საქართველო დაგროვებითი საპენსიო სისტემისთვის ემზადება, მაგრამ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი, თუ რა ბედი ელით ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოდან წლებია წასულები არიან და უცხოეთიდან ინახავენ სამშობლოში დარჩენილ ოჯახებსა და ახლობლებს. საქართველოდან ემიგრაციაში წასულებს მიაჩნიათ, რომ დაგროვებითი პენსია ადვილად გადასწყვეტი საკითხი არ არის და მთელი სერიოზულობით უნდა დადგინდეს კატეგორიები.

როგორც “დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის” პრეზიდენტი ზაალ სარაჯიშვილი განმარტავს, ემიგრანტები, დაგროვებული საპენსიო დანაზოგის საქართველოში შემოტანას, ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვითაც ვერ ახერხებენ. საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ, ადგილსამყოფელ საპენსიო ფონდებშია განთავსებული. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოეთში ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ვალდებულნი არიან, ადგილსამყოფელ საპენსიო სისტემაში გადარიცხონ სავალდებულო შენატანი, რაც მათი ხელფასიდან იქვითება. შესაბამისად, მათ უგროვდებათ გარკვეული თანხა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასაც საპენსიო ასაკში მიიღებენ. სურთ კი ამ ადამიანებს საპენსიო ასაკამდე უცხოეთში დარჩენა?

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა, ემიგრანტებს არ აძლევს შესაძლებლობას, უცხოეთში დაგროვილი თანხა საქართველოში გადმოიტანონ. არალეგალურად დასაქმებულებს რაც შეეხებათ, მართალია ისინი მუშაობენ, მაგრამ იმის გამო, რომ სამუშაო კონტრაქტი არ აქვთ გაფორმებული, არც გადასახადებს იხდიან და ვერც საპენსიო შენატანი შეაქვთ. ამდენად, არალეგალური სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქე, ვერც ადგილსამყოფელ ქვეყანაში აგროვებს საპენსიო დანაზოგს და ვერც საქართველოში.

“დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის” თავმჯდომარე ზაალ სარაჯიშვილი გეგმავს, საქართველოს პარლამენტს შესაბამისი წინადადებით მიმართოს და მოითხოვოს, საკანონმდებლო პროექტში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც, საზღვარგარეთ დაგროვილი საპენსიო დანაზოგის საქართველოში გადმოტანა იქნება შესაძლებელი. სარაჯიშვილი იმედოვნებს, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ემიგრაციის საკითხი გათვალისწინებული იქნება.

“პარლამენტში საპენსიო რეფორმაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტს გავეცანით, თუმცა, მასში ემიგრანტები გათვალისწინებული არ არის”, – აცხადებს ზაალ სარაჯიშვილი.

მისივე მოსაზრებით, ვიზალიბერალიზაციამ საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, შესაბამისად, დადგა დრო, ქვეყნის შიგნით მიგრაციის სისტემა გადაიხედოს, ასევე, შეისწავლონ ევროპული შრომითი ბაზარი.

საქართველოდან უცხოეთში წასული მიგრანტების მთავარი მიზანი თავშესაფრისა და დასაქმების უფლების მიღებაა. ამ გზაზე უამრავი სირთულის გატანა უწევთ, მაგრამ, უიმედობის უფლებას არ აძლევენ საკუთარ თავს, რადგან მათ უკან ოჯახები დგას. ბუნებრივია ევროპის შრომითი ბაზარი ასეთ ადამიანებს თავის მოთხოვნებს უყენებს, რისთვისაც ქართველი ემიგრანტები ხშირ შემთხვევაში მზად არ არიან ხოლმე, ამიტომ თავის გასატანად ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოზე უწევთ დათანხმება. ამას ემატება ენობრივი ბარიერი და უცხო გარემო.

იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შესწავლილი ევროპის შრომითი ბაზარი, არ არის ცნობილი რომელ ქვეყნებში რა კვალიფიკაციის მუშაკის დაქირავება სჭირდებათ, შესაბამისად, წასვლა და დასაქმება ქაოსურად ხდება. ერთადერთი გამოსავალი კი, რასაც საქართველოს მოქალაქეებმა ამ შემთხვევაში მიაგნეს, თავშესაფრის მოთხოვნაა. თუმცა, აქაც მათთვის უკვე გარკვეული ტიპის პრობლემები შეიქმნა – საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანეს და შესაბამისად, თავშესაფრის მიღება მინიმუმამდეა შემცირებული, თუ განსაკუთრებულად მძიმე გარემოება არ არის.

