საქართველოში ბოლო ხანებში აქტიურად განიხილება ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პრაქტიკის აღდგენა.წლების წინ, ის კორუფციის წყაროდ მიიჩნიეს და გააუქმეს, ახლა კი ისევ ძველ საწყისს უბრუნდებიან და თან დასძენენ, რომ ის არ უნდა იქცეს მძღოლებისთვის ფულის გამოძალვის წყაროდ და სისტემა გამჭვირვალე უნდა იყოს.

საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისიანობაზე შემოწმების დაწესებაზე ქვეყნის მთავრობა ჯერ კიდევ 2 წლის წინ გეგმავდა. მაშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმედოვნებდნენ, რომ სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედება, ხელს შეუწყობდა ავტოპარკის განახლებას და მისთვის საჭირო საწყისი ინფორმაციის, იქნება ეს ავტომობილის ტიპი, ძრავის კუბატურა, გარბენი, მოძრაობის საშუალო სიჩქარე თუ სხვა, უზრუნველყოფას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით გაანგარიშება და დაბინძურების უფრო რეალური სურათის მიღება.

Vyhlopnye-gazy-v-malyh-kolichestvah_shutterstock_39382126როგორც ჩანს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა საქართველოში ყველა სერიოზულად დააფიქრა. ქვეყნის დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფული სისწრაფით იზრდება, რომლებიც ქვეითებისთვის განკუთვნილ ტროტუარებსაც კი იკავებენ. ყველა მხრიდან გაისმის პრეტენზიები, რომ ავტომობილმა ადამიანი განდევნა ქუჩიდან, მაგრამ რეალური გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.

მას შემდეგ რაც ქვეყნის მთავრობამ, ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერების შემოღების საჭიროებაზე დაიწყო საუბარი, იმატა უკმაყოფილოთა რიცხვმა. თანამედროვე სამყაროში ავტომობილი ფუფუნება კი არა, უკვე ყოველდღიური საჭიროებაა, საქართველოში კი ის ბევრისთვის, შემოსავლის წყაროა. სწორედ ამ ფაქტორებმა დააფიქრა ხელისუფლება და ტექ.დათვალიერების აღდგენაზე საუბარი 2017 წლამდე გადადო.

maxresdefaultორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” კი დროის დაკარგვას საჭიროდ არ მიიჩნევენ და პარლამენტს მიმართავენ, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, უკვე მიმდინარე, 2016 წლის შემოდგომიდან შემოიღონ. როგორც Dalma News-ს ორგანიზაციის იურისტმა მარიამ ფირცხალაიშვილმა განუმარტა, სატრანსპორტო საშუალებების მიერ ჰაერის დაბინძურების საგანგაშო ვითარება დიდი ხანია, კრიტიკულ ზღვარს გაცდა. კვლევები მიუთითებს, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყარო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

მისივე თქმით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში ცხადყოფს იმ რეალობას, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე, დროულად უნდა დაარეგულიროს მოსახლეობის წინაშე გარემოს დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები.

«საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ ადგილს იკავებს. შესაბამისად, მთავრობამ სატრანსპორტო პოლიტიკა და რეგულაციები უნდა გაამკაცროს, რადგანაც ქვეყანაში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი წილი, დღეს სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ტოქსიკური ნივთიერებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრობლემის გადაჭრა კი ერთიანად პასუხობს, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვის პრინციპებს», – აცხადებს იგი.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ტექნიკური კონტროლის არარსებობის გამო, ავტომობილების უმეტესობა გაუმართავია. ​საწვავის ხარისხისა და მისი ნორმების მარეგულირებელი ნორმების გამკაცრების მიუხედავად კი, რომლებიც 2012 წლიდან მოქმედებს, საავტომობილო საწვავსა დადიზელში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გოგირდის მასური წილი 25-30-ჯერ აღემატება ევროკავშირის სტანდარებით დადგენილ ნორმებს.

“ახალგაზრდა ადვოკატები” ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, სააქციზო გადასახადის არსებული სისტემის რეფორმირებით სტიმული მიეცეს შედარებით ნაკლები ხნოვანების და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, უფრო ეკონომიური ავტომობილების იმპორტი; დაიხვეწოს სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაციის სისტემა, რადგან ე.წ. საცობებში ავტომობილების ძრავი მაღალი გაფრქვევის რეჟიმში მუშაობს და იწვევს ემისიების ზრდას.

მათივე აზრით, საჭიროა, რიგი პრევენციული ღონისძიები დროულად გატარდეს, რადგან გარემოს დაბინძურების მხრივ მსგავსმა საგანგაშო მდგომარეობამ უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს საქართველოზე, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაზე და იგი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანათა სიაში არ მოხვდეს.

