ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში ბრალდებული საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პარლამენტში ვერ შედგა. სავარძელს, რომელიც ზურაბიშვილმა 2018 წელს, პარტია „ქართული ოცნების“ ძალისხმევით დაიკავა, ახლა, ოპოზიციის დახმარებით ინარჩუნებს. მმართველმა პარტიამ, 18 ოქტომბერს, იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ უცხოური ვიზიტების გამო კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, პრეზიდენტი ნელ-ნელა გამოვიდა “ქართული ოცნების” ჩრდილიდან და დამოუკიდებელ მოთამაშედ იქცა; ხელისუფლებაში ოპოზიციურ შტოდ ჩამოყალიბდა. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც სერიოზულად დაიზიანა იმიჯი. იგი, როგორც პარტნიორი, პრაქტიკულად უპერსპექტივოა, რადგან “ოცნებამ” „შობა“, როგორც პრეზიდენტი და გაანადგურა, როგორც პოლიტიკოსი.

მმართველ გუნდში კი, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ლიდერობისკენ მიისწრაფვის და ძალიან მალე, მისი და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ქორწინებასაც ვიხილავთ. თუმცა არსებობს ერთი “მაგრამ”, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და “ენმ”-ს შორის მურმანის ეკალივით პატიმარი ექსპრეზიდენტი სააკაშვილია. როდის გადათქვამს ზურაბიშვილი თავის უარს სააკაშვილის შეწყალებაზე, – “არა და არასდროს”! – დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, მოარული ხმები სხვა ალიანსების მზადების შესახებ გვაუწყებენ.

“ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებამ გარკვეული მოვლენები დააჩქარა. კონსტიტუციონალისტები აღიარებენ, რომ სამართლებრივად ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის წინაშე დამნაშავეა, თუმცა, არსებულ ვითარებაში მისი იმპიჩმენტი “ოცნების” ძალიან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია.

ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობდნენ, რომ იმპიჩმენტით “სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაზრდილ რეიტინგს ისევ დააგდებდნენ”. მისი აზრით, დღეს ზურაბიშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმპიჩმენტის თემის გააქტიურებამდე.

“რაც მთავარია, მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ჯამურად ამ ყველაფერმა მოგვცა მოცემულობა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც საშინაო, ის საგარეო პოლიტიკაში გახდა ფაქტორი. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდა როგორც კერძო პირი (მას არ ჰქონდა მთავრობისგან რწმუნება) და დიდი პატივით ხვდებოდნენ ევროსაბჭოს, გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. ეს კი ნიშნავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა”, – აცხადებს ძაბირაძე.

მისივე აზრით, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ზურაბიშვილის მიმართ ოპოზიციის ერთი ნაწილის ინტერესს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მეხუთე პრეზიდენტის მხარდაჭერა მოიპოვონ.

ირაკლი კობახიძე

როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყოფილი პრემიერი და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ.

„არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება. ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ პროგნოზს წინ უძღოდა ყოფილი ომბუდსმენის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარიას მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის გვერდით შესაძლოა ლომჯარიაც ვიხილოთ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა მთელი საქართველოსი. იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ „ოცნებისთვის“ ზურაბიშვილი ფორმალური პრეზიდენტი გახდა.

შალვა პაპუაშვილი

არც ზურაბიშვილისა და “ენმ”-ს კოალიციას გამორიცხავენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის პარტიისა და V პრეზიდენტის განცხადებები ერთ კალაპოტშია მოქცეული.

მისივე შეფასებით, ძალიან ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც, როგორც გახარიამ, ისე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კალაპოტში. იცვლიან რიტორიკას, დამოკიდებულებას, ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს,

“ასე რომ, აქ საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის, იმაზე, ვინ გახდება და არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებას, ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით გახარიას პარტიიდან გამოეხმაურნენ. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, ნინო ლომჯარია საერთოდ არ არის მათი ინტერესის სფერო, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ალიანსი ფიზიკურად შეუძლებელია.

