დღესდღეობით, მსოფლიოს დღის წესრიგის მთავარი თემა ენერგიის ალტერნატიული წყაროებია. ბევრი ქვეყანა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება ჩვეული ტიპის ენერგორესურსების – გაზის, ქვანახშირის და ნავთობის იმპორტზე, სწრაფად იღებენ განახლებადი ენერგიის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს.

აზერბაიჯანი, ნავთობისა და გაზის შთამბეჭდავი მარაგების მიუხედავად, სერიოზულად ცდილობს ენერგიის წარმოება „მწვანე“ წყაროებზე დაყრდნობით გაზარდოს. Dalma News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენერგეტიკის ექსპერტმა, ნავთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა – ილხამ შაბანმა აზერბაიჯანში ალტერნატიული ენერგიის პოტენციალი და მისი განვითარების პერსპექტივები შეაფასა.

ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების წილი (გეწ) ელექტროენერგიის წარმოებაში 2030 წლისთვის რესპუბლიკაში, დღევანდელი 6%-ის ნაცვლად, 30%-ს მიაღწევს.

«აზერბაიჯანში დღეს დადგენილი გეწ-ს სიმძლავრე 17%-ია, ხოლო წარმოება მთლიანი მოცულობით 6%-ს აღწევს. ამასთან, ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 95% ბუნებრივ აირზე მოდის. უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა დიდი რაოდენობით გაზს გამოათავისუფლებს», – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ელნურ სოლთანოვმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანში გეწ-ის განვითარების პოტენციალი 10 გიგავატია.

აზერბაიჯანის მთავრობის ამბიციური გეგმის განხორციელების პერსპექტივები ილჰამ შაბანმა შეაფასა.

“თუ არსებულ ვითარებას ფხიზელი თვალით შევაფასებთ და ვიტყვით, რომ აზერბაიჯანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების ბაზარი სწრაფად ვითარდება და ფანტასტიკური შედეგებით შეგვიძლია დავიკვეხოთ , ეს სიმართლე არ იქნება. ქვეყანაში ვითარება თანდათან იცვლება და განახლებადი ენერგიის წილი სახელმწიფოს ენერგეტიკულ ბალანსში იზრდება, მაგრამ ამ მიმართულებით ბრწყინვალე შედეგებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. 2022 წლის 10 თვის განმავლობაში ჰიდროელექტროენერგიის, მზის და ქარის ენერგიისგან მიღებული განახლებადი ენერგიის წყაროების წილი, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოების 6% შეადგინა. რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო განახლებადი ენერგიის წყაროების წილის, 2030 წლისთვის მინიმუმ 30%-მდე, გაზრდას გეგმავს, აქ აუცილებელია მცირე განმარტების გაკეთება. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების მოცულობა შვიდ წელიწადში 30%-მდე გაიზრდება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის საპროექტო სიმძლავრე რესპუბლიკის მასშტაბით რამდენჯერმე გაიზრდება.

დღეისათვის აზერბაიჯანის ენერგოსისტემის სიმძლავრე 7,5 ათას მეგავატს აჭარბებს. 2030 წლისთვის იგეგმება სიმძლავრის 10 ათას მეგავატამდე გაზრდა, საიდანაც მესამედი ალტერნატიული ენერგიის წილზე მოდის. მაგალითად, ამჟამად ახალი ჰიდროელექტროსადგურის აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მინგაჩევირის ჰიდროელექტროსადგურის შემდეგ სიდიდით მეორე იქნება. მთავრობის გეგმების მიხედვით, ახალი ჰესი ექსპლუატაციაში მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში შევა. გარდა ამისა, დაგეგმილია ყარაბაღის რეგიონში მცირე ჰიდროელექტროსადგურების და 320 მგვტ სიმძლავრის დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. დღეისათვის იქ სამი ჰიდროელექტროსადგური უკვე ამოქმედდა”, – ამბობს ილჰამ შაბანი.

ილჰამ შაბან

მისივე თქმით, ამჟამად ბაქოს მახლობლად საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად ორი მსხვილი პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო საპროექტო სიმძლავრე 430 მეგავატი იქნება. 2022 წლის მარტში, გარადაღის 230 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მოეწყო. აღნიშნულ ენერგეტიკულ პროექტს კომპანია Masdar (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ახორციელებს.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხელისუფლება სერიოზულად არის განწყობილი ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკის განვითარებაზე და ამისთვის იყენებს არა მხოლოდ სახელმწიფო სახსრებს, არამედ კერძო კაპიტალსაც იზიდავს. თუმცა, ერთი ხელის მოსმით ტრადიციული ენერგიის წყაროებს ვერ ჩამოწერ და ეკოლოგიურად სუფთა წყაროებზე ვერ გადახვალ. თუმცა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების აუცილებლობის მზაობაა და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს”, – დასძინა შაბანმა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აფერხებს გეწ-ის სწრაფ განვითარებას, არის ფასები. საქმე იმაშია, რომ ასეთი ელექტროენერგიის თვითღირებულება, ენერგიის ტრადიციულ წყაროებით ან შედარებით, უფრო მაღალია. თუმცა, ექსპერტების აზრით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მწვანე ენერგია თანდათან კონკურენტუნარიანი ხდება.

“ჩვეულებრივ, ალტერნატიული ენერგიის თვითღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ტრადიციული ენერგიისა. თუმცა, რამდენად განსხვავებულია ფასები აზერბაიჯანში, უცნობია. სამწუხაროდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანა ელექტროენერგიას ალტერნატიული წყაროებიდან გამოიმუშავებს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა აზერბაიჯანში ამ დროის განმავლობაში მწვანე ენერგიის თვითღირებულება არ გაჟღერებულა. მეორე მხრივ, ხუთი წლის წინ, 1000 მეგავატი სიმძლავრის ბუნებრივი აირის თბოელექტროსადგურების მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ამავდროულად, მსგავსი სიმძლავრის მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ღირებულება 1,5-1,7 მილიარდ დოლარად შეფასდა. თუმცა, ახლა, მაგალითად, ქარის ტურბინის მშენებლობა თითქმის იგივე ინვესტიციებს მოითხოვს, რასაც – თბოელექტროსადგური. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია საბოლოო პროდუქციის ფასების ფორმირებაში. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც განახლებადი ენერგიის წყაროების მიმზიდველობას გაზრდის”, – განაცხადა ილჰამ შაბანმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ამჟამინდელი ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია 3000 მეგავატად. თუმცა, მომავალში ეს სიმძლავრე 8 გიგავატამდე გაიზრდება. გარდა ამისა, ქვეყანაში მზის ენერგიის პოტენციალი 23 000 მეგავატად არის შეფასებული, ხოლო ბიოენერგია – 380 მგვტ.. ამჟამად უწყება მოლაპარაკებებს აწარმოებს ვიეტნამთან მწვანე ენერგიის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერად ჩინეთი რჩება, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 3,34-ჯერად ზრდას მიაღწია. IEA-ს პროგნოზების მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩინეთის სასარგებლოდ 40% -იანი ზრდა დაფიქსირდება.

აისელ მამედოვა