თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თავისი არსებობის მანძილზე უკვე მესამედ გაიხსნა. მრავალგანსაცდელ გამოვლილ შენობაში კვლავ გაისმა მსოფლიო დონის ქართველი მომღერლების ოქროს ხმები. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერის საზეიმო გახსნა ზაქარია ფალიაშვილის დაუვიწყარი დადგმის “აბესალომ და ეთერის” პრემიერით დაგვირგვინდა. რეჟისორ გიზო ჟორდანიასა და მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა ქართულ საზოგადოებაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა, კრიტიკული შეფასებებიც გაისმა.
ამაზე მოგვიანებით… Dalma News-ის მკითხველს ჯერ, თბილისის ოპერისა და ბალეტის ასწლოვანი ისტორიის მცირე ნაწილს ვუამბობ. გეტყვით, იმასაც, რომ ოპერის აღდგენა-რესტავრაციისთვის $40 მილიონი, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ” გამოყო. ამ თანხით მოხერხდა თეატრის სრული რესტავრაცია, საძირკველის გამაგრებიდან – სახურავის გადახურვამდე, რაც მთავარია პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის ფასადს. ხელახლა მოოქროვდა დარბაზი. გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო და განათების სისტემები. რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ ასსნათურიან ბროლის ჭაღს. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯით. თეატრს დაემატა თანამედროვე დეტალები: ღია ვერანდები, საგამოფენო სივრცე და სასადილო. გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, დასასვენებელი დარბაზი, გაფართოვდა და განახლდა თეატრის მიმდებარე სკვერი.
როგორც ფონდ “ქართუს” დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით უკვე, არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს. 30 იანვარს მან პირველ მაყურებელს ფართოდ გაუღო კარი. თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებშის პექტაკლების “გორდასა” და “აბესალომ და ეთერის” კოსტიუმები და პარტიტურები გამოიფინა. თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში დამთვალიერებელს შეეძლო ენახა თბილისის ოპერის ისტორიის ამსახველი ფოტოები, გასცნობოდა მის ისტორიას, განვლილ მძიმე, თუ ბედნიერ წლებს.
42 წლის შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა მხატვარ სერგო ქობულაძის მრავალფეროვანი ფერწერის ტექნიკით შესრულებული ფარდა, რომელიც 1973 წელს ხანძარმა გაანადგურა. მას შემდეგ ცნობილი ფარდის ესკიზები მხოლოდ ფოტოებსა და ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში განაგრძობდა სიცოცხლეს. ფარდის დაბრუნებას ოპერის მუსიკოსები სიმღერითა და ოვაციებით შეხვდნენ. იყო ბედნიერების ცრემლებიც. იხსენებდნენ წარსულს: – სანამ ახლოს არ მიხვიდოდი და ხელს არ მოჰკიდებდი, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ეს ყველაფერი ტილოზე იყო დახატულიო.
«ქობულაძის გენიალური ნამუშევარი -ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო. ძველი ფარდა აღდგა და ძალიან მიხარია. ცხადია ეს ის არ არის, რაც მე მახსოვს, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს გაცოცხლდა წარსული მათთვის, ვისაც ახსოვდა და ვინც პირველად ნახა, – გვითხრა ჟურნალ “მუსიკის“ რედაქტორმა, მუსიკათმცოდნე მზია ჯაფარიძემ.
მცირე ექსკურსი წარსულში
ამიერკავკასიაში პირველი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია 160 წელზე მეტს ითვლის. 800 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა და დედაქალაქის მაღალისაზოგადოება დაესწრო. ე.წ. “ქარვასლის თეატრის” შენობა 4 წლის განმავლობაში შენდებოდა იტალიელი არქიტექტორის ანტონი ოსკუდიერის ხელმძღვანელობით. თბილისის პირველი საოპერო სეზონი საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა გაეტანო დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმურით” გახსნა. ეს მოვლენა სახალხო ზეიმად იქცა. 1857 წელს თბილისის ოპერის სცენაზე შედგა ცნობილი სოპრანოს, ჯუზეპე ვერდის რჩეული მომღერლის ტერეზა შტოლცის სასცენო დებიუტი.
