თბილისში მალე ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება. დედაქალაქის მეორე ვადით არჩეული მერის, კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი გადახდის ახალი სისტემა მოსახლეობის ნაწილს მგზავრობის საფასურს უძვირებს, ნაწილის კი პირიქით, უიაფებს. გაძვირება-გაიაფების სისტემა ასეთია: თუ აქამდე ადამიანი მუნიციპალური ტრანსპორტით 90-წუთის განმავლობაში 50 თეთრად მგზავრობა და დროის ამ მონაკვეთში შეეძლო მეტროდან ავტობუსში და ავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომა, მალე მთელს ამ კომბინაციაში 1 ლარს გადაიხდის.
მუნიციპალური ტრანსპორტით იშვიათად მოსარგებლეებს კახა კალაძე ულიმიტო აბონემენტებს სთავაზობს: 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი; 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი; 1-თვიანი ბარათი – 40 ლარი; 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი; 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი; ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.
ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შესაბამისი ტიპის ბარათებიც შეიქმნება. აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება თბილისის მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში.
როგორც თავად კალაძე განმარტავს, 20 ლარიანი ულიმიტო ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი.
“ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს, ამცირებს მგზავრთა გადაყვანის დროს, საცობებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხს. განახლებულ სატრანსპორტო სისტემას სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გასწევენ.
2021 წლისთვის თბილისის მოსახლეობა 1,2 მლნ-ს შეადგენს. მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველდღიურად საშუალოდ 800 – 900 ათასი ადამიანი მგზავრობს ამათგან ნაწილი მოსწავლე, სტუდენტი, პენსიონერი და სოციალურად დაუცველია, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ, დარჩენილი 600 000 ადამიანიდან, ნაწილი საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, ნაწილი პანდემიის გამო, ან ონლაინ რეჟიმში მუშაობს, ან უმუშევარია და იშვიათად უწევს ქალაქში მოძრაობა. გამოდის, რომ თუ ვინმესთვის გაძვირდა თბილისის საქალაქო ტრანსპორტი, სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილისთვის და კიდევ რეგიონებიდან ჩამოსულებისთვის.
ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ რეფორმა არ მოსწონს, მაგრამ მხარს უჭერს, რადგან მიაჩნია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას დიდი თანხები ხმარდება და საჭიროა შემოსავლები ამ დანახარჯს ცოტათი მაინც დაეწიოს. კერძოდ, საუბარი ახალი ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობების შეძენაზე.
მისივე თქმით, მეტრო და ავტობუსი არის სუბსიდირებული. ერთი მგზავრის გადაყვანა მერიას 2,70 ლარი უჯდება.
“50-თეთრიანი ტარიფი ლამის 15 წელია გვაქვს. ამასობაში ლარის კურსი დაეცა, გაძვირდა საწვავი, ელექტროენერგია, სატრანსპორტო კომპანიაში თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს. ასევე, ავტობუსის გაჩერებების მოწყობა, მეტროს ვაგონების შესყიდვა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და სხვა. ამ დანახარჯებს უნდა მოჰყვეს შემოსავალი, რომ სატრანსპორტო სისტემა არ გაჩერდეს“, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი ბაბუნაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის მეტროს 20-30 წელია არ მიუღია ახალი ვაგონები. ახლა კი დედაქალაქის მეტროპოლიტენისთვის 45 მლნ აშშ დოლარად 44 ახალი ვაგონი შემოვა. თებერვალში ახალ, ლურჯი მიკროავტობუსებს ელოდებიან, რომლებიც ყვითელი მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებენ.
“ემოციების გარეშე რომ ვისაუბროთ, ყველას გვირჩევნია მგზავრობა არ გაძვირდეს. მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რის გათვალისწინებითაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთ მხარეს არის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, მეორე მხრივ არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავალი და ხარჯი”, – ამბობს ბაბუნაშვილი.
