რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოში შიდა პოლიტიკური კინკლაობის მორიგ თემად იქცა. პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირება გრძელდება. ხან ოპოზიცია საყვედურობს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევას, ხან პირიქით, მმართველი პარტია ადანაშაულებს ოპოზიციას საქართველოს ჰიბრიდულ ომში ჩათრევის მცდელობაში. ამ ფონზე “გორბიმ” (GORBI – Georgian Opinion Research Business International) ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 76%-ს ქვეყანაში არ სურს ომი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა.

კვლევა 10-16 მარტს ჩატარდა და სატელეფონო პანელით სულ 1008 რესპონდენტი გამოიკითხა. ცენტრის განმარტებით, ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 73,3% ემხრობა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია საქართველო არ ჩაერთოს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში; არ ემხრობა 24,5% და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთაგან 41%-ს. გამოკითხულთა 76,5% ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება. 19,6% არ ეთანხმება, 3,9%კი პასუხობს – არ ვიცი.

გამოკითხულთაგან, რომელთა შორის იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ასეთი სურათი იკვეთება – იმას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება ეთანხმება „ოცნების“ მხარდამჭერების 94% და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 55%. ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, გამოკითხულთა 64,5%-მა დადებითად შეაფასა. საპირისპირო პოზიცია აქვს 30,4%-ს.

გრიგოლ ვაშაძე

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დადებითად შეაფასა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა, დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემაც.

როგორც მან “აჭარის მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ “ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება”.

ვაშაძის მიერ შეფასებული სწორი ნაბიჯებია უპირველესად ის, რომ საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი. მხარი დაუჭირა ასევე, რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და სხვა.

“არ ვთქვათ ეს და ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას?! მაპატიეთ და ამის ართქმა ხომ იდიოტიზმია?! შეიძლება მეტი გააკეთოს? – ამისთვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მარინა მოლოდინი

კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” პარტიული სიით, მარინა მოლოდინი მიიჩნევს, რომ დღეს ყველა ოპოზიციური პარტიის საზრუნავი უნდა იყოს ის, თუ როგორ გადაარჩნინო საქართველო ომისგან. თავად მოლოდინი გამოსავალს ნეიტრალიტეტში ხედავს.

“ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მშვიდად ვიცხოვროთ! საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს არცერთი უცხო ქვეყნის ჯარი: არც რუსეთის, არც ამერიკის, არც თურქეთის და ა.შ. სამაგიეროდ საქართველო მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში! ავსტრია და შვეიცარია თუა ნეიტრალური ვერ არის განვითარების უმაღლეს საფეხურზე, თუ არა აქვს უმაღლესი დონის დიპლომატიური ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან? ამერიკამაც კი დაიწყო ფიქრი ნეიტრალიტეტის მოდელის მორგებაზე ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ”, – აცხადებს მარინა მოლოდინი.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, “გორბის” სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობას არ სურს საქართველოს ტერიტორიაზე საომარი კონფლიქტი. შესაბამისად ის მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის მის ტერიტორიაზე გადმოტანას ააცილებს თავიდან. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ 2008 წლის ომი ახსოვს, როგორც ძალიან დიდი ტრავმა და აღარ სურთ ამის განმეორება.

“ერთ-ერთი ფაქტორიც ალბათ, ესეც არის, რატომაც უჭერენ ისინი მხარს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

საქართველოს მოსახლეობის რამდენიმე თაობას ჯერ კიდევ ახსოვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები, ამ წინაპირობიდან გამომდინარე ბუნებრივია, ომებისგან წელში გაწყვეტილი და პოლიტიკურად არაანგაჟირებული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა.

ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ომით გამოწვეული პოსტ ტრავმული სინდრომი ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი, შესაბამისად სურთ ყველა პოლიტიკური საშუალების გამოყენებით აიცილოს საქართველომ რუსეთთან დაპირისპირება.

