19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდება. მას უკვე ეწოდა რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქვეყნის მოსახლეობა 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოების წევრებს, ხოლო ხუთ ქალაქში, მერს აირჩევს. არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ოზურგეთის, მარნეულის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, 388 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულში ახალ მერებს აირჩევენ.
აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებს, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, სკანდალურად მოუხდათ თანამდებობის დატოვება. ზუგდიდისა და მარნეულის მერები საქმეს სასამართლო განიხილავს, დანარჩენებმა კი სხვადასხვა მიზეზთა გამო თანამდებობები თავად დატოვეს.
19 მაისს არჩევნები ქვეყნის დედაქალაქშიც გაიმართება. მას შემდეგ, რაც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, საქართველოს პარლამენტში ერთი სავარძელი გამოთავისუფლდა. მთაწმინდის რაიონში დეპუტატობის მსურველთა ერთობ შთამბეჭდავი სიაა წარმოდგენილი. მთაწმინდის მცხოვრებლებს 20 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. კანდიდატთა უმეტესობა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეა. მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” აქ, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძის კანდიდატურა წარადგინა. მას არანაკლებ პოპულარულ პოლიტიკოსებთან მოუწევს შერკინება, როგორებიც არიან “ხალხის პარტიის ლიდერი” კობა დავითაშვილი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, შალვა შავგულიძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი და სხვა. კანდიდატებს შორის ბევრი ახალი სახეა.
მთაწმინდის არჩევნების მთავარი სკანდალი იმაში მდგომარეობს, რომ იურისტი, შალვა შავგულიძე, რომელიც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იყო, ამ არჩევნებში მხარდაჭერას სწორედ ნაციონალებისგან იღებს. პარტიებმა “ევროპულმა საქართველომ” (ყოფილი ნაციონალები) და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ არჩევნებში ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს და როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. ზუგდიდის მერის თანამდებობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი იბრძვის. ის მმართველი პარტიის კანდიდატის, “თი ბი სი ბანკის” ზუგდიდის სერვისცენტრის ყოფილი მენეჯერის, გიორგი შენგელიას მთავარი კონკურენტია.
ზუგდიდელებს მერობის საკუთარი კანდიდატი “ოცნებამ” დადიანების ეზოში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. ქვეყნის პრემიერ მამუკა ბახტაძის შეფასებით, გიორგი შენგელია უალტერნატივო კანდიდატია, ის 3 პრინციპით შეირჩა – პროფესიონალი, სუფთა წარსული და ზუგდიდზე უზომოდ შეყვარებული. პრემიერის აზრით, შენგელიას არჩევა მოსახლეობის მხრიდან, ერთადერთი სწორი არჩევანი იქნება.
როგორც მოსალოდნელი იყო, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანია მეტად ხმაური გამოდგა. ზუგდიდელებთან ყოველ მის შეხვედრას თან ახლავს დაპირისპირება, რულოვსის მეუღლის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს დაჩაგრული ადამიანები მასთან საკუთარი პრეტენზიებით მიდიან და მერობის კანდიდატს კითხვებზე პასუხს სთხოვენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სოფელ ყულიშკარში, რულოვსის საარჩევნო შეხვედრაზე მოხდა, სადაც ყოფილმა პატიმარმა, არჩილ ქაქუთიამ მას უცნაური პრეტენზია წაუყენა: “თირკმელი არ მაქვს, სად არის ჩემი თირკმელი?”. მამაკაცის რეპლიკამ ექსპრეზიდენტის მეუღლის მხარდამჭერები გააღიზიანა. საბოლოოდ ის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
სანდრა რულოვსის სახელს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობასთან დიდი ხანია აკავშირებენ. ქართულ პრესაში ამასთან დაკავშირებით უამრავი სტატია დაიბეჭდება. ქაქუთიას ისტორიაც ერთ-ერთი იმათთაგანია. მამაკაცი ციხეში 2007 წელს, ქურდობის ბრალდებით მოხვდა. სასტიკად ნაცემი კლინიკა “კურაციოში” გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს და ერთი თირკმელი ამოაცალეს. ამბობს, რომ ის მის მდგომარეობაში იმ დროს ბევრი პატიმარი იყო, საინტერესოა, სად მიჰქონდათ ადამიანებისთვის ამოჭრილი ორგანოები?
