2020 წლის 9 მაისს აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავს. მეორე მსოფლიო ომში ათასობით აზერბაიჯანელი იბრძოდა გმირულად. ერთ-ერთი მათგანია გუმბატ ალიევი, რომელსაც წელს 98 წელი შეუსრულდა. ომის წლებში იგი კავკასიაში ქვეითთა ნაწილებში მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდებული გამარჯვების შემდეგ 75 წელი გავიდა, გუმბათტ ალიევს ომის ველზე გატარებული თითოეული წუთი ცხადად ახსოვს.

აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის გამო გამოცხადებული კარანტინის რეჟიმის პირობებში ვეტერანი მთელს თავის დროს სახლში ატარებს, თუმცა, იმედი აქვს, რომ 9 მაისს თავის კოლეგებს შეხვდება და „უკვდავი პოლკის“ აქციაში მათთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გუმბატ ალიევმა თავისი მოგონებები Dalma News-ის კორესპონდენტს გაუზიარა.

– როგორ მოხვდით მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ხაზზე?

– დავიბადე 1922 წლის 21 იანვარს, ფიზულინის რაიონის სოფელ კიურმახმულდუში. სამწუხაროდ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, იოლი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია. 15 წლისამ მამა დავკარგე, ამიტომ ოჯახზე – დედაზე და 5 დაზე ზრუნვა მე დამეკისრა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდი: ხან საქონელს ვმწყემსავდი, ხან საკუთარ ბოსტანში მოყვანილ ბოსტნეულს ვყიდდი. ფული არასდროს გვყოფნიდა, რადგანაც დიდი ოჯახი გვქონდა. ომი რომ დაიწყო, იმის გამო, რომ ოჯახში ერთადერთი კაცი ვიყავი, თავდაპირველად არ გამიწვიეს, თუმცა, რაღაც დროის შემდეგ უწყება მაინც მომივიდა. მაშინ 17 წლის ვიყავი. 1942 წელს მოზდოკის ფრონტის ხაზზე გავემგზავრე, სადაც 1948 წლამდე საბჭოთა არმიის რიგებში ვმსახურობდი.

– დაჭრილი იყავით?

–  რა თქმა უნდა. ვფიქრობ, არ არსებობს ომის მონაწილე, რომელსაც რაიმე ჭრილობა არ აქვს. სიკვდილის არავის გვეშინოდა, რადგანაც ამ აზრს უკვე შეგუებულნი ვიყავით. ომში გატარებული თითოეული წუთი შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო.

შეიძლება ითქვას, რომ იღბლიანი ვარ. ქვეითთა არმიაში საბრძოლველად საჭიროა ისეთი თვისებები, როგორიცაა გაბედულება, გამძლეობა და მოთმინება. ეს ყველაფერი ფრონტზე ვისწავლე. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ძალიან მძიმედ დამჭრეს. ვფიქრობდი, ფეხზე ვეღარასოდეს დავდგებოდი, მაგრამ ექიმებმა გადამარჩინეს. დღემდე მადლობელი ვარ იმ ექიმების და ჩემი მეგობრების, რომლებმაც სიკვდილის პირისპირ არ მიმატოვეს და ჩემს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ფრონტზე დავბრუნდი.

– ომში რა ისტორიები გადაგხდათ თავს, რომელსაც დღეს შვილიშვილებს უყვებით?

– თავს ბევრი რამ გადამხდა. ჯერ ჩემს ორ შვილს ვუყვებოდი, შემდეგ – შვილიშვილებს და ახლა – ჩემს 16 შვილთაშვილს. ომის დროს ყველაზე რთული საკვების პოვნა იყო. მახსოვს, ერთხელ ფინიკები ვიპოვეთ. ერთ ჭამაზე, რამდენიც შევძელით ვჭამეთ, დანარჩენი მიწაში ჩავფალით, რომ მერე კიდევ გვეჭამა, მაგრამ, როცა მივედით და ამოვთხარეთ, მხოლოდ კურკები დაგვხვდა. ჭიანჭველებს შეუჭამიათ. ძალიან დაგვწყდა გული.

