საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანია ნატო-ს 2016 წლის “ვარშავის სამიტზე” ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერება.
როგორც Dalma News-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელი პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებს განიხილავს. ექნება რამდენიმე საჯარო გამოსვლა. მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკაში კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე. ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მაღალი დონის შეხვედრებით დასრულდება.
“ყველგან შეხვედრები უმაღლეს დონეზეა დაგეგმილი. ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში უფრო მეტი ინტენსიურობით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ასევე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში ჩვენი შესაძლებლობებისა და მხარდამჭერების გამრავლებაზე”, – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.