Ника Гварамия

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ქართული და დასავლური განსაზღვრება, ბოლო დროს, ერთმანეთს სცდება. მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა, რომ დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, არ იცვლება. ბევრი ითქვა და დაიწერა იმაზე თუ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება როგორ ატერორებდა მედიას და ბიზნესს, თავად კი, როგორ მდიდრდებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც უკვე 10 წელია ხელისუფლებაშია, დასავლეთსაც და ქართულ საზოგადოებასაც არწმუნებს, რომ სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლებულია, სიტყვის თავისუფლება კი, უზრუნველყოფილი. მაგრამ, ამის არ სჯერა საქართველოში აშშ-ს ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს. ქართული სასამართლო და მედია პლურალიზმი მათი მხრიდან, კვლავაც, განსაკუთრებული დაკვირვების საგანია.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობაზე არანაკლებ რეზონანსული გამოდგა, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, გენპროკურორის ყოფილი მოადგილის, ამჟამად მეოთხე ხელისუფლებაში “გადაბარგებული” ნიკა გვარამიას სასამართლო.

Ника Гварамия в зале суда

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა ძალაში დატოვა. გვარამიას ბრალად ედება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ტელეკომპანიისთვის რამდენიმე მილიონიანი ზარალის მიყენება.

გვარამიას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში აშშ-ს საელჩომ. მათ შეფასებით, გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს. ამერიკის საელჩოს განცხადებაში ტელეკომპანია “მთავარი არხი”, რომლის დამფუძნებელი და გენდირექტორი გვარამიაა, მთავარ ოპოზიციურ ტელეარხად არის მოხსენიებული.

როგორც ჩანს, მავანნი ცდილობენ, საქართველოში სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი ნიკა გვარამიას საქმესთან დააკავშირონ. აშშ-ს საელჩოს განცხადების ანალოგიური შინაარსის შეფასებები გაკეთდა გვარამიას ადვოკატისა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდანაც.

დიმიტრი საძაგლიშვილი

როგორც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება “თავისუფლებას არა მხოლოდ ნიკა გვარამიას ართმევს, არამედ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე”. მისივე შეფასებით, გვარამია გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმროში.

გვარამიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს ევროპარლამენტის წევრებმა – ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა. ამ უკანასკნელის თქმით, შერჩევითი სამართალი საქართველოს ევროპულ გზას ეჭვქვეშ აყენებს.

“ვუერთდები ნიკა გვარამიას საკითხის გარშემო არსებულ შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედია თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია”, – დაწერა ანა ფოტიგამ Twitter-ზე.

ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოცხადებას ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მათი აზრით, გვარამიას პატიმრობაში დატოვებით, მოსამართლეებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სწრაფვას საფრთხე შეუქმნეს.

რადიკალურ ოპოზიციას რადიკალიზმის “უმაღლესი კლასი” აჩვენა “ქართული ოცნების” ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ. მან გვარამიას თავისუფლება საქართველოს თავისუფლებასთან გააიგივა და ოპოზიციას მოუწოდა, მიზანმიმართულად დაერღვიათ ადმინისტრაციული კოდექსი და მიტინგი პირდაპირ სასამართლოს ეზოში გაემართათ.

“არ გვაქვს მორალური უფლება, დღეს, პროტესტის გარეშე წავიდეთ და სახლში ჩვენს ემოციებთან დავრჩეთ. სათქმელი უნდა ითქვას დღეს, ამ ეზოში და არა სხვაგან“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

“ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფილი პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოსამართლეების გადაწყვეტილებას ძალის დემონსტრირება, ხოლო გვარამიას პოლიტიკური პატიმარი უწოდა. მისი თქმით, თუ კი აქამდე, რომელიმე პატიოსან მოქალაქეს სჯეროდა, რომ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანა სწორ გზაზე დადგებოდა და თავისუფალ სამყაროს დაუბრუნდებოდა, ეს ილუზია ყველამ უნდა გაიქროს.

ხატია დეკანოიძე

გვარამიას საქმეზე კომენტარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, შეწყალების მექანიზმი აამოქმედოს. მისი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

“გვარამია ისედაც თავისუფალია და მისი პატიმრობიდან დახსნა, საქართველოს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეხება”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ენმ”-დან აღმოცენებული პარტიის – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც ოპოზიციის დიდი ერთობა ინატრა და ამ ერთობაში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ევროკავშირის სტატუსის მოპოვება გააერთიანა.