თავის მხრივ, სანდრა რულოვსი ზუგდიდიდან ახალი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აანონსებს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ქალაქ ლაზიკას პროექტის შეჩერების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა გააღატაკა.
“ეს ადგილი არის ივანიშვილის მიერ გაჭირვებული საქართველოს სიმბოლო. აქვე უნდა ყოფილიყო ქალაქი ლაზიკა. პროექტი, რომელიც ჩემმა მეუღლემ წამოიწყო, მაგრამ გაჩერდა. იქ უნდა ყოფილიყო ასი ათასი სამუშაო ადგილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ლაზიკა დღეს უკვე იქნებოდა მთელი ზუგდიდის, რეგიონის და ქვეყნის განვითარების გასაღები”, – წერს სოციალურ ქსელში ელისაბედ რულოვსი და მერობის “ოცნების” კანდიდატს ღია დებატებში იწვევს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ 19 მაისის არჩევნები ერთგვარი ტესტი და რეპეტიციაა, როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე “ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ 2 პარტიის ყველაზე მწვავე შერკინების ადგილი ზუგდიდში იქნება, სადაც მათი შანსები 50-50-ზეა. საზოგადოებაში არსებული განწყობა “ქართული ოცნების” წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს, მაგრამ მეორე მხრივ, ნიშნავს თუ არა ეს ექსპრეზიდენტის მეუღლის უპირობო მხარდაჭერას, 19 მაისს გახდება ცნობილი.
არეშიძის თქმით, სანდრა რულოვსის შანსები, იმის გათვალისწინებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთელი რესურსები ამ ქალაქისკენს არის გადასროლილი, ბევრად სერიოზულია, ვიდრე დანარჩენ 4 ქალაქში. გამარჯვების შემთხვევაში რულოვსი ვერ შეძლებს სააკაშვილის გავლენიდან გასვლას და რეალურად ვერ დაკავდება ქალაქის პრობლემებით, შესაბამისად მისი მერობა ზუგდიდისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.
Dalma News-ის კითხვაზე, სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს თუ არა შანსი, რომ ექსპრეზიდენტმა, სააკაშვილმა ზუგდიდიდან შეძლოს პოლიტიკური ბრძოლის აგორება. მამუკა არეშიძის აზრით, ამას სააკაშვილი ნამდვილად მოინდომებს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალდება ზუგდიდი და მთლიანად სამეგრელოს რეგიონი.
“ისეთი ფიგურის გამარჯვება, როგორიც სანდრა რულოვსია, კონტრპროდუქტიული იქნება ზუგდიდის რაიონისთვის. ის ვერ შეძლებს ვითარების შეცვლას. მას ამაში ხელს შეუშლის ის ფაქტორები, რომ ის სააკაშვილის მეუღლეა და წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამის გამო, ის ვერ დაკავდება ქალაქის პრობლემებით. თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არ არის ერთი პირი ამ საკითხთან დაკავშირებით. სატელევიზიო კამერების წინ თითქოს კონსოლიდირებულად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ სანდრა რულოვსის კანდიდატურას პარტიის საკმაოდ ბევრი ლიდერი მოწონებით შეხვდა”, – მიაჩნია მამუკა არეშიძეს.
“ქართულმა ოცნებამ” გამოიტანა თუ არა დასკვნების 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, 19 მაისის არჩევნების შედეგი გვაჩვენებს. “ოცნების” მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ვითარების შემოსაბრუნებლად, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი დროა ხელიდან გაშვებული. ძალიან რთულია იმ ადამიანების მობრუნება, რომლებსაც “ოცნებამ” იმედები გაუცრუა და რომელთა დამსახურებითაც “ქართულ ოცნება”, ჯერ კიდევ რჩება ხელისუფლებაში.
