“საქართველოს რკინიგზა” ზაფხულის სეზონისთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის შემდეგ, ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალი 40 მლნ ევროს ღირებულების პირველმა, ორსართულიანმა მატარებელმა დატესტა.

ატარებლების საკმაოდ დაბალ ფასად შეძენას ხელი საბაზრო კონიუნკტურამ შეუწყო. ეს მატარებლები რუსული კომპანია “აეროექსპრეს”-ისათვის დამზადდა და სრულად მოხდა მათი ადაპტაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნების პირობებში. რუსული რუბლის მასშტაბური დევალვაციის გამო “აეროექსპრეს”-მა თითქმის ორჯერ შეამცირა თავისი შეკვეთა ბელორუსში აწყობილი “შვეიცარიული ელექტრო მატარებლების” შეძენაზე. ამიტომაც 9 მატარებელი დროებით მყიდველის გარეშე დარჩა.

image1фთბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით, შვეიცარული წარმოების «Stadler Bussnang AG»-ის ფირმის 4 მატარებელი შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, ორსართულიანი მატარებლის შემოყვანა, მგზავრების სიმრავლის გამო გადაწყვიტეს. ახალი მატარებლით 530-მდე მგზავრზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე მოწყობილობით. აქვს ევროპული სტანდარტის ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემა.

გარდა ამისა, ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე, კერძოდ, ახალ მატარებელში იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები და სველი წერტილები, ხოლო საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისთვის საჭირო სპეციალური მაგიდა. მატარებლის დიზაინზე ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ ერთობლივად იმუშავეს და ერთობ საინტერესო შედეგი მიიღეს. ახალი, ორსართულიანი მატარებლით რეისები, სავარაუდოდ ივლისის ბოლოდან განხორციელდება. ბილეთის ღირებულებას რაც შეეხება, როგორც რკინიგზაში ირწმუნებიან, თანამედროვე მატარებლით მომსახურება ბილეთის ფასზე არ აისახება და შესაბამისად მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.

collage6როგორც ყველა ახალ წამოწყებას, სკანდალი Stadler Kiss-ის გამოჩენასაც მოჰყვა, უფრო სწორად, სკანდალი მატარებლის შემოყვანამდე ატყდა. სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა, ამ თემას საგანგებო პრესკონფერენციაც კი მიუძღვნა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ამცნო, რომ “საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილი “შტადლერის” ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, საქართველოში არსებულ არც ერთ გვირაბში არ ეტევა და რომ ინფრასტრუქტურის შესაბამისობაზე მოკვლევა რკინიგზაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხელშეკრულება გაფორმდა და შვეიცარულ მხარეს ავანსი გადაურიცხეს. გივი კუბლაშვილი ირწმუნებოდა, რომ წიფის გვირაბში ერთდროულად ორი მატარებელი ვერ გაივლიდა და მათი სიჩქარე არა უმეტეს 40 კმ/ საათი უნდა ყოფილიყო.

სამოქალაქო პლატფორმაში იმასაც ამბობდნენ, რომ მატარებლები რუსეთის ფედერაციის, “დომოდედოვოს” აეროპორტიდან მგზავრების მოსკოვის ცენტრამდე ტრანსპორტირებისთვის იყო დამზადებული და რადგან რუსეთმა საჭირო თანხა ვერ გადაიხადა, დამზადებული 8 მატარებლიდან 4 საქართველომ წამოიყვანა, 4 კი – აზერბაიჯანმაო.

217164605ამ ამბავს კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში მოჰყვა, საიდანაც ხელისუფლების მიმართ არაერთი კრიტიკა გაისმა. ნეგატიური ტალღა ვერც “საქართველოს რკინიგზის” მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა დააცხრო, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებოდნენ, “შტადლერის” მატარებლები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს და ჩვენთან მოქმედ გაბარიტებს აკმაყოფილებსო. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ, ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრი, სიგანე 3400 მმ, სიმაღლე კი 5240 მმ-იაო. ასე იყო თუ ისე, ბოლოს და ბოლოს პირველი მატარებელი ჩამოიყვანეს და სოციალურ ქსელში წიფის გვირაბში გადაღებული ფოტოებიც გამოფინეს. «Stadler»-მა საქართველოს ყველა ზღვისპირა კურორტის რკინიგზის სადგური მოინახულა.