პარიზულ გაზეთ “ილუსტრასიონში” დაიბეჭდა სტატია: “ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდაოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია”.
ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ კი, თავის წიგნში “კავკასია”, თბილისის ოპერის თეატრს მთელი თავი მიუძღვნა. “უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზის თანა თვალწარმტაცი დარბაზი, ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს”, – წერდა იგი.
ახალგახსნილი ოპერის თეატრის მეორე სეზონზე პეტერბურგიდან საბალეტო დასი მოიწვიეს (ფ. მანოხინი და ე. პანოვი). თბილისელ მელომანთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ კომპოზიტორები: ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი.
მოგვიანებით დიდი ინტერესი გაჩნდა გერმანული ოპერების მიმართ და ევროპაში შექმნილ მაღალმხატვრულ საოპერო თხზულებათა დიდი ნაწილი მალევე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. ოპერა სახალხო სანახაობად იქცა. მაგრამ 1874 წლის 11 ოქტომბერს თეატრი ხანძარმა გაანადგურა, მაგრამ ქართული საოპერო ხელოვნება, კვლავ განაგრძობდა არსებობას. 1896 წელს თბილისის ოპერის მეორე და საკმაოდ წარმატებული სიცოცხლე დაიწყო. დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის პროექტით, 1200 კაცზე გათვლილი, ახალი საოპერო თეატრი რუსული საოპერო დასის მიერ შერულებული, მიხაილ გლინკას ოპერით “ცხოვრება მეფისთვის” გაიხსნა. XIX ს. 80-90-იან წლებში თბილისში დადგმებს მართავდა პეტერბურგის საიმპერატორო საბალეტო თეატრი. სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ. პირველი ქართული ოპერა, კი იყო რევაზ გოგნიაშვილის “ქრისტინე” (1918 წელი). მას მოჰყვა დიმიტრი არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე”, ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, ვიქტორ დოლიძის “ქეთო და კოტე”.
ტრიუმფალურ წარმატებასთან ერთად ახალი განსაცდელიც ახლოვდებოდა და 1973 წელს თბილისის ოპერა ხანძარმა მეორედ იმსხვერპლა. დაიწვა ცნობილი ფარდა, კოსტიუმები, რეკვიზიტი, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი. არქიტექტორებმა ლერი მეძმარიაშვილმა და მურთაზ ჩაჩანიძემ, 1978 წელს თეატრის შენობა თავდაპირველი სახით აღადგინეს. მაგრამ გასული საუკუნის მძიმე 90-იან წლებში კვლავ დადგა უძრაობის ხანა.
“მახსოვს 1973 წელის 9 მაისი, როგორ მირბოდა დიდი, თუ პატარა ოპერის თეატრისკენ, როგორ შეჰყურებდნენ ალმოდებულ შენობას, როგორ ტიროდნენ… ყველას თვალწინ ნადგურდებოდა ქართული კულტურის უძვირფასესი კერა, ნადგურდებოდა “ქართული ლეგენდა”… ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. ქართული საზოგადოებისთვის ოპერა ყოველთვის იყო კულტურის უძვირფასესი კერა. აქ აღიზარდა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების არაერთი თაობა, არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას მზია ჯაფარიძემ.
საოპერო ცხოვრებაში საქართველოს მრავალწლიანი წყვეტა ჰქონდა, მაგრამ არ დაკარგულა მის მიმართ ინტერესი და სიყვარული. 1973 წელს, როდესაც ოპერა დაიწვა, საოპერო დადგმები სხვა სცენებზე, მაგრამ მაინც იდგმებოდა და მაყურებელიც ჰყავდა. 90-იან წლებში კი, პოლიტიკური არასტაბილურობისა, თუ უპერსპექტივობის გამო, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი წავიდა სამშობლოდან. ქართველი ვოკალისტები დღეს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებს ამშვენებენ.