„ძალიან დამღლელია კობახიძის და “ოცნების” ტყუილები, დაგვანებონ თავი, კობახიძემ თავის პრობლემას მიხედოს. ლომჯარიასთან თანამშრომლობა პოლიტიკურად არ არის საინტერესო, ყველას თავის მიმართულება, გემოვნება და ტაქტიკა აქვს, ჩვენთვის საინტერესო არ არის”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ფაქტია, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გარშემო ახალი გაერთიანების შექმნაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ლომჯარიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შესახებ ინფორმაცია, ახალია.

ბონდო მძინარაშვილი

ანალიტიკოსი ბონდო მძინარაშვილი აცხადებს, ზურაბიშვილი არც გახარიასთვის და არც “ნაცმოძრაობისთვის” საინტერესო აღარ არის, უპირველესად, საგარეო მიმართულებით, რადგან ევროპელი პოლიტიკოსებისთვის კონსტიტუციის დარღვევა მიუღებელია. საქართველოში კი, სალომე ზურაბიშვილს არასოდეს ჰქონია მხარდაჭერა, – იგი პარლამენტის წევრიც და პრეზიდენტიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით გახდა და არა თავისი პარტიის, „საქართველოს გზის“, პარტიული რესურსით.

“სალომე ზურაბიშვილიც და გიორგი გახარიაც მარტოხელა პოლიტიკოსები არიან. დააკვირდით მათ განვლილ გზას – ზურაბიშვილი ოპოზიციური კოალიციების პირობებშიც რთული პარტნიორი იყო და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც თავს არავის უყადრებს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პრემიერ-მინისტრი გახარია კი საკუთარ თავს არასდროს აიგივებდა გუნდთან, ყოველთვის ზემოდან და ამრეზით უყურებდა”, – ამბობს ბონდო მძინარაშვილი.

როგორც მან Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, ნინო ლომჯარიას საერთოდ არც განიხილავს სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ.

“ზურაბიშვილს ვადამდე ვეღარ გადააყენებენ, რადგან უნებართვო ვიზიტების გამო იმპიჩმენტს ვეღარ აღძრავენ და საკონსტიტუციო სასამართლოს ვეღარ მიმართავენ, სისხლის სამართლის დანაშაულს კი არ ჩაიდენს, რომ მის ქმედებაზე უზენაესმა სასამართლომ იმსჯელოს. ამდენად, ზურაბიშვილი პრეზიდენტი იქნება ვადის ამოწურვამდე, კიდევ ერთი წელი. ამის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში აქტიურ მოთამაშედ ვეღარ ვხედავ. მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში იპოვის თავის ადგილს და მემუარებს დაწერს”, – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი.

მისივე აზრით, გახარიასა და ზურაბიშვილის თანამშრომლობა წარმოუდგენელია, რადგან ერთმანეთს პატივს არ სცემენ და საერთოც არაფერი აქვთ. ასევე, კარგად იციან, რომ ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ, რადგან ერთს – პრეზიდენტობა და მეორეს – პრემიერობა ბრძოლით არ მოუპოვებია, პარტიამ უბოძა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების მცდელობები უკვე შეინიშნება. ადვილი შესაძლებელია გახარია-ზურაბიშვილი-ლომჯარიას ალიანსის თემა “ოცნების” სტრატეგიის ნაწილი და ნეიტრალური ამომრჩევლისთვის გამიზნული სატყუარა იყოს. ნაციონალები ბოლომდე, არც გახარიასა და არც ზურაბიშვილს არ ენდობიან. ამბობენ, რომ პრეზიდენტიცა და ექსპრემიერიც ივანიშვილის თამაშის ნაწილები არიან. ექსპერტები 2024 წლისთვის, „ოცნების“ სატელიტი ძალის გამოჩენას ელოდებიან, თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ეს მარტივად თვალსაჩინო არ იქნება.

შორენა პაპაშვილი