პარლამენტში შესვლა-არშესვლა, მოლაპარკების ჩაშლა-არჩაშლა, ეს ის უმთავრესი საკითხებია, რაც საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ერთ მხარეს არის საპარლამენტო უმრავლესობის მქონე, კმაყოფილი პარტია “ქართული ოცნება”, მეორე მხარეს კი, 0%-იან ბარიერგადალახული 8 პარტია, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

უცნობია, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ბედი. ამასობაში ცესკომ ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათივე თავმჯდომარეების მიმართვის საფუძველზე, პარტიისა და ბლოკის საარჩევნო სიები გააუქმა. ესენია: საარჩევნო ბლოკი “ენმ – გაერთიანებული ოპოზიცია”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; ლეიბორისტული პარტია და “ლელო”.

ამრიგად, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, საარჩევნო სიაში მხოლოდ დეპუტატად არჩეული წევრები რჩებიან, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს უკვე სცნო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ ოპოზიციური ფლანგიდან არჩეული დეპუტატები საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, მათ ადგილმონაცვლედ პარლამენტში ვეღარავინ შევა.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-ს ელჩისა და ევროპელი ფასილიტატორების დახმარებით იმართება. საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატები ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდებენ, რის გამოც, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდნენ.

ოპოზიციის ნაწილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტსაც მიმართა, თუმცა პარალელურად დიალოგში მონაწილეობაზე მზაობას გამოთქვამენ. მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული ოპოზიციის შემდგომი სტრატეგიაც, რომელსაც თანდათან უკვე უჭირს ერთიანობის შენარჩუნება, მათ პოზიციებში არ არის მყარი ერთსულოვნება. ერთი ნაწილისთვის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები. ამის საპასუხოდ “ოცნებამ” პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა წამოაყენა, რომელიც რომელიც არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებს განიხილავს.

“ევროპულ საქართველოს” რიგგარეშე არჩევნები და ცესკოს შემადგენლობის შეცვლა სურს. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ და “ნაციონალურმა მოძრაობამ” სიგიჟეში დანარჩენი ოპოზიცია ჩაითრიეს, მათ შორის ფასილიტატორებიც. რომ ორივე მხარის მიზანია მოლაპარაკებები არ შედგეს. ოპოზიციის ეს ნაწილი ნაციონალებს მიერ დასავლეთელი დიპლომატების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ფასილიტატორები ამას არ იმსახურებენ.

დიალოგისკენ მოწოდება ისმის მმართველი გუნდის მხრიდან და იმედი აქვთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მათივე ამომრჩეველი მალე იხილავს პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია “ქართული ოცნებას” 4-მოთხოვნას უყენებს, რომელთაგან 3-ზე ხელისუფლება სავარაუდოდ, უარს ამბობს. არ თანხმდება ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რადგან კონკრეტული პირების საქმეებს წმინდა სამართლებრივად მიიჩნევს და პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს. წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მათ შორის პლებისციტის ჩატარებაც. ხელისუფლება განმეორებითი არჩევნების შაკითხს არ განიხილავს და მეორე მხარეს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობის დაწყებას სთავაზობს. გამორიცხეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლაც. “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ცესკოს თავმჯდომარე არაპოლიტიკური პირია და ეს თანამდებობა პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

გარდა ამისა, ოპოზიცია ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას მოითხოვს, ასევე საუბარია ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით. მედიაში გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნება“ ამ ნაწილში დათმობისთვის მზად არის.

ვატო შაქარიშვილი

მმართველი პარტიის პოზიციით უკმაყოფილოა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვატო შაქარიშვილი და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, არ შეიძლება, წარუმატებელი პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნით საარჩევნო სისტემები იცვლებოდეს ისე, რომ დღეს, თუ არა, ოდესღაც, ისინი ძალით მოვიდნენ ხელისუფლებაში. შაქარიშვილისთვის “ენმ”-სთან ნებისმიერი დიალოგი მიუღებელია.

“მიმდინარეობს ე.წ მოლაპარაკებები “ოცნებასა” და შალიკოს ფანჩატურს შორის. რატომ შედის მსგავსი ტიპის დიალოგში “ქართული ოცნება” ისეთ ძალებთან, რომელთა წარსული, აწმყო და მომავალი ინტერესები ყველასთვის კარგად ცნობილია. ჩემთვის საგანგაშოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა. ეს იქნება უარის თქმა თვითმმართველობის პრინციპებზე”, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას, არათუ სტრატეგია არ აქვს, არამედ ოპოზიცია არ არსებობს. ახალი პარტიები “მოქალაქეთა კავშირსა” “ენმ”-ს (ექსპრეზიდენტების, შევარდნაძისა და სააკაშვილის პარტიები) მაგალითებზე გაიზარდნენ და მათი ზოგადი პოლიტიკური კულტურა უარესობისკენ მიდის.

