2020 წელს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული მეათე მოწვევის პარლამენტი, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ფონზე 11 დეკემბერს შეიკრიბა. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება.

X მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, მან პარლამენტარებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოება დაიღალა ერთ წრეზე სიარულით, პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მართვის მცდელობით, მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. მისივე თქმით, 30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, მათ შორის, ისიც. მიაჩნია, რომ სიძულვილის ენა, რაც ბოლო წლებია ქართული პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი გახდა, უნდა დასრულდეს და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს.

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და, რამდენიმე სიტყვით სასამართლო რეფორმასაც შეეხო. მისი თქმით, მოსამართლეების უვადოდ გამწესება ნაადრევი გადაწყვეტილება იყო და ქვეყანა ამისთვის მზად ჯერ არ იყო.

ამის შემდეგ სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრ ვლადიმერ კახაძეს გადაეცა. წესით ეს პრივილეგია ცნობილ მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს ეკუთვნოდა, მაგრამ იმის გამო, რომ პარტიამ – “ენმ”, რომლის სიის პირველი ნომერიც არის მხცოვანი მომღერალი, ბოიკოტის ნიშნად, საპარლამენტო მოღვაწეობაზე უარი განაცხადა.

ოპოზიციის ლიდერები მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და  პროტესტის ნიშნად ქუჩაში დარჩენას ამჯობინებენ. “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, პარლამენტში შესვლაზე უარი დანარჩენმა პარტიებმაც განაცხადეს, თუმცა არგუმენტი ყველას სხვადასხვა აქვს. დაპირისპირებაა თავად ოპოზიციაშიც. საბოლოო ჯამში ახალი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიის, “ქართული ოცნების” დეპუტატები იყვნენ წარმოდგენილნი. მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებს და ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლონ. ანალოგიური შინაარსის მოწოდებები გაკეთდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდანაც.

ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის სხდომის პარალელურად, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეზოში შეკრებილმა, ოპოზიციის მანდატიანმა დეპუტატებმა მედიის თანდასწრებით მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ღონისძიებას არ დასწრებია “გირჩი”, ხოლო ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის ამ იდეას ხალხის დაცინვა უწოდა.

“ეს არის მაიმუნობა, ხალხის მოტყუება და დაცინვა. თან ამბობენ მანდატებს ვხევთო, თან მოლაპარკებებზე მიდიან. მოლაპარაკებები თუ დასრულდა შედეგით და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, პარლამენტში არ უნდა შევიდნენ? ხალხს, როგორ უნდა შეხედონ თვალებში?”, – ამბობს “მოქალაქეების” წარმომადგენელი, ალეკო ელისაშვილი.

მემორანდუმს ხელი მოაწერა: “ენმ”-მ, “ევროპულმა საქართველომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ლელომ”, “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “ერთიანმა საქართველომ”. არც ახლა და არც მანამდე, დანარჩენი ოპოზიციის ერთობაში არ მოიაზრება პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც ასევე უკმაყოფილოა ჩატარებული არჩევნებით, თუმცა, მათ პოლიტიკური ბრძოლის საკუთარი დღის წესრიგი აქვთ.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, “პატრიოტთა ალიანსი” დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით ღირსეულად გამოიყურება. შესაძლოა ადამიანი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მათი თანამოაზრე არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი სხვებზე მეტად ებრძოდნენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმს და დღესაც ებრძვიან მის პოლიტიკურ ძალას.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსმა” თავიდანვე ცალკე ყოფნა აირჩია. ისინი არ დადგნენ ნაციონალების გვერდით, დღეს კი, ბევრი ოპოზიციური პარტია, ამის გამო, თავის მართლების რეჟიმშია.

