საქართველოს დედაქალაქში სამთავრობო დაწესებულებების შენობები, ხიდები და ქუჩები ევროკავშირის ფერებში მორთეს. თბილისმა ამგვარად გამოხატა სიხარული, საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშთან დაკავშირებით. ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველომ წარმატებას მიაღწია და ევროპული სტანდარტების დონეზე გადავიდა, რაც უფლებას აძლევს თავისი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა მოითხოვოს.

საქართველოს სამთავრობო კანცელარიის შენობა
საქართველოს სამთავრობო კანცელარიის შენობა

 

 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის “ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, ანუ ევროკავშირის განმარტებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შეუძლია ევროკავშირში უვიზო კავშირებით ისარგებლოს.

 

 

 

 

“შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა ყველას აქვს, ვინც 90-დან 180 დღით ჩამოვა. რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი არ ნიშნავს შენგენის ზონაში დასაქმების შესაძლებლობებს. იმავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ შესაძლებლობებს გამოიყენებენ, უფრო მეტ ქართველს შეეძლება შენგენის ზონის ქვეყნებში იმოგზაურონ”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი

ამ ახალ ამბავს განსაკუთრებული ენთუზიაზმით საქართველოს მმართველი კოალიცია “ქართული ოცნება” შეხვდა.

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ველოდით. კომისიაში განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განახორციელა. ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე! სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას… კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ქართული ხელისუფლების აღფრთოვანება ადვილი გასაგებია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი – გამუდმებით ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” მთავრობას სერიოზულად არ აღიქვამდნენ და რომ ევროკავშირი მხოლოდ “ნაციონალებს” სცნობდა და არჩევნებში სააკაშვილის დამარცხებით საქართველოსთვის სამუდამოდ ჩაიკეტა ევროპის კარი.

ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. “ქართულმა ოცნებამ” თავის შეურიგებელ მოწინააღმდეგეს ეს ჰიპოთეტური კოზირი გამოგლიჯა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში სწორედ ადამიანის უფლებების, კანონისა და სამართლიანობის გამუდმებით უგულვებელყოფა უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავდა.

ახლა გასარკვევია: რა დგას შეღებილი ფასადის უკან? რა პრაქტიკული სარგებელი მიიღო საქართველოს რიგითმა მოქალაქემ? ზედაპირული ანალიზი აჩვენებს, რომ სარგებელი არის, თუმცა ძალიან პატარა. უბრალო ადამიანი რეალურად დაზოგავს ფულს საელჩოებსა და საკონსულოებში, თუმცა შენგენის ზონის ქვეყნებში სამუშაოდ წასვლის უფლება არ აქვს. ეს პუნქტი მართლაც ტრაგიკულია, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ქვეყნიდან შემოსავლების ძიებაში წავიდა და არა ტურისტულად. ამ მხრივ, მაგალითად ევროკავშირის სავიზო რეჟიმი რუსეთთან, მდიდარ რუსებს ევროპის ქალაქებში დასვენებაში ხელს არ უშლის.

სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულის წყალობით არსებობს თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. განა უვიზო რეჟიმის გამო ქუთაისიდან და მარნეულიდან ტურისტთა ჯგუფი შეიკრიბება და ევროპაში ერთ-ორ კვირაში 5-6 ათას ევროს დახარჯავს, სახლში კი მდიდარი შთაბეჭდილებებითა და ღრმა კმაყოფილების გრძნობით დაბრუნდებიან?

ალბათ, შეხსენება არ არის საჭირო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროპა სჭირდება, როგორც ადგილი, სადაც საარსებო ფულს იშოვის. ამ შემთხვევაში ირკვევა მცირე, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო ნიუანსი. შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ იმოგზაურებს ადამიანი, რომელიც ევროპაში სამ თვეზე ნაკლები ვადის სამუშაოს იშოვის. იგივე ეხება სტუდენტს, რომელიც სწავლის გაგრძელებას ევროპაში გადაწყვეტს. მას საბუთების დამატებითი პაკეტი დასჭირდება, რისთვისაც საკონსულოში, ან საელჩოში მისვლა მოუწევს.

შესაძლოა, ვიზა არ იყოს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ ევროპელ დიპლომატს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი საბუთები, რომლებიც დაადასტურებს ვიზიტის მიზანს, გადამხდელუნარიანობას, ევროპაში ყოფნის ვადას, საგზაო ჩეკებსა და ბევრ სხვას. ასე, რომ გინდა თუ არა, ევროპაში გამგზავრებამდე სქელტარიანი საქაღალდის შევსება მოგიწევთ.

მთელი ამ ეიფორიების ფონზე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. წინ არის კენჭისყრა და არავინ იცის, რა პოზიციას დააფიქსირებს ცალკეული ევროპული ქვეყანა. საქართველოს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მის საკითხს ევროპელები განიხილავენ არა ინდივიდუალურად, არამედ უკრაინასთან ერთად. უკრაინის პრობლემებისადმი კი ბევრ ევროპელს საშინელი დამოკიდებულება აქვს. ერთი საკითხია პატარა საქართველოსთან და მის მოსახლეობასთან უვიზო რეჟიმის დამტკიცება და მეორე – 45-მილიონიან უკრაინასთან, რომელსაც შიდაპოლიტიკური პრობლემები ანადგურებს. შესაძლოა სწორედ იქიდან მიაწყდეს ევროპას ადამიანების ისეთი ტალღა, რომ ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა დაავიწყდეთ. ალბათ, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა შემთხვევით არ გააფრთხილა (ხუმრობით, თუ სერიოზულად) შენგენის ზონის ვიზების მქონე მოსახლეობა, რომ არ ამოხიონ პასპორტებიდან ვიზები. ნებისმიერ შემთხვევაში 2016 წლის ზაფხულამდე, ან შემოდგომამდე არაფერი შეიცვლება.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

ამ ფონზე საკმაოდ ხმამაღლა გაისმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობებზე. ეს მართლაც ეხება ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგანაც რუსეთში სამუშაოდ მიდიან და არა – დასასვენებლად. თუმცა, სოჭა ამ კუთხით გამონაკლისია. იქ საქართველოს მოსახლეობა ნათესავებთან და ახლობლებთან ჩავა დასასვენებლად.

ზოგიერთ ექსპერტის თქმით, რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ერთი მილიონიდან მილიონ-ნახევარ ადამიანამდე მერყეობს.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჯერ კიდევ, აწ გარდაცვლილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს გაფუჭდა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ კი მთელი ძალით სცადა ამ ურთიერთობის განადგურება. საბოლოო ჯამში რიგითი ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ უცხო ქვეყანაში წასულიყვნენ ფულის საშოვნელად და ოჯახის გამოსაკვებად.

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ხალხს დაჰპიდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიცია არ ცვლის ევროპულ კურსს, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ “ოცნება” დაპირებას ასრულებს.

ეს შესაძლოა არ მოეწონოთ რუსს პოლიტიკოსებს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში – ნამდვილად გაუხარდება.

ირაკლი ჩხეიძე