მისივე შეფასებით, ევროპის ქალაქებთან შედარებით თბილისში ყველაზე იაფი ტრანსპორტია. იმის მიხედვით, თუ რამდენს მგზავრობს ადამიანი, რა ტრანსპორტს იყენებს და ახალი სატარიფო სისტემის რომელ აბონემენტს შეიძენს, მისი ყოველთვიური სატრანსპორტო ხარჯი შეიძლება, როგორც გაიზარდოს, ასევე შემცირდეს.
თუ განვიხილავთ ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში ორჯერ მგზავრობენ (მაგ. სახლი-სამსახური და უკან), 6 თვიანი და 1 წლიანი აბონემენტები მგზავრობის თითქმის ყველა კომბინაციაში ამცირებს მათი მგზავრობის ხარჯებს. გამონაკლისია მხოლოდ ის ადამიანები, ვინც თვეში მხოლოდ სამუშაო დღეებში მგზავრობენ და იყენებენ მხოლოდ მეტრო/ავტობუსს – მათთვის ფასის ცვლილება უმნიშვნელოა.
1-თვიანი და 3-თვიანი აბონემენტები მგზავრობის ხარჯს შეუმცირებს მათ, ვინც თვეში ყოველდღე სარგებლობდა 80 თეთრიანი ყვითელი მიკროავტობუსით და მათ, ვინც იყენებს მიკროავტობუსი+მეტრო/ავტობუსის კომბინაციას. რაც შეეხება 90-წუთიან, 1-დღიან და 1-კვირიან ტარიფებს, ტრანსპორტის რეგულარული მომხმარებლებისთვის ისინი არახელსაყრელია და მხოლოდ არარეგულარული მომხმარებლებისთვის შეიძლება მათი რეკომენდირება. ასევე, შეიძლება ეს ტარიფი იყოს მათთვის ალტერნატივა, ვინც მიკროავტობუსი-მეტრო/ავტობუსის კომბინაციას იყენებს – ამ შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება იგივე რჩება.
ეს ყველაფერი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში ორჯერ მგზავრობენ. თუ ადამიანი დღეში მეტჯერ მგზავრობს, მაშინ სურათი იცვლება და ასეთ შემთხვევაში, გიორგი ბაბუნაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, უფრო მოკლევადიანი აბონემენტების გამოშვებას. როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, აღნიშნულ რეფორმაში სიახლე არის ის, რომ თუ მიკროავტობუსები აქამდე არ შედიოდა უფასო გადაჯდომის სისტემაში, ამჯერად გადახდის საერთო სქემაში მოექცევა.
“90-წუთიანი და ერთდღიანი გათვლილია უფრო ქალაქის სტუმრებზე, ან ისეთ ადამიანზე, რომელიც ავტომობილით მგზავრობს და უცებ დასჭირდათ მუნიციპალური ტრანსპორტი. ლოგიკა არის, რომ გაიზარდოს შემოსავალი”, – ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.
Dalma News-ის კითხვაზე, ხისტი რეფორმის ნაცვლად, მერიამ გადახდის შერეული სისტემა რომ შემოიღოს, როგორი სურათი შეიქმნება? ექსპერტი გიორგი ბაბუნაშვილი ფიქრობს, რომ თუ მოსახლეობას ასარჩევად ექნება საქმე, ახალი სისტემა ვერ იმუშავებს, რადგან 250-ლარიანი აბონემენტის ყიდვას უმეტესობა ძველი სისტემით მგზავრობას ამჯობინებს.
თბილისის მერის ახალ სატარიფო პოლიტიკას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. სოციალურ ქსელში საკითხს აქტიურად განიხილავენ. კალაძის “ევროპული რეფორმა” ემიგრანტებმაც დაიწუნეს. მათი აზრით, ასეთი სატარიფო სისტემა საქართველოში არსებული უმუშევრობის და დაბალი ხელფასების პირობებში გაუმართლებელია.
****
“საფრანგეთში ვცხოვრობ. აქ მინიმუმ 1300 ევროა შემოსავალი და ერთ წლიანი აბონემენტი 250 ევრო ჯდება და მანდაც ასეთი ხელფასებია 250 ლარი რომ დაადეს?”
