თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს მასშტაბური აქცია გაიმართა, სახელწოდებით – “მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა”. აქცია მომღერალ გია გაჩეჩილაძის გადაცემა “უცნობის კიდობანში” პარლამენტის ყოფილი წევრის, ზაზა პაპუაშვილის სტუმრობისას სპონტანურად დაანონსდა.

ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ უამინდობის გამო, აქცია არ იქნებოდა ხალხმრავალი, თუმცა რეალობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქცია იყო შთამბეჭდავად ხალხმრავალი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სოციალურ ქსელებში წინა დღეების განმავლობაში, აქტიურად მიდიოდა აქციაზე წამსვლელი ადამიანების ლანძღვა და მათთვის სხვადასხვა პოლიტიკური იარლიყების მიკერება.

30 აპრილის აქციაზე დასწრების მსურველები დედაქალაქში ქვეყნის რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. შეკრების დრო „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შეხვედრას დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლიში” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, რის გამოც, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ამ მატჩს ორმაგი ინტერესით ელოდა. აქციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შეხვედრისთვის თვალი სცენაზე დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან ედევნებინათ.

აქციაზე გამომსვლელებს შორის არ იყვნენ გამოკვეთილად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერები, თუმცა იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები. საკუთარი პოზიციისა და განწყობის გამოხატვის საშუალება ჰქონდათ ახალგაზრდებსაც. სიტყვით გამომსვლელების ძირითადი განწყობა იყო – საქართველოს ბედი ვერც მოსკოვში, ვერც ვაშინგტონში, ვერც ბრიუსელსა და ვერც კიევში გადაწყდება, საქართველოში არ გაიხსნება ფრონტის მეორე ხაზი.

პოლიტიკოს ირაკლი გოგავას აზრით, აქციაზე შეიკრიბა სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ხალხი, მაგრამ ერთად დადგნენ იმისთვის, რომ მოსალოდნელი საშიშროება ააცილონ ქვეყანას. ამ სიტუაციაში ხალხი და ხელისუფლება სიტუაციური მოკავშირეები აღმოჩნდნენ.

“ეს საფრთხე, რომელშიც ჩვენი ჩართვა სურთ, არის იმის წინა პირობა, რომ საქართველომ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა. უკვე 30 წელია დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებამ დაგვიცვა ომისგან, უარი უთხრა პოტენციურად საშიშ ძალას ომში ჩართვაზე. დღეს, როცა დგას ომის და მშვიდობის საკითხი, აქ გვინდა ერთიანობა ერის, ბერის და მთავრობის”, – განაცხადა ირაკლი გოგავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი გოგავა

მისივე თქმით, 30 წელია საქართველო ავითარებს ლიბერალურ კაპიტალიზმს. ქვეყანას ეხმარებიან უცხოეთიდან, თუმცა რეალური სურათი არ იცვლება, ქვეყანამ სიღარიბეს თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწია. ლიბერალურმა კაპიტალიზმმა არ გაამართა და საჭიროა საქართველომ დაიწყოს თავისი სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.

“როგორ ხდება, რომ ჩვენი მეგობრები არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები და ჩვენთან კვლავ არის უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და პენსიები. ქვეყნები მდიდრდებიან სამი რამით: ბუნებრივი რესურსებით – რაც ჩვენ ბევრი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს ყაირათიანად უნდა გამოვიყენოთ; მრეწველობით და ცოდნით. ეს არის 3 მთავარი რამ რითაც მოდის სიმდიდრე და კეთილდღეობა. თითოეულ ამ საკითხს სჭირდება სუვერენული პოლიტიკის ჩამოყალიბება. გარედან ნაკარნახევი რეფორმით აშენებული განათლების სისტემა არ მუშაობს. ეს სისტემა არის მომართული იმისთვის, რომ მხოლოდ უნარ-ჩვევები მისცეს ახალგაზრდას. ეს უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა გოგავამ.

მან ქვეყნის განათლების ახალ მინისტრს მოუწოდა განახორციელოს განათლების სისტემის ძირეული რეფორმა.

ზაზა პაპუაშვილი

აქციის დასასრულს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ზაზა პაპუაშვილმა ხელისუფლებისა და დასავლური საზოგადოებისადმი მიმართვის წერილის შინაარსი გააცნო. წერილში საუბარია გარედან დაფინანსებული რევოლუციების, ფსევდო სამოქალაქო სექტორის, მოსყიდული მედიისა და გარედან ნაკარნახევი კანონების მიუღებლობაზე. მათივე შეფასებით, დღეს სახეზეა ევროპული ღირებულებების დეგრადაცია და ყალბი ღირებულებების თავსმოხვევა.

წერილის ავტორთა აზრით, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა უნდა იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში ჰქონდეთ უკეთესი განათლება, ჯანდაცვა და შრომის ღირსეული ანაზღაურება. რომ მრავალწლიანი შრომისა და გარჯის შემდეგ, პენსიონერებმა ლაღად და ღირსეულად განაგრძონ ცხოვრება.

