ქართულ საზოგადოება დიდი ხანია პილატე პონტოელის პოზიციაშია. ჩვენი საზოგადოება მაშინ იწყებს მოზარდების პრობლემებით დაინტერესებას, როცა რაიმე ტრაგედია დატრიალდება, რასაც, სამწუხაროდ, მოზარდების სიცოცხლე ეწირება.

​ჯერ კიდევ, ბნელი 90-იანების თაობას ახსოვს, ავად თუ კარგად, მაგრამ სახელმწიფო მონაწილეობდა მოზარდების აღზრდაში, მათი ფასეულობების ჩამოყალიბებაში. იღებდნენ ფილმებს მოზარდების თემატიკაზე, იდგმებოდა სპექტაკლები და ძალიან ხშირად ამ სპექტაკლების ჩანაწერებს ტელეეთერში აჩვენებდნენ.

მეც, როგორც იმ თაობის წარმომადგენელს, არასდროს მქონია განცდა, რომ როგორც მოზარდი, სკოლის მოსწავლე, გარიყული ვიყავი დანარჩენი საზოგადოებისგან. არც წარსულის გაიდიალებას ვცდილობ და არც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის გაკეთილშობილებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, მოზარდების პრობლემატიკას არ ექცევა სათანადო ყურადღება და თუ ამ მხრივ რაიმე პროექტი კეთდება, გაუაზრებლად მივყვებით სხვის რეკომენდაციებს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უგულებელვყოფთ.

რამდენად ექცევა დღეს ყურადღება მოზარდების სულიერ აღზრდას? არის თუ არა სახელმწიფო ორიენტირებული მოზარდებისთვის საინტერესო ფილმების გადაღებაზე, სპექტაკლების დადგმაზე?

საბჭოთა ეპოქაგამოვლილებმა კარგად ვიცით, თუ როგორ იყენებდა ფილმებს სახელმწიფო მოსახლეობაში საკუთარი იდეოლოგიის დასანერგად, მაგრამ ამავე დროს გვახსოვს ქართველ რეჟისორთა და სცენარისტთა გმირობის ტოლფასი მონდომება – იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, ფილმები ეროვნული სულისკვეთებით ყოფილიყო გაჟღენთილი. დღეს ასეთი შედევრებით სამართლიანად ვიწონებთ თავს.

რამაზ საყვარელიძე

როგორც Dalma News-სთან საუბრისას ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ დაგვანახა, რომ საბჭოთა იდეოლოგია ბავშვებს არ მიეკარა.

“ბავშვებმა მოახერხეს ამოეღოთ ის, რაც ადამიანს სჭირდებოდა და ზედმეტი იდეოლოგიური ნაგავი გადაეყარათ. ამაში მათ ხელს უწყობდა ოჯახში აღზრდით შექმნილი ფილტრი. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. თუ ოჯახის ფაქტორი არ მუშაობს, ეს უკვე ცუდია. საგანმანათლებლო სისტემას ჩვენს დროსაც ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ამას ასწორებდა ოჯახში მიღებული პიროვნული ღირებულებები. დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბავშვებს ძალიან აკლიათ ოჯახის მხრიდან ზრუნვა”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

თუ ვამბობთ, რომ საბჭოთა პროპაგანდის ეპოქაში შვილებს სახელმწიფოს მცდარი იდეოლოგიისგან იცავდნენ მშობლები და ოჯახი ფარი იყო, დღეს მთლიანად სახელმწიფოზე, ასევე, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებსა და გეგმებზეა მინდობილი მოზარდების სულიერი აღზრდა-განვითარება.

დღეს უკვე, საქართველოშიც, კინემატოგრაფია კერძო სექტორია, მაგრამ ეს სახელმწიფოს არ უკრძალავს დააფინანსოს მოზარდების სწორად აღზრდისთვის საჭირო ფილმების გადაღება, სპექტაკლების დადგმა და ა.შ.