****
“მგზავრობა 1.70 ევრო ღირს გერმანიაში, იტალიაშიც და საფრანგეთშიც და ისიც ტურისტებისთვის. ადგილობრივებს აბონემენტი აქვთ, რომელსაც ხელფასის მიხედვით იხდიან”
****
“4 ევრო ღირს შვეიცარიაში და მინიმალური შემოსავალი 5000 ევრო აქვთ; მადრიდში, გადავამოწმე, 1.5 ევრო ღირს მგზავრობა. გამორიცხულია 5 ევრო ღირდეს ბილეთი ევროპაში”
****
“ათასში ერთხელ მიწევს მგზავრობა და რისთვის მჭირდება ან ეს იდიოტური ტალონი, ან კალაძის დაპირებული 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისის ვიწრო ქუჩებსა და მიხვეულ-მოხვეულ ლაბირინთებში? ამ ავტობუსების შემოთრევის გამო უნდა წაგლიჯოს ხალხს?!”
****
“1.20 ევრო ღირს მგზავრობა საბერძნეთში, 1.10 – იტალიაში და 1.00 საქართველოში, სად არის ლოგიკა? აქ, იტალიაში, თუ გსურს აიღებ ერთ თვიან აბონემენტს, თუ არა ყიდულობ ერთ ბილეთს”
****
“ერთჯერადი მგზავრობა საქართველოში 1ლარი, იტალიაში -1.10ევრო! ერთთვიანი აბონემენტი 40 ლარი – საქართველოში, საფრანგეთში 18 ევრო! ახლა ხელფასებიც შეადარეთ! საქართველოში 5 სულიან ოჯახებს ერთი ადამიანი 700 ლარიანი ხელფასით ინახავს”
****
“ვინც თბილისში არ ვცხოვრობთ და თვეში 2-3-ჯერ გვიწევს ჩასვლა, არც 5000 ევრო გვაქვს ხელფასი, რა ვქნათ? იქნებ ევროპას აქაური ხელფასებიც შეადაროთ”
****
“რატომ მიგეგმავს მერია რა დროს რომელი ტრანსპორტით ვიმგზავრო? ვისთვისაც ეს სისტემა იაფია, იმან ისარგებლოს, ჩემთვის არ არის იაფი. ოჯახში 5 წევრი ვართ, მხოლოდ 2-ნი ვმუშაობთ, ყველამ რომ ერთწლიანი აბონემენტი შევიძინოთ, 2 თვე კალაძე გადაგვიხდის კომუნალურებს, თუ საკვებით მოგვამარაგებს? რა თანხით უნდა შევიძინო აბონემენტი, როცა ხელფასი თვის ბოლომდე ძლივს მიმყვება? ამიხსენით! რაღაც უაზრო პარალელებს გვთავაზობენ ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ემიგრანტებს ასაქმებენ, ისინი კიდევ იქიდან საქართველოს ბიუჯეტს ავსებენ”
****
“რამდენჯერ 50 თეთრის ეკონომიის გამო, ფეხით წავსულვარ. ახლა ჯიბეში უნდა მიფათუროს მერიამ ხელი და დამიგეგმოს მარშრუტი? ეს იმ სერიიდან არის, საქართველოში ეკონომიკა რომ დუღს, მაგრამ ხალხი ამ დუღილს ვერ ხედავს”
****
“ამოიღეთ ხმა, “ძვირფასო” ოპოზიციავ და ერთხელ მაინც მოითხოვეთ, რაღაც ხალხისთვის! შენს გვერდით რომ შენი ღატაკი თანამემამულეა, მისთვის! საარსებოს რომ ართმევენ შენს თანამემამულეს, ამის გამო ამოიღე ხმა! კახა კალაძე, უკან წაიღე ეგ შენი “ევროპული” “პოლიტიკა”! ჯერ ევროპა შეგვიქმენი საქართველოში და მერე!”
****
“400 ლარიან ხელფასზე, როგორია 250 ლარის გაღება? ერთჯერადი გადაადგილების საფასური დატოვეთ უცვლელი! თავად გავაკეთებთ არჩევანს საჭიროების მიხედვით”, – წერენ მოქალაქეების ფეისბუქში.