“პირდაპირ გეტყვით რა ფასის გადახდაზე არ ვართ თანახმა: ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე… ჩვენთვის დედა იქნება – დედა, მამას კი, ისევ მამას დავუძახებთ, ყოველგვარი ნუმერაციისა და იქს- იგრეკის გარეშე. ჩვენთვის ოჯახი იქნება მამაკაცისა და ქალის კავშირი, არ დავუშვებთ ბავშვების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამვლას და მათ იდეურ დამუშავებას, ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომლებიც ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს. აბორტები, ლგბტ პროპაგანდა, ევთანაზია, ნარკოტიკები, ქალის ოჯახიდან მოწყვეტა – ჩვენთვის მიუღებელია”, – აღნიშნულია მიმართვის წერილში.

30 აპრილის მონაწილეებმა უნდობლობა გამოუცხადეს ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. ზაზა პაპუაშვილის თქმით, ლეგიტიმაცია დაკარგა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ვერ გახდა სამოქალაქო მშვიდობის გარანტი და სიმშვიდის ნაცვლად საზოგადოებაში შფოთი შემოიტანა. მან საკუთარ ამომრჩეველს უღალატა და დესტრუქციული ძალების მხარეს დადგა. აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები წაუყენებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასაც, კერძოდ, 2004-2012 წლებში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს. ლგბტ-პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა, – ამ მოთხოვნებს აქციის წევრებისგან მქუხარე ტაში და ოვაციები მოჰყვა.

ასევე, საქართველოში დამყარდეს პლებისციტური დემოკრატია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობასაც მიეცეს საკუთარი აზრის პლებისციტის გზით გამოხატვის უფლება. სახელმწიფოს ცხოვრებაში საზოგადოების როლი გადამწყვეტი გახდეს, რადგან შესაძლო ფერადი რევოლუციები თავიდან იქნეს აცილებული.

“30 აპრილის აქციის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა საქართველოს სუვერენიტეტს პატივი სცენ, არ ჩაერიონ შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება, “შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს. დაიწეროს, დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები. ამისთვის მოვედით თქვენთან”, – აღნიშნულია მიმართვის დასასრულს.

აქციის ორგანიზატორების აზრით, 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იდგა. ორდღიანმა წვიმებმა და ამინდის ცუდმა პროგნოზმა კიდევ ბევრს გადააფიქრებინა აქციაზე მისვლა, უკეთესი ამინდის პირობებში კი, 30%-ით მეტი დამსწრე იქნებოდა.

აქციის მუხტს რაც შეეხება, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი 4-5 საათის განმავლობაში თითქმის უმოძრაოდ იდგა. ისინი გამომსვლელების წარმოთქმულ სიტყვას ყურადღებით ისმენდნენ. ხალხი ტაშით და შეძახილებით მათთვის მისაღებ აზრებსა თუ მოწოდებებზე მყისიერად რეაგირებდა.

აქცია დასრულდა “უცნობის” ახალი სიმღერით, თუმცა ხალხი, არც ამის შემდეგ დაშლილა და ორგანიზატორებმა სიმღერა გაამეორეს. იყო შეგრძნება, რომ ბევრს შეკრების გაგრძელება სურდა.

“აქციაზე დაკვირვებამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ იქ ძირითადად “სიღრმისეული ქართველი ერი” იდგა. იყვნენ აკადემიკოსები, პროფესორები, ლექტორები, ექიმები, ბიზნესმენები, ფერმერები, გლეხები, პედაგოგები, ხელოვანები, სტუდენტები, პენსიონერები, ვეტერანები, ოფიცრები, სპორტსმენები, რეგიონების ინტელიგენცია… ეს “სიღრმისეული ქართველი ერი” სწორედ ის ხალხია, ვინც აქციებზე არ დადის, ზოგიერთი პოლიტიკას საერთოდ არ ადევნებს თვალს, თავისი საქმე აქვთ, დროს კი ძირითადად ოჯახს და მეგობრებს უთმობენ”, – განაცხადა პოლიტიკოსმა ირაკლი გოგავამ აქციის შეფასებისას.

ზაალ ანჯაფარიძე

ამ მოსაზრებას იზიარებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. როგორც მან Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, 30 აპრილის აქციაზე ქართული საზოგადოების ის „მდუმარე უმრავლესობა“ მივიდა, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა და მდუმარედ ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ახლა კი, გადაწყვიტეს თავის შეხსენება. მისივე თქმით, რამდენი ადამიანიც იყო აქციაზე, 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ტელევიზორებიდან გულშემატკივრობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპასთან კარები გავხსენით და ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს მენტალობაში, მაინც მთლიანობაში დარჩა ტრადიციონალისტური, კონსერვატორული, ორთოდოქსალური საზოგადოება. ქვეყნის მოსახლეობის 90 % მართლმადიდებელია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს არის სწორედ, ჩვენი საზოგადოების პლურალიზმის მაჩვენებელი, ერთი მხრივ, რომ არის საზოგადოების ლიბერალური ფრთა და მეორე მხრივ კონსერვატორთა ფრთა. ზუსტად ისე, როგორც არის ეს ევროპაში. იქაც არიან კონსერვატორები და ლიბერალები, რომლებიც, ალბათ, შეეჯახებიან ერთმანეთს ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოპოზიციის დესტრუქციულმა ფრთამ 30 აპრილის აქციას ანტიდასავლურად მონათლა. მეორე მხრივ, დასავლეთმა დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არ არის მთლად ისეთი, როგორიც წარმოუდგენიათ.

გიორგი ქართველი