საქართველოში უკვე 8 წელია ხორციელდება პროექტი “კინო სკოლაში”, რომელიც არის ეროვნული კინოცენტრის პროექტი. ის 2014 წლიდან მიმდინარეობს, მაშინ გაერთიანებული, განათლებისა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით. პროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რაიონი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები. 900 სკოლაში გაიმართა 12 000-ზე მეტი კინოჩვენება-დისკუსია, “კინო სკოლაში” უერთდება “შემოქმედებითი ევროპის” მიერ დაფინანსებულ პროექტს -“ისტორია-კინო-ისტორია”.

ეს არის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიზანია, ახალგაზრდებში გაიზარდოს ევროპული კინოსა და კინომემკვიდრეობის მიმართ ინტერესი და სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკაში იქნეს გამოყენებული, მათ შორის, მე-20 საუკუნის ისტორიული ფაქტებისა და პრობლემების გასააზრებლად.

პროექტი შეიქმნა: საქართველო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ფონდის მილანის სინეტეკა (იტალია), შემოქმედებითი სწავლების ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) და სერბეთის ეროვნული კინოარქივის (სერბეთი) პარტნიორობით.

“პროექტში ჩართულ ოთხივე ქვეყანას აერთიანებს ევროპული ღირებულებები და ისტორია”, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

მათივე განმარტებით, სკოლებში კინოსაგანმანათლებლო რესურსის გამოყენების მიზანია მოზარდებში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის ადეკვატურად გააზრების და მიმღებლობის უნარი.

ასევე, აქვთ ამბიცია, რომ მათ მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი საინტერესო და იქნება მასწავლებლებისთვის, ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის თუ მშობლებისთვის.

ერთი შეხედვით, უწყინარი და მეტად საინტერესო პროექტი აჩენს კითხვებს: რა კრიტერიუმებით არის შერჩეული ყველა ის ფილმი, რომლებსაც სკოლებში აყურებინებენ ბავშვებს? რამდენად სწორად არის გათვალისწინებული ასაკობრივი ცენზი? მოზარდებში რა ჩვევების, მისწრაფებების თუ განწყობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად? “კინო სკოლაში” მისიონერებს აქვთ თუ არა გავლილი კონსულტაცია ფსიქოლოგებთან და ა.შ.

პროექტის ბაზა 50-მდე უცხოურ და 27 ქართულ ფილმს აერთიანებს, მათ შორის, ძალიან ბევრი სკოლის ასაკის მაყურებლისთვის შეუფერებელი ფილმია. რეპერტუარი მდიდარია ხიჩკოკის შემოქმედებით: “ჩიტები”, “ფსიქო”, “ფანჯარა ეზოს მხარეს”. ასევე, კაზანის ფილმი “ტრამვაი სახელად სურვილი”, რომლის შესახებაც გავრცელდა ხმები, რომ მსახიობ ვივიენ ლის ბლანშის განსახიერებისას ფილმის ამ პერსონაჟის მსგავსად, ნერვული აშლილობა დაემართა.

ფილმი “ფსიქო”, რომელიც რეალურად არსებული ადამიანის ისტორიაზეა დაფუძნებული, მყარი ფსიქიკის მაყურებელს საჭიროებს. ფილმის მთავარი გმირი ნორმანი მოტელის მფლობელი და მენეჯერია. ის სასტიკი მკვლელია. მკვდარი დედის გვამს სარდაფში ინახავს. ნორმანი მკვლელობების წინ დედის პარიკს იფარებს და ისე უსწორდება თავის მსხვერპლს.

ფილმის ნახვის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ორგანიზატორების მიერ, წინასწარ შედგენილ კითხვებს უნდა უპასუხონ და ამგვარად გამოხატონ საკუთარი შთაბეჭდილება. მაგალითისთვის მოგიყვანთ რამდენიმე კითხვას: ნორმანი მკვლელობების წინ დედის პარიკს იფარებს და ისე უსწორდება თავის მსხვერპლს, რა არის ამის მიზეზი? როგორია მისი დამოკიდებულება მშობლის მიმართ და რატომ ინახავს მის გვამს სარდაფში?

