საქართველო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტების განხორციელებასა და ქვეყნისთვის ისტორიული რეგიონული ფუნქციის აღდგენაზე საუბრობს. ერთ-ერთი ასეთი თემაა “აბრეშუმის გზის” აღდგენა.

თბილისმა 15-16 ოქტომბერს “აბრეშუმის გზის ფორუმს” უმასპინძლა. 32 ქვეყნის ათასმა დელეგატმა, ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა. ფორუმის მთავარი თემა იყო  ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეკონომიკური პოტენციალი. ფორუმის პირველ დღეს მაღალი დონის სტუმრების მონაწილეობით გაიმართა პრეზენტაციები “აბრეშუმის გზის აღორძინების” თაობაზე; ასევე, გაიმართა თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ. ღონისძიების მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნა.

აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მისი  მთავრობის მიზანია საქართველო გადააქციონ აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. მისივე თქმით, სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში – რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია. “როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ  სწორედ ბიზნესი იქნება აბრეშუმის გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

ღარიბაშვილის შეფასებით, ჩინეთი სერიოზულად ეკიდება აბრეშუმის გზის განვითარებას, რასაც მოწმობს  ღონისძიებაში ჩინეთის 200 ბიზნესმენის მონაწილეობა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში, რადან ქვეყანას აქვს  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან. “მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.  სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, მალე შესაძლოა გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან,“ – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი.

ხელისუფლება ბევრს საუბრობს იმაზე, რომ   ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის ვაჭრობის გულში. რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელებით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო მარშრუტზე ბევრად უფრო სწრაფად. თავისუფალი სავაჭრო კავშირები კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ერთ-ერთი მთავარი უტარიფო რეგიონული დისტრიბუციის ცენტრი.  რომ საქართველოში ბიზნესმენებს ნაკლები  ხარჯი და დაბალი გადასახადები ექნებათ,  ნაკლებ მარეგულირებელ დაბრკოლებას შეხვდებიან, ხოლო ამონაგები ბევრად დიდი ექნებათ.

კარენ ჩშმარიტიანი

“თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში საქართველოს მეზობელი სომხეთის დელეგაციაც ეწვია. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი კარენ ჩშმარიტიანი საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე კარენ ჩშმარიტიანმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატებულად შეაფასა და ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

“ფორუმი ძალიან სწორ დროს და სწორ ადგილას ჩატარდა და  ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზებულობა შედეგის მომტანი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ – მიაჩნია კარენ ჩშმარიტიანს.

ისტორიკოსი თედო დონდუა მიიჩნევს, რომ „აბრეშუმის გზის“ აღდგენა  ძალიან კარგია, რადგან პროდუქტი, რომელიც წავა ევროპისკენ, ჩვენს გზაზე გაივლის და ჩვენთანაც დარჩება, როგორც სატრანზიტო ერთეული. ეს პროცესი განავითარებს ინვესტიციებს, დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც, ჩვენი ბიზნესი მოემსახურება ამ გზაზე შემომავალ პროდუქტს. „რაც მთავარია, გვექნება გამოკვეთილი ფუნქცია და მთელი ევროპა და მსოფლიო დაინტერესებული იქნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და დადებითი მოვლენაა ჩვენთვის,”- მიაჩნია  თედო დონდუას.

ისტორიკოსის აზრით, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხოლო “აბრეშუმის გზა” არის ძალიან კარგი იარაღი და თუ მას სათანადოდ გამოიყენებს ხელისუფლება, ქვეყნის განვითარებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება.

როგორი იქნება დიდი აბრეშუმის გზის ახალი პერსპექტივები და იქცევა თუ არა საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ერთ-ერთ საკვაძო ქვეყანად ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი მცირე ისტორიული ექსკურსი.

როგორც ისტორია გვეუბნება, “აბრეშუმის გზის” ისტორიული საფუძვლები ხანის (ჰანის) დინასტიიდან მოდის (ქრ.შ-მდე 206-220 წ.წ-ები) იგი არ იყო მხოლოდ კომერციული გზა, მის ფუნქციებში შედიოდა კულტურული თანამშრომლება, პოლიტიკური ურთიერთკავშირი, ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარება, დახვეწა და განვითარება. თავად სახელიც “აბრეშუმის გზა” არ გულისხმობდა მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობას, ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ სწორედ ჩინურ აბრეშუმს მოჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი მოგება იმ პერიოდისთვის.

გარდა აბრეშუმისა, ვაჭრობის წყარო გახლდათ მონები, ატლასი, სუნამო, სუნელები, მინის ჭურჭელი და ა.შ. აბრეშუმის გზის არეალი იმდენად დიდი იყო, რომ იგი ფარავდა ჩინეთს, ინდოეთს, ეგვიპტეს, სპარსეთს, არაბეთს და რომს. პირველად სიტყვა როგორც “აბრეშუმის გზა” გამოიყენა ფერდინანდ ფონ რიხტოფენმა 1877 წელს.

გარდა ამისა ეს იყო ასევე დიდი გეოპოლიტიკური წარმონაქმნი, რაც ხელს უწყობდა ადამიანებს ეწარმოებინათ დიალოგი, ეკონომიკური მოგების გათვალისწინებით ხელი აეღოთ მეზობელ სახელმწიფოებთან ომებზე.   ტექნოლოგიის განვითარება და ამ ტექნოლოგიებით ვაჭრობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არც ერთი სახელმწიფო არ ეწეოდა ჩაკეტილ პოლიტიკას, ორიენტირებულები იყვნენ დაეხვეწათ ტექნოლოგია, რაც მათ დამატებით საშუალებას აძლევდა, რომ გაეფართოვებინათ ვაჭრობის არეალი და ამასთანავე ეკონომიკური მოგება. საინტერესოა საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პრიზიმიდან.

შორენა პაპაშვილი