საქართველოს დედაქალაქში “აბრეშუმის გზის ფორუმი“ 4-წლიანი ინტერვალის შემდეგ, 26-27 ოქტომბერს გაიმართა. თბილისის ფორუმი ამჯერად, ჩინეთ-საქართველოს მნიშვნელოვნად განახლებული ურთიერთობების ფონზე წარიმართა. მიმდინარე წლის ივლისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და საქართველომ ხელი მოაწერეს “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ერთობლივ განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ოთხი მიმართულებით: პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობებში. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა იყო „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის”.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი ვადით პრემიერ-მინისტრობისას დააფუძნა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ფორუმი მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას გაიმართა. სამწლიანი პაუზის შემდეგ, ფორუმი 2019 წელს, კვლავ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით განახლდა და წლეულს მეოთხედ გაიმართა.
ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, მშვიდობის დამყარება და საქართველოს როლი რეგიონში – ასეთია წლევანდელი ფორუმის მთავარი პოლიტიკური გზავნილი. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმზე შეხვდნენ. საქართველო, როგორც ნეიტრალური ქვეყანა ამ კონფლიქტში და შუამავალი – აზერბაიჯანისა და სომხეთის მეგობარი, მზად არის შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ღონისძიების გახსნის ცერემონია 26 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა. მასში წლეულს 63 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები, სხვა პანელურ სესიებში კი, ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს იმითაც გამოირჩევა, რომ უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციების გარდა, მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ბიზნეს-სექტორი. “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობისა და საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად 9 ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება. მათი ინტერესის სფეროა ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, დიზაინი, მშენებლობა და ენერგეტიკა. ფორუმში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.
ორი დღის განმავლობაში, ფორუმის ფარგლებში 10 თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები გაიმართა მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე, მათ შორის: „შუა დერეფნის“ მზარდი როლი; სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება; ფინანსური სექტორი; კავშირგაბმულობა; ენერგეტიკა; ტურიზმი; ტექნოლოგიები და სხვა. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმო.
გახსნით ღონისძიებაზე, თავის შესავალ სიტყვაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა „აბრეშუმის გზის“ ისტორიულ მნიშვნელობაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებაში.
“აბრეშუმის გზის მნიშვნელობა – როგორც ისტორიულ, ისე დღევანდელ განზომილებაში – სცილდება უბრალო ვაჭრობას. ცნობილი აბრეშუმის გარდა, ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გავრცელებას, ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპა-აზიას შორის სასიცოცხლო კავშირის განვითარებას. ამით მან დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები, რადგან იყო ინოვაციებისა და ცოდნის გავრცელების გამტარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აბრეშუმის გზასთან საქართველოს ისტორიული კავშირი უდავოა. სანამ ეს უძველესი გზა დასავლეთისკენ გაგრძელდებოდა, მან გზა გაიკვალა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფში, რაც ბერძენი ისტორიკოსების მიერ არის დადასტურებული, როგორც გლობალური სავაჭრო ქსელის საკვანძო გზაჯვარედინი.
საქართველოს როლი ამ ეპიკურ მოგზაურობაში დასტურდება ისეთი არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორებიცაა დმანისში ნაპოვნი ჩინური ფაიფურის ფრაგმენტები და მცხეთიჯვარში აღმოჩენილი ჩინური მონეტა, რომელიც 1200 წელზე მეტით თარიღდება. პრეისტორიული დროიდან მოყოლებული მცხეთა – საქართველოს უძველესი დედაქალაქი – აბრეშუმის გზის სასიცოცხლო ლოგისტიკური კავშირის როლს ასრულებდა, სადაც კავკასიის ძირითადი მარშრუტები ერთმანეთს ერწყმოდა.
“აბრეშუმის გზის უწყვეტი გავლენა ჩვენს მიწაზე უდავოდ დიდია. მან ხელი შეუწყო ხელოსნობის, ვაჭრობისა და ურბანული ცხოვრების განვითარებას საქართველოში და ამავდროულად გაზარდა კულტურული და პოლიტიკური კავშირები მისი დროის მასშტაბურ სამყაროსთან. ამ გზაჯვარედინზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურები, რელიგიები, ადათ-წესები და ტრადიციები გაერთიანდა იმ ადგილას, რომელსაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რთული გეოპოლიტიკური გარემოსა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველომ, გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება შეძლო ისე, რომ დარჩენილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრად.
„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის” მეშვეობით მზად ვართ, ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები – სომხეთი და აზერბაიჯანი, რათა საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, დაკავშირებადების უნარის გაძლიერებასა და ქმედითი სავაჭრო მარშრუტების განვითარებაში. შუა დერეფანი საქართველოს გავლით სწრაფად ყალიბდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა. საქართველო უკვე წარმოჩინდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთ უმოკლეს და საიმედო სატრანსპორტო ვარიანტად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის, როლს.
მისივე ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გასაფორმებლად საქართველო მოლაპარაკებებს ამჟამად ისრაელის სახელმწიფოსა და სამხრეთ კორეასთან აწარმოებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონის ამაღლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს როლს აძლიერებს და კონტინენტებს შორის არსებითი დამაკავშირებლის ამპლუაში წარმოგვაჩენს.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული ჰაბის პოზიციის გასაძლიერებლად “ქართული ოცნების” მთავრობა მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებს ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელთა შორის არის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.
ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროკავშირის წევრობის მიმართ და აღნიშნა, რომ „ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო ქართველების ცივილიზაციური გადაწყვეტილება“.
„საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია ევროპაში – საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა სომხეთის, აზერბაიჯანია და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან. მთავრობის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. პრემიერ-მინისტრებმა რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ესწრებოდა საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ლორთქიფანიძე. როგორც მან Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, ამ ფორუმს აქვს ისტორიული მნიშვნელობა. ის გაიმართა ქართულ-ჩინური სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების ფონზე და მიმდინარეობდა იმ პირობებში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის „ბოლომდე გაციებული“.
მისივე თქმით, მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები.
„ფაშინიანმა გააკეთა განცხადება, რომ სომხეთი მზად არის გახდეს ენერგომატარებლების გამტარი. ამავე დროს ისტორიული განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რომ სომხეთი მზად იქნება თურქეთთან საუკუნოვანი მტრობა შეცვალოს კონსტრუქციული თანამშრომლობით. ამის პირველი მერცხალი იქნება ერთობლივი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ხვალ და ზეგ გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრთ, ამ საკითხზე კითხვის ნიშნის დასმაც კი, ზედმეტია. თუ კი რაიმე სტანდარტი არსებობს ამ თვალსაზრისით, საქართველო ზე-სტანდარტებზე დგას.
„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, უმწიკვლოდ ჩატარებული ფორუმისთვის, რომელთან დაკავშირებითაც, მთელი ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი მედიები წერენ, რომ მსგავსი მნიშვნელობისა და სასარგებლო კონტრაქტების განვითარების კუთხით ჩატარებული რეგიონული კონფერენცია ბევრს, უბრალოდ, არ ახსენდება“, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
შორენა პაპაშვილი