ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ქართულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მიერ კონტროლირებად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის წაიშალა ზღვარი, არამედ საქართველოს წინააღმდეგ უკვე უკრაინის ხელისუფლება მოქმედებს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგით. ერთთვიანი შუალედით კიევი უკვე ორჯერ შეეცადა საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებას. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვიდან, მართალია ვარაუდებისა და ეჭვების დონეზე, მაგრამ უკვე მეორედ ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრალდებები, რომ რუსეთს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მორიგ ბრალდებას ნიადაგი თავად ქართულმა მედიასაშუალებებმა შეუმზადეს. რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების ეთერით ერთმანეთის მიყოლებით გადის სიუჟეტები გაყალბებული ფაქტებით.
ასე მაგალითად, “ტვ პირველმა” გაავრცელა, თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ გემებს და სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან მათ. სინამდვილეში, 2 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე განთავსებული 5000 ტონა დიზელი – ტრანზიტული ტვირთი, სომხეთისთვის იყო განკუთვნილი. პორტში ყველა ოპერაცია, საერთაშორისო ნორმების დაცვით განხორციელდა. ასევე, ტელეკოკომპანია “მთავარის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, თითქოს სანქცირებული რუსული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოდან ხორციელდება. სინამდვილეში, კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი).
დეზინფორმაციული სიუჟეტების პარალელურად კიევიდან საქართველოს მისამართით ისმის მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს სანქციებისგან თავის დაღწევაში ეხმარებიან, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ სამ ქვეყანასთან, საკუთარი პროდუქციის რეექსპორტის მიზნით ფარულ მოლაპარაკებებს მართავს, რომ იგეგმება რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ქართული, სომხური და ზერბაიჯანული კომპანიების მეშვეობით გატანა და რომ სამივე ქვეყანაში, ამ მიზნით 200-ზე მეტი კომპანია შეიქმნა.
საქართველოს მიმართ უკრაინული მხარის ბრალდებებზე ღიად ისაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა და უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებებში, მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორც ევროკავშირის ქვეყნები და აშშ.
“გვაქვს ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს. როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით, და, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
იგი თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე შეაფასოს.
“თუ ქვეყანა ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში”, – აცხადებს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა აქვს.
საქართველოს ხელისუფლების ლიდერები ბრალდებას ცილისწამებას უწოდებენ და კიევს ურჩევენ მტერი მეგობრებში არ ეძებოს. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს “სამარცხვინო არსება” უწოდა და ჟურნალისტებს სთხოვა, პოდოლიაკის წარსულით დაინტერესდნენ, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.
“არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია. უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო”, – განაცხადა კალაძემ.
პოდოლიაკის განცხადებამ ქართული ოპოზიციის ნაწილიც გაანაწყენა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციური პარტიიდან, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ყველა ასეთი განცხადების უკან უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულება. როდესაც ქვეყანას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის არის რუსეთის “უკანა ეზო”, ბრალდება უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით.
“მაშინ ჩვენი დამოკიდებულებაც ამის მიმართ იქნება ადეკვატური, სხვა შემთხვევაში ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის. როდესაც მთელი ქვეყანა ცდილობს, გვერდში დაუდგეს უკრაინას, ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველა ადამიანის დონეზე”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილებამ პირველად აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მაშინ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, თუ ამას როგორ აკეთებდა საქართველო?
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე Dalma News-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოზე მსგავსი შემოტევები, არის არალოგიკური და უკრაინისთვიას არახელსაყრელი. უკრაინის ხელისუფლების ამგვარ ქმედებაში კერძო ჯგუფების ინტერესებს ხედავს, რომლებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ უკრაინის ხელისუფლებაზე.