ზაალ სარაჯიშვილი საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. პირველ რიგში, მიაჩნია, რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს შრომითი მიგრაციის პროცესში, არა მხოლოდ მონიტორინგი აწარმოოს, არამედ მხარდამჭერიც უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აპარატში არსებობდეს თანაშემწის ან მრჩეველის რანგის ადამიანი, რომელიც პრემიერისა და მთავრობის სახელით დაამყარებს საჭირო კონტაქტებს შრომითი მიგრაციის საკითხებში ევროპის ყველა სახელმწიფოს მთავრობებთან. შემდეგ ეტაპზე კი შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ. მეორე ვარიანტი – ჯანდაცვის სამინისტრომ გაააქტიუროს ინდივიდუალური უწყებათაშორისი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რადგან ევროპის ყველა მთავრობაში არსებობს სპეციალური სამინისტრო, რომელიც შრომითი მიგრაციის საკითხებით არის დაკავებული. ზაალ სარაჯიშვილის აზრით, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურობა მისასალმებელია.

მსგავს პრობლებას საქართველოს მოქალაქეები სამშობლოშიც აწყდებიან, როდესაც მათ სამუშაო ადგილებს იკავებს უცხოელი ინვესტორების მიერ ქვეყანაში შემოყვანილი უცხოელი მუშახელი. ზაალ სარაჯიშვილის აზრით, შრომითი მიგრაციის ეს ორივე საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორც ქვეყნის შიგნით შრომით მიგრაციაზე, ასევე ქვეყნის გარეთაც.

“აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ შრომითი მიგრაციის კანონმდებლობას გადახედოს, რადგან კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გასვლას მოიცავს, უცხოელების ქვეყნის შიგნით დასაქმებაზე არაფერია ნათქვამი. შედეგად, სამუშაო ადგილებს იკავებს ინვესტორთან ერთად ჩამოსული უცხოელი მუშახელი, შესაბამისად, საქართველოში შემოედინება ინვესტიცია, მაგრამ სამუშაო ადგილებზე მოქალაქეების დასაქმების ფაქტები ნაკლებია”, – აცხადებს ზაალ სარაჯიშვილი.

 ემიგრანტების ისტორიები…

დავით ფრანგიშვილი აშშ-ში სამუშაოდ 17 წლის წინ წავიდა, მუშაობის უფლება მხოლოდ 2 წლის წინ მიიღო. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა ჯერჯერობით პენსია არ უგროვდება, თუმცა აპირებს გარკვეული დანაზოგი თავად გააკეთოს. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს და მიაჩნია, რომ ემიგრანტების მიერ გაგზავნილი ფული ქვეყანაში დოვლათის შექმნას უნდა ხმარდებოდეს, რაც არ ხდება და მასაც ხელისუფლების მიმართ უნდობლობა იპყრობს.

“როცა მექნება საბუთები დავიწყებ მეც თანხის დაგროვებას, რადგან ეს აუცილებელი საქმეა. როდემდე შევძლებ ფიზიკურად მუშაობას? საქართველოში ჯერ კიდევ არასტაბილური ვითარებაა, ყოველდღიურად უფასურდება ლარი, ვინც მოდის ხელისუფლებაში, ფულსაც ის განკარგავს როგორც უნდა. ჩემი აქ გამომუშავებული ფული საქართველოში რომ გავგზავნო, ხვალ რომ შეცვალონ დოლარის კურსი, რა გავაკეთო, ქაღალდი მქონდეს შენახული? არ გვაქვს სტაბილურობა ქვეყანაში, ეკონომიკა არ იზრდება, ჩემი გამოგზავნილი ფული რაღაცაში უნდა იდებოდეს და დოვლათი ემატებოდეს. საქართველოში დაბრუნება იმისთვის კი არ მინდა, მთავრობას შევაჩერდე ხელებში, ისეთი რამე მინდა გავაკეთო, რომ ადგილობრივ ქართველებს დავეხმარო, ისინი დავასაქმო”, – აცხადებს ქართველი ემიგრანტი.