“მაგალითად, ევროკავშირის ელჩი ამბობს: აღშფოთებული არ ვარ შეურაცხყოფების გამო. მაწუხებს, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო. ხვდებით რა დონეა? განა გამოხტა საპასუხო ლანძღვით და მუქარებით. თუმცა, ყველაფერს დეტალურად ასახავს ანგარიშებში”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობამ ჯერ ყველა შეიტყუა ფანჩატურში, გასვარა თავის გვერდით. შედეგად, ვინც ერთად დაჯდა, ხალხისთვის ყველა ერთი გახდა, შემდეგ კი, “ენმ”-მ დანარჩენ პარტიებს ხმები აახია. აქედან ნახტომი 12-19%-დან 27%-მდე. ანალიტიკოსის აზრით, ისინიც კი, ვინც “ნათელაშვილის ფანჩატურში” არ შევიდა, ნაციონალების დღის წესრიგით ცხოვრობენ და ზარალი განიცადეს.

არის თუ არა ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისი და რას უნდა ველოდოთ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისგან? ამ კითხვით Dalma News-მა ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიმართა. მისი შეფასებით,  ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ამჟამად არ არის, თუმცა სახეზეა წინა კრიზისული ვითარება – ოპოზიცია და ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებმაც გადალახეს საპარლამენტო ბარიერი პარლამენტში არ შედიან, შესაბამისად რჩება რეალური საფრთხე იმისა, რომ 90 წევრისგან შემდგარმა პარლამენტმა ფუნქციები სრულყოფილად ვერ განახორციელოს, იქნება ეს კომიტეტების, საერთაშორისო დელეგაციების დაკომპლექტება, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და გარკვეული ორგანული კანონების მიღება, თუ სხვა.

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ზაალ ანჯაფარიძე პოლიტიკური უმწიფრობის კლასიკურ მაგალითს უწოდებს. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას თავის რომ დავანებოთ, ელემენტარული საღი აზრი კარნახობთ, პარლამენტში განაგრძონ ბრძოლა თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატანად, თუმცა,   პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს, რომ უარს იტყვიან ქუჩის აქციებზე.

ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა პირველ რიგში დამაზიანებელია მათივე იმიჯისთვის, მათი ამომრჩევლის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილი არ უჭერს მხარს მათი ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას. გარდა ამისა, არც საქართველოს მოსახლეობას სწყურია კიდევ ერთი რევოლუცია, ქაოსი და ძალაუფლების დატაცება. ეს დადასტურდა არჩევნებამდე და მის შემდეგაც.

ზაალ ანჯაფარიძე

როგორც ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, “ნაციონალურ მოძრაობამ” არაერთხელ სცადა მოსახლეობაში არსებული საპროტესტო განწყობები რევოლუციურ სცენარში გადაეტანა, მაგრამ ეს არც ე.წ გავრილოვის ღამეს გამოუვიდა, როცა 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შტურმი დაგეგმეს და არც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს.

“ფაქტია, რომ ხალხი ქაოსს და ძალაუფლების მიტაცების ახალ ტალღას ერიდება. ადამიანები ბოლო 8 წლის განმავლობაში შედარებით სტაბილურ გარემოში ცხოვრობენ. ყველამ ნახა, რა მოხდა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რეჟიმმა აჩვენა თავისი რეალური სახე, ამუშავდა რეპრესიული მანქანა. არავის უნდა ახალი რყევები, დესტაბილიზაცია, რასაც ძირითადად ნეგატიური ხასიათის ცვლილებები მოჰყვება. ხალხს უნდა ცვლილებები იყო ევოლუციური ხასიათის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასპარეზზე ჯერჯერობთ არ გამოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დააკმაყოფილებდა მესამე ძალის მოთხოვნებს. „ლელოს“ ჰქონდა თითქოს ამის პრეტენზია, მაგრამ საკუთარი თავი პოლიტიკურად არამომგებიან მდგომარეობაში ჩაიყენა”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების რესურსი არსებობს მაშინ, როცა მხარეებს სურთ რამეზე შეთანხმების მიღწევა. ხოლო, როცა ერთ-ერთი მხარე აპრიორი მიუღებელ მოთხოვნას აყენებს, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და იცის, რომ ეს მეორე მხარისთვის არის წითელი ხაზი, ასეთი მოლაპარაკებები განწირულია მარცხისთვის.

შეუქმნის თუ არა საქართველოს დისკომფორტს ერთპარტიული პარლამენტი საერთაშორისო არენაზე, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ოპოზიცია “ოცნებასთან” მეხუთე რაუნდს ელოდება და იმის იმედით, რომ  ერთპარტიულობა საქართველოს დემოკრატიის ინდექსზე უარყოფითად იმოქმედებს, პარლამენტში შესვლას აჭიანურებენ. როგორც ჩანს, იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ადრე, თუ გვიან აიძულებენ “ოცნებას” ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

შორენა პაპაშვილი