ცოტა ხნის წინ, ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი გაიმართა, თუმცა სამიტის შედეგების შემდეგ არ გაფორმებულა დეკლარაცია და დოკუმენტი, რომელიც სომხეთმა თხოვნის სახით წარადგინა, ორგანიზაციის მხრიდან აზერბაიჯანის აგრესიაში დახმარების გაწევის თაობაზე. ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ამ დოკუმენტებზე ხელმოწერაზე. ამგვარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ საბოლოო დოკუმენტში არ არსებობს კონკრეტული და მკაფიო პოზიცია, რომლითაც დაგმობილი იქნება აზერბაიჯანის აგრესია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტების ხელმოწერის შემთხვევაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უნდა გაგზავნილიყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც იქ განთავსდებოდა და დარღვევებს დააფიქსირებდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები, ერევნის სამიტზე, მზად იყვნენ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებაზე მოეწერათ ხელი , მაგრამ დოკუმენტებს ხელი სწორედ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არ მოაწერა.
საინტერესოა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მსგავს განცხადებას ხელი მოაწერა პრაღაში, რის შედეგადაც ევროკავშირის დამკვირვებლები ახლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არიან განლაგებული, რომლებიც აკვირდებიან სიტუაციას, მაგრამ არანაირად არ ახდენენ გავლენას ბაქოზე, რომ შეწყვიტოს მისი პროვოკაციები.
თითქმის ყოველდღიურად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხურ პოზიციებს ესვრიან და საზღვარზე განლაგებულ ევროპულ სადამკვირვებლო ჯგუფებს არც კი იმჩნევენ.
სხვათა შორის, როდესაც არცახში ბაქოს მხრიდან რაღაც პროვოკაციული ქმედებები იშვიათად ხდება, იწყება რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება. სომხეთში არსებული სხვადასხვა პროდასავლური სოციალური და პოლიტიკური ძალები მათ უმოქმედობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ახლა, როცა აზერბაიჯანელები დასავლელი დამკვირვებლების თვალწინ სომხეთის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავენ, ჩუმად არიან.
სრულიად ნათელია, რომ საზღვარზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დამკვირვებლების გამოჩენა სომხეთის ინტერესებშია, მაგრამ ფაშინიანმა უარი თქვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაც აშკარად სომხეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ფაშინიანის ასეთი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ეთანხმება ბაქოსა და ანკარის ინტერესებს, რომლებიც რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დამკვირვებლების ხილვა არ სურთ.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია –არის ორგანიზაცია, რომლის ლოკომოტივი რუსეთია. მოდი, ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთ-ცენტრისტული სტრუქტურაა, ხოლო სომხეთის ამ ორგანიზაციაში ყოფნის მთავარი მოტივაცია, პირველივე დღეებიდანვე, სწორედ ეს ფაქტორი იყო. სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, იყოს იქ, სადაც რუსეთი მთავარ როლს ასრულებს. რაც შეეხება რუსეთს, სწორედ მან შეაჩერა ესკალაცია მიმდინარე წლის 13-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემაც ღიად განაცხადა.
ცხადია, ასევე ისიც, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თითოეულ ქვეყანას საკუთარი ინტერესები აქვს. დიახ, ორგანიზაციის ზოგიერთ წევრ-ქვეყანას აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამიტომ ეს უნდა იქნას მიღებული როგორც არსებული რეალობა და იქიდან გამომდინარე, რაც არის. ამ თვალსაზრისით, ყველამ და მათ შორის ფაშინიანმაც კარგად იცის, რომ ზოგადად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან არ შეიძლება მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი ანტიაზერბაიჯანული რეაქცია იყოს. სწორედ ამაში მდგომარეობს დაინტერესებული ძალების მთავარი ჩანაფიქრი.
დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დისკრედიტაციაში დასავლეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან დაინტერესებულნი.
რაც შეეხება რუსეთს, როგორც სომხეთის მოკავშირეს, უნდა აღინიშნოს, რომ 44-დღიანი ომი ყარაბაღში მხოლოდ მოსკოვის უშუალო შუამავლობით შეჩერდა. სისხლისღვრის შეჩერების მცდელობები შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთსაც ჰქონდათ, თუმცა წარუმატებლად.
დღეს ყარაბაღში გარკვეული სტაბილურობა მხოლოდ იქ მყოფი რუსი სამშვიდობოების წყალობითაა შენარჩუნებული.
2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრები გაიმართა. ოფიციალურმა მოსკოვმა, ერევანსა და ბაქოს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დასახმარებლად, არამხოლოდ მზადყოფნა გამოთქვა, არამედ ყველაფერი გააკეთა და კვლავაც აგრძელებს , რათა ყარაბაღში დაძაბული ვითარება სრულმასშტაბიან სისხლისღვრაში არ გადაიზარდოს.
ზემოაღნიშნულ ფორმატში ამ კონფლიქტის საკითხის აქტიური წინსვლა დაიწყო, თუმცა, აქაც გამოჩნდნენ გარე ძალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო ალტერნატიული პლატფორმის შექმნა, თითქოსდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საკითხების გადასაჭრელად.
აშკარაა, რომ შექმნილი ბრიუსელის ფორმატი, რომელიც ასევე კოორდინირებულია შეერთებული შტატების მხრიდან, მიზნად ისახავს რუსეთის რეგიონული პროცესებიდან განდევნას და მისი იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებას.
ე.წ ბრიუსელის ფორმატის წარმოქმნის შემდეგ, როგორც ყარაბაღში, ისე მთლიანად რეგიონში, ვითარება უფრო დაიძაბა, ხოლო შეტაკებები ყარაბაღში კიდევ უფრო გახშირდა. ვხედავთ, რომ დღეს მსგავსი ვითარებაა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. როდესაც ევროპელი დამკვირვებლების გამოჩენის შემდეგ ვითარება უფრო დაიძაბა და ბაქომ მუდმივი პროვოკაციების გამოყენება დაიწყო.
ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად სომხეთის ხელისუფლებას გულუბრყვილოდ სჯერა. 2020 წლის ყარაბაღის ომმა შესანიშნავად აჩვენა, რომ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით იფარგლება და კონფლიქტზე რეალური გავლენა არ ჰქონია.
გამოდის, ფაშინიანი მზადაა, საზღვარზე ევროპელი დამკვირვებლები დაუშვას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ კი მოიცადოს.
აშოტ სარგსიანი, პოლოლოგი