საქართველოს ბოლო ხანებში, არც თუ ხშირი სპორტული მიღწევები აქვს, თუმცა გასული წელი დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ სამთავრობო პროგრამა Check in Georgia -ს ფარგლებში თბილისში, გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. შეჯიბრში 40 ქვეყნის, 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 235 მამაკაცი და 173 ქალი. ჩემპიონატზე დასასწრებად თბილისში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი სტანისლას პოზდნიაკოვიც იმყოფებოდა. საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო 22 მოფარიკავით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფარიკაობაში ევროპის პირველი ჩემპიონი ქალი, 23 წლის თეოდორა კახიანი გახდა. საფინალო ორთაბრძოლაში მან იტალიელი როსელუ გრეგორიო ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი რუმინელი ბიანკა პასკუ და უნგრელი ლიზა პუსტაი გახდნენ.

23 წლის თეოდორა კახიანმა, ქართველი გულშემატკივრების გულები ჩემპიონატის პირველი დღეს დაიპყრო.  თეოდორა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს და მისსავე გუნდში ვარჯიშობს. აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა საერთაშორისო შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით გამოსულიყო და როცა ასეთი შანსი მიეცა დიდი მონდომებით მოემზადა. თეოდორამ მთელი შეჯიბრი ბრწყინვალედ ჩაატარა და ისტორიული შედეგი აჩვენა. როგორია წარმატების შეგრძნება და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ თეოდორა Dalma News-ს ესაუბრა.

– რა ასაკიდან დაიწყეთ ფარიკაობაში ვარჯიში?

– დაახლოებით 11 წლის ასაკიდან და უკვე 12 წელია ვფარიკაობ. როგორც ყველა ქართველი გოგონა, ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე და ერთხელაც დედას ინიციატივით დავიწყე ხმალზე ვარჯიში თამაზ კაკულიასთან (საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი – რედ.). ძალიან პატარები ვიყავით ჩვენი გუნდი პირველად რომ გავედით შეჯიბრებაზე და მოვიგეთ. შემდეგ წავედით ირანში, იქაც მოვიგეთ და იმდენად მომეწონა ეს ყველაფერი, რომ სპორტში დარჩენა გადავწყვიტე.

ზოგადად ფარიკაობაზე 9-10 წლის ასაკში იწყებენ ვარჯიშს. მე ცოტა გვიან შევედი, თუმცა არც ისე. მიმაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობისთვის 12 წელი უფრო ნორმალურია, 14 წელი კი – გვიანია.

– რისთვის არის გვიანი?

– ფარიკაობა დაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად: კადეტები, იუნიორები და სინიორები. თუ ვარჯიშს 16-17 წლის ასაკიდან დაიწყებ, მოგიწევს გამოტოვო კადეტების წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან ჩამორჩები. მაგრამ შეუძლებელიც არაფერია.

– მანამდე ცეკვაზე დადიოდით, ფარიკაობა ვისი არჩევანი იყო, მშობლებმა საკუთარი სურვილები ხომ არ მოგახვიეს თავს, როგორც ხდება ხოლმე… მერე საყვედურობენ შვილები ამის გამო მშობლებს?

– მასე ვიყავი განწყობილი მუსიკის მიმართ. მომწონდა, დავდიოდი, მაგრამ საკუთარ თავს მომავალში მუსიკაში ვერ ვხედავდი. ვცეკვავდი ანსამბლ “ლაშარში”, დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. ფარიკაობა დედას მოსწონდა. ჩემი არჩევანი დაემთხვა დედის სურვილებს. მომეწონა და სპორტში დავრჩი. როდესაც იმარჯვებს, ყველა ამ ეტაპებს გადიხარ, უკვე გიჩნდება აზარტი და აღარ გინდა თავი დაანებო.

– საუბრის დროსაც იგრძნობა, რომ ძალიან ენერგიული ხართ. აზარტი ცხოვრებაშიც თუ გეხმარებათ?

– ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა დასახულ მიზანს ვაღწევ. სპორტსმენობის გარდა, ძალიან მინდოდა მქონოდა პროფესიული კარიერაც. საქართველოში რატომღაც ასეთი დამოკიდებულებაა, რომ სპორტსმენები მარტო სპორტით უნდა იყვნენ დაკავებულები. მე გამიმართლა, ფარიკაობის სკოლიდან მიმიწვიეს პენსილვანიის უნივერსიტეტში. კომუნიკაციის ფაკულტეტზე ვისწავლე. პარალელურად ვფარიკაობდი უნივერსიტეტის გუნდში. ეს იყო გეგმა, რომელიც დავისახე და ამის მიღწევაში ფარიკაობა დამეხმარა.

– ამერიკაში თუ სარგებლობენ სპორტსმენები სწავლისას პრივილეგიებით?

– ამერიკაში ასეთი პრივილეგიები არ მოქმედებს. უნდა შეგეძლოს ყველაზე მაღალი ხარისხის განათლების მიღება. ამით განსხვავდებიან საქართველოში დამკვიდრებული მენტალიტეტისგან, აქ ან სწავლას ირჩევ, ან სპორტს. როცა იქ მიდიხარ, გაქვს განცდა, რომ სპორტი ძალიან კარგია, მაგრამ გარკვეული ასაკის შემდეგ გჭირდება პროფესია. უნივერსიტეტში სწავლისას ერთი წუთი თავისუფალი დრო არ მქონია. გეგმა არის გაწერილი, როდის ვარჯიშია, როდის სწავლა, როდის ლექცია. თამამად ვიტყვი, რომ ღამეები არ მიძინია იმიტომ, რომ დრო არ მქონდა. მთელ დღეს სწავლაში ვატარებდი. მით უმეტეს, რომ ინგლისური ჩემი მშობლიური ენა არ არის.

საქართველოში გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, 11 თვეში ვისწავლე ინგლისური ენა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე, ხშირად მიჭირდა ლექციების გაგება. ვტიროდი, იმის გამო, რომ მეტი აღარ შემეძლო, მეგონა გამაგდებდნენ უნივერსიტეტიდან. ადვილი ნამდვილად არ არის ისწავლო და იყო სპორტსმენი. მაგრამ იმდენად აუცილებელია განათლების ქონა, რომ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო.

– როგორი შეგრძნება დაგეუფლათ, როცა ევროპის ჩემპიონი გახდით?

– იმდენად დადებითი ემოცია მოდის და იმდენად გავახარე ქართველი ხალხი ჩემი მოგებით, რომ არ შეიძლება ეს არ მოგწონდეს. ჩემი მოგება დაემთხვა ზაზა ფაჩულიას მოგებას, რომელიც 13 ივნისს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. ეს ორი გამარჯვება იმდენად კარგად აისახა ქართველ გულშემატკივარზე, რომ არ შეიძლება ამან არ გაგახაროს ადამიანი…

​- მით უმეტეს, თუ ხარ პირველი ქართველი ქალი მოფარიკავე. ალბათ, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოდ ჟღერს?

– დიახ, ეს კიდევ უფრო მეტი პატივია ჩემთვის. შემდეგი ბრძოლისთვის ვემზადებოდი და უცებ მითხრეს ყველაფერი დამთავრდა, ჩემპიონი ხარო. როცა ხალხი მილოცავდა, მაშინ მივხვდი… გავიღვიძე და უბრალოდ პოპულარული ვიყავი.

– რა იყო ევროპის ჩემპიონატამდე?

– სწავლის გამო არ მქონდა იმის საშუალება, რომ ხშირად გამოვსულიყავი საერთაშორისო შეჯიბრებებზე და საქართველოს სახელით მეფარიკავა, მაგრამ პენსილვანიის უნივერსიტეტის სახელით ხშირად ვფარიკაობდი და ვიმაღლებდი ცოდნას. წელიწადში ერთ ან ორ შეჯიბრში მონაწილეობა არ არის საკმარისი მსოფლიო რეიტინგში ქულების ასაწევად, მაგრამ ამერიკის რეიტინგში კარგი შედეგი მქონდა, მოვიგე უნივერსიტეტის შეჯიბრში გუნდურში, ასევე ავიღე ერთი მეორე ადგილი და ერთი მესამე ადგილი ინდივიდუალურ შეჯიბრში. მქონდა კარგი შედეგები, მაგრამ აქამდე საქართველოს სახელით არ გამოვსულვარ. ამ შემთხვევაში უკვე, უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა და შემეძლო ამ შეჯიბრისთვის მოვმზადებულიყავი. ვიცოდი, საქართველოში რომ იმართებოდა ევროპის ჩემპიონატი.

– რამდენად რთული სახეობაა ხმლით ფარიკაობა ქალისთვის? 

– ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად განსხვავებული მონაცემები არის საჭირო იმისთვის, რომ იყო მოფარიკავე. ჩვენ ვაკეთებთ ისეთივე ვარჯიშებს, რაც სპორტის სხვა სახეობებსაც სჭირდება. ზოგჯერ ფრენბურთს ვთამაშობ, ან მუცლის კუნთების ვარჯიშებს ვაკეთებ, რაც ძალიან მეხმარება ფარიკაობაში. გოგონები ნამდვილად არ ვართ შეზღუდული შესაძლებლობებში.

– ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ დაგჭირვებიათ ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენება?

– წინააღმდეგი ვარ აგრესიის. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტურ სპორტს მივყვები, არ ვეთანხმები აგრესიის არანაირ ფორმას. უბრალოდ როგორც სპორტსმენს, გამომიმუშავდა სწრაფი რეაქცია. უსიამოვნო ვითარებაში თუ აღმოვჩნდები, ყოველთვის ვცდილობ ჩხუბი ავიცილო თავიდან, პრობლემა სიტყვიერად მოვაგვარო და ჩემი სპორტული მხარე დავტოვო სპორტში.

– შეყვარებული თუ გყავთ?

– კი, ამერიკელია. ზოგადად არ მიყვარს პირადულზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ ისიც სპორტსმენია და ყველაზე მეტად მიწყობს ხელს იმაში, რომ სწავლა და სპორტული კარიერა ერთმანეთს შეუთავსო.

– სამომავლო გეგმები…

– ამერიკაში დავბრუნდები. იქ სამსახურს ვიწყებ და სტაჟირება უნდა გავიარო ჩემი პროფესიისთვის. გარდა ამისა, მთავარი გეგმა მაქვს – მოვემზადო ოლიმპიადისთვის.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი