კვების პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური ამკაცრებს კონტროლს სომხეთში შეტანილ ხორცპროდუქტებზე, იტყობინება უწყების პრესსამსახური.

მათი ინფორმაციით, დაწესებულია აკრძალვა, ბაგრატაშენის, ბავრისა და გოგოვანის (საქართველოს საზღვართან) სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან სომხეთში, პირადი მოხმარებისთვის საქონლის ხორცის შეტანაზე. აკრძალვა 5 -დან 19 აგვისტომდე იმოქმედებს.

მანამდე Dalma News-ი იტყობინებოდა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში 4 აგვისტოს შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ არტამედის ორმა მაცხოვრებელმა არმავირის სამედიცინო ცენტრს მიმართა ციმბირული წყლულის ეჭვის გამო, საიდანაც ისინი საშუალო სიმძიმის მდგომარეობით, ინფექციურ საავადმყოფო “ნორკში” გადაიყვანეს. მოგვიანებით დიაგნოზი დადასტურდა.

კვების პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი გახდა პირადი მოხმარებისთვის შეძენილი ხორცი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხორცი საქართველოდან შეიტანეს.

სახელმწიფო სამსახურების ინფორმაციით, სომხეთში არ დაფიქსირებულა ციმბირული წყლულით დაავადების არც ერთი შემთხვევა. ამის მიუხედავად, სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, საეჭვო სავაჭრო პუნქტებში არ შეიძინონ ხორცის პროდუქტები, იტყობინება «Новости-Армения».