30 იანვარს თბილისის ოპერის გახსნას საქართველოს მთავრობის მთელი შემადგენლობა დაესწრო, მაგრამ არ დასწრებია ყოფილი პრემიერი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეს მნიშვნელოვანი დღე მას საჯაროდ მიულოცა. “ულამაზესი გამოვიდა ჩვენი ოპერისა და ბალეტის თეატრი. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს კედლები. როგორც ერთი-ერთი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ ამ დღეს. მან მართლაც მნიშვნელოვანი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ოპერის განახლებული თეატრი აჩუქა თბილისს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც 30 იანვარს ვერ დაესწრო თეატრისგახსნას, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, თავისი ბილეთი ნებისმიერისთვის დაეთმო. ვინ იგულისხმა პრემიერმა ძნელი ნათქმელია, მაგრამ ოპერის გახსნაზე არ იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამის მიზეზი, ოპერის თატრში საპრეზიდენტო ლოჟის გაუქმებაა.
საზეიმო გახსნაზე ადგილები მართლაც არ აღმოჩნდა საკმარისი. მუსიკათმცოდნე მზია ჯაფარიძე ღონისძიების ორგანიზატორებს მენეჯმენტს უწუნებს: “მესმის რომ უნდა ყოფილიყო “ქართუ ბანკი”, რომელმაც უზარმაზარი თანხები გაიღო ოპერის აღსადგენად; უნდა ყოფილიყო მთავრობაც და ბიზნესის წარმომადგენლებიც, მაგრამ, ვფიქრობ, 1065 ადგილიდან 65 ადგილი მაინც უნდა გამოეყოთ თუნდაც ფალიაშვილის მუზეუმის, კომპოზიტორთა კავშირის, კონსერვატორიისა და ნიჭიერთა ათწლედისთვის, რადგან ამ კერების გარეშე წარმოუდგენლია მუსიკალური ცხოვრება. ბუნებრივია, მეორე და მესამე დღესაც წავა ადამიანი სპექტაკლზე, მაგრამ, როგორ შეიძლება დავიწყნოდათ ფალიაშვილების შთამომავლები, ქართული საოპერო ხელოვნების ისეთი სახეები, რომელთა სახელთანაა დაკავშირებული ქართული საოპერო ხელოვნების არაერთი წარმატება და საერთაშორისო აღიარება, მათ შორის, ლამარა ჭყონია, ანზორ შომახია“… – გვითხრა გულისკივილით ქალბატონმა მზიამ.
ერთია ოპერის თეატრის გახსნა -აღდგენა, მაგრამ, მეორეა- რამდენად ეყოლება დღევანდელ საქართველოში მას მაყურებელი. როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ამბობს, ოპერა ფუფუნებაა და ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ამ ფუფუნებით. თუმცა, მას არც მაყურებელი ავიწყდება. “დიდი იმედი მაქვს, რომ შეიქმნება აბონიმენტები, რათა ადამიანებს შეეძლოთ, შედარებით იაფად დაესწრნონ სპექტაკლებს, როგორც ეს, თუნდაც ლა სკალაშია. ასევე, კრიტიკოსებს შეეძლებათ პრემიერებზე დასწრება, რათა შემდეგ ნანახი გააანალიზონ”, – აცხადებს ნინო სურგულაძე და ქართულ ოპერას ბევრ საინტერესო პრემიერას უსურვებს.
