საქართველო – რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანია თარიღი ჩაიწერება. 2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომის შედეგად შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად დასხდნენ პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეხვედრა 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ორგანიზებით გაიმართა. ეს ქვეყანა უკვე 11 წელია, მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის სამზადისი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მინისტრების შეხვედრის ფაქტს, საწინააღმდეგო არგუმენტებით სათანადოდ აღჭურვილი ვერ დახვდნენ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები. ოპოზიციამ დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლა და მისი “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენა მოითხოვა. შედეგად, ლავროვთან შეხვედრის გამო, ზალკალიანს დაგეგმილზე ადრე მოუწევს დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას დამოუკიდებელი დეპუტატებიც ხედავენ. მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ოქტომბრის შუა რიცხვებში ელიან.

მანამდე კი, ზალკალიანის ლავროვთან შეხვედრა სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია – პერფომანსი – “კოლაბორაციონიზმი სირცხვილია”, გამართეს. აქციის მონაწილეები საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აპროტესტებენ და მოითხოვდნენ განმარტებას, – ამ შეხვედრის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ რატომ შეიტყო ლავროვისგან და არა ზალკალიანისგან.

“ეს იყო ბურუსით მოცული შეხვედრა, იმიტომ, რომ მოსახლეობამ არ ვიცოდით ამის შესახებ. რა გარემოებები შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და რატომ დადგა ამ შეხვედრის მოთხოვნის აუცილებლობა დღეს”, – აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.

მანამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის კომუნიკაციის შეთავაზება მედიატორი მხარისგან – შვეიცარიისგან მიიღო. როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

ოპოზიციას პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ შეხვედრის ინიციატივა რატომ მომდინარეობდა ქართული მხარისგან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, საქართველოს პრობლემა გლობალური ფორმატის დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია, შესაბამისად, თუ ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციისგან დაცილებას არ ნიშნავს. ხოლო საკითხის ისე დასმა, თუ რომელმა მხარემ მოითხოვა ამ შეხვედრის გამართვა, ზედმეტად პრიმიტიულია. ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დაძაბულობის შემცირება, შეხვედრის სურვილიც ამან განაპირობა.

“არავინ წარმოიდგინოს ისე, თითქოს შვეიცარიამ ან პარტნიორებმა გვაიძულეს დიალოგი. მათ მხარი დაგვიჭირეს საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ირაკლი მენაღარიშვილი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემა კი არ არის, არამედ ის, რაც “ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება”. მისი თქმით, მინისტრების შეხვედრა წარმატებულად ჩაითვლება, თუ ის სტიმულს მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო აქტიური იყოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემის მოგვარებაში. ამისთვის კი, საჭიროა, ჟენევის დისკუსიები ჩიხიდან გამოვიდეს და მან რეალურად გადაჭრას პრობლემები.

ყოფილი მინისტრის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოკუპაციის თემას თბილისი და მოსკოვი სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ხოლო ამ მიმართულებით, თუნდაც პროცესის დაძვრა თუ მოხერხდება, უნდა ჩაითვალოს, რომ ნიუ-იორკის შეხვედრას აზრი ჰქონდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შეხვედრის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ პოსტ-ფაქტუმ გაიგო, მენაღარიშვილის აზრით, შეხვედრის მზადების წინასწარ გახმაურება ყოველთვის საჭირო არ არის.

“ხშირად, ამგვარი შეხვედრების წინასწარ გამოცხადება ბოლოს იმით მთავრდება, რომ შეხვედრა იშლება. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც შეხვედრა მზადდება დახურულ ფორმატში, შედეგები კი, შემდეგ ეცნობება საზოგადოებასაც და იმ სტრუქტურებსაც, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს”, – განმარტავს ექსმინისტრი მენაღარიშვილი.

 ამირან სალუქვაძე

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს პრიმიტიულსა და მავნეს უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები, იმაზე კი არ კამათობენ თუ, როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები, არამედ არკვევენ ვისი ინიციატივით გაიმართა ის. ხმაურობენ ისინი, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად ცდილობდნენ კრემლთან უშუალო კომუნიკაციას და ეს ვერ მოახერხეს. არ ითვალისწინებენ ბოლო დროს, ვითარების ესკალაციას, შეხვედრის მიმართ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლეთელი პარტნიორების პოზიტიურ გამოხმაურებას.

