საოფისე დრეს-კოდი საქართველოში აქტუალობას პერიოდულად იძენს. ზოგისთვის ჩაცმის წესების დაცვა ადამიანის ინდივიდუალიზმისა და თავისუფლების შეზღუდვაა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ჩაცმა ერთგვარი კულტურაა, რომელიც თუ არ გაქვს უნდა შეიძინო. სწორად შერჩეული სამოსი სანახევროდ გაკეთებული საქმეა. ქართველ ტელემაყურებელს კარგად ახსოვს ერთ-ერთი ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში მომხდარი კურიოზი, როდესაც ძველი თაობის ცნობილი მსახიობი ქალი აღაშფოთა გადაცემის წამყვანის ჩაცმულობამ, – მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით და პერანგით რატომ მოხვედითო?

ტერმინი “დრეს-კოდი” დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, მაგრამ მალევე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, გამოიყენება სამოსში რეგლამენტის აღსანიშნავად, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის კუთვნილებას გარკვეული პროფესიულ ჯგუფებთან. კომპანიის დრეს-კოდი მიიჩნევა კორპორატიული კულტურის გაგრძელებად და მისი ბრენდის მნიშვნელოვან ნაწილად. ის, თუ როგორ გამოიყურება თანამშრომელი, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიენტის ნდობის მოპოვების თვალსაზრისით და ერთგვარი პატივისცემის დემონსტრირებაა საქმიანი პარტნიორებისა და კლიენტების მიმართ. თანამშრომლის სამოსის დეტალები შესაძლოა სამუშაო კონტრაქტშიც კი ჩაიწეროს და მისი დარღვევისთვის სანქციები განისაზღვროს.

ადამიანების ჩაცმულობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქმიან შეხვედრებზე, რომლის წარმატებაზეც შესაძლოა სწორედ ამ ფაქტორმა იქონიოს გავლენა. დაუშვებელია სამსახურში “შორტის”, დეკოლტე კაბის, შლოპანცებისა და მისი მსგავსი ფეხსაცმლის ჩაცმა და სხვა.

რამდენად სცემენ დრეს-კოდს პატივს საქართველოში და ირღვევა თუ არა ეს დაუწერელი კანონი ჩვენს ყოველდღიურობაში?

საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დრეს-კოდი არ არსებობს, რაც ძალიან ცუდია. ფუნქციონერს განსაკუთრებულად მოეთხოვება სწორად ჩაცმა, სამოსი არ უნდა იყოს არც გამომწვევი, არც ზედმეტად მკაცრი. საფრანგეთში ჩაცმის ნორმა მკაცრად არის განსაზღვრული ჟურნალისტებისთვისაც. ტელე-წამყვანმა მაყურებელში არ უნდა გამოიწვიოს უარყოფითი ემოცია, ის არ უნდა იყოს სექსუალურად გამომწვევი, ან ჰიტურად ჩაცმული. მან უნდა იცოდეს, რომ ეკრანიდან მიმართავს საზოგადოებას და არ იმყოფებოდა მეგობრებთან დისკოტეკაზე. დრეს-კოდი მოქმედებს გასართობი გადაცემის წამყვანებისთვისაც. ისინი არ უნდა იყვნენ ზედმეტად გამომწვევი, წარმოიდგინეთ და წითელი ტუჩსაცხი და დიდი ზომის საყურეებიც კი ეკრძალებათ.

გიორგი ფოფხაძე საფრანგეთში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს, ამბობს, რომ დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს პიჯაკის ჩაცმა, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია ლექციაზე შესვლა. ეს არის ეტიკეტი, დრეს-კოდი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას.

“სტუდენტს ვერ მივცემ შენიშვნას, თუ მე მასზე უარესად გამოვიყურები. კომუნიკაციის სახელმძღვანელოში პირდაპირ წერია, – იმისთვის, რომ ადვილად დავამყაროთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია, შენს წინ მყოფი ადამიანისთვის უნდა იყო მისაბაძი მაგალითი. ლექტორი არ უნდა გამოიყურებოდეს ისე, რომ სტუდენტში უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. ჩვენი გონების 90% ემოციებზეა დაფუძნებული”, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

ბატონი გიორგის მეუღლეც ფუნქციონერია და სამსახურში მკაცრად განსაზღვრული სამოსით დადის: ლურჯი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და ცოტათი მუხლს ზემოთ, ან მუხლს ქვემოთ კაბით. ფრანგული დრეს-კოდის თანახმად, ფუნქციონერთან ურთიერთობით მოქალაქეს არ უნდა შეექმნას განწყობა, რომ სოციალური საფეხურით მასზე მაღლა მდგომ, ან დაბალი რანგის ადამიანს ესაუბრება.

“სახელმწიფომ ასეთი წესები პირველ რიგში უნდა შემოიტანოს. ევროპარლამენტარი მამაკაცების 98% ერთი ფერის პიჯაკში გამოწყობილი დადის. მათ მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, აუცილებლად ითვალისწინებენ იმ დრეს-კოდს, რაც იქ არის მიღებული. სამწუხაროდ საქართველოში ამას ვერ ვხედავ”, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

მისი შეფასებით, მოსაზრება, რომ ჩაცმულობა ადამიანის შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელია არასწორია.

“საფრანგეთი ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა, მაგრამ, იქ ყველა სკოლას, განსაკუთრებით კერძო სკოლებს თავიანთი უნიფორმა აქვთ, რომელზეც სკოლის ლოგოა ამოტვიფრული და მისი ტარება სავალდებულოა. მშობლები დიდ თანხას ვიხდი ამაში, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. შეიძლება წელიწადში ორჯერ მოგვიწიოს სკოლის ფორმის ყიდვა, რადგან ბავშვი იზრდება. დრეს-კოდი ასე თუ ისე წესრიგისკენ გიბიძგებს. სამხედრომოსამსახურეებსა და პოლიციელებსაც მივცეთ მაშინ უფლება, რაც უნდათ ის ჩაიცვან”, – აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამშრომლების იმიჯის მოწესრიგებაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ იზრუნა და მათ სპეციალური დრეს-კოდი დაუწესა. გამგებლის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში მითითებულია ის ძირითადი ნორმები, რომელიც გამგეობის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან: ჩაცმის საქმიან სტილი, მოწესრიგებულ იერსახე, საქმიანი გარემოსა და ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაფერი სამოსი. სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის ან ქვედაბოლოს, პერანგის და პიჯაკის ჩაცმა. დაუშვებელია სამსახურში სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბით თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონრის მქონე სამოსით გამოცხადება.

გამგებლის ნორმატივებს სოციალურ ქსელში დისკუსია მოჰყვა, თუმცა, გამოხმაურება უმეტესად დადებითი იყო.

როგორ რეგულირდებოდა ეს საკითხი სახელმწიფო უწყებებში, საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და მის შემდგომ წლებში?

როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ განუცხადა, საქართველოში სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ჩაცმის საკითხი არასდროს ყოფილა კანონით დარეგულირებული, თუმცა, არსებობდა სიტყვიერი გაფრთხილება. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე ჩიკვაიძის მინისტრობისას, ყველა გაფრთხილებული იყო დრეს-კოდთან დაკავშირებით. მამაკაცებს უნდა ცმოდათ მუქი ფერის პიჯაკები, ჰალსტუხი, ღია ფერის პერანგი და შავი ფეხსაცმელი.

ანალოგიური მდგომარეობა იყო პრეზიდენტის კანცელარიაშიც, სადაც მოუწესრიგებელი თანამშრომელი აუცილებლად მიიღებდა შენიშვნას გამომწვევი ჩაცმულობის გამო. თუმცა, ჟურნალისტები, პრეზიდენტის ტრადიციულ ბრიფინგებს, მაშინაც ზედმეტად თამამი ჩაცმულობით ესწრებოდნენ, რაც არც თუ სასიამოვნო სანახაობა იყო.

პეტრე მამრაძის თქმით, ყველაფერი აირია ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მინისტრის თანამდებობისთვის ქალბატონებს გარეგნობისა და ჩაცმის სტილის მიხედვით არჩევდა. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ერთ-ერთ ფაქტს იხსენებს.

“ერთმა ცნობილმა, უცხოელმა დიპლომატმა გაოგნებულმა მითხრა, – პრეზიდენტის სასახლეში შევედი, უცებ გაიარა ორმა ქალმა და პრეზიდენტის კაბინეტში შევიდნენ. მათი ჩაცმულობისა და ქცევის მიხედვით ვიფიქრე, რომ მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალები იყვნენ. მე ფეხზე ვიდექი და ველოდებოდი, როდის მიმიღებდა სააკაშვილი. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ერთი მინისტრი იყო, მეორე კი მისი და. ვერ დავიჯერე, როცა მითხრესო”, – იხსენებს პეტრე მამრაძე.

ექსპერტის თქმით, ცალკე თემაა ის ლექსიკა, რომელსაც ექსპრეზიდენტის მთავრობის წევრები საუბრობდნენ. ერთი შეხედვით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებაში პროგრესული ახალგაზრდების თაობა უნდა მოსულიყო და დანგრეულიყო ძველი, ბიუროკრატიული წყობა, მაგრამ რეალობა, კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. დრეს-კოდს აღარავინ ცნობდა.

“ერთხელ, უცხოელ ინვესტორთა ჯგუფი იყო ჩამოსული და მათ თქვეს, – ეკონომიკის სამინისტროში მშვენიერი გოგოცუნები დახტიან და დარბიან სუპერ მინი კაბებში, მაგრამ ერთი კაცი ვერ ვნახეთ, საქმეზე რომ გვესაუბრა. ასე მოხიბლულები ვართო”, – ამბობს პეტრე მამრაძე და ამერიკაში 25 წლის წინანდელი ვიზიტის პირველ შთაბეჭდილებს იხსენებს, სადაც დრეს-კოდს მკაცრად იცავენ.

“ამ პროგრესული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მკაცრ სტილზე ჩაცმული ქალები მუშაობენ, სამოსში დომინირებს ლურჯი. ზამთარ-ზაფხულ ფეხზე ლურჯი „კოლგოტი“ აცვიათ, ყველას ჰალსტუხი უკეთიათ. დიპლომატიურ სამსახურში მუნდირებიც კი აცვიათ ხოლმე. ევროპაშიც ვყოფილვარ და ყველგან მოგვარებულია ეს საკითხი. სახელმწიფო სამსახურის საქმეში არა მარტო ლექსიკა და მანერები, არამედ დრეს-კოდიც შედის”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

მართალია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში დრეს-პოდიუმები ერთგვარად შეწყდა, მაგრამ საკითხი მაინც მოუგვარებელია. აქ უკვე პრობლემა განათლებასა და შინაგანი კულტურის დეფიციტშია, ასეთ დროს კი არსებობს კანონი, დაწერილი თუ დაუწერელი, თუმცა, როგორც ხალხში ხუმრობენ – კანონი იმისთვის არსებობს რომ დაარღვიო.

შორენა პაპაშვილი