საქართველოში პერიოდულად აქტიურდება მონარქიული მმართველობის აღდგენაზე საუბარი. იდეის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მეფის ინსტიტუტი გააერთიანებს საქართველოს, გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს, სამეფო გვირგვინის წინაშე ყველაზე ამბიციური პოლიტიკოსებიც კი ქედს მოიდრეკენ, უკიდურეს შემთხვევაში მის რჩევას მოუსმენენ და რაც მთავარია, მეფე იქნება ხალხის დამცველი, ალბათ, არც პოლიტიკოსებს მისცემს წინასაარჩევნო დაპირებების უკან წაღების უფლებას.

Католикос-Патриарх всея Грузии Илия Второй
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის შესაძლო აღდგენის თემა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ერთ-ერთი ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას გააცოცხლა, რასაც პოლიტიკოსებისა და სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ილია მეორეს აზრით, ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებაზე, რომ ასეთ მმართველობას მოაქვს მშვიდობა, რომ მეფის ხელისუფლება შეზღუდულია და მას არ გააჩნია უზენაესი უფლებამოსილება.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა და აქ იყო უძველესი მონარქია. დღეს, ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი”, – განაცხადა პატრიარქმა.

მის ქადაგებას მაშინვე მოჰყვა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება, რამაც მონარქიული მმართველობის მოწინააღმდეგეთა უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა. ამას დაემატა, ქართველ თავად-აზნაურთა შეკრება თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. ამავე სასახლის სარკეებიან დარბაზში 2 წლის წინათ საქართველოს თავად–აზნაურთა ახალგაზრდული მეჯლისი გაიმართა, ღონისძიების ამსახველი ფოტოები და ვიდეო-მასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც ინტერნეტმომხმარებლის მხრიდან მაშინვე მოჰყვა ქილიკი. უცნობი დარჩა თავად მეჯლისის გამართვის მიზეზიც და მიზანიც.

ხელისუფლების და ოპოზიციის შეფასებები

ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერის ეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს და გამორიცხულიც არაფერია. როგორც პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ქვეყნის მმართველობის საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პატრიარქმა ეს იდეა უკვე მეორედ ახსენა, პოლიტიკური ელიტა ამაზე სერიოზულად დაფიქრდება.

მდინარაძის აზრით, საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენამ შესაძლებელია გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით.

პატრიარქის მოწოდების მიმართ ასეთივე მოწიწება არ გამოუჩენია, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი წერეთელს. მან სოციალურ ქსელში ოპერატიულად გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურად ასაბუთებს, თუ რატომ არის მიუღებელი საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, ხოლო ეკლესიას მოუწოდა, ნუ ეცდება ქართველი ერის ნებაზე მაღლა დადგნენ და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ.

ირაკლი წერეთლის განმარტებით, კონსტიტუციური მონარქია ეწინააღმდეგება მონარქისტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით საქართველოს მრავალსაუკუნოვან, ღირსეულ ტრადიციებს, რადგან საქართველოში ისტორიულად არსებობდა ან აბსოლუტური მონარქია, ან ძლიერი მონარქია. ამდენად ისეთი მმართველობის შემოღება, როდესაც მეფე მეფობს, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს ვერ წარმართავს, „მეფური ღირსების შეურაცხმყოფელია“.

“კონსტიტუციური მონარქია არის კონსტიტუციით დასაჭურისებული, ძალაუფლება გამოცლილი სამეფომმართველობა. სამარცხვინოა საქართველოში ასეთი მმართველობის შემოღება, სადაც მეფე იქნება მთხლე, ბოთე ხელისუფალი და რეალურ პოლიტიკას წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრეზიდენტი. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დიდი დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლისა და ყველა ღირსეული ქართველი მეფის, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ძლიერი მონარქები. ქვეყნის რეალური მმართველები და არა სიმბოლური თოჯინები”, – აცხადებს ირაკლი წერეთელი და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს ეს იდეა საერთოდ დაივიწყონ.

მისივე თქმით, გასულ XX საუკუნეში, ქართველმა ერმა ხუთგზის გამოხატა თავისი საყოველთაო ეროვნული ნება და მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს სახით.

Dalma News: დღეისათვის არსებობს მემკვიდრეობითი დინასტიის ორი შტო-ქართული, რასაც რუსეთში უწოდეს “გრუზინსკები” და მუხრანელების. ბაგრატიონ-გრუზინსკების შტო ერეკლე II-ის მემკვიდრე, საქართველოს ბოლო მეფე, გიორგი XII-ს საგვარეულო ხაზით გადადის. ბაგრატიონ-მუხრანელები კი უკანასკნელი ქართველი მეფეების მემკვიდრეები არ არიან, შედარებით უფრო ადრეულ ბაგრატიონთა დინასტიას მიეკუთვნებიან. ისინი ალექსანდრე პირველის (გარდაიცვალა 1446 წელს) მემკვიდრეები არიან. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანელები ძირითადად ესპანეთის ემიგრანტები გახდნენ.