****
“ახლა ნახეთ იანვრის გაზის ხარჯვის დარიცხვა რომ მოგივათ, იქაც კალაძის უვიცობის 80 მილიონიან დავალიანებას თქვენ გადაგახდევინებენ, სამაგიეროდ ზაფხულისთვის ერთ სკვერს გახსნის, ხეებს დარგავს, ნაგვის ახალ პლასმასის ურნებს შემოიტანს (მალე ტყდება და კარგია) სარიტუალო ბიუროს რომ შეეფერება ისეთი ფერის მიკროავტობუსებს შემოიყვანს და ა.შ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს მერიც, დეპუტატებიც, პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტიც და ივანიშვილ-სააკაშვილი საახალწლო დესერტად! ჩვენ ეს დავიმსახურეთ! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ლამაზ ზღაპრებს კი ტელეეკრანებზე იხილავთ”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, დოდო ქაჯაია.
პროფესიით მასწავლებელი, ინგლისური ენის სპეციალისტი ნინო ჩიკვაიძე თბილისის მერს გაცილებით აქტუალური, ბოშების მარადიული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში, საქართველოს დედაქალაქში, ტურისტული ამბიციების და დასავლური გეზის ფონზე, ხროვებად დაძრწიან უსაბუთო, არაჰიგიენური, უზნეო და კრიმინალური არსებები, მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის ფულის გამოძალვით, ქურდობით, ხულიგნობით, ბავშვთა ორგანიზებული მათხოვრობით, ბავშვთა პროსტიტუციით და სხვა დანაშაულებებით გამორჩეული აღურიცხავი, უსაბუთო მასა, რომლისთვისაც, არც “კოვიდ-19”, არც რეგულაციები, არაფერი არ არსებობს.
“ასეთი რა დამსახურება აქვთ ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ კანონგარეშე, საკუთარ ნებაზე არსებობენ და არაფერი მოეკითხებათ?”, – აცხადებს ნინო ჩიკვაიძე.
მოქალაქეები თანხმდებიან, რომ მგზავრობის ახალი ტარიფი ხელსაყრელია მათთვის, ვინც დღეში რამდენიმე ტრანსპორტს იცვლის. მათთვის, ვინც ერთი ტრანსპორტით მიდის სამსახურში და მერე შინ ბრუნდება, ტარიფის ახალი სისტემა ხელსაყრელი არ არის. ერთდღიანი სამგზავრო იმ შემთხვევაში არის კარგი, თუ ბევრი მოძრაობა გიწევს დღის განმავლობაში. ერთწლიანი აბონემენტის ფასის ერთიანად გადამხდელი კი მართლაც ცოტაა. ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ისინი საკუთარი მანქანებით დადიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნაკლებად სარგებლობენ. ამ რეფორმის შემდეგ კი, საერთოდ საეჭვოა, ავტომობილებიდან ავტობუსში გადასხდნენ. ხოლო, თუ მერიამ პენსიონერების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შეღავათიანი ტარიფი ძალაში არ დატოვა, ახალი სისტემა მოსახლეობის ჯიბეს ძალიან დაარტყამს.
ეკონომიკის სფეროში ექსპერტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კაბინეტებში და ამ რეფორმის ავტორები საერთოდ არ იცნობენ მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. მისივე თქმით, ერთწლიანი აბონემენტი მაქსიმუმ საჯარო სექტორში დასაქმებულების 50 %-მა შეიძინოს.
“ევროპული ქალაქები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება სურთ, აიაფებენ მგზავრობას. თბილისის მოსახლეობა მშვიდად მიიღებს ამ რეფორმასაც. 2 ლარიც რომ გახდეს მგზავრობა, იმასაც მშვიდად შეხვდება. რატომღაც, საქართველოში სოციალური პროტესტით არ გამოდიან ქუჩაში. ითმენენ და რადგან ითმენენ მთავრობაც გაუზრდის გადასახადებს”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად მოსარგებლეთა 53 % შეღავათიანი – 10 და 20- თეთრიანი ტარიფით, ან უფასოდ მგზავრობს. ეს შეღავაღი ახალ სისტემაზეც შენარჩუნდება და მიკროავტობუსებზეც გავცრელდება.
შორენა პაპაშვილი