პოლიტიკურ, სამხედრო და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ნებისმიერ ქვეყანას განვითარებული და მდგრადი ეკონომიკა სჭირდება. დღეისათვის ბევრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სწორედ ეკონომიკა განსაზღვრავს. საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს წონას სწორედ ეკონომიკა სძენს. სწორედ ამიტომ, ახალი მთავრობის დღის წესრიგში სომხური ეკონომიკის განვითარების გზების და ინოვაციური შესაძლებლობების ძიება დგას. შესაძლებელია “სომხური ეკონომიკური სასწაული”? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრს აინტერესებს. ზოგიერთები კი, ამ “სასწაულის” განხორციელებას სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს უკავშირებენ.

კარაპეტიანის ხელმძღვანელობით სომხეთის ახალი მთავრობის ფორმირებიდან სულ ცოტა, 100 დღე გავიდა. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გამოიკვეთოს განვითარების პრიორიტეტები, ამოქმედდეს პროცესების დინამიკა და დაფიქსირდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც სწრაფ თუ არა აშკარად გამოკვეთილ დადებით ეფექტს იძლევა.

სომხეთის უახლეს ისტორიაში, რიგით მე-14-ე პრემიერმა, კარენ კარაპეტიანმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, თავისი მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა ეკონომიკური ზრდა, სოციალურ სფეროში და ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება და კორუფციასთან ბრძოლა.

ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ყველა სირთულის მიუხედავად, კარენ კარაპეტიანის მთავრობა “იმედის მთავრობად” იქცა და ექსპერტების აზრით, თანდათანობით ტრანსფორმირდება იმ “მთავრობად, რომელიც იმედებს ამართლებს”.

პრემიერის მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კორექტირება, რომელიც ეკონომიკური ზრდისკენ, ფისკალური როლის გაძლიერებისკენ და მარეგულირებელი და მასტიმულირებელი ფაქტორებისკენ არის მიმართული. კარაპეტიანის მთავრობა კორუფციის დონის შესამცირებლად გარკვეულ სამუშაოებს ატარებს, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად დამატებით პირობას ქმნის.

f581b683223602_581b68322363e.thumb (1)
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი

მთავრობის მიერ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯებს შორის უნდა დასახელდეს ტარიფების შემცირება ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიაზე. ამის პარალელურად გაიაფდა საწვავი და საკვები პროდუქტები. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა შეძლო აპარატის გადახალისება, რომელიც ბევრად უფრო მობილური გახდა და ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ მთავრობის ოპერატიული რეაქცია გააუმჯობესა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სომხეთის ბიზნეს-საზოგადოება დადებით ძვრებს უკვე ამჩნევს. როგორც სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანმა განაცხადა, “თუ ყოფილი პრემიერების დროს მთავრობის მუშაობის “გარანტი” სხვა პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები იყვნენ, დღეს ამას მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კარაპეტიანი აკეთებს”. ასე, რომ სომხეთის მოსახლეობაში არსებული ხვალინდელი დღის იმედი, იმითაც აიხსნება, რომ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა სახელისუფლებო ელიტასთან “ნათესაური კავშირები” არ აქვს და იგი დამოუკიდებელი მმართველია.

რა თქმა უნდა, სომხეთის ეკონომიკას პრობლემები საკმარისად აქვს და მთავრობაც იძულებულია არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას, რაც პოლიტიკოსების და რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. მინისტრთა კაბინეტი იძულებული იყო გაეფორმებინა სამი ახალი საკრედიტო შეთანხმება, რაც ქვეყნის საგარეო ვალს 180 მილიონი დოლარით ზრდის. ამ ფულის დიდი ნაწილით წინა მთავრობისგან მემკვიდრეობით დატოვებული ბიუჯეტის დეფიციტი დაიფარება. ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა ის ფაქტი, რომ საგარეო ვალი სოციალური და თავდაცვითი დაფინანსების შემდეგ, მესამე ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა.

armeniyapravმაგრამ, როგორც ჩანს, კარაპეტიანის გუნდი დანებებას არ აპირებს და მოძველებული პრობლემების ახლებურად გადაწყვეტას გეგმავს. “დამოუკიდებელი, უსაფრთხო, სამართლიანი და ინტელექტუალური სომხეთი”, – ასე ახასიათებს კარაპეტიანი არც ისე შორეული მომავლის სომხეთს.