“როცა ელჩი გაწვეულია და არ არის დანიშნული ახალი ელჩი, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ორ სახელმწიფოს შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთელი აქტივი უკრაინაში გადაბარგდა, რომლებიც კრიმინალში არიან ბრალდებულნი, ზოგი იძებნება. როცა მეორე სახელმწიფო ასეთ პირებს თანამდებობებზე ნიშნავს, ეს უკვე არამეგობრული ქმედება და ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის მუშაობის შეფასებას, ამირან სალუქვაძე, რომელმაც ამ სფეროში წლების განმავლობაში იმსახურა, ამბობს, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში ვერ იპოვა სადაზვერვო ინფორმაციის ნიშნებიც კი. მისი შეფასებით, ეს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთაა.
მისივე თქმით, დღეს უკრაინას აქვს კონკრეტული ამოცანა, რომ შეკრას კოალიცია სანქციების ირგვლივ. ეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დღეს, რათა მაქსიმალურად დააზიანოს რუსეთი. ამ დავალებას აძლევენ შესაბამის სამსახურებს, ერთ-ერთია დაზვერვა, მაგრამ ეს არ არის სამხედრო დაზვერვის თემა. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების საქმე. მაგრამ, რატომღაც ამ განცხადებებს სამხედრო დაზვერვა აკეთებს.
“არა თუ ვარაუდი, 100%-იანი ინფორმაციაც რომ ჰქონდეთ, რომელიმე ბიზნესმენი ან სახელმწიფო სტრუქტურა არის ამაში ჩართული, მეგობარ სახელმწიფოს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ დანაშაული აღკვეთონ. ამას სჭირდება ყურმილის აღება და თბილისში დარეკვა”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე თქმით, როცა კომუნიკაციის ნაცვლად ბრალდებები საჯაროდ გამოაქვთ, არც მეტი არ ნაკლები, იქცევიან არამეგობრულად, ცდილობ დააზიანონ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და პრესტიჟი.
“საქართველოს და უკრაინას ერთი და იგივე პარტნიორები გვყავს და მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოგვაწვიდნენ ინფორმაციას. აშშ-ს ეშინია, ღუ ერიდება საქართველოს ხელისუფლების, რომს პირდაპირ უთხრას, – საეჭვო სქემებში ხარ ჩართულიო?”, – აცხადებს სალუქვაძე.
მისივე თქმით, სანამ საქართველოში არსებობს რადიკალური ოპოზიცია უკრაინა-საქართველოს შორის ტონი არ შეიცვლება. ამაზე მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები.
მეცნიერი, პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი შტო უკვე არაადეკვატურია. სახეზეა საქართველოს საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევა და ხელისუფლების წინააღმდეგ მოწოდებები. მეორე მხრივ, სიხარულიძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კიევის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ლამის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დონის განცხადებებად აღიქვამენ.
“როცა გამოდის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და განაზოგადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ იმუშავა თავის დროზე უკრაინასთან. მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არაადეკვატურები არიან, მათ ჩათვალეს, რომ ზელენსკი და მისი მრჩევლები არიან დიდი პოლიტიკის მცოდნეები. სამწუხაროდ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არიონ ვითარება და ამით დიდი პოლიტიკური მიღწევები ექნებათ”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
ის, არც ოფიციალური თბილისის პოზიციას იწონებს. როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ომში მყოფ უკრაინას პასუხს არ მოსთხოვენ (ცრუ ბრალდებების მიუხედავად). სიხარულიძის აზრით, ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოს უნიათო ხელისუფლება ჰყავს.
“მთავარი მათი პრობლემაა, არც მწვადი დაწვან და, არც შამფური, ამასობაში უკრაინამ ჩვენ ფეხები შეგვაწმინდა და ჭკუას გვასწავლის არშემდგარი სახელმწიფო“, – აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც თავისივე მოქალაქეებმა გაძარცვეს, სადაც კორუფცია ყვავის, რომელიც დემოკრატიის ხარისხით ყველანაირად ჩამორჩება საქართველოს და ასეთი ქვეყანა ჩვენ გვასწავლის ჭკუას. ამ ვითარებაშიც კი საქართველომ ცრუ ბრალდებებზე უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
Dalma News-ის კითხვაზე, საქართველო-უკარინის მომავალ ურთიერთობას განსაზღვრავს თუ არა „ენმ“? არჩილ სიხარულიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ უკრაინულ ფრონტზე მოუგო.
შ.ქარჩავა