აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე ქართულ-აფხაზურ შეხვედრას, დეკემბრის დასაწყისში სომხეთმა უმასპინძლა, სადაც ქართულ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია წარმოადგენდნენ. ისინი აფხაზური მხარის მთავრობის წარმომადგენლებს ერევანში შეხვდნენ (აფხაზურ მხარეს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე შამილ აძინბა), სადაც გაფართოებული ფორმატით უკვე მესამე შეხვედრა გაიმართა.

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა ბედ-იღბლის გასარკვევად, საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით შექმნა და ქართულ–აფხაზური შეხვედრებიც რეგულარულად იმართება. შექმნილია ერთობლივი ქვეჯგუფი, სადაც ექსპერტები შედიან. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს.

მაგრამ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართულ-აფხაზური კომისიების შეხვედრები შეწყდა. 2010 წელს კი წითელი ჯვრის ძალისხმევით განახლდა. ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2014 წლის მაისიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში 11 სამარხის ექსჰუმაცია განხორცილდა, აქედან ექვსი აფხაზურ მხარეს იყო.

მოლაპარაკებების დაწყებიდან სოხუმიდან თბილისში 31 დაღუპულის ნეშტი გადმოასვენეს. დაღუპულთა ოჯახის წევრების დნმ–ის პროფილები და ბიოლოგიური მასალები დაღუპულთა ვინაობის დასადგენად ზაგრებში გადაიგზავნა. დეკემბრის დასაწყისში მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იდენტიფიცირებული კიდევ სამი დაღუპულის ნეშტი გადაასვენეს.

გოგი ფაცაცია
გოგი ფაცაცია

როგორც Dalma News-ს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ განუცხადა, შეხვედრის ადგილად ერევანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ შეირჩა, რადგან აფხაზებს უვიზოდ ჩასვლა მხოლოდ სომხეთსა და თურქეთში შეუძლიათ.

“თუმცა, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში მეზობელი ქვეყნის მონაწილეობა, რომელსაც ასევე ჰყავს კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულები, მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე შეფასებით, აფხაზებთან შეხვედრამ გაცილებით კონსტრუქციულ და თბილ გარემოში ჩაიარა, ვიდრე შეხვედრების დასაწყისში იყო.

“ცოტა დათბა ურთიერთობა და ძალიან ეფექტიანი გამოდგა ეს შეხვედრა, რაც აქამდე არ ყოფილა. ურპეცედენტო შემთხვევაა, რომ კონფლიქტურ მხარეებს შორის შეხვედრები თბილ და უპრობლემო გარემოში მიმდინარეობს. მართლია თავდაპირველად აფხაზური მხარისგან შეხვედრებზე დისტანცირებული დამოკიდებულება იგრძნობოდა, მაგრამ ახლა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ორივე მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იდგმება”, – გვითხრა გოგი ფაცაციამ და დასძინა, რომ საკმაოდ ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი ჰყავთ აფხაზებსაც და მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სამარხების პოვნა. ქართულმა მხარემ ბევრ უცნობ სამარხს მიაკვლია სოხუმშიც.

ერევანში გამართულ შეხვერდაზე ახალი სამარხების შესახებ ინფორმაცია განიხილეს. გოგი ფაცაციას ინფორმაციით, სიახლეა ასევე ის, რომ არგენტინიდან სპეციალური ჯგუფი ჩამოვა საქართველოში, რომლებიც სამარხების სავარუდო ადგილებში, მიწისქვეშა ქანებს სპეციალური აპარატურით დაათვალიერებემ და უშედეგო გათხრების გარეშე დაადგენენ, ნამდვილად არის იქ დაკარგულთა ნეშტები თუ არა. ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაზაფხულზე გაიხსნა ვაზიანის სამარხები, მაგრამ იქ ვერაფერი აღმოაჩინეს. ამჟამად ხონის სამარხებიდან გაგზავნილი სამი ნეშტის დნმ-ის პასუხს ელოდებიან.

2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხების ექჰუმაცია განხორციელდა. იდენტიფიცირების პროცესში ჩართულია ლევან სამხარაულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. შარშან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 1500-მდე ნათესავის გენეტიკული ანალიზი გაკეთდა, მათგან მომზადდა 230 გენეტიკური პროფილი, რომლებიც ზაგრების უნივერსიტეტის დნმ-ის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და შეადარეს ექსჰუმირებული ნეშტების გენეტიკურ პროფილებს.

ერევნამდე ქართულ-აფხაზური კომისიების შეხვედრა მაისში სტამბულში გაიმართა. მომდევნო შეხვედრაც თურქეთში უნდა შედგეს, მაგრამ რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობის გამო, აფხაზები თავს არიდებენ სტამბოლში ჩასვლას. ქართული მხარის სურვილია, ეს შეხვედრა საქართველოს ტერიტორიაზე, ქალაქ ბათუმში გაიმართოს. გოგი ფაცაცია იმედოვნებს, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან მისი თქმით, აფხაზური მხარისგანაც ამის მზაობა იგრძნობა.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, ბაბუშერას აეროპორტში განწირულ რეისად ცნობილი თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 22 წელი გავიდა. დროის სვალსთან ერთად რთულდება ნეშტის იდენტიფიცირება. მაგრამ, როგორც მინისტრის მოადგილემ გვითხრა, ამჯერად პროცესში ავსტრიის ერთ-ერთი დიდი ლაბოლატორია ჩაერთო, რომელიც თანამედროვე მოწყობილობით შეძლებს ძვლიდან, რომელიც თითქმის სრულად არის გამოფიტული, დნმ-ის დადგენას.

Dalma News