სიმართლე გითხრათ, ფილმი ზრდასრულობისას რომ არ მქონოდა ნანახი, მარტო ამ კითხვების წაკითხვა შემზარავდა.

“კინო სკოლის” რეპერტუარშია, ასევე, მულფტილმი “საცოლის ცხედარი”, ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (ამ ფილმების სიუჟეტის განხილვით აღარ შეგაწყენთ თავს, ბევრს გექნებათ ნანახი).

მოზარდებისთვის შესაფერი რეპერტუარით “კინო სკოლაში” ვგონებ, დიდად, ვერც ქართული ფილმების ნაწილში დაიკვეხნის. ჩამონათვალში არის ფილმი “დიდი მწვანე ველი”, “ქუჩის დღეები”, “გრძელი ნათელი დღეები”, მაგრამ არ არის ფილმები: “მაია წყნეთელი”, “ბაში-აჩუკი”, “დავით გურამიშვილი”, “მამლუქი”, “კაცია ადამიანი” და სხვა.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი “დიდი მწვანე ველი” იმიტომ შეირჩა, რომ თავის დროზე საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა. თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, ბაზაში “ცისკარა”, “ხევისბერი გოჩა”, “პალიასტომი” აუცილებლად უნდა იყოს.

თამთა ქაჯაია

როგორც “კინო სკოლის” წარმომადგენელმა, თამთა ქაჯაიამ განგვიმარტა, ძველი ფილმები (სავარაუდოდ ძველში ქართული ფილმები იგულისხმა, რადგან უცხოური კინემატოგრაფია სიძველით არ არის წუნდებული, მათ ბაზაში ჩარლი ჩაპლინის ფილმებიც არის) საკმაოდ მძიმე საყურებელია, გარეთ კი XXI საუკუნეა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, პრაქტიკიდან გამომდინარე, ფილმების ეს ბაზა რაც გვაქვს, აბსოლუტურად საკმარისია. მეორე მხრივ, ძველი ფილმები მძიმე საყურებელია. გარეთ 21-ე საუკუნეა, დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთი ფილმები ვაჩვენოთ, რომ ინტერესი გაიზარდოს და მოსაწყენი არ იყოს. “მაია წყნეთელი”, “მამლუქი” და მისი მსგავსი, არ გვაქვს, იმიტომ, რომ… ეტყობა, არ ჩათვალეს საჭიროდ”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას თამთა ქაჯაიამ.

თამთა ქაჯაია პროექტში დაწყების დღიდანაა. როგორც მან განგვიმარტა, სკოლებში ფილმებს ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით აჩვენებენ – პირველიდან მეოთხე კლასამდე და მე-7-დან ზემოთ. შედარებით პატარა ასაკის მაყურებელთან ანიმაცია და მათთვის გასაგები ფილმები მიაქვთ.

“ფილმ “დიდ მწვანე ველს” სურვილისამებრ ვაჩვენებთ”, – ამბობს იგი.

შთაბეჭდილებებზე საუბრისას თამთა სოფელ ხურვალეთის ბავშვებს იხსენებს, რომლებსაც ხიჩკოკის “ჩიტები” აყურებინეს.

“ხურვალეთში, ერთ ჩასვლაზე, როდესაც ვაჩვენე ჰიჩკოკის “ჩიტები”, მეორე წელს რომ მომიწია ჩასვლა, ეს ბავშვები უკვე, ხიჩკოკის ტრილოგიებს განიხილავდნენ”, – ამბობს ქაჯაია.

გაუგებარია რას ისახავს მიზნად პროექტი “კინო სკოლაში”? ბავშვების აღზრდას, თუ ჯანსაღი ფსიქიკის შერყევას? ეს არც ევროპული კულტურის პოპულარიზაციაა და ასე, ვერც კინემატოგრაფიით დააინტერესებენ მოზარდებს. ვგონებ დროა, მსგავსი პროექტებით სიღრმისეულად დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები და ხელისუფლება პილატე პონტოელის პოზიციიდან გამოვიდეს.

შორენა პაპაშვილი