18 წელია აშშ-ში ცხოვრობს Dalma News-ის სხვა რესპოდენტი – თეონაც. უცხო ქვეყანაში უკეთესი მომავლის იმედით წავიდა თავის ახალშექმნილ ოჯახთან ერთად. სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს, თუმცა როდის მოხდება ეს, არ იცის.

“ემიგრაციაში შვილებთან და მეუღლესთან ერთად წავედი, რადგან ჩემს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. ჩემს ქვეყანაში ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობ, მაგრამ არ ვიცი, საქართველოში რით შეიძლება დავსაქმდე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს პენსია ჩემს სამშობლოში დამიგროვდეს და უზრუნველი სიბერე საკუთარ მიწაზე გავატარო”, – ამბობს იგი.

რიტა სიმსივე 11 წელია იტალიაში მუშაობს. მანამდე, 18 წლის განმავლობაში, სამშობლოს ემსახურა და ხელფასიდან საკმაო თანხა ექვითებოდა. ამბობს, რომ თუ ემიგრანტი იტალიის მოქალაქეობას მიიღებს, მას პენსია 500 ევროს ოდენობით ენიშნება, მაგრამ უცხოეთში დარჩენაზე მეტად სამშობლოში დაბრუნების იმედი აქვს.

“იმდენად ამოსული მაქვს ყელში მონური ცხოვრება, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და პენსიის ასაკამდე აქ თუ დავრჩი, სამშობლოში რაღა მინდა მერე? არც ამათი მოქალაქეობა მინდა, ჩემი ქვეყანა მინდა”, – აცხადებს რიტა სიმსივე და შიშობს, რომ იტალიაში მალე მთავრობა შეიცვლება და ახალი ხელისუფლება ემიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.

“მატეო სალვინი (​იტალიური პარტია “ჩრდილოეთის ლიგის” ერთ-ერთი ლიდერი. რედ) თუ მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება საერთოდ გამოგვიშვან კიდეც აქედან. ეს კაცი ვერ იტანს ემიგრანტებს, წადით თქვენს ქვეყანაშიო. იმედია, მალე ჩვენს ქვეყანაში დაგვაბრუნებენ და შეცვლიან რამეს”, – აცხადებს ქართველი ემიგრანტი.

ექსპერტის მოსაზრება…

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ემიგრანტებისთვის შეუძლებელია დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვა, რადგან დასაქმებულის 2%-ს, 2 – 2 პროცენტი დამსაქმებლისა და სახელმწიფოსაგან დაემატება. ამდენად, შეუძლებელია უცხოეთში, ხშირ შემთხვევაში არალეგალურ დამსაქმებელს მოსთხოვო ქართულ საპენსიო ფონდში გადარიცხონ თანხა.

“საზღვარგარეთ მყოფი ქართველი, ვერც საქართველოს ბიუჯეტში იხდის თანხას და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოც გათავისუფლებულია “ვალდებულებისგან” რომ მათ თავისი წილი 2% დაუმატოს. გამოდის, რომ თუ ქართველები საზღვარგარეთ ლეგალურად მუშაობენ, მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ პენსია მათზე, გადახდილი გადასახადებიდან გასცენ, ან უბრალოდ თვითონ დააგროვონ თავისივე შემოსავლიდან პენსია. თუმცა ერთი ხეირი მაინც იქნება, სტანდარტულ პენსიას, რომელიც დღეს 180 ლარს შეადგენს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს საპენსიო ასაკში, უბრალოდ საზღვარგარეთ მომუშავენი ვერ შეძლებენ დანაზოგის შექმნაში მონაწილეობას და დარჩებიან მხოლოდ სტანდარტული პენსიის და საკუთარი დანაზოგების იმედად”, – აცხადებს ექსპერტი.

ამასობაში ქართველი ემიგრანტები მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სხვა ქვეყანებში აღარ ეძებონ თავშესაფარი და ქვეყნის დოვლათის შექმნაში დახარჯონ თავიანთი ენერგია და ცოდნა. სხვა შემთხვევაში ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ემიგრანტებს, ყველა სასიცოცხლო არტერიას უჭრის.

შორენა პაპაშვილი