შეხვედრა ჯინსების თაობასთან
თაობები იცვლებიან, უკვდავი კლასიკოსები კი ეპოქიდან – ეპოქაში ამაყად მიაბიჯებენ, არ ხუნდებიან, არ იცვითებიან. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა “აბესალომ და ეთერი” წლების შემდეგ ახლებურად წარსდგა თანამედროვე მაყურებლის წინაშე. დადგმაში წამყვანი პარტიები მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერლებმა, ლადო ათანელმა და თამარ ივერმა შეასრულეს, რომლებიც სპეციალურად მოიწვიეს. დადგმებისთვის ყველა კოსტიუმი საგანგებოდ შეიქმნა. არც შეფასებებს დაუგვიანია. კრიტიკა დღესაც გრძელდება, მაგრამ არა მსახიობების, არამედ კოსტიუმებისა და დეკორაციის მიმართ. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ დადგმაში ქართული მხოლოდ მუსიკა და სიუჟეტი იყო, სხვა დანარჩენი კი – თანამედროვეობას აცდენილი, არაქართული, უფრო აზიურ-ეგვიპტურის მსგავსი.
“ქართული მელოდიის ევროპული სამოსელით შემკობილი ეროვნული ოპერა ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო მთელს მსოფლიოში და არა სხვა კულტურის ფერთა სიუხვით აჭრელებული. ჩვენ ამ ოპერის ძველი დადგმების დიდებულება გვახსოვს. მათ ზუსტ კოპირებას არ ვითხოვთ, მაგრამ განახლებული დადგმა, კარგი იყო ქართულ რეალობას არ ასცდენოდა”, – მიაჩნია ქართველოლოგ მანანა სოტკილავას.
დადგმაში არაქართულს ვერაფერს ხედავს მუსიკათმცოდნე მზია ჯაფარიძე და აცხადებს, რომ არც ფირუზისფერი, ოქროსფერი, თუ ბროწეულის ფერი არაა არაქართული. მისი აზრით, გოგი ალექსი-მესხიშვილი არაჩვეულებრივად იყენებს ქართულ ფერებს და თითეულს თავისი დატვირთვა აქვს.
“სპექტაკლში ყველა ფერს თავისი გრადაციებით სიმბოლური დატვირთვა აქვს. კოსტიუმები ეგვიპტურ-აზიურიაო? გაიხსენონ ჩვენი ფრესკები ძირძველ ტაძრებზე. ზოგი ამბობს, უფრო თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ძალიან სტატიკურიაო… ჯინსებით უნდა გამოსულიყვნენ?” – აცხადებს მუსიკათმცოდნე.
მისივე თქმით, არსებობს ოპერები, რომლებიც იტანენ “გათანამედროვებას”, მაგრამ, თავისი შინაარსიდან და ესთეტიკიდან გამომდინარე იგი ხედავს “აბესალომის” ულტრათანამედროვე დადგმის შესაძლებლობას. “აბესალომ და ეთერის” გოგი ალექსი-მესხიშვილისეული სცენოგრაფია 1986 წელსაც იქცა განხილვის საგნად, მაგრამ, მზია ჯაფარიძის აზრით, დრომ მისი ფასეულობა ცხადჰყო.
“თავად “აბესალომ და ეთერი” ეპიკური ოპერაა, ოპერა-ორატორია და თავისი ბუნებით სტატიკურია. ჩემის აზრით, სწორედ ამ ფერადოვანმა გამამ, მდიდრულმა კოსტიუმებმა და ქორეოგრაფიამ ოპერას მეტი დინამიკა შესძინა, ხოლო რეჟისორმა შესანიშნავად წარმოაჩინა ოპერის დედააზრი – სიყვარულის მარადიულობის იდეა…”, – მიაჩნია მზია ჯაფარიძეს.
რაც შეეხება თავად ნაწარმოებს, “აბესალომ და ეთერი” ქართული მუსიკალური ხელოვნების საძირკველია, რომელიც საგუნდო, თუ სოლო ნომრებით, არ ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საოპერო ნიმუშებს. ვიღასაც შესაძლოა არ მოსწონდეს ვაგნერი და ვერდი, ეს მათი გემოვნებაა, მაგრამ მზია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ფასეულობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს მართებული და სწორი. “აბესალომ და ეთერი” კი დაგვიანებულ მაყურებელს თბილისის ოპერის თეატრში 21 თებერვალს ელის.
შორენა პაპაშვილი
ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა “აბესალომ და ეთერი”