როგორც Dalma News-ს “საქართველოს რკინიგზაში” განუმარტეს, «Stadler»-ის მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს. ქართული რკინიგზის განვითარებისთვის კი ახალი ეტაპი და მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებელზე მოემსახურება, გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის.

წიფის გვირაბს რაც შეეხება…

1890 წელს ექსპლუატაციაში შესვლიდან, 1972 წლამდე, წიფის გვირაბი განკუთვნილი იყო ერთლიანდაგიანი სარკინიგზო მოძრაობისთვის. 1972 წლიდან კი გვირაბს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მეორე ლიანდაგი დაემატა. გვირაბის კონფიგურაციიდან გამომდინარე, რეკონსტრუქციის შემდეგ, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ელექტრომატარებლები გვირაბში ერთმანეთს არ ხვდებიან და გამონაკლისი არც «Stadler»-ის მატარებელი იქნება. სიჩქარეს რაც შეეხება, რთული რელიეფის და მცირე რადიუსის მრუდების გათვალისწინებით, უღელტეხილის მთელ უბანზე ყველა სამგზავრო მატარებლისთვის ის 50 კმ/სთ-ია.

ტრანს-კასპიური დერეფანი და რკინიგზის მოდერნიზაცია…

მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გამტარუნარიანობის გაზრდისა და მგზავრობის დროის შემცირების მიზნითა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის ერთ-ერთი მასშტაბურია თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქცია. სადგურ მოლითთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გვირაბში, 1 115-მეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონ ტონას შეადგენს, პროექტის დასრულების შემდეგ კი 48 მილიონ ტონიდან 100 მილიონ ტონამდე გაზრდის იმედი აქვთ.

image5

როგორც “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი სს “საქართველოს რკინიგზას” 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაუჯდება, რასაც ევროფონდებიდან მოზიდული სახსრებითა და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს. მისივე ინფორმაციით, პროექტი 2019 წელს დასრულდება, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას.

თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოებს. სამუშაოების ზედამხედველობას კი, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი უზრუნველყოფს.

ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად “საქართველოს რკინიგზა” Deutsche Bahn-ის ექსპერტებთან თანამშრომლობს. ამ კომპანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი კი სულ ახლახანს გაფორმდა. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისის “მწერალთა სახლში” გაიმართა, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდნენ.

“საქართველოს რკინიგზის” ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება Deutsche Bahn-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია. Deutsche Bahn-ი ტრანს-კასპიურ დერეფანს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორს. ამასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს სპარსეთის ყურე – ევროპის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, საქართველოს დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.

“გერმანიის რკინიგზა და მასთან აპელირებული კომპანიები ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემის მთავარ ხერხემალს წარმოადგენენ. ჩვენ თანამშრომლობას ორი ძირითადი მიმართულებით ვაპირებთ. ეს ეხება ტრანს-კასპიურ დერეფანს, თანამედროვე “აბრეშუმის გზას”, რაც ძირითადად იქნება საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით და უკან. განვითარდება მეორე მიმართულებაც – ახალი დერეფანი სპარსეთის ყურედან შავი ზღვის მიმართულებით. ტრადიციულად ვაჭრობა ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაღალია და ჩვენ გვსურს, რომ ამ ვაჭრობის დიდმა ნაწილმა ჩვენი სატრანსპორტო სისტემა გაიაროს”, – განაცხადა “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს რკინიგზასა და Deutsche Bahn-ს შორის ურთიერთობის პირველი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დელეგაცია გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბერლინში, დოიჩე ბანის სათავო ოფისს ეწვია. საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების გაცნობის შემდეგ, გერმანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დერეფნის განვითარების პროცესში. მიმდინარე წლის მაისში, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს გერმანული დელეგაცია ეწვია და სიღრმისეულად გაეცნო საქართველოს რკინიგზის პროექტების მიმდინარეობას. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ, ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა, თანამშრომლობის სურვილი წარმოშვა.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ქართული მხარე 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას გეგმავს, მათ შორის, 2095 მეტრის სიგრძის სამი გვირაბის მშენებლობა უკვე დასრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც 8350 მეტრს შეადგენს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან #11 (875 მ) და სოფელ ანიულასთან #7 (2190 მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

ახალი ლოგო…

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა “საქართველოს რკინიგზისთვის” ახალი სიმბოლოს შექმნის საკითხი. სიმბოლოსი, რომელიც შესაბამისობაში მოვიდოდა კომპანიის ფილოსოფიასთან და ძველი ლოგოსგან განსხვავებით, ხაზს გაუსვამს მისი სატრანზიტო დერეფნის როლსა და მნიშვნელობას.

