არის განსხვავება იმიგრანტებს და ემიგრანტებს შორის ერთწლიან შუალედში. იმიგრანტი არის ის, ვინც ქვეყანაში შემოვიდა და 12 თვის განმავლობაში დარჩა, ემიგრანტი ის არის, ვინც ქვეყნიდან გავიდა და 12 თვის განმავლობაში აღარ დაბრუნდა. ამ განსხვავებას ეწოდება მიგრაციული ნარჩენი, რომელსაც ციფრებში ავსახავთ და რომელსაც მიგრაციული ბალანსი ეწოდება. ამის დაანგარიშება სხვადასხვა მეთოდოლოგიით ხდება და ამიტომაც არის განსხვავებული ციფრები.

მიგრაციული ნარჩენი დაახლოებით მინუს 18 000-ია. ეს მაჩვენებელი ძალიან შემცირდა, ხოლო საზღვრის გადაკვეთის ბალანსი წლეულს პოზიტიური – პლიუს 15 313-ია.

– რას უკავშირდება ეს ციფრები? ეს დადებითი დინამიკაა, რით აიხსნება ეს ტენდენცია?

– დინამიკა უდავოდ დადებითია. ტენდენცია ორი რამით შეიძლება ავხსნათ: პირველი – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები და მეორე – ქვეყნის მიმართ გაზრდილი ინტერესი. ზოგადად სომხეთისადმი ინტერესი იზრდება. ქვეყანაში შეიცვალა ფსიქოლოგიური ვითარება – ხალხი თავის მომავალს ამ ქვეყანას უკავშირებს, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს ის არის, რაც ადამიანების მიგრაციულ ქცევებს ცვლის.

– მეთოდოლოგიის მნიშვნელობას აგიხსნით. მეთოდოლოგია ძალიან კარგიც რომ არ იყოს და რაღაც ციფრს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვითვლით და ეს მექანიკური დათვლებია, საბოლოო ჯამში, ვიღებთ ნორმალურ სტატისტიკას. რატომ ვაპელირებ ხისტად საზღვრის გადაკვეთის ბალანსზე? – იმიტომ, რომ ეს მექანიკური ციფრია (ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა) და მისი დათვლა დაახლოებით 2000 წლიდან ხდება. ანუ ეს ციფრი ზუსტი არ არის, თუმცა მიგრაციული ვითარების შესახებ საერთო წარმოდგენას გვიქმნის. მიგრაციული ნარჩენი დიდწილად შეფასებითი ციფრია, ამიტომ ამ გაგებით არ ვაპელირებ. თუ გადავხედავთ საზღვრის გადალახვის ბალანსს, 2006 წლის შემდეგ, პირველად გვაქვს პოზიტიური ციფრი. ბოლო 12 წლის განმავლობაში პოზიტიური ციფრები დაფიქსირდა 2004, 2005, 2006 და 2018 წლებში.

– წლის დასაწყისში ბევრ მედიასაშუალებებსა და სოცქსელში დაიწერა სომხეთში ინდოელი მიგრანტების შემოდინების შესახებ. როგორია რეალური სურათი და რას უკავშირდება ინდოეთიდან ამდენი ადამიანის სომხეთში შემოსვლა?

– სომხეთში ინდოეთის მოქალაქეების მომრავლება ამ ქვეყნებს შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმს უკავშირდება. ეს მოხდა მთავრობის ორი – 2017 წლის თებერვლის და ნოემბრის დადგენილებების საფუძველზე. ციფრები შემდეგია: 2018 წელს, ქვეყანაში ინდოეთის დაახლოებით 31 ათასი მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა დაახლოებით 27 ათასი. ანუ ნარჩენი დაახლოებით 4 ათასი გამოდის, რომელთაგან მოქალაქეობა დაახლოებით 2 ათასმა ადამიანმა მიიღო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დანარჩენები ქვეყანაში ვიზით იყვნენ და უკან დაბრუნდნენ. მიმდინარე წლის მონაცემები და ზუსტი ციფრი ჯერ არ გვაქვს. იმ ადამიანების ძირითადი ნაწილი, რომლებმაც ჩვენთან ცხოვრების უფლება მიიღეს, სომხეთში სასწავლო ვიზიტით არიან ჩამოსულები. მეორე ჯგუფში არიან ისინი, ვისაც სამუშაო ვიზა აქვთ, ასეთი სულ მცირე 800 ადამიანია.

– ახლა როგორი ტენდენციაა? ადრე ინდოელების უმრავლესობა სომხეთში სასწავლებლად ჩამოდიოდა, ახლა ისინი სომხურ მუშათა კლასს კონკურენციას უწევენ. ეს განსაკუთრებით მომსახურეობის სფეროს ეხება.

– ინდოეთიდან შრომითი მიგრანტების ზრდის ტენდენცია მართლაც არსებობს. საერთო ჯამში, ამ ქვეყნიდან სომხეთში ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა მართლაც იზრდება. 2016 წელს ცხოვრების უფლება დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო, 2017 წელს – დაახლოებით 900-მა, 2018 წელს – 2 ათასმა. ანუ, 2016 წელთა შედარებით ორმაგი ზრდა ფიქსირდება. როგორც ადრე, მათი ძირითადი ნაწილი სტუდენტები და მუშები არიან.

არმენ კაზარიანი

– ყველაზე ხშირად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან სომხეთში და პირიქით, სომხეთის მოქალაქეებისთვის, რომელი ქვეყნებია პოპულარული?

– ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულია ევროპის ქვეყნები და რუსეთი, რადგანაც იქ გამგზავრება ადვილია. ევროპის ქვეყნები მიმზიდველია და იქ მოხვედრა დღეს უფრო ადვილია, ვიდრე ადრე. საინტერესოა, რომ ჩვენთან თავშესაფარს ითხოვენ სირიის, ერაყის, ლივანის მოქალაქეები და ისინი მხოლოდ სომხური წარმოშობის არ არიან. თუ გადავხედავთ საზღვრის გადალახვის მონაცემს, ლიდერობენ რუსეთი, საქართველო, ირანი, უკრაინა, ინდოეთი; ხოლო დროებითი საცხოვრებელი ნებართვების გაცემის მიხედვით ლიდერობენ – ინდოეთი, ირანი, ერაყი, რუსეთი, ამერიკა, უკრაინა. ეს 2018 წლის მონაცემებია.

– შარშან ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, გერმანია საქართველოს იმისთვის აკრიტიკებდა, რომ ქართველები სავიზო რეჟიმს არღვევდნენ. რა ვითარებაა სომხეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით?

– ეს იმის ბრალია, რომ საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი მიიღეს. თავად მიგრაციული ნაკადი არ გაზრდილა. საქმე იმაშია, რომ იმ ადამიანების რიცხვი გაიზარდა, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ. ჩვენთან უკუტენდენციაა. მოვიყვან ევროსტატის ციფრებს: 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში (ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი) სომხეთის 6 874 მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, ხოლო 2018 წელს – 4 815. ანუ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელი მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

– ევროპაში ამზადებენ საკანონმდებლო ცვლილებებს იმისათვის, რომ საქართველო და სომხეთი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანონ.

– ეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხდება. გერმანიამ უკრაინა და საქართველო უკვე აღიარა უსაფრთხო ქვეყნებად, მაგრამ სომხეთი – ჯერ არა, თუმცა ისიც უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული. ანუ რას ვგულისხმობ, დე-იურე ჩვენ ჯერ არ ვართ ამ სიაში, მაგრამ გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და გაირკვა, რომ სომხეთი ამ სიაში ტექნიკური, ან ბიუროკრატიული მიზეზებით ვერ მოხვდა. თუმცა, მალე სომხეთი ამ სიაში მოხვდება.

– უნდა მოველოდეთ ხალხის დაბრუნებას?

– პროცესი უკვე დაწყებულია. 2017 წლიდან მოყოლებული დაბრუნების შესახებ განაცხადების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს გერმანიიდან დაბრუნების შესახებ 1022 ადამიანიდან 499 განაცხადი მივიღეთ, საერთო ჯამში მოქალაქეობა 801 ადამიანს მისცეს. 2018 წელს გერმანიიდან დაბრუნების შესახებ 681 განაცხადი მივიღეთ. რეალურად 770 ადამიანი დაბრუნდა და ეს ციფრი კიდევ იზრდება.

– ექსპერტები ამბობენ, რომ სომხეთში ყველაზე ლიბერალური საემიგრაციო კანონმდებლობაა მთელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. რამდენად არის ეს გამართლებული და ხომ არ აპირებს ხელისუფლება ამ საკითხში გარკვეული მკაცრი რეგულაციების შემოღებას?

– მესმის, რომ ამ საკითხში ჩვენ ზელიბერალურები ვართ. ზოგი თვალსაზრისით, რეგულაციები საერთო არ არსებობს, რაც ნამდვილად არ არის სწორი. ვერ ვიტყვი, რომ გამკაცრების რამე გეგმა არსებობს, ან სრული კონტროლის დაწესებაა საჭირო, ეს არასწორი იქნებოდა, რადგან ხელს შეუშლიდა განვითარებას, ბიზნესს, ტურიზმს და სხვა დანარჩენს. ჩვენ ზელიბერალურები თუ ვართ, ეს უნდა დარეგულირდეს და არა – გამკაცრდეს.

– რა ვითარებაა ახლა სომხეთის იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო კანონმდებლობა დაარღვიეს და როგორ მიმდინარეობს მათი ე.წ. “შავი სიიდან” ამოშლის პროცესი?

– ეს მაჩვენებელი შემცირდა. სომხეთში ყველაზე დიდი პრობლემა ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო, ეს მოხდა 2014-2015 წლებში. იმ ადამიანების რაოდენობაც შემცირდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ „შავ სიაში“ მოხვდნენ. მაგალითად, თუ 2015 წელს, რუსეთის მხარეს დაახლოებით 7800 აპელაცია გავუგზავნეთ, მათ 4000-ზე მეტი ადამიანი დააკმაყოფილეს. შარშან 200-ზე მეტი საჩივარი გავგზავნეთ და 20-30 დააკმაყოფილეს.

– ყველას მოთხოვნა, რატომ არ დაკმაყოფილდა?

– იმიტომ, რომ დიდწილად ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც საზღვრის გადალახვაზე სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ეთქვათ უარი. მათი საქმის გასაჩივრება, მარტო სასამართლოშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურები ვართ, რადგანაც მიგრაციის სამსახურს, მხოლოდ ისეთ საკითხებზე მივმართავთ, რომლებიც ადმინისტრაციულ ჯარიმებს, დარღვევებს, კანონის უცოდინარობას ეხება. თუ ეს სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება, მაშინ აუცილებელად სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

აიკ ხალათიანი