მამით რუსი და დედით ქართველი, თბილისელი ანდრო ივანოვი, ბოლო ათი წელია მოსკოვში ცხოვრობს და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. იგი რუსეთში ქართული დიასპორის ახალგაზრდული ფრთის ლიდერია. მისი ბავშობის თბილისი კეთილი ადამიანების ქალაქია, თავადაც თბილისელების სითბოსა და სიყვარულში გაიზარდა. ანდრო ერთი თბილისური ეზოს ცნობილი მეკვლეა, ამდენად ქართული ტრადიციების ნიუანსები მისთვის უცხო არ არის, ქართული ჩოხა კი, მისი საიმიჯო სამოსია. 20 ივლისს, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მისი წიგნის (“Россия-Грузия. Вместе сквозь века”) წარდგინება გაიმართა. წიგნი საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობის მოკლე ანალიზს შეიცავს. მასში თავმოყრილია ქართული დიასპორის წევრი, წარმატებული ქართველი მოღვაწეების ინტერვიუები.

Dalma News-ი რუსეთის ქართველთა ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრესმდივანი ანდრო ივანოვს ესაუბრა.

– გვიამბეთ თქვენს შესახებ?

– დავიბადე და გავიზარდე ულამაზესი, მრავალეთნიკური ქალაქის, თბილისის ძველ უბანში, ყოფილი პლეხანოვის, ამჟამად აღმაშენებლის გამზირზე. მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც “კარენოი თბილისელებს” უწოდებენ. მამის ხაზით ჩემს ძარღვებში რუსული სისხლი ჩქეფს, დედის მხრიდან კი – ქართული. სახლში გვაქვს ძველი ფოტო წარწერით “ტიფლისი”. მასზე აღბეჭდილნი არიან ჩემი დიდი ბაბუა და მისი ოჯახი. ჩემი დიდი ბებია თავადის ასული პელაგია გედევანიშვილი იყო. დავამთავრე რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით და მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 8 წელია რაც ქართულ დიასპორაში ვმუშაობ. ჯერ რიგითი კორესპონდენტი ვიყავი, ახლა კი რუსეთის ფედერაციაში არსებული ყველაზე დიდი ქართული გაერთიანების, ქართველთა ეროვნულ – კულტურული ავტონომიის პრესმდივანი ვარ. დიასპორის პრეზიდენტია გიორგი წურწუმია.

– სასიამოვნო მოგონება, რომელიც ხშირად გახსენდებათ თქვენი ბავშვობიდან ან უბრალოდ ამბავი?

– როგორც უკვე გითხარით “პლეხანოველი” ვარ. მეზობლებს ძალიან ვუყვარდი. საერთოდაც თბილისი კეთილი ადამიანების ქალაქია. ჩემმა ბავშვობამ XX საუკუნის მძიმე 90-იან წლებში განვლო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბევრი თბილისელი გახდა იძულებული დაეტოვებინათ მშობლიური ქალაქი ცხოვრების ნორმალური პირობების ძიებაში. საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიანებმა შეინარჩუნეს სიკეთისა და სიყვარულის უნარი.

ჩემი ბავშვობიდან ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა განსაკუთრებით. მე თეთრი ბავშვი ვიყავი, ქერა, მწვანეთვალება. ახალ წელს ჩვენი მეზობლები რიგში დგებოდნენ და ჩემ მშობლებს სთხოვდნენ, რომ მათი მეკვლე ვყოფილიყავი. მეკვლეობის ტრადიცია მოგეხსენებათ საქართველოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მიაჩნდათ, რომ თეთრ ბავშვს, თუ ის ახალი წლის ღამით მეკვლე იქნებოდა, ოჯახში სიხარულისა და სინათლის შეიტანდა. ამგვარად, ახალ წელს მთელს სამეზობლოს შემომატარებდნენ ხოლმე. მახსოვს, ერთი მოხუცი ქალის კარს მივადექით, მას ლაურა ერქვა. მის კარებთან უამრავი ადამიანი დგას, ის კი კარს არავის უღებს. აღმოჩნდა, რომ ლაურას სანახავად მისი ნათესავები მისულან, რათა ახალი წელი მიულოცონ, მაგრამ მან განაცხადა: – სანამ ანდრო არ მოვა სახლში არავის შემოგიშვებთო! ამგვარად ყველანი ეზოში იდგნენ და მელოდნენ, როდის შევიდოდა ლაურას სახლში ქერა, მწვანეთვალება ბიჭი. ძალიან სასაცილო ვითარება იყო და რაც მთავარია ამ ყველაფერში იგრძნობოდა სიკეთე, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ვცხოვრობდით დალხენილად.

