საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა გუშინ, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, სადაც ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობის სხვადასხვა რეჟიმები, მათი დადებითი მხარეები და შესაძლო რისკები განიხილეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ისაუბრეს და მათი რეალური ასახვის მიზნით რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის “ოქსფამ” და ევროკავშირის დაფინანსებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ფორუმი მიზანად ისახავს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული მხარებისთვის საკოორდინაციო პლათფორმის შემნას, რომლის ფარლგებშიც საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა შემუშავდება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ბენეფიციარი სოფლის მეურნეობის კოოპერატივების წარმომადგენლებმა.