მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მიგრაციის მაღალი დონის პირობებში საქართველოში უკვე, ძალიან ბევრი პროფესია გაქრობის პირას არის. მათ შორის, არის ექთნის პროფესია. დაბალი ხელფასის გამო ექთნებს რამდენიმე სამსახურში ერთდროულად უწევთ მუშაობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ შესრულებულ სამუშაოზეც.

დაბალი ანაზღაურების გამო, ძალიან ბევრი ექთანი ემიგრაციაში მიდის.  შრომითი მიგრანტების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოდან სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, სწორედ ექთნებზე მოდის. ისინი ძირითადად მომვლელებად მუშაობენ და ამით კონკურენტუნარიანებიც არიან. ის ექთნები კი, რომლებიც ემიგრაციაში წასვლისგან ჯერ კიდევ თავს იკავებენ, დაბალი ანაზღაურების გამო, პროფესიას იცვლიან და ვაჭრობის სფეროში საქმდებიან. შედეგად, ექთნების კადრების მძიმე კრიზისს ვიღებთ.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ექთნის ხელფასი 200 ლარს ძლივს აღწევს. ცალკე პრობლემაა სახელფასო დავალიანება. როგორც რეანიმაციის ექთანი ნანა დემეტრაშვილი აცხადებს, მის მიმართ მარტო ერთ კლინიკას 3000 ლარი სახელფასო დავალიანება აქვს. “კეთილი ნების” გამო, სასამართლოში არ ჩივის, თუმცა, დიდად, არც იმის იმედი აქვს, რომ სასამართლოს ძალით რამეს გახდება. მისი დავალიანება კლინიკამ ჯერ 100-100 ლარობით ისტუმრა, მერე უთხრეს “ხანდაზმულობის” გამო აღარ გეკუთვნისო.

“1200 ლარი, ისიც თვეში ას ლარობით მაძლიეს. სახელმწიფოში გადასახდელი თანხაც ხელზე დასარიცხი თანხიდან მომაკლეს და პლუს, რამდენიმე თვის თანხა უკვე ხანდაზმულიაო და ეს გეკუთვნის მხოლოდო. ჩემი ყველა მეგობარი იტალიაში წავიდა სამუშაოდ, ყველა გაქცევაზეა და წლების შემდეგ კიდევ უარესი სიტუაცია გვექნება”, – აცხადებს ექთანი ნანა დემეტრაშვილი.

ძალიან ხშირად, დაბალი ხელფასის გამო, ექთნებს რამდენიმე ცვლის გადაბმა და ღამის თენება უწევთ, რაც მათ ჯანმრთელობაზე სახარბიელო გავლენას ნამდვილად არ ახდენს. არც სამუშაო ტრავმის გამო, მკურნალობა უფინანსდებათ, ფასიან შვებულებაზე ხომ, საუბარი ზედმეტია.

“წლების განმავლობაში ნათენები ღამეების და ჩვენი განახევრებული ჯანმრთელობის საფასურად, იმ მიზერულ ხელფასსაც არ გვირიცხავენ, რომელ ფასიან შვებულებაზეა ლაპარაკი და რომელ ბიულეტენზე? კლინიკაში მიღებული ტრავმების გამო, აქეთ ფული გადამახდევინეს კვლევაზე და თვეების განმავლობაში ხელს რომ ვერ ვამუშავებდი ჭრილობის გამო, არც ამისთვის ამინაზღაურეს ბიულეტენი, თვეების განმავლობაში მატყუებდნენ ჩაგირიცხავთო”, – ამბობს ნანა დემეტრაშვილი.

კიდევ ერთი ექთანი, მზეო წიკლაური დაბალი ხელფასის გამო, რამდენიმე ადგილას მუშაობის სირთულეზე საუბრობს, ამას ემატება ისიც, რომ ხელფასს უგვიანებენ.

“ორი-სამი თვე ისე გავა, რომ ხელფასს ვერ ვიღებთ, არც ვიცით, როდის ავიღებთ. ორი და სამი სამსახურის შეთავსება ქალისთვის რომელსაც შვილები ჰყავს, შეუძლებელია. არადა 600 და 700 ლარი და იმასაც არ ვიცით, როდის ავიღებთ, ძალიან ცოტაა. ნეტა, რომელი ჩინოსანი ან ბიზნესმენი იქნებოდა ასეთ შემოსავალზე თუ ვინმეზე ნაკლებს ვშრომობთ და ან გემოვნება არ გვაქვს”, – აცხადებს მზეო წიკლაური.

სწავლის მაღალი საფასურისა და დაბალი ანაზღაურების გამო, ახალგაზრდები ან ექთნის პროფესიას აღარ ირჩევენ, ან სამუშაოდ სოფელში წასვლა არ სურთ. ექიმისა და ექთნის პრობლემა ყველა სოფელში – მაღალმთიან რაიონში თუ ბარში, თანაბარი სიმწვავით დგას. ექიმი სოფლებში, ჯერ კიდევ ძველი დროიდან ჭირდა და, თუ ჰყავდათ, ის ერთი ადამიანი იყო ყველაფრის მკურნალი, მისი იმედი ჰქონდათ ბავშვის მშობლებსაც და მოხუცებსაც.

