“დასავლეთი დაგვეხმარება”, ანუ სომხური პოლიტიკის ოსტაპ ბენდერი

რამდენიმე დღის წინათ, ცნობილმა სომეხმა ოპოზიციონერმა, კინორეჟისორმა ტიგრან ხზმალიანმა, ახალი საზოგადოებრივ – პოლიტიკური ინიციატივა “სომხეთის ევროპული არჩევანის” შექმნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. “დარწმუნებულები ვართ ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ცივილიზაციასთან”, – განაცხადა მან თავის ვიდეომიმართვაში.

აღნიშნული ინიციატივა იმ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიგში უნდა ჩაეწეროს, რომლებიც სომხეთის ევროინტეგრაციისთვის იბრძვიან. თავად ხზმალიანს მიაჩნია, რომ სომხეთში ძალიან ცოტაა ასეთი ორგანიზაცია, დანარჩენი კი ხელისუფლებასთან ერთად რუსული სპეცსამსახურების ინიციატივას ემსახურებიან.

თუმცა საინტერესოა არა ხზმალიანის პროგნოზები, რომ რუსეთს ამ საუკუნეში უკვე მესამედ ემუქრება დაშლა, არამედ ხზმალიანის და მისი თანამოაზრეების ხედვა სომხეთის მომავალთან და რესპუბლიკის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. “დარწმუნებულები ვართ, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სომხეთის არსებობის, განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების და კულტურის, ასევე ადამიანის და ხალხის უფლებების, ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების შენარჩუნება, მხოლოდ ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შემთხვევაშია შესაძლებელი”, – ამბობს კინორეჟისორი.

ის, თუ როგორ დაეხმარა ევროინტეგრაციის კურსი ქვეყანას ეკონომიკური განვითარების და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კარგად ჩანს ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის – უკრაინის მაგალითზე, რომლის ინტერესების დამცველებად ხზმალიანი და მისი მეგობრები გამოდიან. ამგვარ მოქმედებას კი ისინი სომხეთში ანტირუსული ბრძოლის კიდევ ერთ ფრონტად განიხილავენ.

უკრაინა “მაიდანის” გამარჯვების პირველივე დღეებში აშშ-ს და ევროკავშირისგან გულუხვ დაპირებებს ღებულობდა, თუმცა პრაქტიკულად დღემდე არაფერი მიუღია. უკრაინის ეკონომიკაში მრავალმილიონიანი ინვესტიციების ნაცვლად კიევმა მინიმალური დახმარება მიიღო, რაც მხოლოდ იმისათის იყო გამიზნული, რომ ქვეყანა სრული კრახისგან დაეცვათ. არადა უკრაინის ხელისუფლებაში იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შედეგად მიყენებულ ზარალს, უცხოური ინვესტიციებით აანაზღაურებდა.

ამგვარად, უკრაინელი ექსპერტები, რომლებისთვისაც ევროპული ბაზარი თითქოსდა ღია იყო, მიხვდნენ, რომ მათ წინაშე სულ სხვა ბარიერები აღიმართა და რომ ეშმაკი დეტალებშია ჩამალული, როგორიცაა მაგალითად, მცირედი კვოტები, უკრაინული პროდუქციის ევროსტანდარტებთან შეუსაბამობა და ა.შ.

აღარაფერს ვამბობთ კორუფციასთან (ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტრადიციული პრობლემა) ბრძოლაზე, რაც “მაიდანზე” გამოცხადებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. თუმცა ხელისუფლებაში მოსულ, ევროინტეგრაციის მომხრე ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლის უფრო საინტერესო გამოცდილება მოლდოვას აქვს, სადაც პროევროპულმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის ბანკებიდან მილიარდი აშშ. დოლარი (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%) გაიტაცეს. აშშ და ევროკავშირი კი, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არ მოსულიყვნენ, რესპუბლიკის უმსხვილესი ოლიგარქის ვლადიმერ პლახოტნიუკის მხრიდან ხელისუფლების ფაქტობრივ უზურპაციას დათანხმდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ხზმალიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის ყველა პრობლემის მოგვარების რეცეპტი ევროკავშირსა და ნატოშია. უკვდავ ნაწარმოებში “12 სკამი” პრობლემების მოგვარების ასეთივე მეთოდი “ხმლის და ყვირილის კავშირის” წევრმა ოსტაპ ბენდერმა გაახმაურა და ირწმუნებოდა, – დასავლეთი დაგვეხმარებაიო.

ხზმალიანის და მისი მომხრეების პოზიციაში ყველაზე სამწუხარო გადაჭარბებული რუსოფობია და სომხეთის “რუსული ფორპოსტის” ანტირუსულად გადაქცევა კი არ არის, არამედ პოლიტიკური რეალიების მისებური გაგება, რაც ყველაზე უკეთ აზერბაიჯანული საიტის Haqqin.az-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოჩნდა. საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს სომეხი ოპოზიციონერი, რომელიც სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობს და სომხურ ფობიურ საიტზე, კორუფციაში ჩაფლული, არასასურველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევების პროპაგანდას ეწევა.