– რამდენად ხშირად სტუმრობთ სამშობლოს და ყველაზე მეტად რა მოგწონთ საქართველოში?

– თბილისში ყოველ წელს ჩამოვდივარ, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმეც, ვცდილობ ხშირად მოვინახულო ჩემი მშობლიური ქალაქი. აქ ყველაფერი მიყვარს: ხალხი, ჰაერი, ხეები, ეკლესიები, ჩემი წინაპრების საფლავები. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი უბანი – პლეხანოვის გამზირი. შემიძლია მთელი დღის განმავლობაში ვისეირნო მის ქუჩებში. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს თბილისური “პონჩიკები” მოხარშული კრემით. სამწუხაროდ მოსკოვში ასეთებს არ აცხობენ.

– რომელ ქვეყანას მიიჩნევთ თქვენს სამშობლოდ, საქართველოს თუ რუსეთს?

– ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველო ჩემი დედაა, ხოლო რუსეთი ჩემი საყვარელი დაიკო. ორივე ქვეყანა ძალიან მიყვარს და ორივე ერი ჩემთვის უსაზღვროდ ძვირფასია. ზოგადად ინტერნაციონალისტი ვარ.

– გვიამბეთ თქვენი სამწერლობო მოღვაწეობის შესახებ, როგორ დაიბადა წიგნის დაწერის იდეა?

– ჩემს წიგნში – “რუსეთი – საქართველო. საუკუნეებით ერთად”, თავმოყრილია ქართველ და რუს გამოჩენილ საზოგადო და კულტურის სფეროს მოღვაწეებთან ინტერვიუები. ასევე, მოცემულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოკლე ანალიზი და ისტორიული ამონარიდები. ეს არის კეთილი და მეგობრული გზავნილი იმ ხალხისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სახელისუფლებო სტრუქტურებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში საჭიროა გამოინახოს კომპრომისი და დროა დალაგდეს ეს ურთიერთობები. წიგნის წარდგინება გაიმართა მოსკოვში 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, რითაც ძალიან ამაყი ვარ. პრეზენტაცია მქონდა საქნტ-პეტერბურგშიც და იმედია მექნება ჩემს მშობლიურ თბილისშიც.

– ძალიან ხშირად ჩნდებით ქართულ ჩოხაში გამოწყობილი. რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ეროვნული სამოსი და თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნულ სიმბოლოებს მცირე ერებისთვის?

– ქართული ჩოხა შესანიშნავად გადმოსცემს ქართულ სულს. ეს არის სილამაზე, თავშეკავება, დიდებულება და კულტურა. განსაკუთრებით მიყვარს თეთრი ჩოხა. მოხარული ვარ, რომ საქართველო ყოველწლიურად აღნიშნავს 18 მაისს – ეროვნული სამოსის დღეს. ჩემი ბევრი მეგობარი სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ჩადის რუსეთიდან საქართველოში, რათა დატკბნენ ამ ლამაზი ზეიმით. ჩემის აზრით, ეს დღესასწაული მესამეა რეიტინგში, თბილისობისა და რთველის შემდეგ, რომლებიც ძალიან მოსწონთ რუს ტურისტებს.

– რამდენად აქტიურები არიან ქართულ დიასპორაში ახალგაზრდები და როგორია მათი ინტერესის სფერო?

– ჩვენს ორგანიზაციაში, რომელსაც ეწოდება “საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში”, არსებობს ახალგაზრდა ლიდერების საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ქართველი სტუდენტები. მე ვკურირებ ამ ორგანოს. მეამაყება თითოეული მათგანი. მათ შორის ბევრი წარმატებულია სწავლაში და საქმიანობაში და ამით რუსეთში საქართველოს ასახელებენ. მაგალითად ჩვენი აქტივისტი ვიქტორია გვეტაძე, რომელიც უკვე ახალგაზრდა დედაა, არის რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტი, ორი წითელი დიპლომისა და სხვადასხვა საუნივერსიტეტო ჯილდოების მფლობელი. კიდევ ერთი გოგონა – ქრისტინა ფორჩხიძე ფანდურზე დაკვრით იპყრობს მოსკოვის მუსიკალურ სცენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გიორგი ტურავა, როგორც წარმატებული სტუდენტი სტაჟირებისთვის სინგაპურში გაგზავნეს, ხოლო მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ნონიკაშვილი, სპორტულ მეცადინეობებს უკეთებს ორგანიზებას. პეტერბურგში არჩილ ოძელმა შემოიკრიბა თანამოაზრეები და რამდენიმე ქართული კულტურული ღონისძიება გამართა, რამინ ჯინჭარაძემ ქართული ენის შემსწავლელი სკოლა გახსნა. ჩვენი დიასპორის თითოეული ახალგაზრდა ლიდერი არის ქართველი ერის საგანძური რუსეთში. ​კიდევ ერთმა ჩვენმა აქტივისტმა ქეთი სირბილაძემ შეიმუშავა სამოსის ხაზი და უშვებს მას ბრენდით – Vardi (ვარდი). ასე, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სათანადოდ არის წარმოდგენილი კულტურის, მეცნიერების, პოლიტიკის, სპორტისა და მოდის სფეროში.