“აქტიურად ვართ ჩართული პროექტებში, რომლებიც მიმართულია ტრანს-კასპიური დერეფნის სატრანზიტო მნიშვნელობის და ცნობადობის გაზრდისკენ. აღდგენილი “აბრეშუმის გზა”, სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დამაკავშირებელი გზის პროექტი და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეები ჩვენს დერეფანში, ხაზს უსვამს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო არტერიის მნიშვნელობას. კომპანიის მისიაც სწორედ ეს არის – გახდეს ხიდი ევროპასა და აზიას შორის”, – აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.

მათივე განმარტებით, განახლებული ლოგოს მონოგრამა ნეგატიურ სივრცეში ტრანს-კასპიური დერეფნის მრავალ მიმართულებიანი აგებულების სიმბოლოა. კონცეფცია ასახავს გზაჯვარედინს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთს და დასავლეთს. ლოგოსთვის შექმნილი მძიმე, მასიური შრიფტი, ბრენდის სოლიდურობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ მასში შენარჩუნებულია ძველი ლოგოს დინამიკა.

“საქართველოს რკინიგზაში” იმედოვნებენ, რომ ახალი ლოგო მომავალი დიდი წარმატებების სიმბოლოდ იქცევა, რაც კომპანიას და მთლიანად ქვეყანას ელის.

ერთ-ერთ ასეთ წარმატებად, სავარაუდოდ ხაშურის სავაგონო დეპოში წყვილთვლების ფორმირების საამქროს გახსნაც იგულისხმება. როგორც Dalma News-ს ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, ეს არის უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაზგები, რომლებიც ელექტრონული სისტემებით იმართება. ახალ საამქროში წელიწადში დაახლოებით 2500 წყვილთვალის ფორმირება მოხდება, რაც კომპანიას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს.

მათივე ინფორმაციით, ხაშურის სავაგონო დეპოს წყვილთვლების ფორმირების საამქროს სრულად დატვირთვის შემდეგ, დაკვეთების უცხოეთიდან მიღებასაც ვარაუდობენ. რკინიგზის ისეთი ძვირადღირებული პროდუქციით უზრუნველყოფა, როგორიც გოგორწყვილია, საქართველოს რკნიგზას წლიურად დაახლოებით 2 მლნ ლარის მოგებას მოუტანს.

ისტორიული მოვლენა…

ბრენდირებული ბლოკმატარებელი, სახელწოდებით “ნომად ექსპრესი” ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანზიტით 2015 წლის 13 დეკემბერს, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას შემოვიდა. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი ფოთში ჩავიდა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნა. “ნომად ექსპრესის” საწყისი წერტილი სამხეთ კორეა, ბოლო კი ქალაქი სტამბოლია.

საუკუნეების განმავლობაში “აბრეშუმის გზა” იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ისტორიული “აბრეშუმის გზის” პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ საკითხზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა ინიციატივა, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში. სწორედ ამ მიზნით, ჩატარდა თბილისის “აბრეშუმის გზის” ფორუმი, რომელშიც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი და ჩინეთის 500 კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა.

“აბრეშუმის გზა” – ეს არის 5-ჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის. საქართველოსთვის კი ეს ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური მოვლენებში მონაწილეობას და ქვეყნისთვის დამატებით ინვესტიციებს.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ზღვით ხდებოდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო, 40 დღე-ღამე სჭირდება. “აბრეშუმის გზის” გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი იძლევა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ბევრად სწრაფად და იაფად გადაზიდვის საშუალებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. “აბრეშუმის გზა” არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ამ საქმეში კი ქართულ რკინიგზას განსაკუთრებული დანიშნულება და პასუხისმგებლობა ეკისრება.

გიორგი ქართველი, Dalma News-თვის