“ხალხის ერთიანობის ძალის გარეშე არანაირი შეწყალება და უზენაეს სასამართლოში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლოს გარშემო ოპოზიციური აზრი გაერთიანდა. მაგრამ ხომ არ დაჩრდილავს ეს მათი მთავარი ლიდერის, პატიმარი სააკაშვილის ფაქტორს?

ირაკლი კობახიძე

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველი პარტიიდანაც გამოეხმაურნენ.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ევროპული სახელმწიფო, სწორედ სასამართლოს პატივისცემას ნიშნავს. მან საზოგადოებას შეახსენა, ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ თავად გვარამიას მიერ გამოჩენილი უპატივცემულობა.

“ბუნებრივია, ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ… თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც. თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან”, –  განაცხადა კობახიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე

გვარამიას ვერდიქტთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა და აშშ-ს საელჩოს რეაქციების შეფასება ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ვთხოვეთ. მისი აზრით, ოპოზიციამ და ახალმა პერსონებმა, გედევან ფოფხაძის მსგავსად, გვარამიას თემით საკუთარი თავის პოზიციონირების საუკეთესო საშუალება ნახეს. მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებაც წამოეწიათ და გადაწყვიტეს საზოგადოებაში აჟიოტაჟი შეეტანათ. თუმცა, ამ ყველაფერს უფრო მასშტაბურ ჭრილში თუ შევხედავთ, გვარამიას მიმართ განაჩენს, დიდი საზოგადოებრივი მღელვარება არ გამოუწვევია.

“პოლიტიკოსების ვიწრო წრე, ტრადიციულად, როგორც სააკაშვილის შემთხვევაშიც, ცდილობს ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. აბსოლუტურად ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე აქტორები აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების ჩათვლით”, – აცხადებს ანჯაფარიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, ქართული სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ს საელჩოს უნდობლობა იქნება თუ არა ქვეყნის ევროინტეგრაციის დამაბრკოლებელი, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართ, ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის უნდობლობა.

“სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა არის განმსაზღვრელი და არა, რომელიღაც საელჩოს, დიპლომატის, თუ დამკვირვებლის განწყობა. მართალია, გარკვეულწილად ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ხალხის ნდობა. სასამართლო გადაწყვეტილებების ბენეფიციარი არიან მოქალაქეები და ყველა ისინი, ვინც სასამართლოს მიმართავს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 10-წლეულში საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ მოიმატა, ვფიქრობ, ის რეაქციები, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მესმის, გამოწვეულია იმით, რომ მათ ვერ შეძლეს სასამართლოზე კონტროლის აღება, მათთვის სანდო ადამიანების მეშვეობით”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

სალომე ზურაბიშვილი

საინტერესოა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას, რომელსაც მისგან არაერთი შეურაცხმყოფელი ეპითეტი აქვს მოსმენილი? ყველას კარგად ახსოვს სალომე ზურაბიშვილის მტკიცე უარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე, – “არა და არასდროს!” – მაგრამ, ასევე გვახსოვს, 2 წლის წინ, მის მიერ შეწყალებული უგულავა და ოქრუაშვილი. იმ ფონზე, როცა პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის ურთიერთობა არც თუ კონსტრუქციულია, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს პრეზიდენტზე ზეგავლენა მოახდინოს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს იქნება არა ოპოზიციის, არამედ დასავლეთის ზეგავლენის შედეგი და იტყვის, – ასე იყო საჭირო ჩვენი ევროინტეგრაციისთვისო.

“ვერანაირი გვარამია ვერ გადაწონის იმ გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს, რის გამოც ქვეყანას ეძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. როგორი სიტუაცია იყო მოლდოვაში? ყოფილი პრეზიდენტი შინაპატიმრობაში ჰყავდათ, ან უკრაინაში? ოპოზიცია (რადას დეპუტატი მედვედჩუკი) ციხეში, ლამის 12 ოპოზიციური ტელეარხი დახურული და ა.შ. ვერ გახდება გვარამია ამის საფუძველი”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ მომწიფდა გეოპოლიტიკური ვითარება ისე, რომ ევროკავშირი საჭიროდ ჩათვლის საქართველო არ გარიყონ, მისცემენ კანდიდატის სტატუსს. თუმცა ევროპაში არიან გარკვეული წრეები, სადაც ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ამით აქ რევოლუციას დააჩქარებენ, დაიწყება მასობრივი გამოსვლები და ხელისუფლება შეიცვლება.

გიორგი ქართველი