2021 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, კიდევ ერთი ისტორიული ფაქტის ამსახველი იქნება. ქართული საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია პიკს აღწევს. თარიღი, რომელიც ქართველთა ერთობის სიმბოლოდ და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღედ იქცა, წლეულს საპროტესტო მსვლელობითა და “კარვების აქციით” აღინიშნა.
ამჯერად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებულ 9 აპრილის მემორიალთან მისვლას საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მხოლოდ იმ მიზეზით აარიდა, რომ იქ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების კარვები დგას. არც ოპოზიციას მოუკლავს თავი იმაზე ფიქრით, რომ ერთი დღით შეეწყვიტათ “კარვების აქცია” (ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს).
“უცნობის” ფსევდონიმით ცნობილი მომღერლის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით აქცია თბილისში, ევროპის მოედანზე დაიწყო. “უცნობმა”, ეკლესიის ზარების ჩანაწერის ფონზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები წაიკითხა. შემდეგ კი შეკრებილებს მიმართა.
“აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და, რომელიც ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, ეს არის საქართველო “სტუმარ-მასპინძლის”, “აი იასი”… ეს ის ხიდია, სადაც მტკვარი წითლად შეიღება, სადაც აბო ტფილელი აწამეს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ და საქართველოს სახელოვანი მოღვაწეების – მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, რეჟისორების და სხვათა სახელები ჩამოთვალა.
ამის შემდეგ მან ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და საკუთარი ლექსი წაიკითხა.
გაჩეჩილაძის თქმით, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში უნდა აღმართულიყო ძეგლი, წარწერით “ღმერთი სიყვარულია”, რაც არ მოხდა და დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი. “უცნობმა” საკუთარი ინიციატივით, ეს სიტყვები ბერლინის კედლის ფრაგმენტზე პულივიზატორით დაწერა, რის გამოც, მოგვიანებით, თბილისის მერიამ, ვანდალიზმის გამო დააჯარიმა.
ბერლინის კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა.
ძველ თბილისში შეკრებილ ხალხს “უცნობმა” მსვლელობის მარშრუტი გააცნო და განაცხადა, რომ 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად “დედაენის ბაღში” დაასრულებენ საპროტესტო მსვლელობას.
“ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს, ამათ უნდა, რომ რუსთაველზე სუნიანი და დაბინძურებული კარვები ავყაროთ. ერთი დღით არ აკეცეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო მემორიალთან და პატივი მიეგოთ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ევროპის მოედნიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მადლობა გადაუხადეს. მადლობითვე უპასუხა მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქომ. “ენმ”-ს მხარდამჭერებთან შესაძლო დაპირისპირებისა და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, “უცნობმა” მსვლელობა რუსთაველის გამზირის ნაცვლად, სანაპიროს გზით წარმართა.
“დედაენის ბაღში” გია გაჩეჩილაძემ და აქციის სხვა მონაწილეებმა ხელი მოაწერეს “მარადისობის დღის” დამფუძნებელ დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი, თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშიშ და მავნებლურ ამოცანებს. ამიტომ, საზოგადოების აქტიური ნაწილი ქმნის ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას.
“დედაენის ბაღში დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და ყოველთვის ასე დავრჩებით“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ “მარადისობის დღე” ყოველწლიურად აღინიშნება.
“უცნობის” იდეის თანახმად, ამ დღეს ხალხი გამოვა ქუჩაში და მიმართავს ნებისმიერ ხელისუფლებას, ან პროტესტით, ან მადლობით. მის მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი აქციის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, არც ოპოზიციის ლიდერებსა და, არც მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებს.
სოციალურ ქსელში კი, საზოგადოების ერთი ნაწილი, აქციაზე მისული ადამიანების ლანძღვით დაკავდა. საკუთარი შეფასებებით, არც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დააგვიანა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გაჩეჩილაძის აქციას:
“აი, ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რაც დღეს იხილეთ. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ… ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს!”, – წერს ძებნილი ექსპრტეზიდენტი.
“ეს შეკრება ნამდვილად საჭირო იყო ამ ავბედით ჟამს, როცა ნაცები თავზე გვასხედან”;
“არც ისეთი დანაშაული აქვს “უცნობს”, რომ ვინმემ წამოაყვედროს, ცოტა არ უბრძოლია ნაცების წინააღმდეგ. პოლიციის ეზოში რომ გადახტა და კინაღამ მოკლეს”;
“უცნობი” არ არის ის დიადი, ღირსეული მამულიშვილი, ვისაც ერი უნდა გაჰყვეს”;
მოგვიანებით, აქციის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მას პოლიტიკაში ყოფნა არ სურს, თუმცა გეგმავს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, რომლის სახელწოდება იქნება – “აი ია”. გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მოძრაობა, შემდგომში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.