– რა პროექტებს ახორციელებთ დიასპორაში?

– ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. თავად ახალგაზრდები უკეთებენ ორგანიზებას და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ხსნიან ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. ყოველწლიურად, 9 მაისს, დიასპორის ახალგაზრდა წევრები მონაწილეობენ წითელ მოედანზე გამართულ სხვადასხვა კონცერტებსა და კონფერენციებში, ეწევიან ქართული კულტურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის პოპულარიზაციას. იმართება შაბათობები მართლმადიდებელ ეკლესიებში და სხვა. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ საკუთარი ძალებით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე.

– რამდენად აქტიურია რუსეთში არსებული ქართული დიასპორის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა?

– 8 წელია ვმუშაობ ქართულ დიასპორაში და სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ახდენს ჩვენს იგნორირებას. ცოტათი გაუმჯობესდა ვითარება, როდესაც დიასპორის მინისტრად გელა დუმბაძე დაინიშნა, ამჟამად ის უკრაინაში საქართველოს ელჩია. ამ ადამიანს ძალიან კარგად ესმის დიასპორის მნიშვნელობა. შემდეგ, როგორც თქვენ იცით, სამინისტროში რეფორმა გატარდა და ის, საქართველოს საგარეო საქმეთა დიასპორის საქმეთა დეპარტამენტად გადაკეთდა.

ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი წურწუმიამ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და ყურმოკვრით არ იცის, რას ნიშნავს დანაკარგი და უბედურება, რამდენჯერმე მისწერა წერილი საქართველოს ხელისუფლებას და ითხოვა შეხვედრა, რათა ერთად განიხილონ ჩვენს დიასპორასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხები. მაგრამ, სამწუხაროდ მისი მიმართვა იგნორირებულია. მან საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ასეთი დამოკიდებულებით, რუსეთში მცხოვრები ქართველები მალე, შესაძლებელია იქცნენ რუსებად ქართული გვარებით და სრულებით დაკარგოთ სამშობლოსთან კავშირი.

– როგორ გესახებათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მომავალი?

– სამწუხაროდ, ახალგაზრდობა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, პრაქტიკულად არ იცნობს რუსეთის ახალგაზრდობას. პირველ რიგში ამაზე უარყოფითად მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოქმედი სავიზო რეჟიმი. მეორე – მასმედიის ზოგიერთი საშუალებები და ე.წ. “პრორუსული ორგანიზაციები” საქართველოში იმდენად არაკორექტულად ქმნიან თანამედროვე რუსის სახეს, რომ ქართველ ახალგაზრდობას ექმნება ნეგატიური წარმოდგენა. გარკვეული საინფორმაციო კედელი არსებობს საქართველოსა და რუსეთის ახალგაზრდობას შორის. ის აუცილებლად დაძლეულ უნდა იქნას. ჩვენ არ უნდა ვიქცეთ პოლიტიკოსებს შორის უთანხმოების მსხვერპლად. მხოლოდ ხალხთა შორის მეგობრობითა და კომპრომისის უნარით არის შესაძლებელი საერთო მომავალი. ძალიან მინდა, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების მხარდაჭერით ორგანიზება გავუკეთო დიდ, ქართულ-რუსულ ახალგაზრდულ ფორუმს, რომლის მონაწილეები იქნებიან ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდობის ყველაზე თვალსაჩინო და წარმატებული წარმომადგენლები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოგვარდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამყარებს იმედებს ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის შეძლებს რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებას. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ყოველთვის ვამბობ, რომ არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. ეს მინიმუმ არაგონივრულია. საქართველომ აუცილებლად უნდა განაგრძოს ევროინტეგრაციის გზა, მაგრამ რუსეთთან ერთად. რადგან რუსეთი – ეს არის, მთელი ევროპული სამყაროს დიდი ნაწილი. როგორც დიდი შოთა რუსთაველი გვასწავლიდა, – “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი