იმ ფონზე, როცა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტირუსული პროპაგანდაა გააქტიურებული, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ქართული საზოგადოება ნეგატიურად განაწყონ რუსული კულტურის მიმართაც, როდესაც ისმის კითხვები, თბილისის ცენტრში უნდა არსებობდეს თუ არა პუშკინისა და გრიბოედოვის ძეგლები, რუსული ენა კვლავაც რჩება საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის საშუალებად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებისთვის ჯერ კიდევ პრობლემაა სახელმწიფო ენის შესწავლა.

ესეც რომ არ იყოს, კულტურული სფეროს წარმომადგენლები დღემდე აქტიურად იყენებენ კომუნიკაციისთვის რუსულ ენას და რაც მთავარია – ტურიზმი. როგორც ცნობილია საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოდის, შესაბამისად, რუსული ენის ცოდნა საქართველოში, ზედმეტი ნამდვილად არ არის.

თბილისში არსებობს და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი. მას ფუნქციონირება არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შეუწყვეტია და არც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. თბილისის ცენტრში რუსულენოვანი თეატრის არსებობა იმის ნათელი მაგალითია, რომ საქართველოში ენას და კულტურას არასდროს ებრძვიან.

თბილისის რუსული დრამატული თეატრის შენობა (19 ს.)

მოკლე ისტორიული ექსკურსისთვის გეტყვით, რომ გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი თბილისში ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, 1932 წელს დაარსდა, გრიბოედოვის სახელი კი, მოგვიანებით, 1935 წელს მიენიჭა. პირველი სპექტაკლი ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, კოტე მარჯანიშვილმა დადგა. ეს იყო მაქსიმ გორკის „ფსკერზე“.

თეატრს აქვს საგანმანათლებლო ფუნქცია და მის რეპერტუარში ძირითადად არის როგორც რუსული, ისე უცხოური და თანამედროვე ქართული თუ კლასიკური ნაწარმოებები. მისი რეპერტუარი ყოველთვის დატვირთული და მრავალფეროვანი. ამ თეატრთან არის დაკავშირებული ბევრი ცნობილი გვარი, როგორიცაა: გ. ტოვსტონოგოვი, დ. ანთაძეს, ა. თაყაიშვილი, გ. ლორთქიფანიძე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეები: რუბინი, ოლშანიცკაია, სურმავა და სხვა.

1999 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი. ჩვენც თეატრის მომავალ გეგმებზე სწორედ მას გავესაუბრეთ. როგორც რეჟისორმა გვითხრა, ქართულ პოლიტიკაში არსებული ანტირუსული განწყობების მიუხედავად, გრიბოედოვის თეატრი კვლავაც აქტიურია. მისი თქმით, ეს არის ქართული თეატრი, მაგრამ რუსულენოვანი.

ავთანდილ ვარსიმაშვილი

„ჩვენი მაყურებელია, როგორც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ასევე სომხები, აზერბაიჯანელები, ახლა უკვე დაგვემატა უკრაინელების ძალიან დიდი ნაკადი, ასევე რუსეთიდან ჩამოსულები. სპექტაკლებს ყოველთვის ვდგამდით ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ ხაზს ვაგრძელებთ. რაც შეეხება ანტაგონიზმს, ვერასდროს ვერ ვგრძნობდით ამას ჩვენი მისამართით. ჩვენი მაყურებელი არ ურევს ენას და კულტურას პოლიტიკასთან. ჩვენ არავინ გვსაყვედურობს იმას, თუ რატომ ვთამაშობთ რუსულ ენაზე ან რატომ ვდგამთ რუსულ კლასიკას”, – აცხადებს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

გრიბოედოვის თეატრის მიზანია მოემსახუროს საკუთარ მოქალაქეებს და დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ თემატიკას ყოველთვის ყურადღებით არჩევენ. მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რა ენაზეა სპექტაკლი, მთავარია, რა თემას ეძღვნება იგი.

“ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყოველთვის ვესაუბრებით იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ თეატრი მოემსახუროს საკუთარ მოქალაქეებს. მაგალითად სპექტაკლი “ალჟირი” რომელიც ქართველი ქალების ყაზახეთსა და ციმბირის ბანაკებში „გარეკვაზე“ მოგვითხრობს. ჩვენ ვართ ტოლერანტული ქვეყანა და არ ვებრძვით ენას. ვართ ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა და აუცილებელია ჩვენი მოქალაქეები არ მოვწყვიტოთ ქვეყნის ისტორიას”, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

მისივე მოსაზრებით, თბილისში რუსული თეატრი მაშინ შეწყვეტს არსებობას, როცა რუსულენოვანი მოქალაქეები არ ეყოლება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს არ შევხედოთ ყალბი პატრიოტიზმით.

თეატრის ძირითადი დასის მსახიობები შესანიშნავად ფლობენ რუსულ ენას და ასევე წარმატებით თამაშობენ ქართულ სპექტაკლებშიც. დღეისთვის თეატრს ეთნიკურად რუსი მხოლოდ ერთი მსახიობი ჰყავს, ინა ვორობიოვა, ის მრავალი წელია ცხოვრობს თბილისში. დასში არიან ასევე უკრაინელი და სომეხი მსახიობებიც.

გრიბოედოვის თეატრი ძირითადად არის საგანმანათლებლო თეატრი, შესაბამისად სპექტაკლების თემატიკის შერჩევისას მთავარი აქცენტი კეთდება კლასიკაზე, განმანათლებლობაზე, თუმცა, მნიშვნელოვანია სიახლეებიც აქვთ. გრიბოედოვის თეატრი პირველი იქნება, რომელიც საკუთარ რეპერტუარში ტურიზმის მიმართულებას – ტურისტების მომსახურებას ჩართავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ გემრიელი სამზარეულო, ლამაზი ბუნება, ისტორიული ძეგლები და ის ასევე არის სულიერი საზრდო, ამ მიმართულების გამოყენებას გრიბოედოვის თეატრი აპირებს. დაიდგმება სპექტაკლები ქართულ თემატიკაზე რუსულენოვანი მაყურებლისთვის, ამგვარად ტურისტებს და ქვეყნის სტუმრებს გააცნობენ საქართველოს ისტორიას, მის კლასიკოს მწერლებსა და ყველაფერ იმას, რაც ქართული კულტურის შესახებ უნდა იცოდეს ამ ქვეყნის სტუმარმა.

პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “არ იდარდო”, გენიალური რეზო გაბრიაძის სცენარზე რეჟისორ გია დანელიას ფილმის სასცენო ვარიანტი. ასევე, აჟღერდება გენიალური გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა.

რეზო გაბრიაძე და გია დანელია

“ვფიქრობ, ტურისტებისთვის იქნება ძალიან საინტერესო სპექტაკლი, იმიტომ, რომ მათთვის ეს საკულტო ფილმია. მიეძღვნება 3 გენიალური ქართველის ხსოვნას. ამას მოჰყვება სოხუმელი ავტორის, ალექსანდრე პოტიომკინის პიესა “მოთამაშე”. ამჟამად ის გერმანიაში ცხოვრობს. ეს ადამიანი სულით ხორცამდე ქართველია. მის ძალიან საინტერესო პიესას დავდგამთ, მინდა ჩვენს რეპერტუარში ემიგრაციის თემა შემოვიტანო”, – განაცხადა ავთანდილ ვარსიმაშვილმა თეატრის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, სპექტაკლ “არ იდარდოს” ნახვა მაყურებელს უკვე მარტის ბოლოს შეეძლება, ხოლო პოტიომკინის “მოთამაშეს” – მაისში იხილავენ.

“საკმაოდ დიდია ინტერესი ჩამოსულების მხრიდან, რომ იარონ თეატრში. განსაკუთრებით ტურისტებს შორის არიან თეატრის მოყვარულები. გრიბოედოვის თეატრში ისინი რეალურად უყურებენ ქართულ სათეატრო ხელოვნებას და ესმით მათ ის აზრები, რასაც ვდებთ ჩვენს სპექტაკლებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და სიფრთხილე გამოვიჩინოთ ერთმანეთის გრძნობების მიმართ”, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

როგორც თავშიც აღვნიშნე, გრიბოედოვის თეატრის რეპერტუარი ერთობ გადატვირთულია, შესაბამისად თეატრი, არც მაყურებლის სიმცირეს უჩივის. ბილეთები არა თუ 1 ან 2 კვირით, არამედ ერთი თვით ადრე იყიდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია თეატრის მიმართ ახალგაზრდა თაობის ინტერესი. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს მოჰბეზრდათ ვირტუალური ურთიერთობა და ცოცხალი ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან. ამ მოსაზრებას ავთანდილ ვარსიმაშვილიც იზიარებს და ამბობს, რომ კოვიდშეზღუდვების შემდეგ ხალხში თეატრისადმი ინტერესმა მკვეთრად იმატა.

“ახალი თაობის ინტერესი თეატრისადმი ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მესმის მოსაზრება, რომ ხალხს თეატრი არ აინტერესებს. თებერვლის ბილეთებს უკვე პრაქტიკულად ვერ იყიდით. თებერვალში 28 დღეა და 26-ჯერ ვთამაშობთ სპექტაკლს, არც ერთი ბილეთი უკვე აღარ არის. ძალიან აქტიურია მაყურებელი, უყვარს ჩვენს მაყურებელს თეატრი და ვფიქრობ დღეს ძალიან პრესტიჟული გახდა თეატრი”, – ამბობს ავთო ვარსიმაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 7 იანვარს, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაციონალური თეატრის სცენაზე შედგა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის პრემიერა. უნგრეთის მიწვევით მან დადგა ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”.

“კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ თეატრში, რომლებიც დიდი ხანია მიწვევდნენ, დრო გამოვნახე და დავდგი ეს სპექტაკლი. როგორც მეუბნებიან სპექტაკლმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებით მიმდინარეობს”, – ამბობს რეჟისორი.

გრიბოედოვის თეატრის მაყურებელს ძალიან საინტერესო რეპერტუარი ელოდება. თებერვალში მაყურებელი იხილავს ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლს “შინელი“, ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება სასტიკ და დაუნდობელ სამყაროში, მოულოდნელად დიდი სიყვარული იპოვოს ადამიანმა.

ასევე იხილავთ ჩეხოვის “ძია ვანიას“, ლინდგრენის “კარლსონის თავგადასავალს”, გაბრიაძის “რა სევდაა ხეივნის ბოლოს”, ბუნინის “სიყვარულის ხეივნებს”, აქსაკოვის “ალისფერ ყვავილს”.

გიორგი ქართველი