“ბაგრატიონ-მუხრანელების შტო 17-ე საუკუნის მიწურულიდან იხსენიებიან “ქართლის ცხოვრებაში”; გრუზინსკები კი მათ მეფის რუსეთში უწოდეს, სახელწოდებაც იქიდან მოდის. გრუზინსკები სამეფო ტახტის ბაგრატიონთა პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. მუხრან-ბატონები, ანუ ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა ერთი შტო იყო. ისინი სხვადასხვა არიან და მათ განსასხვავებლად მეფის რუსეთმა ტახტის პირდაპირი მემკვიდრეები “გრუზინსკებად” მონათლა, ანუ სრულიად საქართველოს მეპატრონე მეფეები და არა მუხრანის მხარის მეპატრონენი” – აცხადებს ისტორიკოსი ქეთევან პავლიაშვილი.

მისივე თქმით, 17 საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ქართლ-კახეთის მეფედ ირანმა დანიშნა ირანში გადასახლებული როსტომ ბაგრატიონი, რომელიც უშვილო იყო, მან ბაგრატიონთა ბატონიშვილის ვაჟი ვახტანგ მეხუთე (შაჰნავაზი) იშვილა და მისი სიკვდილის შემდეგ ის გამეფდა. მან ჩაუყარა საფუძველი მუხრანბატონთა შტოს. ორივე შტო მეფის რუსეთმა XIX საუკუნის 10-იან წლებში რუსეთში გადაიყვანა და სახელმწიფო ჯამაგირი დაუნიშნა, დიდ პატივშიც ჰყავდა, მაგრამ მათ პრეტენზია არ უნდა ჰქონოდათ ტახტზე, რადგან ის უკვე გაუქმებული იყო. 2009 წლის 8 თებერვალს ბაგრატიონ-მუხრანის შთამომავალი – დავით გიორგის ძე და ბაგრატიონ-გრუზინსკის შთამომავალი – ანა ნუგზარის ასული დაქორწინდნენ და სამეფო საგვარეულო შტოები გააერთიანეს. 2011 წლის 27 სექტემბერს, აღნიშნულ წყვილს მადრიდში მემკვიდრე შეეძინა, რომელსაც გიორგი დაარქვეს. ორი წლის შემდეგ, 2013 წლის 3 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უშუალო მონაწილეობით, ბაგრატიონების და საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალი მონათლეს.

საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებისთვის 1989 წლიდან იბრძვის კონსერვატორულ მონარქისტული პარტია, რადგან მიაჩნიათ, რომ მონარქია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით გაუქმდა, რამაც ხანგრძლივი დროით შეაფერხა ქვეყნის სულიერი და ფიზიკური განვითარება.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობრავამ განმარტა, მეფე არის განყენებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც არავინ ირჩევს და ამავე დროს იქნება მედიატორი ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სხვადასხვა ეპოქაში, გარეშე დამპყრობლების შემოსევისა და თუ შიდა დაპირისპირებასთან გასამკლავებლად, საქართველოში სამეფო ტახტი ხშირად იცვლიდა ადგილმდებარეობას და ხშირ შემთხვევაში ერთდროულად, რამდენიმე მეფე მეფობდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენი პრეტენდენტი ეყოლება მეფის ტახტს?

ბაგრატიონ-მუხრანის შთამომავალი - დავით გიორგის ძე და ბაგრატიონ-გრუზინსკის შთამომავალი - ანა ნუგზარის ასულის ქორწილი
ბაგრატიონ-მუხრანის შთამომავალი – დავით გიორგის ძე და ბაგრატიონ-გრუზინსკის შთამომავალი – ანა ნუგზარის ასულის ქორწილი

“ტახტი ეკუთვნის ქართლ -კახეთს. იმერეთის ბაგრატიონების შთამომავლობა არ მოინახება. ტახტის მემკვიდრე კი არ უნდა ჩამოვიყვანოთ, არამედ პოლიტიკური საფუძველი შევქმნათ, რომ ეს ინსტიტუტი არსებობდეს. მეფე ქართულ ადათ -წესებზე უნდა გაიზარდოს, ტახტზე კი, 10-15 წლის შემდეგ ავა. პარტიის დაარსების დღიდან ხშირად ვხდებოდით პატრიარქს და ამ საკითხზე ვსაუბრობდით. იყო პერიოდები, როდესაც პატრიარქი ამბობდა, რომ ძალიან ადრეა და ამას ხალხი ვერ გაიგებსო”, – აცხადებს ირაკლი კობრავა.

