საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები სირიის მიმართულებით გადაადგილებისას, საქართველოს საჰაერო სივრცეს გამოყენებენ.
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ დღეს, სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო, ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მიუმართავს და მსგავსი მიმართვის შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება.
“ამგვარი მომართვის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების ფრენებთან, ან სამხედრო, ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.