წიგნს ძეგლი პირველად საქართველოში დაუდგეს. შემდგომ წლებში კი, წიგნი ბევრი მოქანდაკისთვის იქცა შთაგონების წყაროდ და მსოფლიოს მრავალ ქალაქებში, სხვადასხვა კომბინაციისა, თუ აზრობრივი დატვირთვის ძეგლებს დგამენ. მაგრამ მეეჭვება, რომელიმე მათგანი კონკრეტულად ერთ წიგნს ეძღვნებოდეს. ქართველმა მოქანდაკეებმა ძეგლი, მწერლისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილ წიგნს – “დედა ენას” მიუძღვნეს. ძეგლზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს.

Яков Гогебашвили
იაკობ გოგებაშვილი

ელგუჯა ამაშუკელსა და ნოდარ მგალობლიშვილს შესანიშნავად აქვთ გადმოცემული XIX საუკუნეში ქართველ “წერა-კითხვის გამავრცელებელთა” უმთავრესი მიზანი.

საქართველოში ბატონყმობის დასრულების შემდეგ, ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა გადაწყვიტეს გლეხობაში სწავლა-განათლება მშობლიურ ენაზე გაევრცელებინათ. სწორედ ამ მიზნით შექმნა 1879 წელს, “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის სათავეებთან, სხვა მწერლების გვერდით იაკობ გოგებაშვილიც იდგა. საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი გასწია ქართული პედაგოგიური აზრისა და განათლების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

deda ena1

როგორ დაიწერა “დედა ენა”

“დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”.

არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა.

“დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი.

მეტი ინფორმაციის მისაღებად Dalma News-ი გორის რაიონის სოფელ ვარიანში არსებულ მწერლის მუზეუმს ესტუმრა, სადაც მწერლის პირად არქივში დაცული უამრავი საინტერესო მასალა ინახება, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც “დედა ენაზე” მუშაობის პროცესს ასახავს. როგორ აზუსტებდა და ხვეწდა მწერალი თითოეულ ნიუანსს, მეთოდს, ხერხს, სიტყვას მარტივიდან რთულისკენ. როგორ ცდილობდა, რაც შეიძლება სახალისო ყოფილიყო ყმაწვილთათვის მის მიერ შეთავაზებული მოთხრობა თუ ლექსი.

“წიგნში განსაკუთრებული ყურადღება საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს დაეთმო. ავტორი თითოეულ სიტყვას, ყმაწვილებისთვის დაწერილ მოთხრობასა თუ ლექსში, სათუთად აზუსტებდა. გოგებაშვილს საყოველთაო განხილვის საგნად გამოჰქონდა თითოეული ასოს მოხაზულობა და ყოველი სიახლე უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. “დედა ენა” ერთ–ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისათვის. “დედა ენის” არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე – ერის სიცოცხლეს”, – აცხადებენ მუზეუმში.

იაკობ გოგებაშვილმა “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის” 1865 წელს შეადგინა, 10 წლის შემდეგ კი წიგნს “დედა ენა” უწოდა და განკუთვნილია დაწყებითი სკოლებისთვის. წიგნი, რომელიც დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, ავტორის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გამოცემა სპეციალურ კომისიას მიანდეს. 1876-1925 წლებში “დედა ენა” 45-ჯერ გამოიცა.

ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძეც “დედა ენას” უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა:

ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

“ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთ დედაენისათვის რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია”, – წერდა იგი.

როგორც იაკობ გოგებაშვილის სახელ-მუზეუმში აცხადებენ, გოგებაშვილის წიგნის სრულყოფილებაზე ისიც მიუთითებს, რომ თითქმის 1,5 საუკუნის შემდეგაც თანამედროვე “დედა ენა” ამ დიდი მოღვაწის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს პრინციპებს ემყარება. საანბანე ნაწილის აგების პრინციპისა, წიგნის თემატური მხარის გამო 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის “დედა ენის” მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ, პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

“დედა ენის” გარდა, იაკობ გოგებაშვილმა 1887 წელს, ქართველი ბავშვებისთვის რუსული სახელმძღვანელო “русское слово”-ც შექმნა. აქაც ორი ასო-ბგერის მთავარი პრინციპი დაიცვა და ასო-ბგერებით -“А” და “М”, სიტყვა დედა (Мама) შეადგინა. სწორედ ამ მშობლიური სიტყვით იწყებდა ბავშვი უცხო ენის შესწავლას.

“ამ წიგნით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც სწავლობდნენ. ქვეყანაში მოქმედ არაქართულ სკოლებშიც კი, რუსული ენის მასწავლებლები ხშირად ამ წიგნით ხელმძღვანელობდნენ. ამდენად ის არა მარტო ქართველებისთვის, სხვა ეროვნების ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იყო. მშობლიური ენის სწავლის გოგებაშვილისეული მეთოდი დღემდე შეუცვლელია. 2013 წელს “დედა ენას” მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი და განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია”, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნათელა ალუაშვილმა.

“დედა ენის” დღე…

უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, გაზაფხულის შუა პერიოდში საქართველოში “დედაენის დღე” აღინიშნება. ამ თარიღის დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. საპროტესტო აქციებზე გამოსული ათიათასობით ადამიანი, ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა. ასე დამკვიდრდა “დედაენის დღეც”.

“დედა ენის” დღეს ყოველწლიურად, განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს სოფელ ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიც, თუმცა, წელს ამ თარიღის ერთი კვირით გადაწევა მოუხდათ, რადგან 14 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაემთხვა. 25 აპრილს გამართულ ღონისძიებას დაეწსრნენ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე თანამშრომლებთან ერთად. წლევანდელი ღონისძიება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ზაზა აბაშიძემ სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული გოგებაშვილის პირადი არქივის ასლები.

მწერლის 40-მდე ხელნაწერის ნახვას, რომელთა შორის არის გოგებაშვილის პირადი მიმოწერაც, მუზეუმში მოსული ვიზიტორები მაისის ბოლომდე შეძლებენ.

“14 აპრილი ყოვეწლიურად აღინიშნება. შარშან “დედა ენის” 140 წლის იუბილე უფრო მასშტაბური ღონისძიებებით აღვნიშნეთ. ერთობლივ ღონისძიებებს ვმართავთ არაქართულენოვანი მოსახლეობის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთადაც. დამთვალიერებლები ყოველ წელს გვყავს. შარშან 39 000 ვიზიტორი მივიღეთ და წელსაც ველოდებით. მინდა ყველას ვთხოვო, შაბთ-კვირას ნუ ელოდებიან, რადგან მერე, გრძელ რიგში უწევთ დგომა და თვითონვე წუხდებიან. ჩვენ ორშაბათის გარდა კვირის ყველა სხვა დღეებში ვმუშაობთ”, – გვითხრა დამშვიდობებისას მუზეუმის დირექტორმა ნათელა ალუაშვილმა.

ბოლოს, იმასაც გეტყვი, რომ “დედა ენის” ძეგლი თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე, ე.წ. მშრალ ხიდთან არსებულ დედაენის სახელობის პარკში დგას. დღევანდელი “დედა ენის” პარკის ადგილას ბაღი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაუშენებიათ, როდესაც მდინარის სანაპიროზე, საბჭოთა კავშირის ლიდერის, სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში ჭადრები დარგეს და შესანიშნავი სკვერი მოაწყეს. უფრო ადრე, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც თავის დროზე, მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაფარულა, ამგვარად წარმოიშვა “მშრალი ხიდიც”. ეს ხიდიც და დედაენის პარკიც თბილისში ყველაზე ცნობილი და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ავტორი: შ.ქარჩავა

ფოტო – Sputnik