საინტერესოა, მართლა დადგა თუ არა XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში მონარქის დაბრუნების დრო. იდეის მომხრეებს გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ მირონცხებული მეფე ქვეყნის საწინააღმდეგოს არაფერს ჩაიდენს და ეცდება, თავის მემკვიდრეს ერთიანი და ძლიერი ქვეყანა გადასცეს. ხოლო თავად მემკვიდრე ქართული ეკლესიის წიაღში უნდა აღიზარდოს.

და მაინც, რატომ გახდა ეს იდეა აქტუალური დღეს? ირაკლი კობრავა არ გამორიცხავს, რომ ამ თემის აქტუალიზაციით, ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გაფანტვას ცდილობდეს. რადგან,პირველი შემთხვევა არარის, როდესაც ხელისუფლებები ღრმა კრიზისში შედიან და პერიოდულად უბრუნდებიან ამ საკითხს, რაც იდეის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას იწვევს. ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას, გულისყურით მოუსმინოს დედა ეკლესიას.

“ეს ქადაგება დიდი ხანია მიდის, რომ მეფე სჭირდება ქვეყანას, მაგრამ, იმიტომ კი არ ამბობს პატრიარქტი, რომ ვინმემ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ხელისუფლება გაინაღდოს. 15 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მეფეები მართავდნენ და სახეც შეგვრჩა და რჯულიც”, – მიაჩნია ირაკლი კობრავას.

საკონსტიტუციო მონარქიის ავ-კარგიანობაზე საუბრისას ექსპერტები ცდილობენ იმ ქვეყნების მაგალითები მოიშველიონ, სადაც მონარქიულმა მმართველობამ გაამართა, თუმცა არანაკლებ წარმატებულები არიან ქვეყნები მეფის გარეშეც.

ანალიტიკოსის შეფასება

Аналитик Важа Беридзе
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე, საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესაძლებლობას, მომავალ 20 წლიან პერსპექტივაში ვერ ხედავს. მისი აზრით, ყოვლად არარეალური და უსაფუძვლოა საუბარი ამ თემაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ხალხი მონარქიის მიმართ მოწიწებას და ერთსულოვნებას, მხოლოდ ლეგენდებში და გამორჩეული მეფეების მიმართ იჩენდა. ცალკე შესწავლის საკითხია მეფეებისა და ქართველი თავადების ურთიერთობა, რომლებიც ხშირად ღალატით სრულდებოდა.

“დღესაც, სოციალურ ქსელს თუ ჩავხედავთ ისეთი აგრესიული, მატერიალისტური და ათეისტური დამოკიდებულება არსებობს ამ იდეის მიმართ, ვეჭვობ მონარქიის მომხრეებმა მთელი ერის განწყობაზე მოახდინოს გავლენა”, – განუცხადა Dalma News-ს ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფაქტობრივად არ არსებობს ქართული ტრადიციების მქონე სამეფო ოჯახი, ამიტომ ამ თემაზე დღეს საუბარი უაზრობაა და ქართული საზოგადოების დეზორიენტირებას გამოიწვევს.

“კი ბატონო, გამოიკვეთოს სამეფო ოჯახი, გამოიკვეთოს თავადაზნაურთა წრე, გვაჩვენონ თავიანთი ადგილი ქართულ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და შესაძლოა 20 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება დაფიქრდეს, აღდგეს თუ არა მონარქია. გარდა ამისა, სამეფო კარის შენახვა ძვირი უჯდება ქვეყანას და ჩვენთვის ეს ძნელი იქნება”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

P.S. სხვა ქვეყნების მონარქებზე საუბრისას გვახსენდება სამეფო კარის ინტრიგები, მდიდრული აპარტამენტები, წვეულებები და ტახტის მემკვიდრეთათვის თვალის შევლების მსურველი, კისერწაგრძელებული მოქალაქეები, რომლებიც ღამეებს ათევენ, რომ პრინცებისა და პრინცესების ზღაპრულ ქორწილებს თვალი შეავლონ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბედნიერი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგებში უმეტესობა მონარქიული ქვეყნებია, დასაფიქრებლად საქმე მართლა გვქონია. მაგრამ, ალბათ, სჯობს, მაინც ქართველი კაცის ბუნება გავითვალისწინოთ და უპირველესად მას ვკითხოთ, სურს მეფე?!

შორენა პაპაშვილი