Dalma News-ი შატილში მცხოვრებ მარგარეტ დაიაურს ესაუბრა. შატილის ისტორია არაფრით არის განსხვავებული. სოფელს მრავალი წელია ერთადერთი ექიმი ჰყავს, რომელიც უკვე ძალიან მოხუცებულია. სოფელს არ აქვს გამართული ამბულატორია, არ არის აღჭურვილი სამედიცინო აპარატურით, თუნდაც პირველადი დახმარება რომ გაუწიონ ადამიანებს. აქაურები ღმერთის იმედად არიან. როცა ექიმის დახმარება სჭირდებათ და გარეთაც ცუდია ამინდია, ვერტმფრენი ვერ აღწევს სოფლამდე, იძულებულნი არიან თვითმკურნალობას მიმართონ. ძირითადად მედიკამენტებს მოსახლეობა საკუთარი საჭიროების მიხედვით იმარაგებს.

ქვეყანაში, რომელიც პრიორიტეტად ტურიზმის განვითარებას ირჩევს, მსგავსი პრობლემები ნამდვილად არ უნდა არსებობდეს. საქართველოს სოფლების ძირითადი ნაწილი სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ექთნების იმედად არის. თუმცა, ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც მკაცრი ზამთარი იცის და დიდთოვლობის გამო, ხშირად გზები თვეების განმავლობაში იკეტება, ეს იმედიც მბჟუტავი სანთელივით ქრება.

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს მთავრობა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდაზე საუბრობს. ამ თემაზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გამოვიდა, რომელმაც სასწრაფოსა და სოფლის ექიმებისთვის ხელფასების გაზრდაზეც ისაუბრა. ზოგადად, სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალისთვის ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება, ხოლო სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასებს 100 ლარით გაუზრდიან.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის დაფინანსება 1 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე გაიზარდა, აქედან 850 ლარი საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებაა; 190 მლნ ლარზე მეტი პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაზე მიემართება; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 97 მლნ ლარს გამოყოფენ; თითქმის 500 მლნ ლარით მცირდება კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები და ამ ეტაპზე, 63 მლნ ლარი რჩება; მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მლნ ლარს; ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე.

ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესებას გეგმავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მათი ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში – 7 ლარით (თვეში 1 260 ლარით), ხოლო ექთნებისთვის საათში 4.4 ლარით (თვეში 792 ლარით) განისაზღვრება. 2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის – 5.6 ლარი გახდება.

ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს. რეფორმის მიხედვით, მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულების მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. თუმცა, მანამდე რასაც რეალურად ვხედავთ არის ის, რომ ექთნების პროფესია გაქრობის პირასაა.

Манана Николеишвили

განათლების სფეროს ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, პროფესიის დეფიციტს მარტო ხელფასი არ ქმნის. პრობლემის სათავე საშუალო სპეციალური სასწავლებლების არქონაშია. ამდენად, პრობლემა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდით ვერ მოგვარდება, საჭიროა რეფორმა განათლების სფეროშიც.

მისივე თქმით, ექთნების მომზადება არ არის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საქმე, რომელიც ისედაც გადატვირთულია ქართველი, თუ უცხოელი სტუდენტებით. საქართველოში, არც სტუდენტების შრომითი უფლებებია მოწესრიგებული, იმიტომ, რომ ნახევარი განაკვეთი არ არსებობს. დამსაქმებლები სტუდენტებს ამუშავებენ ისე, როგორც ჩვეულებრივ მუშაკს.

“სრული გაუგებრობა მოხდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა გააუქმეს საღამოს სკოლები, დაუსწრებელი და საღამოს ფაკულტეტები. უნდა გაიხსნას სრულფასოვანი კოლეჯები. თითქოს კანონში წერია, რომ მაღალი თანრიგის სპეციალისტებს ამზადებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც არსებობს ექთანს არ ამზადებს, ამზადებს ექთნის თანაშემწეებს, ექთანი ვინ უნდა მოამზადოს? ეს არ არის მოწესრიგებული”, – განუცხადა Dalma News-ს მანანა ნიკოლაიშვილმა.

რევაზ კარანაძე

“სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის” გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე დადებითად აფასებს მთავრობის მხრიდან მედმუშაკებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, თუმცა ქვეყნიდან ექთნების მასობრივი გადინების შესაჩერებლად ეს რეფორმა საკმარისად არ მიაჩნია. მისივე თქმით, ეს იქნება ოდნავი შვება რეგიონებისთვის, მაგრამ არა საკმარისი, იმისთვის, რომ  ექთნის პროფესია აღარ იყოს „გადაშენების” საფრთხის წინაშე.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება, ძნელი მისახვედრი არ იქნება, ვითარება რამდენად საგანგაშოა.

შორენა ქარჩავა