“თუ გამოჩნდებიან ისეთი ქართველები, რომ ამ ქვეყანაში, რაღაც შეიცვალოს და გაჩნდა დაფინანსება, მივიღებთ ამ პროცესებში მონაწილეობას, რომ საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკურ ძალას დავეხმაროთ ჩამოყალიბებაში. მე პირადად პოლიტიკაში არანაირ მონაწილეობას არ ვაპირებ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “უცნობის“ აქციის უკან მესამე ძალის კონტურებს ვერ ხედავს. მისი თქმით, აქცია იყო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი, საზოგადოებრივი განწყობის გამომხატველი.
“ამ აქციის მიზანი იყო, „ფანჩატურის ოპოზიციისთვის დაენახვებინათ, რომ არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილიც, რომელიც აქამდე მოთმინებით უყურებდა მათ ქმედებებს, გამოხტომებს და დღეს, საკმაოდ მშვიდი, დელიკატური შეკრებით დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, 9 აპრილის აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, თუ საქართველოში, რამდენად ღრმად პოლარიზებული და გაყოფილია საზოგადოება.
აქცია-მიტინგების ქართული ტრადიციის გათვალისწინებით, “უცნობის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა ერთობ მოკლე და ლაკონური იყო. არც სიტყვით გამომსვლელების სიჭრელე ყოფილა და, არც პოლიტიკური განცხადებები გაკეთებულა, გარდა იმისა, რომ დაასრულებენ “ნაციონალურ მოძრაობას”. აქციის ბოლოს კი “უცნობი” ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტებთან სარკაზმით გაერთო.
ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ხალხი არა იმდენად “უცნობის” მოწოდების, არამედ ოპოზიციის მიმართ შინაგანი პროტესტის გამო გავიდა აქციაზე. “უცნობი” საპროტესტო იდეებისა და გზავნილების ერთგვარი კომუნიკატორი აღმოჩნდა.
“საზოგადოებას არ მოსწონს, რაც ხდება ქვეყანაში. როგორ იბრძვის ოპოზიცია ძალაუფლების არალეგიტიმური გზებით ხელში ჩასაგდებად. ეს დაადასტურა კიდეც დღეს, სააკაშვილმა თავისი ფეისბუქსტატუსით. მოვიდა დრო, რომ საზოგადოების მეორე ნაწილმაც დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება პოლიტიკური კრიზისის მიმართ. დღევანდელი აქცია იყო პირველი მერცხალი”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ გაჩეჩილაძის მიერ დაფუძნებულმა მოძრაობამ დიდხანს ვერ იარსებოს.
“თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, პატრიარქმა გამოაცხადა იდეა -„დაიცავი საქართველო“ და საზოგადოებას ამ იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. მაშინ ამ მოწოდების კვალობაზე შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომელსაც უცნობის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე ჩაუდგა სათავეში. იქ გაერთიანდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც მაშინ გარკვეული პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ იარსება ამ ინიციატივამ”, – აცხადებს ანჯაფარიძე.
“უცნობის” აქციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი და ამბობს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია გამოხატოს პროტესტი, რაც დემოკრატიის ნაწილია.
“თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, პატრიარქმა გამოაცხადა იდეა -„დაიცავი საქართველო“ და საზოგადოებას ამ იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. მაშინ ამ მოწოდების კვალობაზე შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომელსაც უცნობის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე ჩაუდგა სათავეში. იქ გაერთიანდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც მაშინ გარკვეული პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ იარსება ამ ინიციატივამ”, – აცხადებს ანჯაფარიძე.
“უცნობის” აქციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი და ამბობს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია გამოხატოს პროტესტი, რაც დემოკრატიის ნაწილია.
Dalma News-ის კითხვაზე შთამბეჭდავი იყო თუ არა “უცნობის” აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა, ლევან ალაფიშვილმა განაცხა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში პროტესტის ადამიანების რიცხოვნობით გაზომვა ცუდი ჩვევაა. შთამბეჭდავი უნდა იყო პროტესტის შინაარსობრივი მხარე და არა ხალხის რაოდენობა.
“მრავალფეროვნებაში არის დემოკრატიის არსი და არა საზოგადოების რიცხოვნობით დაყოფაში“, – აცხადებს ალაფიშვილი.
გია გაჩეჩილაძის ახალ მოძრაობას დიდი მომავალს არც ალაფიშვილი უწინასწარმეტყველებს, თუმცა ამბობს, “უცნობის” მეშვეობით ხელისუფლება შეეცდება ანტიოპოზიციური ელექტორატი შეინარჩუნოს და პერიოდულად გაზომონ მათი განწყობები. ამდენად, შესაძლოა კიდევ ვიხილოთ ამდაგვარი აქციები, რადგან 2021 წელი საარჩევნო წელია.
9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთობის სიმბოლოა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ხერხდებოდა პოლიტიკური კონფრონტაციის დროებით გვერდზე გადადება. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები ერთად მიდიოდნენ და ამკობდნენ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალს. 2021 წლის 9 აპრილმა კი, ჩვენი საზოგადოების უკიდურესი გახლეჩა დაგვანახა, რასაც სამწუხაროდ, დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს.
შორენა პაპაშვილი