ჩემს შვილებს და შვილიშვილებს დიდი სიამაყით ვუყვები ისტორიას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და გმირად მაქცია. ერთხელ, ტერიტორიის შემოვლაზე ვიყავი და 5 ოფიცერი შევნიშნე. თავდაპირველად ჩვენები მეგონა, მაგრამ, როცა მივუახლოვდი, გერმანული საუბარი გავიგე. რაც რამე ტყვია-წამალი მქონდა, სულ მათ დავუშინე. ამის შემდეგ, “მამაცობისთვის” მედლით დამაჯილდოვეს. მოგვიანებით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და “კავკასიის დაცვისთვისაც” დავჯილდოვდი. ამ მედლებს ყოველწლიურად ვამზეურებ და ნათესავებს და ახლობლებს ვათვალიერებინებ.

– სამამულო ომის დასრულების შემდეგ რითი დაკავდით?

– ოჯახში 1948 წელს დავბრუნდი. სახლში ძალიან კარგად შემხვდნენ: ცრემლებით, ყვავილებით, მუსიკით. ხან ვის მოჰქონდა საჭმელი და ხან – ვის. 1950-1961 წლებში აზერბაიჯანის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 1950-1960 წლებში იმიშლინის რაიონის სოფელ გიზილკენდის საშუალო სკოლის დირექტორი ვიყავი, შემდეგ კი ფიზულინის რაიონის სოფლის სოფელში ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობდი. ვიყავი ასევე პარტიული კომიტეტის მდივანიც. იქ ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. დავქორწინდით და ერთად 40 ბედნიერი წელი გავატარეთ. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ახლა ჩემს უფროს ქალიშვილთან ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ 98 წლის ვარ, მადლობა ღმერთს, კიდევ ბევრი რამ შემიძლია.

– კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე იყო – დიახ, კმაყოფილი ვარ. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ფრონტზე გატარებული თითოეული წუთი ცხადად მახსოვს. ზოგჯერ სიზმარში ვხედავ მეგობრებს, რომლებიც სამწუხაროდ, ახლა ცოცხლები აღარ არიან. კმაყოფილი ვარ პენსიით. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მატერიალურად ყოველწიურად გვეხმარება. წელს, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანებისთვის ფულადი დახმარება გამოიყო. დიდად მადლობელი ვარ,რომ არ გვივიწყებენ.

– როგორ უნდა აღნიშნოთ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი?

– ჩვენ, ვეტერანები ამ დღეს მოუთმენლად ველოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, კარანტინმა ჩვენი გეგმები შეცვალა. რუსეთში უკვე გადაიდო 9 მაისისთვის დაგეგმილი აღლუმი. ვფიქრობ, არც აზერბაიჯანში იქნება, რაიმე ღონისძიება. ჩვენ გარეთ ვერ გავალთ, რადგან კოროვირუსული პანდემიის რისკ-ჯგუფში ვართ. ამ დღეს ჩემს კოლეგებს ტელეფონით მივულოცავ და ჩემს ძველ ფოტოებს გადავხედავ. ჩემი ახლობლები ყოველწლიურად მილოცავენ ამ დღეს. წელსაც მთელი ოჯახი დიდ სუფრასთან შევიკრიბებით ამ დღეს აღვნიშნავთ.

– რას უსურვებთ მომავალ თაობას?

– ომის წლებ გამოვლილ თაობას, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – იყოს მშვიდობა და აღარ იყოს ომი. ვისურვებდი, რომ მომავალმა თაობამ მაგალითი ჩვენგან აიღოს, რადგანაც ჩვენი ძალინ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს და ბევრ რამეში მათი დახმარება შეგვიძლია. ასევე ვისურვებდი, რომ ისინი ღირსეული მემკვიდრეები იყვნენ, რადგანაც ჩვენ ყველაფერი სწორედ მათთვის გავაკეთეთ.

კამილა სეიდოვა