“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუ არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რაც რუსეთში გააჩენს იმის მოტივაციას, რომ საქართველო უნდა „დასაჯონ“, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე კრემლის ინტერესებში არ უნდა იყოს მეორე ფრონტის გახსნა”, – განუცხადა Dalma News-ს ანალიტიკოსმა.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე განმარტავს, თავად სკეპტიკურად არის განწყობილი სოციოლოგიური კვლევების მიმართ, თუმცა მიაჩნია, რომ ასეთი კვლევები, სულ მცირე ტენდენციებს აჩვენებს. ასე, მაგალითად, მისივე თქმით, გამოკითხულების 24%, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას, არის ის პროცენტი, რაც აიღო ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

რაც შეეხება უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსულ მოსახლეობას, ანჯაფარიძის მოსაზრებით, იქ იყვნენ არა მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერები, არამედ შიდა პოლიტიკური სიტუაციის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეებიც და ისეთებიც, რომლებსაც სერიოზული პრეტენზიები აქვთ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, ზაალ ანჯაფარიძის შეფასება შემდეგია:

“გრიგოლ ვაშაძე პარტიულ კონუქტურაზე მაღლა დადგა და სიტუაცია რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე შეაფასა. მასში დიპლომატმა გაიღვიძა“.

მისივე თქმით, ვაშაძე, როგორც ყოფილი დიპლომატი, კარგად ხედავს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ აქვს. ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მათ შორის სამხედრო და სასურსათო უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, და სხვა.

“ემანუელ მაკრონის სიტყვებს გავიხსენებ, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის კრიზისმა შესაძლოა სასურსათო კრიზისი გამოიწვიოსო. უკრაინა და რუსეთი იყვნენ ხორბლის ძირითადი ექსპორტიორები პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, საქართველოში. ხორბლის თესვის სეზონი საომარი მოქმედებების გამო თუ ჩავარდება, ჩვენ ვეღარ შევძლებთ, ვერც ერთი ამ ქვეყნიდან ხორბლის საკმარისი რაოდენობით იმპორტირებას, რაც დამატებით პრობლემებს გააჩენს. ისიც საკითხავია რა ფასში მოგვყიდიან გაძვირებულ ხორბალს”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

გია აბაშიძე

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ამბობს, საქართველოს მოსახლეობაში არსებული განწყობა სოციოლოგიური კვლევის გარეშეც თვალნათელია: – არ გვინდა ომი! მაგრამ ამავე დროს ვართ უკრაინის მეგობრები და ვუჭერთ მას მხარს ყველა დონეზე.

როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ მმართველი გუნდი დასავლეთთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს.

GORBI-ს კვლევიდან მისთვის საინტერესო მომენტია ის, რომ ამ კვლევაში მკვეთრად გამოჩნდა ისიც, რომ გამოკითხულთა თუნდაც 64% არ ეთანხმება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. თავად “ქართულ ოცნებას” არ აქვს 64%-იანი მხარდაჭერა. მისი მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია.

“მაგრამ ამ კვლევიდან დადასტურდა, რომ მმართველი გუნდისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მხარს არ უჭერენ საპროტესტო აქციებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი. არ აქვს მნიშვნელობა არიან თუ არა ეს ადამიანები “ოცნების” მხარდამჭერები”, – ამბობს გია აბაშიძე.

ამის პარალელურად გვესმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მისამართით უსიამოვნო ეპითეტები, რომლებსაც არ სურთ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა.

“ოპოზიცია სამწუხაროდ არიან წამგებიან სიბრტყეში. თუნდაც ის, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთში იგზავნება ქართული აგროპროდუქცია, ამათი დამუნათება მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ის ფლანგი, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს, საქართველოს საზოგადოებასთან წაგებულ პოზიციაზე არიან”, – აცხადებს აბაშიძე.

ამის პარალელურად გვესმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მისამართით უსიამოვნო ეპითეტები, რომლებსაც არ სურთ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა.

“ოპოზიცია სამწუხაროდ არიან წამგებიან სიბრტყეში. თუნდაც ის, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთში იგზავნება ქართული აგროპროდუქცია, ამათი დამუნათება მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ის ფლანგი, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს, საქართველოს საზოგადოებასთან წაგებულ პოზიციაზე არიან”, – აცხადებს აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ GORBI-ის კვლევაში მონაწილეთა 31,7% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” პროდასავლური ძალაა, 28,8% ამბობს, რომ ნეიტრალური ძალაა და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მხოლოდ 24,6% ფიქრობს, რომ ის პრორუსული ძალაა და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 14,9%. ამ ფონზე ქვეყანაში საპროტესტო აქციების წინააღმდეგია გამოკითხულ რესპონდენტებს შორის „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ 29%, ტელეკომპანიების „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ მაყურებლების 30-დან 50%-მდე.

შ. ქარჩავა