საკუთარი ავტომობილის შეძენაზე ბევრი ოცნებობს. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ, ავტომობილის შეძენა რეალური იყო, დღეს კი ეს სიამოვნება ძალიან ძვირი, როგორც ამბობენ, მთელი ქონება ჯდება, წერს Minval.az-ი.

მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური მოღვაწეობის სასაქონლო ნომენკლატურა, იმპორტული და ექსპორტული საბაჟო გადასახადების შემოღება“, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, იმპორტირებული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გადასახდელების ზომა საშუალოდ 70% -ით გაიზარდა.

როდესაც ეს ბრძანება მედიაში გამოქვეყნდა, ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდძრავიანი ავტომობილების ფასებზე იმოქმედებდა. გარდა ამისა, საბაჟო გადასახადების ზრდა იმპორტის შემცირების ბერკეტი უნდა ყოფილიყო. იმავდროულად, გადასახადი ძრავის თითოეულ სმ/კუბზე 1,5 მანათით განისაზღვრება, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. ეს კი, შედეგად ავტომობილებზე ფასების 15-20% -ით ზრდას გამოიწვევს.

პირველმა ზარმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში ჩამოჰკრა, როდესაც ბაქოში, არც ისე დიდძრავიან ავტომობილებზე მაღალი ფასები დაფიქსირდა. ამგვარად, ორ ლიტრამდე მოცულობის მქონე ძრავიანი ავტომობილების ფასმა 17 483 მანათი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 14,25%-ით მეტია.

ექსპერტების განცხადებით, მცირე ზომის ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილების ფასების ზრდა მათზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირდება.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში, მსუბუქი ავტომობილის საშუალო ფასმა 34 595 მანათი შეადგინა.

დღეს, ავტომობილების ფასები კვლავაც იზრდება. გარდა ამისა, თუ ადრე ავტომობილის შეძენა შესაძლებელი იყო ბანკიდან გამოტანილი კრედიტის საშუალებით, დღეს ეს შეუძლებელია, რადგანაც ბანკების ძალიან მაღალი საპროცენტო სარგებელის გამო, ეს ფუფუნება არარეალურად ძვირი ჯდება.

გარდა ამისა, თუ მთელს მსოფლიოში ავტომობილის ლიზინგით შეძენა ძალიან მომგებიანია, აზერბაიჯანში – პირიქით: ისეთ ფინანსურ მარწუხში გაყოფ თავს, საიდანაც ვეღარ გათავისუფლდები.

გამოდის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა საავტომობილო სფეროში მიმართულია არა მომხმარებლის სასარგებლოდ, არამედ მის საზიანოდ?

Minval.az-ის თანამშრომელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტ ნატიგ ჯაფარლის კომენტარი ჩაწერა.

– როგორ ფიქრობთ, ავტომობილების ფასი რატომ იზრდება? გამოდის, რომ ბაქოში დღეს ავტომობილი მხოლოდ ფუფუნების საგანია და არა – გადაადგილების საშუალება?

– 2018 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის მთავრობამ ავტომობილებზე აქციზური გადასახადი მკვეთრად გაზარდა, საშუალოდ 50-60% -ით. გარდა ამისა, საბაჟოზე დღეს, მოქმედებს ისეთ გაგება, როგორიცაა რეალური გაფორმება. თუ ადრე იყო გარკვეული “შავი” ან “ნაცრისფერი”, ზოგიერთი დაუწერელი, არაფორმალური შეთანხმებები კლიენტსა და საბაჟოებს შორის, დღეს ყველაფერი თეთრია. ეს გავლენას ახდენს ავტომობილის ფასზეც.

ნატიგ ჯაფარლი

რაც შეეხება სესხებს, აზერბაიჯანში ყველა საკრედიტო მომსახურების საკრედიტო საპროცენტო განაკვეთი ისედაც ძალიან მაღალია. ეს ფინანსური სექტორის ნორმალური გარემოს ნაკლებობის გამო ხდება. გარდა ამისა, ბანკები ეკუთვნის ძალიან მცირე რაოდენობის ჰოლდინგებს და ჯგუფებს, რომლებიც შეძლებენ ყველა მიმართულებით, მათ შორის, ავტო სესხების სფეროში საპროცენტო განაკვეთების გაკონტროლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში სესხების პროცენტები ძალიან მაღალია – ყველა სფეროში, მათ შორის საავტომობილო სესხების სფეროში. შეადარეთ: ზოგადად, აშშ-სა და ევროპაში საავტომობილო სესხების საპროცენტო განაკვეთი 2% -ს არ აღემატება, ჩვენთან კი საშუალოდ – 18-20%-ია.

ლიზინგი, როგორც წესი, გრძელვადიანი პერსპექტივებით (5-7 და ზოგჯერ 8-10 წლით) გაიცემა. ბანკები თავს იზღვევენ, ძალიან ზრდიან პროცენტებს. თავს იმიტომ იზღვევენ, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლოა მანათის კურსი დოლართან მიმართებაში ძალიან შეიცვალოს და მნიშვნელოვნად გაიაფდეს. ბანკებიც ამ რისკების გათვალისწინებით ადგენენ საპროცენტო განაკვეთს.სააქციზო მოსაკრებელის ზრდა სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ შარშან მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ქვეყნის მმართველ წრეებში ეს იმით ახსნეს, რომ თითქოსდა ამის წყალობით შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის გაზრდა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა (ნაფტალანში გაიხსნა ქარხანა, სადაც ავტომობილებს ააწყობენ).

გარდა ამისა, აღნიშნული მოქმედების გამართლება საცობების წინააღმდეგ ბრძოლით შეიძლება, რაც ბოლო დროს ბაქოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

იანა მადატოვა, Minval.az

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი