გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 სექტემბერი, დემოკრატიის საერთაშორისო დღედ 2007 წელს გამოაცხადა. დემოკრატიის მთავარი ღირებულება – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ საქმე პოლიტიკასთან გვაქვს. მსოფლიო საზოგადოება, ალბათ, დიდი ხანია მიხვდა, რომ საქართველოში თუ რამე ფასობს ძვირად, ერთ-ერთი ღირსებაა. ღირსების გამო, ქართველებს შეუძლიათ ხელისუფლებაც კი შეცვალონ. 2012 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც, სწორედ ადამიანების ღირსების ხელყოფა იყო. ქართველმა ხალხმა თანაბრად უღირს საქციელად შეაფასა, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაჯდომაც და 10 სექტემბერს, ამერიკელი დიპლომატის მიერ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეურაცხყოფაც.
15 სექტემბერს, თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან, რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ იყო ორგანიზებული, შესაბამისად, ოპონენტებმა ის მაშინვე პრორუსულ ღონისძიებად მონათლეს. პროტესტის მიზეზი 10 სექტემბრის ინციდენტი გახდა, როცა ამერიკელმა დევიდ კრამერმა, ქართველი დეპუტატის, პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და რაც მთავარია ქალის მიმართ უპატივცემულობა და აგრესია გამოავლინა. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო – “არა – ბრაიზებს და კრამერებს! დასრულდეს მწამებლების – ბოკერიების და სააკაშვილების მხარდაჭერა!”
შემთხვევა 10 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Rooms-ში მოხდა, სადაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია იმართებოდა. ღონისძიებაში, 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი მონაწილეობდა. საკონფერენციო დარბაზში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მას შემდეგ შეიჭრა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაც, მისივე თქმით, კონფერენციაზე მისი ორგანიზაციის მისამართით ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდებოდა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის დარბაზში შეჭრას დევიდ კრამერის მხრიდან აგრესია მოჰყვა და ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება მოსთხოვა, ირმა ინაშვილს კი ჰკითხა, – “ვინ ბრძანდებით?”
მოგვიანებით ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა, სადაც მან ექსპრეზიდენტ სააკაშვილისეული დემოკრატია განმარტა. კრამერმა კი, განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ იცნო.
“ბოკერია-სააკაშვილები თქვენზე მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობენ და მუდმივად გიმტკიცებენ, რომ პრო-დასავლურები არიან. დასავლურობა მათ ესმით, როგორც ადამიანების წამება, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 22 %-ის მოწინააღმდეგისთვის ჩაბარებას, ადამიანების წამება, მკვლელობა, აქციების დარბევა, ეს დასავლური ღირებულებები არ არის, ეს არის ბოლშევიზმი და ფაშიზმი. ჩვენ ვართ, ჩვენ “პატრიოტები” ნამდვილად ქართული და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ იცოდეთ, რომ როცა ბოკერია, სააკაშვილი და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია”, – განაცხადა ინაშვილმა კონფერენციაზე.
ამის შემდეგ მან კრამერს მიმართა და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
“ბატონო კრამერ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, იმიტომ, რომ გადააბიჯეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევრს!”.
მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი უყურადღებოდ დატოვა ხელისუფლებამ, პროტესტი არც ირმა ინაშვილის კოლეგებს გამოუხატავთ პარლამენტიდან. ინაშვილის შეფასებით ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ღირსების გრძნობა. საპასუხო კომენტარი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ გააკეთა. მისი თქმით, ქმედება, რომელიც ირმა ინაშვილმა ჩაიდინა, მის ქვეყანაში დასჯადია. როგორც ბრაიზა განმარტავს, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი კონფერენციაზე იმ დროს შეიჭრა, როცა რუსეთის საკითხი განიხილებოდა.
ბრაიზას და კრამერს “პატრიოტთა ალიანსმა” აშშ-ს საელჩოსთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ორგანიზებით უპასუხეს, თუმცა, მანამდე ირმა ინაშვილმა გენპროკურატურასა და შსს-ს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება 10 სექტემბერს, სასტუმრო “რუმსში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მოითხოვა მეთიუ ბრაიზამ ცილისწამებისთვის, ხოლო დევიდ კრამერმა ძალადობისთვის აგონ პასუხი.
“ამერიკაში, დიდი ხნის წინ ჩამოფასებულ ბრაიზას და პოლიტიკურად და მორალურად დასრულებულ კრამერს ვპირდები, საქართველოში სამუდამოდ დაღამდება მათთვის. საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, აქ ადამიანებს იცავს კანონი. ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები. კრამერი აბსოლუტურად გაკოტრებული ექსპერტია ამერიკაში და ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მოღვაწეობს. არავითარი პოლიტიკური წონა მას ამერიკაში არ აქვს. ეს არის მარგინალების ჯგუფი, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და აქ დირიჟორობენ. 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევენ სტიმულს მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ს საელჩოსთან პირველად გაიმართა რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია. აქციის ლიდერების განცხადებით, ამით ისინი ომს აშშ-ს არ უცხადებენ მათი მიზანია, ამერიკამ დაინახოს ქართველი ხალხი და უარი თქვას სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წევრთა მფარველობაზე.
“მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აშინებდნენ,- თუ აქციაზე მიხვალთ, ამერიკის ვიზას ვერ მიიღებთო. ვფიქრობ, ხალხის საკმარისი რაოდენობა იყო. მეტი საჭირო არც იყო. დიდ მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც შემოუერთდა ჩვენს შეკრებას და ვინც აცნობიერებს, რომ ბრაიზები და კრამერები აზიანებენ არა მარტო საქართველოს, არამედ თავად ამერიკას”, – აცხადებს ინაშვილი.
ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, “პატრიოტთა ალიანსი” მოსახლეობის ფართო ფენებში მხარდაჭერის მოპოვებას ახერხებს, რითაც დღეს, ბევრი პარტია ვერ დაიკვეხნის. ამდენად, მათ, 2020 წლის პარლამენტში მოხვედრის სერიოზული შანსი აქვთ.
როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, პატრიოტებს შეუძლიათ, სერიოზული სიურპრიზი შესთავაზონ ქართულ პოლიტიკას. ძალა თუ იგრძნეს, შესაძლოა, აბსოლუტურად დამოუკიდებლადაც იმოქმედოს. მაგრამ მოკავშირე თუ დასჭირდათ, ისევ “ოცნებას” აირჩევენ, ვიდრე ნაციონალებს.
მისივე თქმით, პატრიოტების აქციები ყოველთვის ხალხმრავალია, რაც ოპონენტებს აშინებს. მათი ქილიკის მიზეზიც ეს არის. მაგრამ ამ ქილიკით ისინი უპირველეს ყოვლისა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას და ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის გული მოიგონ, მათ მიმართ აგრესიას გამოხატავენ, რაც საეჭვოა, სწორი სტრატეგია იყოს.
“დასავლეთი გვასწავლის, – სიძულვილის ენა მიუღებელიაო. ამ დროს, სიძულვილის განსახიერება იყო თავად კრამერის ქმედება, რასაც ხელისუფლების მხრიდან შეფასებები უნდა მოჰყოლოდა. ასეთი რამ ქვეყნის შეურაცხყოფაა”, – მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია, კრამერის საქციელს არ ამართლებს და აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტი აშშ-ში რომ მომხდარიყო, კრამერს ნამდვილად არ აპატიებდნენ. ექსპერტის თქმით, დემოკრატია არ ნიშნავს ქალის ღირსების შელახვას. იზიარებ თუ არა მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, ეს დაუშვებელი ქმედებაა. გარდა ამისა, მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანს, თმენის მაღალი ვალდებულებაც აკისრია.
“ვინც არ უნდა იყოს, მეგობარი თუ მტერი, ქალისთვის ხელის კვრა და ასეთი ქცევა, ჩემთვის, როგორც კავკასიურ ეთნიკურ წესზე აღზრდილისთვის, წარმოუდგენელია. კრამერის საქციელი ქვეყნის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა. ირმა ინაშვილი ის ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული ებრძოდა სისხლიან რეჟიმს და დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში. კრამერი თუ ვერ არჩევს, “ნაციონალური მოძრაობის” სახით პოლიტიკურ გიენებთან რომ აქვს საქმე, მისი ნებაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ როგორ იქცევა ჩემს ქვეყანაში. აშშ ჩემთვის არ არის მაკეინი და მისი ნეოკონსერვატიული ძალები. აშშ არის ტრამპის ადმინისტრაცია, დემოკრატიული პარტიის ოპოზიციური ფრთა, რომლებიც ასე არ მოიქცეოდნენ. ამ ადამიანის საქციელი უნდა დაიგმოს, დარღვეულია კანონი დისკრიმინაციის შესახებ. სულ მცირე მოკვლევა უნდა დაწყებულიყო. მიკვირს სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს პირში წყალი რატომ აქვთ ჩაგუბებული”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.
მისივე შეფასებით, 10 სექტემბრის ინციდენტმა ჩვენი საზოგადოების ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის დონე და საკუთარი ღირებულებების დაცვის უუნარობა დაგვანახა. და აქ არაფერ შუაშია საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია.
“ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მეგობარია, იქ თავისუფალი აზრის გამოხატვას კანონი იცავს”, – აცხადებს ექსპერტი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აღნიშნულ შეხვედრაზე მისვლას სხვა ფორმით თუ მოახერხებდა. თუმცა, ეს კრამერის ქმედებას არ ამართლებს.
“ამერიკელი იქნება, ევროპელი თუ აზიელი, მაღალჩინოსანი, ასეთი საქციელი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დიპლომატებს ქცევის წესებს ბაკალავრის პირველ კურსზე ასწავლიან”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მისი მოსაზრებით, “პატრიოტთა ალიანსი” თავის ამომრჩეველზე კარგად მუშაობს, როგორც მედიასაშუალებით, ასევე ხშირი კომუნიკაციით რეგიონებში, სოფლებსა და დაბებში, რასაც ვერ ხედავს ოპოზიციისგან, რომლებიც მხოლოდ ტელე და მედიასაშუალებებში პოზირებენ და მთავრობის სუბიექტური კრიტიკით არიან დაკავებულნი.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, მათი ნაწილის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ირმა ინაშვილის პოლიტიკური ორიენტაცია, არამედ ზღვარი ღირსებასა და მონობას შორის. ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს ის, რომ დეპუტატის შეურაცხყოფა, რომელიც უამრავი ადამიანის ნდობის მანდატით სარგებლობს, სახელმწიფო ინსტიტუციის შეურაცხყოფაა. დემოკრატიულ სახელმწიფოს ღირსეული ადამიანები აშენებენ.
შორენა პაპაშვილი