არაპოპულარული ნაბიჯი…

ogbaidze_shalva_0541საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, 2003-2004 წლებში ტექ.დათვალიერების გაუქმების ინიციატორი იყო და საამისო საკანონმდებლო ცვლილებაც კი მოამზადა. მისი აზრით, მაშინ ავტომობილის დათვალიერების ნაცვლად “ფულის კუპიურებს” ათვალიერებდნენ, ამით კი გაუმართავი ავტომობილებისგან მოსალოდნელი საფრთხე არ მცირდებოდა. დღეს კი არსებობს კორუფციისგან თავისუფალი საპატრულო პოლიცია და იმის მაგალითი, რომ თუ არსებობს სახელმწიფოებრივი ნება შეიქმნას კორუფციისგან თავისუფალი სეგმენტები, ეს შესაძლებელია.

«“ვერ დამისახელებთ შემთხვევას, რომ, პატრულმა მძღოლს ფული გამოსძალა. თუ მილიონში ერთი შემთხვევა მოხდა, ის ადგილზე იყო ლოკალიზებული. ან ავიღოთ მომსახურების სააგენტო. როგორ პირობებში ხდება მართვის მოწმობების გაცემა, სახელმწიფო ნომრების აღება, რეგისტრაცია. ვერ დამისახელებთ ფულის გამოძალვის ვერც ერთ შემთხვევას. სახელმწიფო თუ მოინდომებს, ეს სეგმენტები კორუფციისგან თავისუფალი იქნება», – მიაჩნია ოგბაიძეს.

საკრებულოს დეპუტატი მხარს უჭერს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას, მაგრამ მიაჩნია, რომ 2016 წლის შემოდგომის არჩევნებამდე მას არც პარლამენტი და არც მთავრობა არ მიუბრუნდება, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ეს მეტად არაპოპულარული ნაბიჯი იქნება და ამომრჩეველთა ხმებს დაკარგავენ.

«ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს ოქტომბრიდან შემოიღონ ტექდათვალიერება. შემიძლია ვივარაუდო, რომ სექტემბრიდან ამ თემას პატრონი არ ეყოლება, უნდა დაველოდოთ არჩევნებს. მთელი 4 წლის განმავლობაში ამ საკითხში საქართველოს პარლამენტი არც ერთი ნაბიჯით წინ არ წაწეულა. იყო მხოლოდ საუბარი და ბოლო 3 წელიწადში უფრო დამძიმდა ვითარება, უფრო გადაბერებული ავტოპარკი გვაქვს და მეტი ადამიანი იღუპება ჩვენს გზებზე და მეტი ავადდება ავტომობილის გამონაბოლქვით», – აცხადებს ოგბაიძე.

იგი მართვის მოწმობის ხელმისაწვდომობასაც აპროტესტებს და მიაჩნია, რომ საქართველოში მისი გაცემა ძალიან მარტივად ხდება. მთავარია გამოსაცდელმა ავტომობილის დაძვრა და გაჩერება იცოდეს.

view_4051jorjoliani_giaსაქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, მხარს უჭერს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების აღდგენას, თუმცა მიაჩნია, რომ ის მძღოლებს მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება დღეს სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის, გარდა ამისა, არსებობს უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნის აუცილებლობაც, ამდენად გარკვეული დოზით და ფორმით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ის ტრანსპორტი, რომელიც დედაქალაქში მოძრაობს იყოს უსაფრთხო და არ დააბინძუროს ჰაერი.

მისივე თქმით, ყველა ეს საკითხი სერიოზულ განხილვას საჭიროებს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი კორუფციის წყაროს შექმნის შესაძლებლობა.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ შალვა ოგბაიძეს კი მიაჩნია, რომ ამ საკითხზე საუბრისას მედიის წარმომადგენლებმა კითხვა შემდეგნაირად უნდა დასვან: უნდა გაგრძელდეს, თუ არა ყოველ წელს, დაახლოებით 10-12 ათასი ახალი მიმართვა ონკოლოგიურ საავადმყოფოებში? საქართველო კვლავაც უნდა იკავებდეს თუ არა “ლიდერის” პოზიციებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამონაბოლქვის გამო, წელიწადში 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება? უნდა გაგრძელდეს თუ არა, ნულიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების ზრდის ტენდენცია?

როგორც Dalma News-ს შალვა ოგბაიძემ განუცხადა, მისთვის მიუღებელია მოსაზრებას, რომ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შემოღება სოციალურად დაუცველ ფენას დააწვება ტვირთად ​და მიაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც შეუძლია 7-8 ათას აშშ დოლარად ავტომობილის შეძენა, ის სოციალურად დაუცველი არ არის.

«სოციალურად დაუცველად მიმაჩნია ადამიანი, რომელსაც ლუკმის მიმწოდებელი არავინ ჰყავს და მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოების შემოწირულობასა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ სოციალურ პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ავტომობილი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანებისთვის და გარემოსთვის. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით საუბარია მუხრუჭების, სანათი ხელსაწყოების, სავალი ნაწილების გამართულ მუშაობაზე, რომ გაზის სისტემაზე გადაყვანისას, ავტომობილი არ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში», – აცხადებს შალვა ოგბაიძე.

მისივე განმარტებით, 2003-2004 წლებში, როდესაც მისი უშუალო ინიციატივით გაუქმდა ტექდათვალიერება, ის ნამდვილად წარმოადგენდა კორუფციის წყაროს და ავტომობილების დათვალიერების ნაცვლად, “ფულის კუპიურების დათვალიერება მიმდინარეობდა”.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ასევე უნდა იზრუნოს ავტომობილების პარკის გაახალგაზრდავებაზე. ამის კარგი მაგალითია, ელექტრომობილების საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება. ასევე, საავტომობილო ფედერაციის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება, რომლის თანახმადაც ნულიდან ერთ წლამდე ჰიბრიდული ავტომობილები პირველი მაისიდან ნახევარი განაკვეთით იბეგრება, ვიდრე ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე.

მისივე თქმით, დღეს მოქმედი განბაჟების სისტემა, თანაბარ პირობებში აყენებს ეკოლოგიურად სუფთა და საშიშ ავტომობილებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მომავალმა პარლამენტმა ამ საკითხებზე იმსჯელოს. იგი მთავრობას აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებასაც ურჩევს, სადაც ავტომობილები ასაკის მიხედვით კლასიფიცირდება. მაგალითად აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე აკრძალა ასაკოვანი ავტომობილების, კერძოდ, 2006-2005 წლის ბოლომდე გამოშვებულებზე ასაკოვანის თავის ტერიტორიაზე შეყვანა. განბაჟების სისტემა, კი რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს თანაბარ პირობებში აყენებს ეკოლოგიურად სუფთა და საშიშ ავტომობილებს. ავტომობილი რომელიც უფრო მეტ გამონაბოლქვს გამოტყორცნის მეტად უნდა დაიბეგროს.

რა ბედი ეწევათ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს?

საქართველოს მთავრობის 2016 წლის აპრილის დადგენილების თანახმად, 2017 წლიდან დაიწყება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებაც და ის 6 ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, 24 წელზე ძველი ავტომობილები მომავალი წლის იანვრამდე უნდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ასაკი იმ დროისთვის 20-23 წელი იქნება 2017 წლის ივნისამდე უნდა შემოწმდეს. დანარჩენი ეტაპების მიხედვით, 17-18 წლის და უფრო ახალი გამოშვებული ავტომობილები შემოწმებას 2018 და 2019 წლებში გაივლიან.

12834963_1149388655085118_1132829891_n-640x381-1არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმ დრომდე ამუშავდეს სისტემა, რომ შესაბამისი ინსტიტუტები, კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ამას, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ავტომობილების შემოწმების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შეიქმნას კონკურენტული გარემო, რათა შემოწმების პროცესის ფასი არ იყოს მაღალი.

ZSjhzrQl_W0​მისივე თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გაზის ბალონების ჩამონტაჟება, ბუნებრივი აირის ჩატუმბვა, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ფირნიშის ბარათების გაცემა, ყოველგვარი სტანდარტისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ხდება. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც.

«ქვეყანაში მილიონ ასი ათასამდე ავტომობილია, ამათგან 350000 ოც წელზე მეტი ხნისაა. იმის გამო, რომ არ არსებობს ავტომობილების ტექნიკური შემოწმება, არც ზუსტი სტატისტიკა გვაქვს, თუ რამდენი ავტომობილია გაზზე გადაყვანილი. სავარაუდოდ ეს რიცხვი 150-200 ათასამდეა, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს», – აცხადებს გელა კვაშილავა.

მისივე თქმით, თბილისში ბუნებრივ აირზე მომუშავე დაახლოებით 80000 ავტომობილი მოძრაობს და მათი უმეტესობა არ არის შემოწმებული. ნორმების დაუცველობის შედეგია უბედური შემთხვევები, რომლებიც რამდენჯერმე მსხვერპლით დასრულდა.

«ბალონის ყიდვა, მისი ჩამონტაჟება, ფირნიშის გაცემა, გაზის ჩატუმბვა, შემოწმების გავლა, ეს მთლიანი პროცესია. დღესდღეობით კი ამ პროცესის ფაქტობრივად არცერთი ელემენტი არ ჯდება ნორმაში, სწორედ ამის გამო არსებობს რისკი. ნორმების დაუცველობის გამო არა ერთი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. ავტომობილი აფეთქდა, იყო მსხვერპლიც. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი დაიწყოს და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდეს», – მიაჩნია კვაშილავას.

ერთი შეხედვით, პრობლემა არ არის მხოლოდ მთავრობის ინტერესებში, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო არ არის ისეთი ინდუსტრიული ქვეყანა, სადაც ავტომობილების გამონაბოლქვს უზარმაზარი ფაბრიკა-ქარხნების ბოლიც ემატება და მოსახლეობა იწამლება. არჩევნებამდე, რამდენიმე თქვე დარჩა, ვნახოთ რას მოიმოქმედებს ახალი პარლამენტი, თუ ისიც უკვე აპრობირებულ გზას აირჩევს, – რეალობას მოწყვეტილი ლაპარაკი, თუ რეალიზებული გადაწყვეტილებები.

შ. ქარჩავა Dalma News-თვის