“არჩევნების გაყალბებაზე თუ ვინმეს ყველაზე ნაკლებად აქვს ხმა ამოსაღები, პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას”. სამწუხარო ის არის, რომ „ქართული ოცნება“ “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა. ოპოზიციის პროტესტი აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ იმ ოპოზიციური პარტიის გვერდით დგომა, რომელიც გაცილებით უარესია, რომლებმაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის დანერგეს… მე არ მივიჩნევდი მათ პარტნიორად. მათ გვერდით არასდროს დავდგები”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული საპარლამენტო კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და საშიშია, სახელმწიფო კრიზისში არ გადაიზარდოს.  გამოსავალი – ვადამდელი არჩევნებია.   თუმცა, მეორე მხრივ, არ არსებობს გარანტია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც ოპოზიცია კვლავ უკმაყოფილო არ დარჩება შედეგებით.

Ираклий Кобахидзе

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩასართავად.

კობახიძის თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის უბნების მასშტაბურ გადათვლას და იმ შემთხვევაში, თუ, თუნდაც 1%-იანი გადახრაც კი დაფიქსირდება „ოცნების“ სასარგებლოდ, მზად არიან რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადონ.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას. მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ: 1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა; საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით – სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე, მათი მხრიდან კატეგორიული უარი მივიღეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი მოსაზრება Dalma News-ს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმაც გაუზიარა. ოპოზიციასთან კინკლაობის ნაცვლად, იგი მმართველ ძალას ურჩევს, ქვეყანას მიხედონ, მით უმეტეს, ამისთვის აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ პარლამენტში. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებელია მმართველი ძალა და არა ოპოზიცია.

“არ მომწონს ის, თუ, როგორ იქცევა ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიციის პრობლემები არ არის სახელმწიფოს პრობლემები. “ქართულ ოცნებას” აბსოლუტური უმრავლესობა აქვს პარლამენტში და კეთილი ინებონ, მიხედონ ქვეყანას. ოპოზიციას, რატომ უყურებენ? ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე, საზოგადოების ინტერესს ვერ აკმაყოფილებენ. ისინი, ვერც ეკონომიკას შეცვლიან, ვერც სიღარიბეს გაუსწორდებიან, ვერც განათლების რეფორმას განახორციელებენ, ვერც პენსიებს გაზრდიან, ისინი არ არის პარლამენტში და მიხედონ ქვეყანას იმათ, ვინც პარლამენტშია. არ შედიან და, ნუ შედიან!”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გარკვევით თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება. იმის ნაცვლად, პარტიებმა პროგრამებზე ისაუბრონ, საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ ესმის, – შედის, თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.

“რა დროს ამაზე ლაპარაკია, ქვეყანა თავზე გვენგრევა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს 2-3 კაცი შევა, თუ არა პარლამენტში? ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება კამათი, პარლამენტია. ხალხს აღარ სჯერა, არც ერთის და, აღარც მეორის. რისთვის უნდა გამოვიდნენ ქუჩაში, როცა ხედავენ, რომ მათ უფლებებს არავინ იცავს, ყველა თავის უფლებებს იცავს”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას დღეს დაშლა დააზიანებს, ისევე, როგორც ვადამდელი არჩევნების გაანადგურებს “ოცნებას”. ოპოზიციური პარტიები ვითარების მძევლები არიან, რეალობას “ნაციონალური მოძრაობა” ქმნის, დანარჩენები კი, იძულებულნი არიან ნაციონალების გაკვალულ გზას მიჰყვნენ.

პაატა ზაქარეიშვილი მოსაზრებით, “ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი ახლა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებაა. ოპოზიცია კი, დროს კარგავს.

P.S. ცესკოს ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სადეპუტატო მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა. პროპორციული სიის მიხედვით: “ევროპული საქართველო” – 5 მანდატი, “ენმ” – 36 მანდატი, “პატრიოტთა ალიანსი” – 4 მანდატი, “ლეიბორისტული პარტია” – 1 მანდატი, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” – 2 მანდატი, “სტრატეგია აღმაშენებელი” – 4 მანდატი, “გირჩი” – 4 მანდატი, “ქართული ოცნება” – 60 მანდატი, “ლელო” – 4 მანდატი. 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან არჩეულები. მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა 31 ქალი და 119 კაცი.

შორენა პაპაშვილი