ახალი პოლიტიკური ძალის ანონსში ყველაზე სამწუხარო მისი ერთ-ერთი ლიდერის სომეხი ხალხისადმი უნდობლობა იყო, რაც ხზმალიანის პირველი სომხური რესპუბლიკისადმი მიძღვნილი სიტყვებიდან გამოჩნდა: “დაახლოებით 100 წლის წინათ, ევროპული სახელმწიფოების და აშშ-ს, ერთა ლიგის ინიციატივისა და გარანტიების წყალობით, სომხეთის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა”. ანუ ხზმალიანის ლოგიკის მიხედვით, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნა სარდარაპატთან, ბაშ-აპარანთან და კარაკილისთან სომეხი ერის გმირობის შედეგია, არამედ დასავლეთის დედაქალაქებში მცხოვრები კეთილი ბიძების.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის ქრონიკულ ისტორიულ პრობლემას: ქვეყანაში არსებული პრობლემები მოაგვაროს გარეშე ძალების დახმარებით, რომლებიც თავიანთ პოლიტიკაში ყოველთვის საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და არა – სომხეთის. სამწუხაროდ, სომეხ პოლიტიკოსებს არ სურთ საკუთარი ისტორიიდან დასკვნების გაკეთება. ისტორია კი გვასწავლის, რომ გარე ძალების დახმარების იმედად ყოფნა ყოველთვის სახელმწიფოებრიობის დაკარგვით სრულდება და რომ შედარებით უფრო მეტ წარმატებას სომეხი მმართველები მაშინ აღწევდნენ, როდესაც საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებდნენ.

ხზმალიანის შემთხვევა, სომხეთში არსებულ სხვა ანტირუსული მოღვაწეებისგან განსხვავებით, ერთობ პარადოქსულია. იგი თითქოსდა აპროტესტებს ერთ ქვეყანაზე ზედმეტად დამოკიდებულებას. ამ პრობლემიდან გამოსავალს მეორე ქვეყნისადმი სრულ დამოკიდებულებაში ხედავს და მიაჩნია, რომ დასავლეთის დახმარებით შესაძლებელია თანამედროვე სომხეთისთვის დამახასიათებელი მანკიერებების – კორუფციის, არჩევნების ფალსიფიცირების დაძლევა. თუმცა, რატომღაც ავიწყდება, რომ კორუმპირებული სომხები თავიანთ ფულს დასავლეთში ინახავენ და არა – რუსეთში, რომელსაც ვითომდა ემსახურებიან.

საინტერესო სწორედ ის არის, რომ არავინ სვამს კითხვას: არ შეიძლება რუსეთთან კარგი ურთიერთობის, ძალთა სხვა ცენტრებთან კავშირისა და საკუთარი ინტერესების დაცვის ერთმანეთთან შეთანხმება? ყაზახეთის და ბელორუსის, რომლებიც სომხეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევრაზიულ კავშირში რუსეთის მოკავშირეები არიან, მაგალითზე – ეს სავსებით შესაძლებელია.

ასევე კითხვაზე: რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, ომის მდგომარეობაში მყოფი სომხეთი საიდან მოიტანს გაზისა და იარაღის საბაზრო ფასად შესყიდვის რესურსს, კონკრეტული პასუხის გაცემას თავს არიდებენ. ან საიდან უნდა მოიტანონ ახალი საექსპორტო ბაზარი სომხური ნაწარმისთვის?

უკრაინის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ევროპულ ბაზარზე შეღწევა ურთულესი პროცესია. “ხზმალიანელებს” ეტყობა არ ახსოვთ, რომ რეგიონში დასავლეთს მოკავშირე უკვე ჰყავს და ეს თურქეთია, რომელიც ნატოს და ევროკავშირთან საბაჟო კავშირის წევრია. როგორც მეზობელი საქართველოს, რომელიც ევროინტეგრაციის გზას მიჰყვება, მაგალითი აჩვენებს, ეს გზა თურქეთთან მჭიდრო, მათ შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობას და მის ინტერესებზე მორგებას გულისხმობს. სომხეთს კი თურქეთთან არა მხოლოდ რთული ისტორიული ურთიერთობები აქვს, არამედ ანკარა, ბაქოს სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე და “უფროსი ძმაა”.

რუსეთი და მისი ხელმძღვანელობა შეგიძლია გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს, მაგრამ ყველაზე დიდი სისულელეა, უგულებელყო სომხეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი რუსეთის ინტერესები და პოზიციები. ნებისმიერი პროსომხური პოლიტიკოსი იძულებულია, ასე თუ ისე მაინც ითანამშრომლოს რუსეთთან.

თუმცა, იგივე ეხება აშშ-ს და ძალთა სხვა მსოფლიო ცენტრსაც. სომხეთის პოლიტიკურ ველზე მგზნებარე რუსოფობების გარდა, მგზნებარე რუსოფილებიც არიან, რომლებიც სომხეთის პრობლემების მოგვარებას მხოლოდ მოსკოვს უკავშირებენ. ეს უკანასკნელნი დასავლეთში მხოლოდ “ცოდვის სავანეს” და არატრადიციული სექსუალური უმცირესობების, რომლებიც მთელს მსოფლიოში ცხოვრების გაუკუღმათებული წესის პროპაგანდას ეწევიან, “საბუდარს” ხედავენ და ავიწყდებათ, რომ ამ ეტაპზე დასავლეთი – არის მოწინავე ტექნოლოგიები, საერთაშორისო სტრუქტურებსა და ფინანსურ ორგანიზაციებზე კონტროლი.

მოამზადა აიკ ხალათიანმა