აშკარაა, რომ საკმაოდ სერიოზული გეგმები არსებობს. კერძოდ, საუბარია სტრატეგიული ინიციატივების ცენტრის შექმნაზე, რის შესახებაც ცოტა ხნის წინათ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. პროექტის ამუშავების შემთხვევაში, ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

დღის წესრიგშია ასევე “საგზაო რუკის” შემუშავებაც, რომელიც ახლო მომავალში საექსპორტო პროდუქციის მინიმუმ გაორმაგებას ითვალისწინებს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ექსპორტის წილის ამჟამინდელი მაჩვენებელი 15%-ია.

ახალი მთავრობის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ იგი რეალობას არ არის მოწყვეტილი. ჯერ კიდევ თავის პრემიერობის დასაწყისში კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან და ბიზნესთან ორმხრივი კავშირი, ასევე დიასპორის გააქტიურება სომხეთის საქმეებში. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

ცოტა ხნის წინათ, მოსკოვში ვიზიტისას, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი სომეხ ბიზნესმენებს და მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან სომხეთის მთავრობასთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ბიზნეს-პროგრამებსა და ინიციატივებში. 30-მა ხელმომწერმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ “სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ სარგსიანის და პრემიერ-მინისტრ კარაპეტიანის ძალისხმევას, ქვეყანაში ღრმა რეფორმები გატარდეს, რაშიც სრულიად სომხების პოტენციალს ეყრდნობიან”.

რუსმა ბიზნესმენმა, კომპანია “ტაშირის” ჯგუფის პრეზიდენტმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ინვესტიციების სახით სომხეთის ეკონომიკაში 300 მილიონ დოლარს ჩადებს, რათა უზრუნველყოს სამშენებლო ბუმი და ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან დაიძრას. კერძოდ, ამ სახსრებით იგეგმება უნიკალური კულტურულ-ისტორიული პროექტის, “ძველი ერევნის” მშენებლობის დასრულება. თუ ამ პროცესს აშშ-ს, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების უძლიერესი დიასპორებიც შეუერთდებიან, სომხეთს უპრეცედენტო საინვესტიციო ბუმი ელის, რომლის წყალობითაც, თამამი პროგნოზით, მსოფლიო “სომხეთის ეკონომიკურ სასწაულს” დაინახავს.

მანამდე კი, სასწაულების დემონსტრირებას თავად პრემიერი ახდენს და აცხადებს, რომ ქალაქ გიუმრიში სიდიდით მეორე ტურისტული საინვესტიციო ფონდის პირველი ინვესტორი იქნება. მისივე თქმით, ფონდის 10 მილიონ დრამიანი საინვესტიციო პაკეტს კარენ კარაპეტიანის ოჯახი ნახევარ მილიონ დრამს შემატებს, რაც ორი წლის განმავლობაში მოხმარდება ისტორიული ცენტრის “კუმაირის” პროექტის რეალიზებას და ითვალისწინებს ისტორიული ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას.

სომეხ ქსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით გახმაურებული წამოწყებისადმი საკმაოდ დადებითად არიან განწყობილნი. კავკასიის ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი მინასიანი დარწმუნებულია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ნებისმიერ ქვეყანას, მოკლე დროში ასეთი დიდი რაოდენობის პრობლემებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება. “ერთი, რაც უდაოდ შეძლო კარაპეტიანმა, არის ის, რომ საზოგადოებაში პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ცხადია, სომხეთში ყველა არ არის ბედნიერი და პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობას დადებითად ყველა არ აფასებს, მაგრამ ის, რომ იგი აღიქმება ადამიანად, რომელიც ცდილობს რაღაც გააკეთოს და მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი წინამორბედებისგან, ეს აშკარაა”, – განაცხადა მინასიანმა…

მართლაც, კარენ კარაპეტიანმა სომხეთში დადებით ძვრებს ჩაუყარა საფუძველი. მოახერხა საზოგადოების თვალში განათლებული, კრეატიული და ენერგიული ხელმძღვანელის ახალი სახის შექმნა, რომლის მოღვაწეობა და გეგმები მიმართულია სომხეთის ეკონომიკის არა სწრაფი, არამედ სტაბილური და მდგრადი ზრდისკენ. თუმცა არ ღირს მთელი იმედების და პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დაკისრება, რასაც საზოგადოება მიჩვეულია. ის ელის “მხსნელს” და “მესიას”. უნდა გვესმოდეს, რომ “სომხური ეკონომიკური სასწაულის” რეალობად ქცევა, მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობის, სომხური დიასპორის და ასევე სომხეთის თითოეული მოქალაქის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

Dalma News-ის რედაქცია