რაც შეეხება მარნეულს, აქ მერობის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი ახმედ იმამკულიევი, გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიატი აგილ მუსტაფაევი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი დაუპირისპირდებიან.
მამუკა არეშიძის მოსაზრებით, სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვების მაღალი შანსი აქვს მარნეულში. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური ძალები კლიმატის შეცვლას ცდილობენ და საკმაოდ სერიოზული საყრდენიც აქვთ, მიაჩნია, რომ ზაურ დარგალის კანდიდატურა, რომელიც ძლიერი და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია, ბევრად სერიოზული განაცხადია. ის არის ახალგაზრდა კაცი, საკმაოდ სერიოზული ავტორიტეტით, გარკვეულ აქტივობებში ბავშვობიდან იყო ჩართული. ამას ემატება მისი გვარის გავლენები და “ქართული ოცნების” მხარდაჭერა.
როგორც Dalma News-ს მამუკა არეშიძემ განუცხადა, გვინდა თუ არა, საქართველოში გვარებისა და კლანების გავლენა ძლიერია, რაც დამახასიათებელია მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. ეს ფაქტორი არჩევნებში ყველაზე ეფექტიანად მუშაობს, ის კავშირშია ტრადიციულ ღირებულებებთან.
“საქართველოში, ყველგან, თბილისის გარდა, კლანებისა და გვარების გავლენა საკმაოდ ძლიერია. ეს ზოგადად, კავკასიის რეგიონის ტრადიციაა. თბილისში ეს ყველაფერი ნაკლებად ჩანს, რეგიონებში, დიდ ქალაქებშიც კი, ასეთი ვითარება შენარჩუნებულია. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ადმინისტრაციულ რესურსთან, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
ექსპერტი პოზიტიურად აფასებს თბილისის შუალედურ არჩევნებში ლადო კახაძის კანდიდატურას. მისი შანსები მაღალია. პროფესიით ექიმ კახაძეს უამრავ ადამიანთან აქვს შეხება, ჰყავს დიდი სამეგობრო და მადლიერი ადამიანები, რომლებიც ეცდებიან მთაწმინდის არჩევნებში მის გამარჯვებაში წვლილი შეიტანონ. გარდა ამისა, მას აქვს დამსახურება თავად თბილისის მიმართ. ლადო კახაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. მის დროინდელ საკრებულოს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. უპირველესია გადაუდებელი-სასწრაფო უფასო სამსახურის შექმნა, თბილისის განაშენიანების ურბანული ქსოვილის დაცვის K1 და K2 კოეფიციენტის დაწესება, რაც იმ პერიდოში, აბსოლუტურად ნოვატორული იდეა იყო, თბილისის ზონირება და სხვა.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ 19 მაისის არჩევნებში “ოცნების” კანდიდატებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ და არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. თუმცა, კალაძის თქმით, პრობლემა არც, მეორე ტურის გამართვაა, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
“ჩვენ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება ვართ, ვინც ეს მაღალი, 50%-იანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური”, – განაცხადა კახა კალაძემ სატელევიზიო ეთერში.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები არ იქნება მარტივი არჩევნები, ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები, ხოლო ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. შესაძლებელია თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” კოალიციის სახით იქნეს წარდგენილი, პარტიის გენერალური მდივანი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. კალაძის თქმით, მსგავსი რამ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “ქართულ ოცნებას” არ ექნება საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ გაკვეთილს “ქართული ოცნება” მოსახლეობას 19 მაისს ჩააბარებს. ეს იქნება ერთგვარი ტესტის გავლა უფრო დიდი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შუალედური არჩევნებში პარტიებს შორის ჭიდილი, როგორც წესი, განსაკუთრებულად თვალში საცემი არ არის, შესაძლოა, ამ არჩევნებში ელექტორატის დაბალი აქტივობაც იყოს. მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რა შესაძლებლობებს გამოავლენს. ოპოზიციას აქვს შანსი საკუთარი ამომრჩეველი გამოიყვანოს და ხელისუფლებას აჩვენოს, რომ ქვეყანაში მზარდი საპროტესტო მუხტი არსებობს.
შორენა პაპაშვილი