ამირან სალუქვაძე იხსენებს გრიგოლ ვაშაძის, 2012 წლის ინტერვიუებს, როდესაც ის ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაშინ ვაშაძეს შემდეგი გზავნილები ჰქონდა: “ჯერჯერობით მოსკოვიდან იმის სიგნალები, რომ ამ ფუნდამენტზე რაიმეს დავაშენებთ, არ ისმის”; “რეისები სრულდება, ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობს, რუსეთიდან ტურიზმი გაორმაგდა”; (ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რითაც მაშინ ნაციონალები თავს იწონებდნენ, დღეს კი, რუსეთის მონობად ინათლება); “სანამ რუსეთში არ დასრულდება არჩევნები, ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება” და სხვა. 2012 წელს, ვაშაძე იმის გამო წუხდა, რომ თბილისის მოსკოვთან ორმხრივ კომუნიკაციას ვერ ახერხებდა, არადა ის ხომ ყველას იცნობდა რუსეთში, ჰქონდა საჭირო კავშირები, არსებობდა არხები…

ამირან სალუქვაძის თქმით, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ექსხელისუფლებას, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან ორმხრივი კონტაქტების დამყარების სურვილიც ჰქონდათ, მცდელობებიც და იმედებიც. მაშ, ახლა რატომაა ასეთი აჟიოტაჟი იმის ნაცვლად, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიესალმონ დიალოგის დაწყებას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ აწარმოონ საინფორმაციო ომი.

“წლებია, “ქართული ოცნება” თითს ვერ ატოკებს ოპოზიციის შიშით. წინა წლებშიც იყო კომუნიკაციის, მაღალი დონის შეხვედრების შესაძლებლობები, რომლებიც ერთი მხრივ პრეზიდენტ მარგველაშვილის სიჯიუტის გამო, ვერ შეთანხმდნენ ვინ წავიდოდა, პრემიერი თუ პრეზიდენტი, მეორე მხრივ ოპოზიციის აჟიოტაჟის გამო ჩაიშალა, როცა”ოცნებას” პრორუსულობას აბრალებდნენ. დავიღალეთ ამ კინკლაობების ცქერით. ის რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება ორჯერ ორია, მაგრამ გაყინული ურთიერთობების პირობებში, წლები გადის, თაობები იზრდებიან. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიაღწიოს თანხმობას და ერთად იფიქრონ დეოკუპაციის გზებზე. ეს რუსეთთან კომუნიკაციის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე უშედეგო იქნება. ვინც ამ ფერხულში არ ჩაებმება, მას ქვეყნის ერთიანობაზე წინ პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესები მიაჩნია”, – განმარტავს ექსპერტი.

ვახტანგ მაისაია

ზალკალიანი-ლავროვის 26 სექტემბრის შეხვედრას დადებითად აფასებს ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც და აცხადებს, რომ “პოლიტიკური ელიტა, ვინც ამ მოლაპარაკებების წინააღმდეგია, მხოლოდ თავის დაბალ პოლიტიკურ კულტურას ამჟღავნებს”. როგორც Dalma News-ს მაისაიამ განუცხადა, ის ყოფილი დიპლომატია და კარგად ესმის მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე მხარე. მით უფრო, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი მოიწონა აშშ-მ და ევროკავშირის წევრმა მეგობარმა ქვეყნებმა.

“ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის შეხვედრა დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამას ერთგვარად ხელს უშლიდა “კარასინი-აბაშიძის ფორმატი”. ის იყო მუდმივმოქმედი ფორმატი, სადაც მხარეები ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს უცვლიდნენ და პოზიციებს აფიქსირებდნენ იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც ეს ფორმატი იძლეოდა”, – აცხადებს ექსპერტი.

ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, კრემლმა ქართულ-რუსული მოლაპარაკებების “კარასინი-აბაშიძის ფორმატი” ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც სს მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავისი მოადგილე, გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის შემცვლელს კი არ დაუტოვა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელების უფლებამოსილება. შედეგად დადგა იმის საჭიროება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედროდნენ ერთმანეთს და ის დაგროვილი პრეტენზიები და პრობლემური საკითხები განეხილათ, რაც ორივე მხარისთვის აქტუალურია.

“ლავროვთან შეხვედრისას განიხილებოდა 3 საკითხი. პირველი – პოლიტიკური პოზიციები, რომელიც ეხება მცოცავ ოკუპაციას და ჰიბრიდული ომის ფარგლებში განხორციელებულ შეტევებს შიდა ქართლის ტერიტორიაზე; მეორე – უნდა აღდგენილიყო ე.წ გავრილოვის ინციდენტის გამო ჩაშლილი ეკონომიკური ურთიერთობები; მესამე იქნებოდა ის, თუ რა ფორმით გაგრძელდება “აბაშიძე-კარასინის ფორმატი”. დროის სიმცირისა გამო, მხარეები ამაზე მეტს ვერ ისაუბრებდნენ. მთავარია, რომ შეხვედრა შედგა, ამას არ აღვიქვამ პოზიციების დათმობად”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ჯერჯერობთ ნაადრევია მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენაზე საუბარი. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კი ურჩევს, მეტად პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს და “ვადაგასული ოპოზიციისგან” დაშინებულ პოლიტიკურ ძალად ნუ გამოიყურება.

P.S. ცუდია თუ კარგი, რუსეთი საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება. საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მყარი საფუძველის შექმნით, დღემდე ამაყობს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. “ქართულ ოცნებას” კი, თავისი წინამორბედის შეცდომების გამოსასწორებლად, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 

შორენა პაპაშვილი